Home რუბრიკები საზოგადოება გადარჩენის შანსი ძალიან მცირეა და ამასაც ხელიდან ნუ გაუშვებთ

გადარჩენის შანსი ძალიან მცირეა და ამასაც ხელიდან ნუ გაუშვებთ

573

«ერთი კაცი, გინდ მაღალი ნიჭიერიც იყოს, მარტოდმარტო, თავისთავად ვერას გახდება, თუ გვერდში ღირსეულები არ უდგანან და არ ეხმარებიან».

აკაკი წერეთელი

 

ბატონო ბიძინა! ხანგრძლივი განსჯისა და ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ამ წერილის დაწერა. მჯერა, ყურადღებით მოეკიდებით და წაიკითხავთ უფროსი თაობის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, სურვილებსა და შენიშვნებს საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, რადგან მეც მოკრძალებული წვლილი მაქვს შეტანილი «ქართული ოცნების» გამარჯვების საქმეში.

როგორც ცნობილია, თქვენმა გამოჩენამ პოლიტიკურ ასპარეზზე (რაც მოულოდნელი იყო), ჩემშიც და მრავალ ხანშიშესულ ადამიანში, რომლებსაც მხრებზე გვაწევს შრომისგან დამძიმებული 7-8 ათეული წელი, საქართველოს მომავალზე უიმედო ფიქრით დაღლილებმა, სწრაფად აღვიქვით თქვენი ჩანაფიქრი; _ გაგვიჩნდა იმედი საქართველოს გადარჩენის. თითოეულმა ჩვენგანმა, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, მხარდაჭერა გამოგიცხადეთ და ჩავებით თქვენთან ერთად უთანასწორო ბრძოლაში «ნაციონალური» მოძრაობის კრიმინალური ბანდის წინააღმდეგ. აღნიშნული უკომპრომისო ბრძოლის პირველი ეტაპი, თქვენი ხელმძღვანელობით, გამარჯვებით დამთავრდა, ასრულდა ქართველი ხალხის ოცნება _ «კანიბალები» დამარცხდნენ. 2012 წლის 1 ოქტომბერი საქართველოს ისტორიაში სადღესასწაულო დღედ უნდა გამოცხადდეს.

მაგრამ, ჩანს, ეს უკომპრომისო ბრძოლა საკმარისი არ აღმოჩნდა, ბრძოლა ისევ გრძელდება, ასი ყური და ასი თვალია საჭირო დამარცხებული «ნაციონალური» ბანდისთვის თვალყურის სადევნებლად, ისინი «შეფუთული მეხუთე კოლონაა». ბობოხიძეები, თარგამაძეები, დარჩიაშვილები, წიკლაურები, თაქთაქიშვილები, ნადირაშვილები, გოგორიშვილები, ვაშაძეები, ბარამიძეები და მათი ხროვა «ქართული ოცნების» საკეთილდღეო საქმეს არ გააკეთებენ.  «ნაციონალების» ნდობა შემოწმების გარეშე დაუშვებელია, რადგან მათი ლიდერი, ბოროტების «ეტალონი» მიხეილ სააკაშვილი ისევ ინარჩუნებს  პრეზიდენტის თანამდებობას. ეს კაცი როდის რას მოიმოქმედებს, ძნელი წარმოსადგენია.

ვერც თქვენ გარშემო ვხედავ, ბატონო ბიძინა, ჯანსაღ სიტუაციას. მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო თქვენი განცხადება, _ «ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან წავალო». მთავრობის მეთაურის ასეთი განცხადება ასეთ მძიმე პერიოდში, პირდაპირ უნდა გითხრათ,  ქვეყნისა და ხალხის ღალატის ტოლფასია. ჩვენ საპარლამენტო არჩევნებში ხმა თქვენ მოგეცით და არა კოალიციის რომელიმე ლიდერს. ის დიდი სიხარული, რომელიც საპარლამენტო არჩევნებმა მოუტანა ქართველ ხალხს, თქვენ გეკუთვნით და დამსახურებულადაც. შემდეგში ასეთი განცხადება, მამაშვილურად გთხოვთ, გულში არ გაივლოთ (მოსვლა თქვენი სურვილი იყო, წასვლა კი ჩვენს სურვილზე იქნება დამოკიდებული). თქვენ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დარჩებით მანამ, სანამ ქართველი გლეხი, მუშა და ინტელიგენტი ცხოვრების ნორმალურ პირობებს არ შეიქმნის, რაც ჩადებულია «ქართული ოცნების» სამომავლო პროგრამაში. იმისათვის, რომ ეს სინამდვილედ იქცეს, საჭიროა ძლიერი სამთავრობო გუნდი, რომელიც დღეს არ არსებობს.  წინ «დიდგორის ომზე» არანაკლები ბრძოლა გველოდება. პირველი დიდგორის ომი მოვიგეთ, ახლა მეორე «დიდგორის ომი» გვაქვს მოსაგები. სარდალი თქვენ ბრძანდებით, გფარავდეთ ღმერთი!

ბატონო ბიძინა! დალაგებულ სახელმწიფოში პრეზიდენტის არჩევნები ისე შეიძლება გაიმართოს, რომ მოსახლეობაში დიდი პოლიტიკური მღელვარება არ გამოიწვიოს, მაგრამ დღევანდელ პირობებში ეს გამორიცხულია, რადგან სახელმწიფო სტრუქტურები ჩამოშლილია და თავის მოვალეობას ნახევრადაც ვერ ასრულებს; სასამართლო სისტემაში არჩევნები ჩავატარეთ, მაგრამ, რაც მივიღეთ, თქვენც კარგად იცით და საზოგადოებამაც _ კუბლაშვილის კანტორა ისევ ბობოქრობს; ტერიტორიები დაკარგულია, მეზობელ ქვეყნებთან საზღვრები მორღვეულია, ურთიერთობა დაულაგებელია; განათლება და მეცნიერება განადგურებულია; მოსახლეობის 70% სიღარიბის ზღვარზეა და შიმშილობს; პენსიონერები მთლად უყურადღებოდ არიან დატოვებულნი (125 ლარად რომელი თქვენი ჩინოვნიკი ცხოვრობს?! აქვე გეტყვით: ჩემი, როგორც პენსიონერის, ოცნება არ ასრულებულა _ ისევ ტყუილების გუდაში ვართ გახვეულნი); ელიტარულმა კორუფციამ კულმინაციას მიაღწია; ყოფილი დამნაშავე მთავრობის მიერ საქართველოს ტერიტორია საომარი იარაღის სამალავად არის ქცეული…

ყოველივე ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სახელმწიფო უმძიმეს მდგომარეობაშია. დამნაშავე ყოფილი მთავრობა უკონტროლოდ დათარეშობს საქართველოს ტერიტორიაზე, ტელეეკრანიდან და საპარლამენტო ტრიბუნიდან ჭკუას გვარიგებს. ეს შედეგია იმ დემოკრატობანას თამაშისა, რომელსაც დღევანდელი მოქმედი მთავრობა აწარმოებს.

გადარჩენის შანსი ძალიან მცირეა, თუ ამ მცირე შანსსაც ხელიდან გაუშვებთ, ძნელი წარმოსადგენია, რა მოხდება შემდეგ. უნდა ვიცოდეთ, ასეთ პირობებში (როდესაც ორხელისუფლებიანობაა) მართველი ძალა დემოკრატიას დროებით ზღუდავს. ასეთ პირობებში დემოკრატიის პოსტულატებით ლაპარაკი, რბილად რომ ვთქვათ, სახელმწიფო მართვის თეორიის უცოდინარობის ტოლფასია. სიტყვა «დემოკრატიას» საერთოდ სახელმწიფო მართველობის სისტემაში მსოფლიო მასშტაბით ხმარობენ, მაგრამ რამდენად შესრულებადია იგი, ანალიზის გაკეთება შეუძლებელია. დიდი ფრანგი ფილოსოფოსი და მწერალი ჟან ჟაკ რუსო წერდა: «თუ განვიხილავთ ტერმინ «დემოკრატიას» თავისი ზუსტი მნიშვნელობით, უნდა ითქვას, რომ ნამდვილი დემოკრატიული მმართველობა არასდროს ყოფილა და, ალბათ, მომავალშიც არ იქნება». ასეთივე შეხედულების იყო «დემოკრატიაზე» უინსტონ ჩერჩილიც.

დღეს საქართველო დგას მეტად საპასუხისმგებლო არჩევანის წინაშევის აირჩევს პრეზიდენტად, რომელიც გარანტი იქნება დაკარგული ტერიტორიების აღდგენის, მეზობელ ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენის და მორღვეული საზღვრების განმტკიცების.

დღეისათვის დასახელებული საპრეზიდენტო კანდიდატებიდან არც ერთი ამის გამკეთებელი არ არის.

ჩემი აზრით, მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა იყოს შეუბღალავი ავტორიტეტის მქონე და ქრისტიანული სინდიდის მატარებელი, უნდა ფლობდეს პოლიტიკურ და პოლიტოლოგიის საფუძვლებს, საკუთარი ხედვები უნდა ჰქონდეს მსოფლიო პოლიტიკურ მდგომარეობაზე, უნდა შეეძლოს ლოგიკურად გამართული საუბარი და კამათი, ასევე მოსაუბრის მოსმენის უნარი. ყოვლივე ეს და მრავალი სხვა საპრეზიდენტო კანდიდატს იმიტომ მოეთხოვება, რომ არჩევის შემდეგ იგი მოიაზრება ერის სიმბოლოდ, რაც უდიდესი პასუხისმგელობის მატარებელია.

თუ ამას არ მოვთხოვთ საპრეზიდენტო კანდიდატს, მივიღებთ ისევ იმას, რაც მივიღეთ 2003 წლის ნოემბერში.

მე, როგორც ჩემი ქვეყნის პატრიოტი და რიგითი ქართველი, საპრეზიდენტო კანდიდატად მოვიაზრებ ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას, დაბადებულს 1958 წელს ქალაქ ოჩამჩირეში. მას დამთავრებული აქვს მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტი, ფლობს რამდენიმე უცხო ენას, არის პოლიტიკოსი და პოლიტოლოგი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სოციალურ და ეროვნულ ურთიერთობათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ნიუ იორკის აკადემიის წევრი, რუსეთის ფედერაციის სოციალური და ჰუმანიტარული აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება «ერთობის» თანათავმჯდომარე, სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» თავმჯდომარე; გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო დონეზე შესრულებული სტატიები და ინტერვიუები. არის წიგნის ავტორი _ «რამ დაგვღუპარა გადაგვარჩენს» (პირველი ტომი), რომელშიც განხილულია საქართველოში არსებული უახლოესი პერიოდის მოვლენები. ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას უდიდესი რესურსი გააჩნია რუსეთთან ურთიერთობის დალაგების საქმეში. მისთვის აფხაზეთის პრობლემების მოგვარება მოვალეობაც არის და სურვილიც. თუ ბატონი ალექსანდრე საქართველოს პრეზიდენტი გახდება, ის იქნება ქვეყნის გადარჩენისა და გაერთიანების გარანტი. ამით თქვენ, ბატონო ბიძინა, მთლიანად განთავისუფლდებით პოლიტიკური დატვირთვისგან, შეძლებთ, ორივემ ჰარმონიულად მართოთ ქვეყანა, რომელსაც, რამდენიმე ათეული წელია, ნგრევის მეტი არაფერი განუცდია.

ბატონი ალექსანდრე ჭაჭია ქართულ სახელმწიფოს განიხილავს, «როგორც ქართველი ერის თვითგამორკვევის ფორმას, როგორც ინსტრუმენტს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს აქ მცხოვრები ხალხის განვითარება და კეთილდღეობა». «მე ქართული სახელმწიფოებრიობა, ქართველი ერის გადარჩენა-განვითარებისთვის მჭირდება» (ა. ჭაჭია, «რამ დაგვღუპა… რა გადაგვარჩენს» გვ. 177. ტ. I. თბილისი 2002წ.). ბატონმა ალექსანდრე ჭაჭიამ უკომპრომისო ბრძოლა გამოუცხადა «ელიტარულ ინტელიგენციას», რომელმაც თავისი მლიქვნელური ქმედებით ხელი შეუწყო მიხეილ სააკაშვილს და მის კრიმინალურ ბანდას, 9 წელიწადის განმავლობაში დაენგრიათ ჩვენი და ჩვენი უფროსი თაობის დაუღალავი შრომით ნაშენები ქვეყანა. «რას აკეთებდით თქვენ ამ ტრაგიკულ დროს, სადაა ხალხისადმი მიმართული თქვენი სიტყვა, სადაა ხელისუფლებისადმი გამოხატული პროტესტი, სად არის კონსტრუქციული წინადადებები? რატომ დუმხართ მაშინ, როდესაც ტელევიზია სისტემატურად და უსირცხვილოდ რყვნის ახალგაზრდობას დაბალხარისხიანი კინოპროდუქციით. …დასცინიან და ანადგურებენ ქართველი ხალხის საუკუნოვან ეროვნულ ტრადიციებს, …რით ხართ დაკავებულნი? წიგნებს წერთ? ვის სჭირდება თქვენი წიგნები, თუ მალე «ვეფხისტყაოსანის» მკითხველიც კი აღარ იქნება საქართველოში?» (დასახ. წიგნი გვ. 99)

ბატონო ბიძინა! თქვენ მიერ დასახელებულ საპრეზიდენტო კანდიდატთან (გ. მარგველაშვილზე) პიროვნულად არავითარი პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ პირდაპირ უნდა გითხრათ: არც განათლების მინისტრის თანამდებობაზე და არც საპრეზიდენტო კანდიდატად არ მომწონს და რატომ: მე უფრო მაღალი რანგის მინისტრები მახსოვს განათლებაში _ ვიქტორ კუპრაძე, გრიგოლ ჯიბლაძე და სხვები და ასევე უნივერსიტეტის რექტორები: ნიკო კეცხოველი, ილია ვეკუა. ვერ ვურიგდები იმ ფაქტს, რომ სახელმწიფოსთვის ყველაზე უფრო საპასუხისმგებლო (განათლების მინისტრის) თანამდებობებზე ინიშნებიან შეუფერებელი პიროვნებები, ასევე სახელდება საპრეზიდენტო კანდიდატები, ეს მიუღებელია.

ჩვენ მოსაგვარებელი გვაქვს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემა, რაშიც მნიშვნელოვანი როლი უხუცესთა საბჭოს აკისრია. უნდა ვიცოდეთ, რომ უხუცესთა საბჭოს წევრები ქალებთან სასაუბროდ არ დაჯდებიან. დავუშვათ და ქალი გახდა პრეზიდენტი, ხუთი წელიწადი აფხაზეთის საკითხი დაკონსერვებული უნდა იყოს?! წარმოუდგენელია! ამიტომ ესეც გასათვალისწინებელია. «ასჯერ გავზომოთ და ერთხელ გავჭრათ», ერთხელ მაინც მოვუსმინოთ ჩვენს ბრძენ წინაპრებს, ნუ გავხდით საქართველოს საცდელ პოლიგონად, ხელს ნუ ვკრავთ გამოცდილ პიროვნებებს.

დღეს საქართველოს ესაჭიროება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს პატრიოტია, ახლოს იცნობს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, ფართო კავშირები აქვს რუსეთთან და კარგად იცნობს მსოფლიო პოლიტიკურ სივრცეს, არის ღრმა მოაზროვნე პოლიტიკოსი და პოლიტოლოგი. ამ მხრივ საუკეთესო კანდიდატია ბატონი ალექსანდრე ჭაჭია. ამიტომ სურვილი მაქვს, ის ვიხილო, ბატონო ბიძინა, თქვენ გვერდით პრეზიდენტის რანგში. ეს იქნება საქართველოს გადარჩენის ერთადერთი შანსი.

ლეონტი ბიწაძე,

ინჟინერეკონომისტი

 

1 COMMENT

  1. შეიძლება თუ არა საინტერესო სტატიები მოგაწოდოთ ეკონომიკაზე და თქვენ თქვენს ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოთ?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here