Home რუბრიკები პოლიტიკა სოსო მანჯავიძე: სააკაშვილი ფიზიკურად აუპატიურებდა, ესენი აზროვნებას აუპატიურებენ

სოსო მანჯავიძე: სააკაშვილი ფიზიკურად აუპატიურებდა, ესენი აზროვნებას აუპატიურებენ

726

რამდენიმე დღეა, საქართველოს მოსახლეობას სხვა სალაპარაკო არა აქვს, გარდა იმისა, თუ როგორ ვერ მოახერხა პროკურატურამ ახალაიასთვის ბრალი რამდენიმე ეპიზოდში სათანადოდ წაეყენებინა და არ გამართლებულიყო. ეს ის ახალაიაა, რომლის სახელსაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მუშაობისას ადამიანების ჯერ არნახული და არგაგონილი წამება ეწერება, აგვისტოს ომის დროს ფრონტის ხაზიდან უკანმოუხედავად რომ გამორბოდა, ისე, რომ საკუთარი ძმა დაკარგა, უფრო სწორად, არც გახსენებია. ათი თვეა, მოსახლეობა სამართლის აღდგენას ელოდება და რა მივიღეთ? _ გამართლებული ახალაია, დაუსჯელი ბარამიძე, ხელისგულზე დასმული ბოკერია, ფრთაშესხმული პრეზიდენტი და ცოტა ხანში, ალბათბოდიშს მერაბიშვილსაც მოვუხდით.

კოაბიტირებულმა ორმა ხელისუფლებამ ადამიანების მოთმინებას წერტილი დაუსვა _ 11 აგვისტოს მოსახლეობა, პროტესტის ნიშნად, ქუჩაში გამოსვლას გეგმავს. თუ რა ხდება ქვეყანაში და რა ჰქვია იმ უმსგავსობას, რომელსაც დღეს ყველანი ნათლად ვხედავთ, «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება საპროტესტო აქციის ორგანიზატორი პოლიტიკური გაერთიანების _ «საქართველოს პატრიოტთა ალიანსის» გენერალური მდივანი სოსო მანჯავიძე.

_ კოაბიტირებულმა მთავრობამ ბაჩო ახალაია რამდენიმე ეპიზოდში გაამართლა. თქვენ საპროტესტო აქციებს გეგმავთ. ათი თვის თავზე ასეთ რამეს ვინ წარმოიდგენდა? რა ხდება ქვეყანაში?

_ ვისაც თვალზე ლიბრი არ აქვს გადაკრული, ალბათ, ხვდება, ქვეყანაში რაც ხდება. კოაბიტაციის პროცესი, რომელიც არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო, გრძელდება. კოალიციაში შემავალ პარტიებსა და «ნაცმოძრაობას» შორის, დიდი ხანია, ეს პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ოპოზიცია სააკაშვილის პერიოდში მმართველი სისტემის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენდა. მაშინდელი ოპოზიციის მოქმედება მიზნად ისახავდა სახალხო პროტესტის თავმოყრას მისი შემდგომი უტილიზაციით, პირადი გასამარჯელოს მიღების მიზნით, რაც ეფექტურად მუშაობდა. ამას იმიტაციური დემოკრატიის სქემა ჰქვია. ეს შეუფერხებლად გრძელდებოდა.

სქემა 60:40-ზე როდესაც დაიდო, სინამდვილეში ყველამ იცოდა, ეს არ იყო სწორი პროცენტი, ივანიშვილმაც კი თქვა, რომ სინამდვილეში 120:30-ზე არისო. ამის შემდეგ ბევრისთვის გაუგებარი პროცესი დაიწყო და «ნაცებს» 40 პროცენტი დაუწერეს. ეს იყო შეთქმულების შედეგი, რაც მართლდებოდა იმით, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შენარჩუნებულიყო.

 მიუხედავად იმისა, რომ «ნაციონალების» 40-მა პროცენტმა ხალხი აღაშფოთა და ყველამ იცოდა, რომ 900 ათასი ხმა მათ არ მიუღიათ, ეს არავინ გაითვალისწინა. ეს არის ერთერთი საკვანძო მომენტი კოაბიტაციისა.

 ამის შემდეგ მათი თანამშრომლობა დროში გაიშალა და რა მივიღეთ? სააკაშვილი კბილებით დაიცვეს და არ მოგვცეს საშუალება, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი განცხადება ბოლომდე სისრულეში მოგვეყვანა. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტს ვადა გაეზარდა და ეს კონსტიტუციის ჩარჩოებს სცილდებოდა. მაშინ ვიხილეთ ნათელი მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს ორი პოლიტიკური ძალის შეთანხმება. პარლამენტის წარმომადგენელი კბილებით იცავდა სააკაშვილის უფლებას, ეს იყო რესპუბლიკური პარტიის წევრი. პროცესი არც ერთმა მედიასაშუალებამ არ გააშუქა. დაგვბლოკეს.

სააკაშვილის დატოვებამ მძიმე შედეგები მოიტანა. ახალ ხელისუფლებას თავისუფლად შეეძლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყება, მაგრამ მათ ბრძოლის იმიტაცია გადაწყვიტეს. მათი დამსახურებით, სააკაშვილი ჩვენს ბიუჯეტს კვლავ ფლანგავს, მისი პროვოკაციით ავღანეთში დაგვეღუპნენ ბიჭები, ხელისუფლებამ კი ზომები არ მიიღო. ამ ყველაფერს დეტალურად იმიტომ ვამბობ, რომ «ბიჭებმა» თავის მართლება არ დაიწყონ, რომ შეთქმულებას ადგილი არ აქვსო.

_ . . თქვენ ადასტურებთ ეჭვს, რომელიც ხალხში, დიდი ხანია, გაჩნდა, რომ ძველი და ახალი ხელისუფალნი გარიგებულები არიან?

_ ვადასტურებ კი არა, არგუმენტები მომყავს, რომ ეს ასეა.

ჩვენ სახეზე გვაქვს სრულიად წარმოუდგენელი ექსპერიმენტი. კერძოდ, თუ სააკაშვილი თეთრზე შავს ამბობდა და არავისი აზრი არ აინტერესებდა, ახლა გვეუბნებიან, რომ სამართლიანობა და სამართალი უმნიშვნელო რამ არის და, თუ ბიძინა ივანიშვილის ხათრი გაქვს, თვალები დახუჭე და გონებას ნუ ამუშავებო. მაგალითად, გამოდის, კბილაშვილი, რომელიც პარადოქსული ფიგურაა, ადამიანი ვერ გაერკვა, რომ პროკურორია და გადაიქცა პროკურორების ადვოკატად, რაც კომიკურ მდგომარეობაში აყენებს და საერთოდ, ამას წინათ გამაოგნებელი განცხადება გააკეთა: სააკაშვილის წინააღმდეგ არც ერთი საქმე არ არის აღძრულიო. საინტერესოა, რატომ არ არის აღძრული? რა, დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა? და ამის შედეგ ეს მას კარგად ახასიათებს? აი, კიდევ ერთი ნათელი დადასტურება შეთქმულების, აბა, ამას სხვა რა უნდა უწოდო?!

_ თქვენ კოაბიტაციას შეთქმულებას უწოდებთ?

_ რა თქმა უნდა, ეს შეთქმულებაა და არა კოაბიტაცია. ეს არის დანაშაულებრივი პოლიტიკური პროცესი, რომლის იდეოლოგები და სულის ჩამდგმელები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 315-ე მუხლით უნდა გასამართლდნენ. პრემიერი ამბობს, რომ პრეზიდენტი გასამართლდება, ზოგიერთი მინისტრიც ციხეში ჯდომას უწინასწარმეტყველებს, ხოლო პროკურორი ამბობს, რომ ის დამნაშავე არ არის, ანუ ვადის ამოწურვის შემდეგ მოჰკიდებს ხელს სააკაშვილი სანდრას, ედუჩის, ნიკუშას და ბედნიერად წავა მაკკეინთან? ეს შეურაცხყოფაა.

რომელი ერთი შეიძლება გაიხსენო. ღარიბაშვილმა სამალავებში, უფრო სწორად კასრებში, დისკები იპოვა, რომლებიც თავისუფლად შეიძლება, რომ «ფლეშკაზე» ჩაიწეროს, ჩვენ ხომ დაბალი ინტელექტის ქვეყანა არ ვართ, ჩვენც შეგვიძლია ანალიზის გაკეთება. სანამ იქ დისკებს დამალავდნენ, იქნებ იმ ორ ღილაკს დააჭირეს ხელი და მასალები «ფლეშკაზეც» გადაიტანეს? ძალოვანი სტრუქტურები კი იმაზე მსჯელობენ, გავანადგუროთ თუ არაო, ეს ნორმალურად მიგაჩნიათ? ვერ ვხვდები, რით აზროვნებენ. ამის განადგურება კი, თავადაც იციან, რომ სინამდვილეში მართლა არ შეიძლება, რადგან მტკიცებულებაა. ესეც შენი ე.წ. კოაბიტაციის ნიშნები.

_ გადავიდეთ ახალაიას თემაზე. ათი თვეა, ველოდით მის დასჯას. რას გეგმავს ხელისუფლება?

_ ახალაიას მალე გამოუშვებენ.

_ გაბედავენ?

_ მალე გაბედავენ. უკვე შეიმჩნევა ამის ნიშნები. ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ეს არის დამოუკიდებელი სასამართლოო, ზოგი ამბობს, რომ ვერ უმტკიცებენო, ზოგი ამბობს, ვუმტკიცებთ, მაგრამ მოსამართლემ გამოიტანა არასწორი განაჩენიო. თუ ასეა, რატომ არ უჩივიან მოსამართლეს? იმასაც ამბობენ, რომ იუსტიციის შესახებ კანონში შეცდომა მოგვივიდაო, გვაბრმავებენ, ვითომ ებრძოდნენ კიდეც, ვითომ ბნელმა ძალებმა აჯობეს. შეცდომა კი გამოიყენეს ხვედელიძის გასამართლებლად, ახალაიას გასამართლებლად, მომავალში მერაბიშვილის გასამართლებლადაც და ასე შემდეგ.

ამაშია შეთქმულების არსი, მათ განა მართლა შეცდომა მოუვიდათ?

_ თქვენი ალიანსი 11 აგვისტოს პროკურატურის წინ აქციას გეგმავს, საკმაოდ ბევრი ხალხი შეგეხმიანათ, რას ელოდებით ამ აქციისგან?

_ ხალხმა უნდა გაიგოს, რომ მხოლოდ მას შეუძლია ამ პროცესის შეჩერება; შეჩერება საზოგადოების აზრის გაუპატიურებისა. თუ სააკაშვილი ფიზიკურად აუპატიურებდა, ესენი მრავალჯერადად და ძალადობრივად მთლიანად აზროვნებას აუპატიურებენ. ამის წინააღმდეგ უნდა გამოვიდეთ, ეს ფიზიკურად უნდა გამოვხატოთ, მათ უნდა დავანახოთ, რომ ამას არ მოვითმენთ. გარწმუნებთ, რომ ეს გაჭრის, პირველივე მასობრივი აქციის შემდეგ კოაბიტაციის პროცესი შეწყდება. ამით ჩვენ დავასრულებთ ჩურჩულზე აგებულ პოლიტიკას.

_ ამ საშინელ პროცესებში, რომლებზეც თქვენ ახლა საუბრობთ, რა როლს ასრულებს თავად ივანიშვილი? ვინც ის კერპად აქცია, თვლიან, რომ მან არ იცის, რა ხდება და, როდესაც მიხვდება, ყველას ბოლოს მოუღებსო.

_ ივანიშვილი პროცესებში ჩართულია. მან ყველაფერი იცის. ტელეეთერიდან ჩვენ ამაზე გამუდმებით ვსაუბრობთ.

_ იქნებ თქვენს ტელევიზიას არ უყურებს, იქნებ ხუხაშვილი ტელევიზორს ურთავს?

_ ხუხაშვილი, ხვედელიძე და ნაცვლიშვილი ტელევიზორს თუ ურთავენ, არ მიმაჩნია ჯანსაღ მოვლენად. არ მინდა იმაზე ვიფიქრო, რომ ივანიშვილი ვერ აკონტროლებს თავის გარემოცვას. მან იცის ყველაფერი. ის პროცესებში ჩართულია და თვლის, რომ კარგ შედეგს მოიტანს. არადა, ჩიხში შედის ყველაფერი, «ნაციონალებს» გონზე მოსვლის საშუალებას ვაძლევთ.

_ როგორია თქვენი პროგნოზი?

_ პროგნოზი ხელისუფლების ვაკუუმია. ბიძინა ივანიშვილი, რომელიც იყო ღუზა იმ გემისთვის, რომელიც არ უნდა წაეღო საზოგადოებრივ მღელვარებას, ახლა აცხადებს, რომ აღარ იქნება ღუზა. ამიტომ გემი რომელი მიმართულებით წავა, გაურკვეველია. ქვეყანაში აღარ შემოდის ინვესტიციები, ეკონომიკა სტაგნაციაშია. პრემიერის გაურკვეველმა პოზიციამ პროცესი შეაფერხა, არ არსებობს არანაირი ხაზი. სრული კრახი გვაქვს საგარეო პოლიტიკაში, საერთოდ არ იციან, რას აკეთებენ _ ყინულზე სრიალებენ. ღუზა უარს ამბობს, მის ადგილას ვინ იქნება, არავინ იცის. მარგველაშვილი სიტუაციას ვერ დაიჭერს, პარლამენტი დისკრედიტირებულია, სრულ ვაკუუმს ვღებულობთ. უკვე არსებობს უკმაყოფილება. ჩვენი, «პატრიოტთა ალიანსის», ვალია, მოვახერხოთ, რომ პროცესები უმართავი არ გახდეს. ამაში საზოგადოების მხარდაჭერა გვჭირდება, იმ საზოგადოებისა, რომელიც კერპთაყვანისმცემელი არ არის.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here