Home რუბრიკები პოლიტიკა ვინ ოცნებობს ახალ დიქტატორზე?

ვინ ოცნებობს ახალ დიქტატორზე?

574

ბოლო დროს თითქმის ყოველდღე ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც «ქართული ოცნების» ამომრჩევლებს სულ უფრო მეტად აღიზიანებს. თითოეული ფაქტი, თუ მათ ცალცალკე განვიხილავთ, განსაკუთრებულს, ყოველ შემთხვევაში, კატასტროფულს არაფერს წარმოადგენს, თუმცა ერთობლიობაში  ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ქვეყნის საქმე ცუდად მიდის. ქართველების ზოგადი ემოციურობიდან გამომდინარე, ამ ნიადაგზე იბადება განწყობა, რომ რაღაც სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს.

 

აჭარის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა იმაზე, რომ ყოფილი ხელისუფლების მიერ წართმეული ქონების დაბრუნება ძველი მფლობელებისთვის რთული პროცესია, დიდ დროს მოითხოვს და მიანიშნა (ფაქტია, რომ კომენტატორების ნაწილმა ასე გაიგო), რომ ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება სამართლიანობის აღდგენით ვერ დაგვირგვინდეს. იურიდიული თვალსაზრისით, ეს მართლაც რთულია, ამ საქმეებში გადაიხლართა უამრავი ადამიანის ინტერესი, ერთმანეთის საწინააღმდეგო მტკიცებულებები არსებობს და პრობლემას სრულად ვერც საგანგებო სასამართლოს ამოქმედება და ვერც დამნაშავეთა ქონების აქტიური კონფისკაცია მოაგვარებს (ის, რომ პრობლემა არ გვარდება სრულად, ცხადია, არ ნიშნავს, რომ პროცესი უნდა შეჩერდეს). ამავე ინტერვიუში პრემიერმა ძალიან რბილ ტონალობში ისაუბრა «ნაციონალურ მოძრაობაზე», როგორც სავსებით ლეგიტიმურ ოპოზიციურ ძალაზე, რაც ამომრჩეველთა საკმაოდ დიდი ნაწილისთვის იგივეა, რაც ხარისთვის წითელი ნაჭრის აფრიალება. გასაკვირი არაა, რომ ყოველივე ამის გათვალისწინებით, გასულ კვირას სოციალურ ქსელებში დაიწყო (უფრო სწორად, გაცილებით დიდი მასშტაბით გაგრძელდა) ინტენსიური საუბრები იმის თაობაზე, რომ «ნაციონალებს» ყველაფერი შერჩებათ, მიტაცებული ქონების ჩათვლით და მმართველმა ძალამ სამართლიანობას კოაბიტაცია არჩია.  

დავით ზურაბიშვილის გათავისუფლება განათლების მინისტრის პოსტიდან არა მხოლოდ გალაქტიკის, არამედ ქართული პოლიტიკის გადასახედიდანაც ერთი უმნიშვნელო ეპიზოდია. მაგრამ, თუ ჩვენ თვალს გადავავლებთ კომენტარებს, რომლებიც ამას მოჰყვა, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ქვეყანაში ლოკალური მასშტაბის აპოკალიფსი მწიფდება. ის, რომ რესპუბლიკელები წუწუნებენ, გასაკვირი არაფერია, მათ მიზეზი აქვთ და, კაცმა რომ თქვას, ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა. მაგრამ საიდან ამდენი კონსპიროლოგია, მეტიც, პოლიტიკური ესქატოლოგია? დათო ზურაბიშვილზე ვსაუბრობთ (თავის პარტიანად) თუ პლანეტა ნიბირუზე?

ბიძინა ივანიშვილის შენიშვნა მაჟორიტარებს (და სოსო ჯაჭვლიანის პასუხი), ბიძინა ივანიშვილის შენიშვნა პარლამენტარებს (კანონპროექტი იპოთეკით დატვირთული ქონების შესახებ), ბიძინა ივანიშვილის შენიშვნა «ქართული ოცნების» მხარდამჭერებს (რესპუბლიკელების გაკრიტიკების გამო), ბიძინა ივანიშვილის შენიშვნა, უფრო სწორად გაფრთხილება, ხელისუფლების წარმომადგენლებს (ნეპოტიზმთან დაკავშირებით)… იყო სხვა შენიშვნებიც, უბრალოდ, მათი ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. თითოეული მათგანი, ცალკე აღებული, რაიმე განსაკუთრებულს არ წარმოადგენს და კატასტროფაზე არ მიანიშნებს. მაგრამ ერთობლიობაში, მძიმე საინფორმაციო-ფსიქოლოგიური (აგრეთვე, სოციალურ-ეკონომიკური) ფონის გათვალისწინებით, ისინი ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ მმართველ კოალიციაში და სრულიად სახელმწიფოში წესრიგი უფრო ნაკლებია, ვიდრე ცეცხლმოკიდებულ ბორდელში. ამაზე ღიად საუბრობენ ქუჩაში და წერენ ინტერნეტში არა ჩასაფრებული «ნაციონალები», არამედ ის ადამიანები, რომელთაც ივანიშვილის მიმართ ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვთ.

სინამდვილეში, ჩვენ ძალიან საინტერესო პროცესების მომსწრენი ვართ და საქმე აქ მხოლოდ სამართლიანობის არ აღდგენასა და ეკონომიკურ სიდუხჭირეში როდია. მოქალაქეების არცთუ მცირე ნაწილს მეტი წესრიგი, ქვეტექსტში კი მეტი «ავტორიტარული სიცხადე» სწყურია. არჩევნებამდე ითვლებოდა, რომ სააკაშვილის ყველა ოპონენტი მეტ თავისუფლებას და მეტ დემოკრატიას მოითხოვდა. ეს საკმაოდ ლამაზად ჟღერდა, თუმცა რეალობას მხოლოდ ნაწილობრივ ასახავდა. ამომრჩევლების ნაწილი (რამდენად გაცნობიერებული ჰქონდათ ეს, ცალკე საუბრის თემაა) არა თავისუფლება-დემოკრატიისკენ, არამედ პროგნოზირებადი, «კეთილგონიერი ავტორიტარიზმისკენ» მიილტვოდა. მათი მთავარი პრეტენზია სააკაშვილის მიმართ იმაში მდგომარეობდა, რომ მისი ავტორიტარიზმი შიზოფრენიული იყო; არავინ იცოდა, რას ჩაიდენდა რეჟიმი ხვალ, ამის ამოცნობა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო; ის თამაშის წესებს მუდამ ცვლიდა.

ქართულ პოლიტიკაზე საუბრისას, ჩვენ არაერთგზის გავიხსენეთ ცნობილი ისტორია გმირზე, რომელიც კლავს ურჩხულს, შემდეგ კი თვითონ გადაიქცევა ურჩხულად. ეს სიუჟეტი ბოლო წლებში მეტად აქტუალური გახდა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თუ რას ნიშნავს ცხოვრება ურჩხულთან ერთად, ძველი იქნება თუ ახალი, და შესაბამისი უნარჩვევები გამოგვიმუშავდა. მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანს საქართველოში, უბრალოდ, ვერ წარმოუდგენია «ცხოვრება ურჩხულის გარეშე» და გმირი, რომელიც ურჩხულად არ გადაიქცევა.

დღეს მათ სურთ (ქვეცნობიერად, თუმცა ეს არსებითად არაფერს ცვლის), რომ ბიძინა ივანიშვილი მათი ახალი ურჩხული გახდეს, წინამორბედისგან განსხვავებით, ბრძენი და გულმოწყალე, მაგრამ ამავე დროს დაუნდობელი მათთვის საძულველი «ნაციონალების» მიმართ. წარმოვიდგინოთ, რომ ხვალ ივანიშვილი ყველა კანონის დარღვევით, გამოსცემს დაახლოებით ასეთი შინაარსის განკარგულებას: «ნაციონალური მოძრაობა» იკრძალება, მისი ყველა ლიდერი მიდის ციხეში, ქონების კონფისკაციით». რამდენი მოქალაქე დაუკრავს ამას ტაშს? დიდი ალბათობით, ისინი უმრავლესობაში აღმოჩნდებიან.

საზოგადოების ნაწილი, სავარაუდოდ, უკვე მომწიფდა იმისთვის, რომ დათანხმდეს ხისტი, ავტორიტარული მეთოდების გამოყენებას სამართლიანობის და წესრიგის აღდგენისთვის; ყველაზე მეტ ამონაგებს მომავალ არჩევნებში, სავარაუდოდ, ის კანდიდატი ნახავს, რომელიც ამ განწყობას მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენებს (ბაქრაძის გარდა, «ნაციონალები» ამ მხრივ და საერთოდაც ოფსაიტში არიან). ჯერჯერობით ამ მიმართულებით ყველაზე აქტიურად, ალბათ, მაინც ნინო ბურჯანაძე მუშაობს და მას, სავარაუდოდ, სხვებიც მიბაძავენ. რა თქმა უნდა, ხმამაღლა ამაზე არავინ ისაუბრებს, თუმცა ამ არჩევნებში ძლიერი ავტორიტარული ლიდერის, მარტივად რომ ვთქვათ, ახალი ურჩხულის ძებნის მოტივი ერთერთ მთავარ ადგილს იკავებს.

ალბათ, არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ როლის შესრულება არ სურს და, შესაძლოა, სწორედ აქედან მოდის ეს, ბევრისთვის აბსოლუტურად გაუგებარი საუბრები გადადგომაზე; პროცესების ლოგიკა, ემოციურ მხარდამჭერებთან ერთად, სულ უფრო აქტიურად უბიძგებს მას ერთპიროვნული, პრაქტიკულად შეუზღუდავი მმართველობისკენ. საკმარისია ივანიშვილის რამდენიმე სიტყვა, რომ ხალხის მასამ, მიუხედავად იმისა, რას იტყვიან უცხოელი პარტნიორები, გადაუაროს (ნებისმიერი გაგებით) არა მხოლოდ «ნაციონალებს», არამედ მთელ დეგრადირებულ პოლიტიკურ ელიტას და ლიდერს «სუფთა ფურცლიდან» დაწყების შესაძლებლობა მისცეს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ივანიშვილი ამ სიტყვებს არასოდეს იტყვის. სააკაშვილის მომხრეებს, რომელნიც მზად არიან, ძალაუფლებისთვის ყველაფერი დათმონ, ეს შეიძლება სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ადამიანს, უბრალოდ, არ სურს, ახალი ურჩხული გახდეს.

ამ კონტექსტში შეიძლება საუბარი მაღალ იდეალებზე, თუმცა ეს არჩევანი, ბანალურად, რაციონალურიცაა. ამ ისტორიის ფინალი ცნობილია როგორც მმართველისთვის, ისე საზოგადოებისთვის, რომელიც მორიგ წრეს გაივლის და ისევ სასტარტო წერტილს დაუბრუნდება, რათა ახალი ავტორიტარული რეჟიმის კონსტრუირებას შეუდგეს. მაღალფარდოვანი ლოზუნგები ამჯერადაც გვერდზე გადავდოთ და სიტუაციას პრაგმატულად შევხედოთ: ერი, რომელმაც XXI საუკუნეში თავისუფლების პირობებში ცხოვრება ვერ ისწავლა, საბოლოო ჯამში, კონკურენტუუნარო და განწირულია; მარტივად რომ ვთქვათ, მონობა წამგებიანია.

«ნაციონალების» დიდმა ნაწილმა თავი დაანება ოცნებას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, თუმცა საინტერესოა, რომ ზოგიერთი მათგანი დარწმუნებულია, ახალი ხელისუფლება ადრე თუ გვიან იძულებული გახდება, მათი მეთოდები გამოიყენოს. ისინი განიხილავენ (პირდაპირ არ ამბობენ, მხოლოდ მიანიშნებენ, თუმცა არსი ესაა) საქართველოს მოსახლეობას, როგორც ფარას, რომელსაც აპრიორი არ შეუძლია ცხოვრება მწყემსის გარეშე და თავისუფლების არაფერი გაეგება. მათი მთავარი პრეტენზია საკუთარი ბელადის მიმართ იმაში მდგომარეობს, რომ ის ცუდი მწყემსი იყო, თორემ «მწყემსისა და ფარის» პრინციპს ეჭვქვეშ არ აყენებდნენ. «ოცნების» ზოგიერთი მხარდამჭერის დღევანდელი განწყობა წყალს სწორედ მათ წისქვილზე ასხამს. «ნაციონალები» ვერასოდეს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, მაგრამ მათთვის მნიშვნელოვანია, დარწმუნდნენ, რომ მთავარ პრინციპთან დაკავშირებით მართლები იყვნენ. წლების შემდეგ ამ ნიადაგზე, სავარაუდოდ, ახალი კაცთმოძულე იდეოლოგია, (პირობითად) «ნეომიშიზმი», აღმოცენდება (თუნდაც სააკაშვილის ან მისი პორტრეტების გარეშე; ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს).

სანიმუშო დემოკრატია საქართველოში კიდევ კარგა ხანს ვერ დამკვიდრდება; ილუზიები ამასთან დაკავშირებით ფუჭი და უადგილოა. იმ ტრანზიტულ მდგომარეობას, რომელშიც დღეს ვიმყოფებით, დემოკრატიასთან საერთო ძალიან ცოტა რამ აქვს და ავტორიტარული მეთოდების გამოყენება ამა თუ იმ პრობლემის გადასაწყვეტად ჯერჯერობით გარდაუვალი ჩანს. რეალურად, დღეს შესაძლებელია მხოლოდ პირველი ნაბიჯების გადადგმა ავტორიტარული წარსულისკენ ან სრულიად ამოუცნობი მომავლისკენ.

უკვე რამდენიმე ჟურნალისტმა კერძო საუბრებში ერთ საინტერესო ფენომენზე მიუთითა _ რესპონდენტების ნაწილი მეტისმეტად ფრთხილობს, როდესაც უნდა ისაუბროს საკითხზე, რომლის მიმართ ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება უცნობია, თუნდაც ის პერიფერიულ ხასიათს ატარებდეს. ისინი ზღუდავენ (თითქოს ხელბორკილებს ადებენ) საკუთარ თავს მაშინ, როდესაც ამისთვის არანაირი ობიექტური წინაპირობა არ არსებობს. როგორც ჩანს, მათ ეშინიათ თავისუფლების და ურჩევნიათ ძველებურად მოიქცნენ. 

თანამედროვე ფსიქოლოგიის არაერთ სახელმძღვანელოში აღწერილია ე. წ. გრინდერის დათვის ფენომენი. დათვი ჯერ პატარა გალიაში იჯდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ახალ, დიდ ვოლიერში გადაიყვანეს, მხოლოდ იმ სივრცეში მოძრაობდა, რომელიც მისი ძველი გალიის ზომას შეესაბამებოდა. რამდენიმე ნაბიჯს გადადგამდა, თითქოს უხილავ კედელს ეჯახებოდა, და უკან ბრუნდებოდა. ძველი გალია, რომელიც ამ მომენტისთვის მხოლოდ მის მეხსიერებაში არსებობდა, თავისუფალ გადაადგილებას უზღუდავდა.

ალბათ, არის ქართული საზოგადოების, ყოველ შემთხვევაში, მისი ნაწილის დღევანდელ განწყობაში რაღაც ისეთი, რაც ამ დათვთან და მის წარმოსახვით გალიასთან მას ძალიან მჭიდროდ აკავშირებს. არაერთი მოქალაქე ლამის ღია ტექსტით მოუწოდებს ივანიშვილს, ახალი დიქტატორი გახდეს და სამყაროს აჭრელებულ სურათში მეტი სიცხადე შეიტანოს, «რკინის ხელით» გაამარტივოს ის. ეს, ალბათ, საკმაოდ საშიში და საყურადღებო ტენდენციაა.

დიმიტრი მონიავა

 

1 COMMENT

  1. ბატ.დიმიტრი გაოგნებული ვარ,თქვენი სტატიის პათოსით,რომელიც პირდაპირ გამოხატავს ქართული საზოგადოების სიძულვილს!პოლიტიკური კულტურა ,ზოგადად დაბალი რომაა,უპირველესად პოლიტ ისტემბლიშმენტში,ეს არაა გასაკვირი,მაგრამ გისვამთ კითხვას:თავისუფალი სასამართლოს მოთხოვნა,ან კოტიკო კუბლაშვილის იმპიჩმენტის დაყენება,ეს ნიშნავს,რომ საზოგადოება ითხოვს ივანიშვილის "ურჩხულად’გადაქცევას???9წ ძალადობრივი რეჟიმი ,რომ უნდა გასამართლდეს პოლიტიკურად,ხოლო ვინც დამნაშავეა ნაცხროვის ლიდერშიფებიდან ,ციხეში უნდა ჩაჯდეს,ეს იმას ნიშნავს,რომ ივანიშვილის "ურჩხულობა"გვსურს?!FUck this system!!!

  2. რად უნდა ბიძინას გადიქტატორება ისედაც დიქტატორია და თანაც გაუნათლებელი რაც უფრო მეტად საშიშია.ნაციონალების უკბილო კრიტიკას კი მოეშვი,ქვეყანა ამოიყვანა ჭუმპიდან და ახლა ისევ წუმპეში მიაქანებთ თქვენნაირები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here