Home რუბრიკები პოლიტიკა როდის შეწყდება საქართველოში დასავლეთის აგენტურის პარპაში და რა საფრთხე ემუქრება ივანიშვილის სიცოცხლეს?

როდის შეწყდება საქართველოში დასავლეთის აგენტურის პარპაში და რა საფრთხე ემუქრება ივანიშვილის სიცოცხლეს?

695

მიუხედავად საქართველოს ყველა წამყვანი პოლიტიკური ფიგურის პროდასავლურობისა, მაინც აშკარაა რუსეთის მიმართ გადადგმული ნაბიჯები. «ნაცები» ცოტა შიშნარევ ნაბიჯებს დგამენ, სააკაშვილი უკვე თავისი ყოფილი მეგობარი ამერიკელების დაბეზღებაზე გადავიდა; რუსეთში მოღვაწე პოლიტოლოგი დუგინი კი თვლის, რომ, თუ ევრაზიულ კავშირში არ შევედით, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, შესაძლოა, ახალი საფრთხე დაემუქროს. ამ ფონზე 10 წლის წინანდელი ტექსტებით საუბარი გვესმის ჩვენი პოლიტიკოსებისგან. არადა, დღევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები სრულიად ახალი რეალობის პირობებში იმართება. პრეზიდენტობის რომელი კანდიდატია ამ ახალი რეალობისთვის მიზანშეწონილი?  «საქართველო და მსოფლიოს» პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე ესაუბრა.

 

_ ბატონო პეტრე, პრეზიდენტობის კანდიდატებიდან ყველა, ვისაც შეუძლია გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი, ანუ არჩევნების მოგების რეალური შანსი აქვს, არის პროდასავლური პოლიტიკოსი. როგორ ფიქრობთ, ხომ არ იქნებოდა მიზანშეწონილი ისეთი კაცის არჩევა, რომელიც ისევე შეძლებდა საუბარს დასავლეთთან, როგორც რუსეთთან?

_ პირველ რიგში, გეტყვით, რომ სააკაშვილის ხელისუფლება მხოლოდ დეკლარაციების დონეზე იყო პროდასავლური, ხოლო საქმით საპირისპიროს აკეთებდა, ჩვენ კი მკვეთრად უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან დეკლარაციები და საქმე. ახლაც მხოლოდ იმისთვის ატარებდნენ ამ პრაიმერს, რომ იმიტაცია მოეხდინათ დასავლეთის გარკვეულ წრეებზე (რომელთა მხარდაჭერაც შეინარჩუნეს). ასე რომ, მათი პრეზიდენტობის კანდიდატი ბაქრაძე პროდასავლური არ არის. რაც შეეხება «ქართული ოცნების» პრეზიდენტობის კანდიდატ მარგველაშვილს, მე ბატონ გიორგის ვიცნობ და მას არ ეწყინება, თუ ვიტყვი, რომ ხელისუფლების კანდიდატი გაიმარჯვებს მხოლოდ იმის გამო, რომ ივანიშვილის პროტეჟეა; ანუ სხვა რომ დაესახელებინა ივანიშვილს პრეზიდენტობის კანდიდატად, ის სხვა გაიმარჯვებდა.

სხვათა შორის, პრესაში არასაკმარისად გახმოვანდა რასმუსენის განცხადება, – ივანიშვილი და მისი მთავრობა ცდილობენ, მოაგვარონ ურთიერთობა რუსეთთან და ამ მიმართულებით დგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს, რაც არის საქართველოს მთავრობის ყველაზე დიდი მიღწევა და ყველაზე დიდი ნაბიჯი ნატოსკენო. გაინტერესებთ, რა დგას ამ განცხადების უკან? ის, რომ წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებას (შევარდნაძის დროსაც, მე ამის მომსწრე ვარ) კატეგორიულად ეუბნებოდნენ, მოაგვარეთ ურთიერთობა რუსეთთან, მიაღწიეთ კეთილმეზობლურ ურთიერთობას, რადგან ნატოს არ შეუძლია ჰქონდეს პარტნიორობა ისეთ ქვეყანასთან, რომელიც კონფრონტაციაშია რუსეთთან. და თუ მოაგვარებთ ურთიერთობას რუსეთთან, მაშინ ჩვენ გაგვეხსნება ხელი, რომ გვქონდეს მჭიდრო პარტნიორობა და საბოლოოდ ნატოში გაწევრიანდეთო. დიახ, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება დასავლეთის მხრიდან იყო ერთ-ერთი აუცილებელი პირობა. სააკაშვილი კი ამას ყველას უმალავდა და ისეთ სქემას სთავაზობდა ერს, რომ ან ჩვენ ვართ პროდასავლურები და შევდივართ ნატოში, შესაბამისად, კონფრონტაცია გვიწევს რუსეთთან, ან უარს ვამბობთ ნატოზე და რუსეთში შევდივართ გუბერნიადო.  

_ ანუ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების პარალელურად ნატოსკენ სწრაფვა ორი ურთიერთგამომრიცხავი კურსი არ არის? თავად რუსეთი როგორ შეხედავს ამას

_ ნამდვილად არ არის, თუ ეს კეთდება სწორი საშუალებებით და გრძელვადიანად, ისე, როგორც ჩვენი უცხოელი პარტნიორები გვეუბნებოდნენ _ სტრატეგიული მოთმინებით უნდა დაიწყოთ სიარული სწორ გზაზეო. რუსეთში ვითარება უსათუოდ შეიცვლება და, თუ ისტორიაზე ვილაპარაკებთ და ისტორიულ ვადებზე, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე ისტორიული ტემპებია. რუსეთი ვერ იარსებებს მოდერნიზაციის გარეშე. რა თქმა უნდა, ივანიშვილის პროტეჟე იქნება ის კანდიდატი, რომელიც საარჩევნო პროგრამაში ჩადებს იმავე დებულებას, რაც ჩადებული აქვს თავად ივანიშვილს – რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება და ის, რომ საქართველომ ადრე თუ გვიან ჰპოვოს ღირსეული ადგილი ევროპულ ოჯახში (რაც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის სურვილია). 

_ პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერმინისტრი პროდასავლურები არიან. თუ პრეზიდენტიც პროდასავლური იქნება, ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ტერიტორიული მთლინობის საკითხი ან განუსაზღვრელი ვადით გადაიწევს, ან, შესაძლოა, ახალი ტერიტორიების დაკარგვისკენ გადაიდგას ნაბიჯი?

_ ჯერ ერთი, მე არავითარი «პრო» განწყობის პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს არ დავუჭერ მხარს, გარდა პროქართულისა, რადგან საქართველოს მოქალაქე ვარ. მე, როგორც ქართველი, ვაცხადებ, რომ ხმას მივცემ მხოლოდ პროქართულ კანდიდატს, რომელიც დამისაბუთებს, რომ ბოლომდე დაიცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ამას ვხედავ მე ივანიშვილში, შესაბამისად, მის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატში ვხედავ მხოლოდ, ამიტომ მე ხმას ამ არჩევნებში ივანიშვილის კანდიდატს მივცემ. ამასთან, საქართველოს ეროვნული ინტერესები ითხოვს, რომ უსათუოდ მოგვარდეს ურთიერთობები რუსეთთან, მიღწეულ იქნას კეთილმეზობლური კავშირები, ასე თვლის ივანიშვილიც. რაც შეეხება საქართველოს გამთლიანებას, ეს უნდა დაიწყოს უსათუოდ ჩვენი, აფხაზებისა და ოსების ნდობის, მეგობრობისა და სიყვარულის მოპოვებით. ეს არის ძალიან რთული პროცესი, რომელსაც შეიძლება თაობები დასჭირდეს და მთელი ერის მტკიცე ნება, თანაც ეს პროცესი შეუძლებელია რუსეთის მთავრობის კეთილი ნების გარეშე მოხდეს, შესაბამისად, ჩვენ რუსეთთან ურთიერთობები უნდა მოვაგვაროთ, ეს აუცილებელი პირობაა.

«საქართველო და მსოფლიოს» ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე ესაუბრა:

_ მხოლოდ პრეზიდენტობის კანდიდატების კი არა, მთელი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ ვამბობ, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის ბალანსზე უნდა შევთანხმდეთ და ის დეფიციტი, რომელიც არის რუსეთთან მიმართებაში, უნდა აღმოიფხვრას. და თუკი ასეთი იქნება მომავალი პრეზიდენტი და ამას გააცნობიერებს, ძალიან კარგი, მაგრამ ჯერჯერობით ამისი პროგნოზირება რთულია, რადგან ამ ეტაპზე ეს ნაბიჯები არ ჩანს.

_ მარგველაშვილის გამარჯვების შემთხვევაში ეს ხარვეზი შეივსება?

_ არ მინდა მარჩიელობა იმის თაობაზე, მარგველაშვილი რას იზამს. ჯერ უნდა დავაკვირდეთ. აღსანიშნავია, რომ საგარეო პოლიტიკაზე მისთვის ბევრი კითხვა არც დაუსვამთ, ზოგადად ვიცით ამ კაცის ბიოგრაფია და არც მალავს, რომ დასავლეთის ფასეულობები მისთვის მისაღებია. მარგველაშვილს უნდა დავუსვათ კითხვები, გავიგოთ, როგორია მისი დამოკიდებულება რუსეთთან დაკავშირებით, უნდა დაბალანსდეს თუ არა ქვეყნის საგარეო კურსი _ აი, ამ კითხვებს აუცილებლად დავუსვამდი, ამის შესაძლებლობა რომ მქონდეს და მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთებდი დასკვნას.

_ თუმცა ხელისუფლებაც და მარგველაშვილიც ღიად აცხადებენ, რომ მათი გზა გადის დასავლეთზე, ასეთი პრეზიდენტის პირობებში «ჩაგვიხუტებს» თუ არა რუსეთი? ახალი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხის წინაშე ხომ არ დავდგებით

_ იცით, 80-იან წლებში ისმოდა ასეთი ლოზუნი «წინ, დიადი კომუნიზმისკენ!», თუმცა ამის არავის სჯეროდა, მათ შორის, თვით ცენტრალურ კომიტეტშიც კი. ეს იდეოლოგია მთლიანად გაკოტრებული იყო, მაგრამ პოლიტიკური საჭიროება მოითხოვდა, რომ ხელმძღვანელ პირებსა და პოლიტიკოსებს ამ ტერმინებით ესაუბრათ. ვფიქრობ, დღესაც მსგავს სიტუაციასთან გვაქვს საქმე, ანუ ის, რომ საქართველოს გზა დასავლეთზე გადის და ნატოში აუცილებლად შევალთ, არადამაჯერებელია. ეს ხალხისთვის ძალიან მწარე ღიმილისმომგვრელია. დიახ, თვითონ იმ პოლიტიკოსებსაც არ სჯერათ ამის, არც პრემიერ-მინისტრს, რადგან იცის რეალობა (თუ არ იცოდა ადრე, ახლა ჩაიხედა დეტალებში და იცის, რომ ევროკავშირის არც ერთი სიკეთე ჩვენამდე არ მოვა). რატომ აცხადებენ? იმიტომ, რომ სხვა საშუალება არ არის.

მოდი რეალურად შევხედოთ დღეს არსებულ ვითარებას, «ნაცმოძრაობის» 9-წლიანმა პარპაშმა სტრუქტურულად განაპირობა ის, რომ ჩვენთან დამკვიდრებულია დასავლეთი და მისი აგენტურა. სულ იძახდნენ რუსეთის აგენტურაო და არავინ ლაპარაკობს დღესაც კი, როგორია დასავლეთის აგენტურა. აგერ, თავად პრეზიდენტმა განაცხადა, რომ FBI-ის წარმომადგენლები პირდაპირ იყვნენ შსს-ში. ასევე ნებისმიერი მინისტრის კარს ფეხით აღებდნენ, აშშ-ის ელჩი კი, ფაქტობრივად, ჩვენთან მიმდინარე ბევრი პროცესის მმართველია. მაშ, რატომ გიკვირთ, რომ ამ ჭრელ ხელისუფლებაში დღეს იძულებითი ნაბიჯები იდგმება? ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის იძულებითი, რადგან არ გამოდის ერთი ხელის მოსმით ამის მოგვარება. ამდენი ხანი რომ მიბმული იყავი ამერიკაზე, უცბად წახვიდე სხვა მიმართულებით, არ გამოდის, თუმცა რუსეთის მხრიდანაც უნდა წამოვიდეს რაღაც ინიციატივები და მე ველი, რომ ეს ინიციატივა წამოვა.

პირდაპირ ვიტყვი: დღეს რომ ივანიშვილმა უცბად გადადგას რადიკალური ნაბიჯები, შეიძლება მის სიცოცხლესაც კი დაემუქროს ძალიან დიდი საფრთხე დასავლეთის მხრიდან. დიახ, აქ მოხდება არეულობა, ძალიან ცუდი პროცესები წავა, ამიტომ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გამოვიდეთ დასავლეთის გავლენიდან. დღეს დასავლეთია ჩვენი მთავარი საფრთხე. ამიტომ ივანიშვილს თავისი გუნდის  სერიოზული გადახალისება დასჭირდება, წინა პლანზე ისეთი ხალხი უნდა იყოს  წამოწეული, რომელსაც აქვს რუსეთში ნდობა. ასეთი კაცია ბატონი ალექსანდრე ჭაჭია. ის არის ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი, ორ-სამ კაცს თუ არ ჩავთვლით, ერთადერთი პოლიტოლოგია, მე მგონი, საქართველოში, რომელსაც ნდობა აქვს რუსეთში. იგი არის სულით ხორცამდე ქართველი და ბევრი ქართული საქმე აქვს გაკეთებული. და რატომ არ შეიძლება, რომ ასეთი ხალხი მოიზიდოს ბატონმა ბიძინამ? ალბათ, უნდა გამოფხიზლდეს პატივცემული პრემირ-მინისტრი და ავანტიურისტი ხალხი გარემოცვიდან მოიცილოს. გარდა ამისა, მე ვისურვებ, რომ ბატონი ზურაბ აბაშიძე, რომელიც მუშაობს ამ მიმართულებით, არ იყოს დაკავებული მარტო რაღაც ეპიზოდური შეხვედრებით კარასინთან. მიეცეს ოფისი, ანალიტიკოსები გამოეყოს, მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო და მით უმეტეს, რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაში.

აი, ეს ნაბიჯები თუ  გადაიდგა, მაშინ იქნება პოლიტიკური პროცესი სიცოცხლისუნარიანი და რუსეთიც უფრო გააქტიურდება საჩვენოდ.

ქეთი ხომერიკი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here