Home რუბრიკები პოლიტიკა გია მეფარიშვილი: რატომ უნდა გავიღოთ ფული ჩვენი ჯიბიდან დამნაშავე ხელისუფლების სასარგებლოდ?!

გია მეფარიშვილი: რატომ უნდა გავიღოთ ფული ჩვენი ჯიბიდან დამნაშავე ხელისუფლების სასარგებლოდ?!

975

საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ბატონი გია მეფარიშვილი ცხელ კვალზე «დავაკავეთ» და ახლა იგი უკვე ინტერვიუს იძლევა იმის თაობაზე, თუ რა მოხდა სულ რაღაც ნახევარი საათის წინ სასტუმრო «მერიოტში» რუსთაველის პროსპექტზე.

 

_ დღეს იქ გაიმართა სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მეცნიერები, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები. განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ასე აღელვებს ქართულ საზოგადოებრიობას: 2004-2012 წლებში უკანონოდ რეპრესირებულ პირთა ქონების დაბრუნების შესახებ. ხაზს ვუსვამ _ ლაპარაკია 2004-2012 წლებში არსებულ სიტუაციაზე, რის შესახებაც საქართველოს მთავარ პროკურატურაში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფებში შესულია 15 ათასამდე განცხადება. გამორიცხული არ არის, რომ ახლო მომავალში მათი რაოდენობა გაიზარდოს.

ძალზე ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ «ქართული ოცნების» საარჩევნო პროგრამაში არსებული მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენის, უკანონოდ მსჯავრდებულ და ქონებაჩამორთმეულ პირთა რეაბილიტაციასთან დაკავშირებული საკითხი მკვდარი წერტილიდან უნდა დაძრულიყო.

მინდა გითხრათ, რომ ჩატარდა სერიოზული სამუშაო, გაიმართა რამდენიმე შეხვედრა, დაისახა სამოქმედო გეგმის სხვადასხვა ვარიანტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მომზადდა ერთი პროექტიც. ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ ითვალისწინებს მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი შესაბამისი სახელმწიფო კომისიის შექმნას, რომელიც განიხილავს საჩივრებს სისხლის სამართლის საქმეებზე გამოტანილ განაჩენებზე. კომისიის გადაწყვეტილება, ამ პროექტის მიხედვით, ჩაითვლება ახლადაღმოჩენილ გარემოებად და ამ მტკიცებულებათა შესაბამისად შესაძლებელი გახდება კანონიერ ძალაში შესული განაჩენების გადახედვა. პროექტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნა, რომლისგანაც მიღებულია საკმაოდ ფრთხილი და გაწონასწორებული დასკვნა, როგორიც ამ სტრუქტურისთვის არის დამახასიათებელი. ძირითადი რეკომენდაცია იყო, სიფრთხილით მივდგომოდით პრობლემას, არ დაგვეშალა სასამართლო სისტემა, არ შეგვეცვალა სამართალწარმოების წესი და, რაც უმთავრესია, არ დაზარალებულიყო სახელმწიფოსა და მართლმსაჯულების ინტერესები.

ამ პროექტს ჰყავს ბევრი მოწინააღმდეგე, ჰყავს მხარდამჭერებიც. კონფერენციის დღევანდელ სხდომაზე გამომსვლელებმა მიიჩნიეს, რომ საკითხი უფრო ფართოა, გლობალური და მოითხოვს სრულიად ახლებურ გააზრებას, სახელმწიფოებრივ მიდგომას.

_ . . კონფერენცია კრიტიკული პოზიციიდან მიუდგა იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილ პროექტს?

_ დიახ, პროექტზეა ლაპარაკი. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოტანილ განაჩენებზე, რომლებიც შესულია ძალაში. თუ არის საფუძველი მათი გაუქმების, პარალელურად უნდა გადაწყდეს რეაბილიტაციის საკითხიც.

_ რატომ რეაბილიტაცია?

_ იმიტომ, რომ განაჩენებით ქონებები იყო ჩამორთმეული, განსაკუთრებით, საპროცესო შეთანხმებებით.

დღეს გამოქვეყნდა სტატისტიკური ცნობები, რომლებიც, ვგონებ, საინტერესო იქნება თქვენი გაზეთის მკითხველებისთვის და, საერთოდ, ფართო საზოგადოებისთვის: გასული 9 წლის განმავლობაში 9300-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, როცა საქართველოს მოქალაქეები ნებაყოფლობით გადასცემდნენ საკუთრებაში სახელმწიფოს თავიანთ ქონებას.

_ ზოგჯერ უქმე დღეებში და ნაშუაღამევს.

_ ღამის 12 საათის შემდეგ. თანაც ეს პროცესი ან პროკურატურის შენობაში ხორციელდებოდა, ან კუდის, ან სოდის, ან საგამოძიებო იზოლატორის შენობაში. შესაბამისი სამსახურები კი ამ უკანონობას ურცხვად აფორმებდნენ, როგორც კანონთან შესაბამისობაში მყოფ ნებაყოფლობით გადაწყვეტილებას.

დღეს დაზარალებული ბიზნესმენები სამართალს ითხოვენ, მათი რამდენიმე წარმომადგენელი, ცნობილი გვარები მოვიდნენ ჩვენი კონფერენციის სხდომაზე დასასწრებად და უნდა გითხრათ, რომ ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვეს.

_ რა შესთავაზა მათ ახალმა ხელისუფლებამ? მიდის გადაწყვეტილებისკენ საქმე?

_ გადაწყვეტილება მარტივი არ იქნება.

_ რა გაგვიჭირდა ისეთი, რომ ბიზნესმენს წართმეული კერძო საკუთრება დავუბრუნოთ?

_ ჯერ ერთი, საქართველოს პროკურატურის ორგანოები გადატვირთულია, ახალი საქმეების დამატება კიდევ უფრო გაურთულებს ცხოვრებას. მეორე, ძალიან სერიოზული პრობლემა, _ სად ვიპოვოთ მატერიალური რესურსები, რის ხარჯზე, საიდან ავუნაზღაუროთ მიყენებული ზარალი?

_ როგორ თუ, ვის ხარჯზე?! ვინც წაართვა, იმის ხარჯზე! იმ ვიღაცას ხომ დარჩა ის ქონება?

_ თუ სახელმწიფოს ხელში მოხვდა ჩამორთმეული ქონება, მაშინ პრობლემა შედარებით იოლი გადასაწყვეტია. მაგრამ, თუ სახელმწიფომ გაყიდა აუქციონზე, შემდეგ გადაიყიდა მეორედ, მესამედ, მეოთხედ და გაჩნდა კეთილსინდისიერი მყიდველი (ეს სამოქალაქო სამართლის ტერმინია), მაშინ ამ საკითხზე გადაწყვეტილება სახელმწიფომ უნდა მიიღოს.

_ ამის გაკეთება კი სახელმწიფოს მხოლოდ ბიუჯეტით შეუძლია, ანუ ჩვენი ფულით უნდა გადაფაროს.

_ რა თქმა უნდა! ახლა საუბარია გამოსავალზე _ რა შეიძლება გაკეთდეს, რა პერსპექტივა შეიძლება იყოს, რა ძირითადი პრობლემები წამოიჭრება… მე მესმის საქართველოს მთავრობის სიფრთხილის. ჩვენი ბიუჯეტი ამჟამად 10-15 წლის წინანდელზე უფრო ნორმალურია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბიუჯეტში არსებული შემოსავალი ასე უგერგილოდ «გაიფლანგოს».

საკითხმა პოლიტიკური შეფერილობა მიიღო: ჯერ ერთი, ახალი ხელისუფლება პრობლემის მოგვარებას თვითონ დაჰპირდა, მეორეც, ასეთია საზოგადოების შეკვეთა.

ამ სიტუაციაში ახალ ხელისუფლებას მოუწევს თამამი გადაწყვეტილების მიღება.

_ სიფრთხილე?

_ თამამი გადაწყვეტილება გონივრული უნდა იყოს.

_ ბატონო გია, თქვენ თქვით, რომ პრობლემას რამდენიმე ასპექტი აქვს, მათ შორის _ პოლიტიკური და, რასაკვირველია, ფინანსური. მაგრამ დანაშაულის ჩადენისთვის პასუხი არავინ არ უნდა აგოს? მორალურად მაინც რომ დაკმაყოფილდეს ყოფილი ხელისუფლების მიერ დაყაჩაღებული ადამიანი, ამ შემთხვევაში, ბიზნესმენი?

_ დამნაშავემ თავისი თავით უნდა ზღოს ის ბოროტება, რომელიც მან ჩაიდინა კანონის დარღვევით, მაგრამ არსებობს საკითხების მთელი წრე. ამ ხალხის უკან (ბიზნესმენებზეა საუბარი) ჩამორთმეული ქონებაა, რომელიც ათეული და ასეული მილიონი ლარით კი არ განისაზღვრება, არამედ გაცილებით მეტით.

დღეს კონფერენციაზე გახმიანდა «კავკაზუს ონლაინის» საქმე, რომელიც მამია სანადირაძის მფლობელობაში იყო, საუბარი იყო სხვა ბიზნესმენების საქმეებზეც, რამაც ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა კონფერენციის მონაწილეებზე. ეს ადამიანები დაპატიმრებულები ჰყავდათ, სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა. ისინი აიძულეს, რომ ჩუქების ხელშეკრულება გაეფორმებინათ.

ახლა დადგა საკითხი: ვინც ეს უკანონობა ჩაიდინეს, ამჟამად სად არიან? ნაწილი ციხეშია, ნაწილი ძებნაშია, დიდი ნაწილი ელოდება, როდის და რა ხარისხით დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი.

მთელი ეს უკანონობა ცენტრალიზებულად ხორციელდებოდა, ცენტრიდან იმართებოდა, თანაც სახელმწიფო პოლიტიკის რანგში იყო აყვანილი. განსაკუთრებით უმძიმესი მდგომარეობაა აჭარაში, კერძოდ, ხელვაჩაურის რაიონში, სადაც სამჯერ გასცეს მიწები პირად საკუთრებაში და შემდეგ ჩამოართვეს არჩევნებთან დაკავშირებით, ისევ დაუბრუნეს, ისევ ჩამოართვეს, და ახლა ეს გამწარებული ხალხი დადის და ითხოვს სამართალს.

სხვა პრობლემებიც არის, რომლებიც დიდ საწარმოებს შეეხება, ბიზნესწილების გადანაწილება-დათმობას და ასე შემდეგ.

თქვენ და ყველა ამომრჩეველს გაწუხებთ შეკითხვა: რატომ უნდა გავიღოთ ჩვენი ჯიბიდან, ჩვენი შემოსავლიდან ფული დამნაშავე ხელისუფლების სასარგებლოდ და არა იმ პროგრამების განსახორციელებლად, რომლებიც სოციალურ დაცვაზე, განათლებაზე, ჯანდაცვაზე არის ორიენტირებული, როგორც ეს ყველა ნორმალურ ქვეყანაში ხდება?

ეს არა მარტო ლოგიკური შეკითხვაა, არამედ სამართლიანობის მოთხოვნაც.

ეს არის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი საკითხი, მესმის, რომ არის კოაბიტაცია, მაგრამ არის უფრო დიდი ღირებულებები, ადამიანის უფლებები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ფეხქვეშ იყო გათელილი.

დღეს კონფერენციაზე ერთი საინტერესო კაცი მოვიდა, რომელიც ფლობდა ნაკვეთს ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე. მას შესთავაზეს, დაეთმო ეს ნაკვეთი მერიისთვის. გაჯიუტდა. დაიჭირეს რაღაც კონკრეტული დანაშაულისთვის და კვლავ გაუმეორეს შეთავაზება. კვლავ გაჯიუტდა. დააკავეს მისი შვილი. ეს კაცი იძულებული გახდა, დაეთმო მერიისთვის თავისი ნაკვეთი.

ასეთი საქმე ძალიან ბევრია.

ყველა ასეთ ფაქტს, რომლებიც დანაშაულს წარმოადგენს, სახელმწიფომ შეფასება უნდა მისცეს. მუქარა იქნება, შანტაჟი თუ ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, დანაშაულადაა კვალიფიცირებული. ეს შეიძლება იყოს სამსახურებრივი დანაშაული, თანამდებობის ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება თუ სხვა. საჭირო იქნება ყველა შემთხვევის გამოძიება და სამართლებრივი შეფასება სასამართლოს მიერ.

ეს დროში გაწელილი პროცესი იქნება, დრო კი არ ითმენს. არადა, გავიდა ათი თვე. რაც უფრო გავაჭიანურებთ ამ პროცესს და გადაწყვეტილების მიღებას სპეციალიზებული სამსახურების ჩამოყალიბების შესახებ, მით უარესია ჩვენთვის.

_ რომელი სპეციალიზებული სამსახურის ჩამოყალიბება გაქვთ მხედველობაში?

_ ამ კითხვაზე რომ გიპასუხოთ, ჯერ კარგად უნდა წარმოვიდგინოთ პრობლემის მოცულობა, ის ქონება, რომელიც უკანონოდ იყო ჩამორთმეული, და დაზარალებულ ბიზნესმენთა რაოდენობა ძალზე დიდია. მარტო ერთი, სპეციალურად შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ჰქვია «დააბრუნე!», რეგისტრირებულია 350 ბიზნესმენი.

_ «დააბრუნეეუბნებიან სახელმწიფოს?

_ სახელმწიფოსაც, თუ მისი ჩინოვნიკების წყალობით მოხდა ეს უკანონობა, ეუბნებიან იმათაც, ვინც არამართებულად ჩაიგდეს ხელში სხვისი ქონება.

დღეს კონფერენციის მონაწილეებს შევთავაზეთ წინადადება, რომელსაც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინათ ვაყენებდით: საჭიროა სპეციალიზებული სამართალდამცავი სტრუქტურების შექმნა, რომლებიც დაკავებული იქნება მხოლოდ რეაბილიტაციის საკითხებით. ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ 2004-2012 წლებში წარმოქმნილ კონკრეტულ დავებს, იმ შემთხვევებს, როცა მოქალაქე მიიჩნევს, რომ არამართებულად წაართვეს ქონება, მის მიმართ გამოტანილი იყო უკანონო განაჩენი და ადგილი ჰქონდა სხვა უკანონობას გამოძიების სტადიაზე.

_ რომელ სპეციალიზებულ სტრუქტურას გულისხმობთ?

_ ეს იქნება (ან უნდა იყოს) პროკურატურის სისტემაში არსებული სპეციალიზებული პროკურატურა, ერთიანი სტრუქტურის შემადგენელი ნაწილი. აქ უნდა მუშაობდეს 80-100 თანამშრომელი, მაღალი ხელფასებით, ანაზღაურების შესაფერისი პირობებით. კადრების შერჩევის ყველაზე მკაცრი და ყველაზე გამჭვირვალე პრინციპით შერჩეული თანამშრომლები დაკავებულნი უნდა იყვნენ მხოლოდ იმ საჩივრების განხილვით, რომლებშიც მოქალაქეები მათ მიმართ დანაშაულებრივი ქმედების საკითხებს აყენებენ.

_ ჩვენი საუბრის დასაწყისში თქვენ რეაბილიტაცია ახსენეთ ქონების უკანონოდ ჩამორთმევასთან დაკავშირებით.

_ დიახ. ჯერ თუ არ დადასტურდა, რომ კაცი უდანაშაულოა, ქონებას ისე ვერ შეეხები. ეს თანმდევი შედეგია. ამიტომ არის, რომ ჯერ რეაბილიტაცია უნდა მოხდეს, შემდეგ _ ქონებრივი საკითხის გადაწყვეტა.

_ რეაბილიტაცია რომ მოხდეს

_ საქმე უნდა იქნას გამოძიებული და გადაეცეს სპეციალიზებულ სასამართლოს, რომელიც, ალბათ, უმაღლესი სასამართლოს სისტემაში უნდა შეიქმნას.

თქვენს მკითხველებს მინდა შევახსენო, რომ გასული საუკუნის 50-იანი წლების შუა ხანიდან ყოფილ საბჭოთა კავშირში დაიწყო მასობრივი რეაბილიტაციის პროცესი. მაშინ საკავშირო პროკურატურაში, საკავშირო იუსტიციის სამინისტროში, საკავშირო უმაღლეს სასამართლოში შექმნილი იყო სპეციალიზებული კოლეგიები, რომლებიც იხილავდნენ რეაბილიტაციის საკითხებს.

ამით იმის თქმა მინდა, რომ ახლის გამოგონება საჭირო არ არის. ეს ყველაფერი გამოცდილია, აპრობირებულია და საკმაოდ მწვავე, შეიძლება ითქვას _ ცუდი, მაგრამ მაინც გამოცდილებაც დაგროვილია.

აღნიშნული სპეციალიზებული სტრუქტურებით საქმეების მოგვარება გამორიცხავს ანგარიშის გასწორებას, იქნება სამართლიანობისკენ ცივილიზებული სვლა.

თანაც დროში არ გაიწელება.

ამ სპეციალიზებული სტრუქტურების არსებობა, ჩემი აზრით, 2-3 წლით უნდა განისაზღვროს. ამოიწურება ეს საქმეები, გაქრება ეს სტრუქტურები.

საჭიროა თუ არა საამისოდ სპეციალური საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება?

არა. საჭირო არ არის, რადგან კონსტიტუცია არ მოითხოვს ცვლილებებს, ხოლო კანონი სპეციალიზებული პროკურატურის შექმნის შესაძლებლობას ითვალისწინებს: იუსტიციის მინისტრს თავისი ბრძანებით ამისი გაკეთება შეუძლია.

რაც შეეხება მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობას, აქ გარკვეული  მომენტები დასაზუსტებელია. ასე რომ, პარლამენტთან სამუშაოა. მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, სახელმწიფომ უნდა გამოავლინოს კეთილი ნება. უნდა ვიცოდეთ, რა უნდა ვუთხრათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ჩამოართვა ქონება წინა ხელისუფლებამ: ვუკმაყოფილებთ თუ არა მათ სამართლიან მოთხოვნას, რას ვთავაზობთ. აქაა კონცენტრირებული პრობლემის მთელი სიმწვავე.

ჩვენს კონფერენციას დაესწრნენ ევროპიდან ჩამოსული ექსპერტები. მათ შემოგვთავაზეს რამდენიმე ვარიანტი _ ნორვეგიული, გერმანული… მაგრამ ჩვენ სხვათა გამოცდილება ჩვენს სპეციფიკას უნდა მოვარგოთ.

მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია შეფასებას ვერ მისცემს წინასწარი გამოძიების სტადიაზე დაშვებულ შეცდომებს. იგი იტყვის, რომ საქმის მასალებში არის გარკვეული დარღვევები და რეკომენდაციის სახით, ანუ თხოვნით გადაუგზავნის სასამართლოს, რომელსაც უფლება აქვს, საერთოდ არ გაიზიაროს და უარი უთხრას.

იკითხავთ, ვინ გადაწყვეტს იმ გამომძიებლების, პროკურორებისა და მოსამართლეების იმ ჩინოვნიკების სისხლის სამართლის დევნის საკითხს, რომლებიც ბოროტად იყენებდნენ თანამდებობას?

_ მით უფრო, რომ დღესაც არის ამის გაკეთების შესაძლებლობა.

_ დიახ, არის. მაგრამ ჩვენ ვთავაზობთ სხვა მიდგომას, სრულიად ახალ განზომილებას და, რაც მთავარია, გაცილებით უფრო მოქნილს, ერთიანი პოლიტიკის წარმართვის შესაძლებლობას რომ იძლევა.

_ ამისთვის საჭიროა კადრები!

_ ურთულესი პრობლემაა. დიმიტრი გელოვანის პოვნას, რა თქმა უნდა, ვერ შევძლებთ, რადგან დღეს ძნელად შეგხვდება ისეთი პროფესიონალი, პატიოსანიც რომ იყოს და კვალიფიციურიც, მაგრამ ეს ადვილი არასოდეს ყოფილა.

_ «კადრები წყვეტენ ყველაფერს».

_ რა თქმა უნდა.

_ კადრების პრობლემიდან გამომდინარე: ახლახან «ლიტერატურულ საქართველოში» გამოქვეყნებული წერილით თქვენ დაიცავით მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, საფუძვლიანად, არგუმენტირებულად, პროფესიულად.

კბილაშვილზე მასირებული თავდასხმა, მათ შორის, პარლამენტის უმრავლესობის მხრიდანაც გრძელდება.

რა ხდება?

_ აქ პოლიტიკური ძაღლის თავია დამარხული. როგორც ჩანს, გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში არსებობს გარკვეული მოსაზრებები არჩილ კბილაშვილის პიროვნების მიმართ, იმ კურსის საწინააღმდეგოდ, რომელსაც ის განახორციელებს პროკურატურაში.

მთავარი პროკურორობა (გინდაც გენერალური პროკურორობა), საკუთარი გამოცდილებით ვიცი, ცეცხლსაშიში თანამდებობაა. ურთულესი გადაწყვეტილებების მიღება გიხდება, რაც მავანთა გაღიზიანებას იწვევს, ამიტომ მთავარ თუ გენერალურ პროკურორს მტერი, როგორც წესი, ბევრი ჰყავს.

ამ საკითხზე არჩილთან არ მისაუბრია, მაგრამ არ დაგიმალავთ, ვიცნობ კარგად, ჩემი სტუდენტი იყო. მას ახლა ედავებიან იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც ბედუკაძესთან დაკავშირებით მიიღო. თქვენს ნახსენებ პუბლიკაციაში დავწერე და კვლავ ვადასტურებ, მას კანონი არ დაურღვევია.

მიაქციეთ ყურადღება: არჩილმა მიმართა და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება. სასამართლოზე არავინ ლაპარაკობს. არჩილ კბილაშვილი უნდა წავიდეს, გინდა თუ არაო.

_ ასეთი რა გართულება ჭირთ?

_ მთავარი მიზეზია კბილაშვილი. ხომ ასეა?

_ რა თქმა უნდა. მაგრამ იმას რა ვუყოთ, რომ გამოძიება მუხრუჭდება, საქმეთა დიდი ნაწილი ბოლომდე არ არის მიყვანილი, ეს იწვევს დაინტერესებული ადამიანების დიდ უკმაყოფილებას.

_ არჩილმა უმძიმეს პირობებში უმძიმესი მემკვიდრეობა მიიღო. გაიხსენეთ: მისი წინამორბედი მთავარი პროკურორებიდან ზოგი დაჭერილია, ზოგი მიმალვაში იმყოფება, მაგრამ მათზე დაპატიმრების ბრძანება გაცემულია, იძებნებიან წითელი ცირკულარებით. იმასაც მოვესწარით, რომ სამი მთავარი პროკურორი პასუხისგებაშია მიცემული.

დემორალიზებული იყო მთელი აპარატი. იქ ისეთები რჩებოდნენ, რომელთა მუშაობა მთავარ პროკურატურაში არ შეიძლებოდა.

_ ახლაც არიან?

_ სამწუხაროდ, არიან. უცებ ვერ გაიწმინდებოდა. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ საკადრო საკითხებში არჩილი უფრო მკვეთრი უნდა ყოფილიყო. ეს ჩემი აზრია და, მგონი, არ მიწყენს ჩემი უმცროსი მეგობარი და კოლეგა. არაერთხელ მითქვამს ეს. მაგრამ მან ხომ უკეთესად იცის, უკეთ ფლობს სიტუაციას და დარწმუნებული ვარ, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. მაგრამ სად იპოვოს რეზერვი?

_ დააბრუნოს პროფესიონალები.

_ აქაც პრობლემებია, რომლებიც უკავშირდება ასაკობრივ ბარიერს, არიან ადამიანები, რომელთაც დაბრუნება არ სურთ; არიან ისეთებიც, ვინც აუცილებლად უნდა დააბრუნოს. მაგრამ ეს მალე არ მოხდება. თუმცა დრო გაიჭიმა, კი.

მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლიაო, რაღაც ამისი მსგავსი არის. ველოდებოდი, რომ გადაწყვეტილებები გახმაურებულ საქმეებზე უფრო სწრაფად იქნებოდა მიღებული. თუმცა სულ ცოტა ხანში ნახავთ, რომ ასეთი საქმეები სასამართლოში წარიმართება.

_ კერძოდ?

_ კერძოდ მხედველობაში მაქვს რობაქიძის საქმე, რომელიც დამთავრდა და სასამართლოში წარიმართება, ასევე ვაზაგაშვილის საქმე.

_ ჟვანიას საქმე?

_ ეს საქმე ჯერ არ არის გამოძიებული, მაგრამ, მთავარი პროკურორის განცხადებით, მალე დასრულდება. ნუ გავასწრებთ მოვლენებს, იმიტომ, რომ ბევრი რაღაცის თქმა შეიძლება, ბევრისა, ალბათ, _ არა. ეს ყველაფერი უნდა გადაწყვიტოს შესაბამისმა სასამართლომ.

არ მინდა შევაქო არჩილი. პირიქით, მე მგონია, პროკურორი უნდა იყოს კაცთმოყვარე, არ უნდა გამოირჩეოდეს აგრესიულობითა და ახირებული სიმკაცრით, რამაც, უკვე ვნახეთ, რა შედეგიც მოუტანა ჩვენს საზოგადოებრიობას. იგი უნდა იყოს თავისი ქვეყნის მოქალაქე, ჭეშმარიტი მამულიშვილი.

ვხედავ, რომ ეს თვისებები ამ ახალგაზრდა კაცში არის. ძალიან მძიმე მონომახის ქუდი დაიხურა. არადა, მშვენივრად გრძნობდა თავს წარმატებული ადვოკატის პოზიციაზე.

_ სიტყვამ მოიტანა და ამასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ: არსებობს მოსაზრება, რომ მისი, როგორც სამოქალაქო სამართლის მცოდნე ადვოკატის, დანიშვნა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მიზანშეწონილი არ იყო.

_ არარეალური არგუმენტია. არჩილი მაღალი დონის იურისტია, ადვოკატობასაც სწრაფად აუღო ალღო. სისხლისსამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით არჩილს საკმაოდ მდიდარი პრაქტიკა ჰქონდა. ეს ყველაფერი ვიცი. იგი რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე იცავდა სამართალში მიცემულთა ინტერესებს. მაგალითად ებრაელი ბიზნესმენების ოდიოზური საქმეც გამოდგება.

_ ბატონო გია, საუბრის დასაწყისში ბრძანეთ, რომ ქონების ჩამორთმევის კუთხით განსაკუთრებით მძიმედ არის საქმე აჭარაში. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი აქ შეიძლება დაუპირისპირდეს სხვა ქვეყნის მოქალაქეთა ინტერესებს. შეიძლება უკიდურესად ნეგატიურად იმოქმედოს ყარსის ხელშეკრულებაზე, მაგალითად, რუსეთი გამოვიდეს ამ ხელშეკრულებიდან და აჭარის ავტონომიურობა ჰაერში დაეკიდოს იმ ზომამდე, რომ დავკარგოთ საქართველოს ეს ძირძველი მხარე.

_ ძალიან სერიოზული თემაა და ამაზე ცალკე უნდა ვისაუბროთ. აქ არის გარკვეული წყალქვეშა დინებებიც და კლდეებიც, რაც ჩვენგან ყოველთვის სრულ მზადყოფნას მოითხოვს. საქართველომ ამ არამარტივ სიტუაციაში საქმე რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით უნდა წარმართოს.

ამ ეტაპზე ვითარების გართულება ჩვენ ორ დიდ მეზობელთან _ რუსეთთან და თურქეთთან რეალურად არ მესახება.

თურქეთის მხრიდან რაიმე ექსპანსიურ ქმედებას საქართველოს მიმართ სრულად გამოვრიცხავ, მაგრამ პოლიტიკაში არ არსებობს არაფერი მუდმივი. ვისურვებდი, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ამ სფეროსთან იქნება დაკავშირებული, იყოს მოზომილი, რათა არ დაზიანდეს არც ჩვენი, არც ჩვენი მეზობლების ინტერესები.

რუსეთთან ურთიერთობა ღირს იმად, რომ ცალკე ვისაუბროთ.

აჭარის ტერიტორიაზე არსებული დავებიდან ასლან აბაშიძის საკითხი ცალკეა გამოსაყოფი. როგორც ვიცი, მისი საქმე დღესაც იხილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში და გადაწყვეტილება დღესაც არ არის მიღებული. საქმე აღძრულია ზღვაში ნაღმის აფეთქების ფაქტზე, რომელმაც ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. ასლან აბაშიძეს მიაწერეს, რომ, როცა «ვარდების რევოლუციის» ექსპორტი მზადდებოდა აჭარაში, მან დანაღმა ბათუმის აკვატორია.

არ მინდა კომენტარის გაკეთება, ძალიან მალე, მაქსიმუმ ორ კვირაში, დადგება განაჩენი და შემდეგ გავაანალიზოთ. სხვა ბრალდება ასლან აბაშიძის მიმართ პროკურატურას, როგორც ვიცი, არ გააჩნია.

ახლა, რაც შეეხება საკუთრებას, რომელიც შეიძლება ჰქონოდა იმ დროის ჩინოვნიკებს, როცა ასლან აბაშიძე იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური. ამ ქონების რეკვიზიცია მოხდა წარმოუდგენელი სისწრაფითა და წარმოუდგენელი დაუნდობლობით. ამას აკეთებდა ცენტრალური ხელისუფლება სამართალდამცავი ორგანოების მეშვეობით. უამრავი ადამიანი იყო პასუხისგებაში მიცემული, უამრავს ჩამოართვეს ქონება, განსაკუთრებით, ბინები და მიწის ნაკვეთები, რომლებსაც უხვად ურიგებდა ხელისუფლება თავის ვეზირებსა და ერთგულ ადამიანებს.

_ ერთ ლარად!

_ დიახ. ამაზეა საუბარი. სპეციალიზებული პროკურატურა თუ შეიქმნება, იგი მოწოდებული იქნება, აღადგინოს სამართლიანობა არსებული გარანტიების შენარჩუნებით. უნდა შეიქმნან დემოკრატიული არეალი. სხვანაირად არ გამოვა. ჯინი ამოსულია ბოთლიდან და მას უკან ვერ ჩავაბრუნებთ.

_ ბოლო შეკითხვა: თქვენი პროფესიის ადამიანს საზოგადოებრივი განწყობილების პულსზე ხელი აქვს დადებული. ხომ არ გრძნობთ, რომ იძაბება სიტუაცია?

_ მძიმე შეკითხვაა და შევეცდები, აბსოლუტურად გულწრფელი ვიყო. ვიცი, რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში, რადგან ხალხის ნაწილი ვარ. ხშირად მიწევს რეგიონებში სიარული და ჩემი თვალით ვხედავ, რაც ხდება.

ვიცი, რომ ხალხის ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, სამუშაო ადგილები არ მომატებულა. პირიქით, არის კლება. და იმედგაცრუების გრძნობა საზოგადოებას თანდათან უჩნდება.

დღეს პრემიერ-მინისტრის სტატუსი განსაკუთრებულად მაღალია, მაგრამ იმიჯი ცვალებადი კატეგორიაა. ამიტომ ის პროგრამა, რომელიც მან და ხელისუფლებამ ხალხს წარუდგინა, თუ არ შესრულდა, სავარაუდოა, რომ მისი იმიჯი გაუარესდება.

_ ოქტომბრის მიჯნა ხომ არ არის ამ შემთხვევაში გადამწყვეტი?

_ რაღა დარჩა ოქტომბრამდე? ახლა პოპულისტურ გადაწყვეტილებებს ხელისუფლება ვეღარ მიიღებს. როცა საარჩევნო კამპანია დაიწყება, ასეთი გადაწყვეტილებები მოსყიდვად იქნება შეფასებული.

იმაში, რაც დღემდე გაკეთდა, განსაკუთრებით მოსაწონია სადაზღვევო სისტემაში მიღებული სერიოზული, გაბედული გადაწყვეტილებები. გამოჩნდა პოზიტივი და ეს კარგია! სამართალდამცავ სისტემაში განხორციელებული ცვლილებებითაც დაისახა პოზიტიური ტენდენციები, მაგრამ აქაც არის პრობლემები: იზრდება ეკონომიკური დანაშაულის დონე, ქუჩებში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც არ უნდა გამოჩენილიყვნენ, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში უმძიმესი სიტუაციაა, ისევ თავი წამოყო მაყურებლების ინსტიტუტმა.

_ მაყურებლები გაჩნდნენ ციხეში?!

_ ყოველ შემთხვევაში, ჭორის დონეზე ასეთი ხმები ვრცელდება.

_ ჩვენგან რა სჭირდება ხელისუფლებას: კრიჭაში ჩადგომა თუ მხარდაჭერა?

_ ხელისუფლებასთან უნდა ითანამშრომლო: დაიცვა კანონი და შეასრულო ვალდებულებები, რომლებიც გაკისრია. პოლიტიკური განწყობილება კი შენი უფლებაა. ვირჩევდი, რომ ახალ ხელისუფლებას მხარში ამოვდგომოდით საერთო საქმის გასაკეთებლად. ეს სავალდებულო არ არის, მაგრამ ასეთი არჩევანის წინაშე ვდგავართ. სახელმწიფო და ხელისუფლება სხვადასხვა ცნებაა. მე, მაგალითად, მინდა, რომ ჩემი სახელმწიფო იყოს ძლიერი და მისცეს ხალხს ბედნიერი განვითარების საფუძველი.

ხელისუფლებები იცვლება და ამას უნდა შევეჩვიოთ.

კრიტიკაც მხარში ამოდგომაა, სიტყვის თავისუფლება ამის შესაძლებლობას მაძლევს, რაც მე ასე უხვად გამოვიყენე დღევანდელ ინტერვიუში.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

1 COMMENT

  1. სტატია ძალიან საინტერესოა,მაგრამ ინტერვიუ აღებულია 2013 წელს.ბატონო არმაზ,საინტერესო იქნებოდა რას იტყოდა დღეს ამ საკითხებზე ბატონი გია მეფარიშვილი.კიდევ გთხოვდით დაგემატებინათ მისთვის კითხვა ცენტრ პოინტსა და დაზარალებულ დაყაჩაღებულ 6200 ოჯახზე.მიმდინარეობს სასამართლო,მაგრამ ყველაფერი იქით მიდის,რომ პირიქით დაზარალებული მოსახლეობა გამოჰყავთ დამნაშავედ და გამომძალველებად,ხოლო ყაჩაღი რჩეულიშვილები დაზარალებულად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here