Home რუბრიკები საზოგადოება ზაზა ხატიაშვილი: კბილაშვილი პროცესს არ წარმართავს, ქვეყნის მთავარი პროკურორი რეალურად ლაშა ნაცვლიშვილია

ზაზა ხატიაშვილი: კბილაშვილი პროცესს არ წარმართავს, ქვეყნის მთავარი პროკურორი რეალურად ლაშა ნაცვლიშვილია

660

მთავარი არგუმენტი «ნაცების» ხელისუფლების წინააღმდეგ იყო, არის და იქნება ის ფაქტი, რომ ფართოდ გამოიყენებოდა ადამიანების წამება, როგორც მოწმისგან პოლიციისთვის სასურველი ჩვენების  გამოძალვის საშუალება. ეს პრაქტიკა ახლაც ძალაშია, რა არის ეს _ «ოცნების»  ნაცმოძრაობული ატავიზმი თუ ახალი მთავრობის პოლიტიკური ნება? რატომ უჩნდებათ უფლებადამცველებს ეჭვი რომ ივანიშვილის ხელისუფლებაც პოლიციურ რეჟიმს ანიჭებს უპირატესობას? ,,საქართველო და მსოფლიოს» ადვოკატთა ასოციაციის თავჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ესაუბრა.

 

_ ახალი ხელისუფლების მოსვლიდან ლამის ერთი წელი გავიდა, რა შეიცვალა სისხლისსამართლებრივ პოლიტიკაში ამ ხნის განმავლობაში

_ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მიუთითებს იმაზე, რომ მოქმედი ხელისუფლება «ნაციონალური მოძრაობის» გზით მიდის. ამიტომ არ აძლევს ხელს «ნაციონალურ მოძრაობასთან» ქიშპობა და  იმაზე საუბარი, თუ რა დანაშაულებს სჩადიოდა სააკაშვილის რეჟიმი. მინდა ხელისუფლების მოღვაწეობა ორ ნაწილად დავყო – 1 აპრილამდე (სანამ შუალედური არჩევნები იქნებოდა) და 1 აპრილის შემდეგ. 1 აპრილამდე ისინი ასე თუ ისე დგამდნენ ნაბიჯებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისკენ იყო მიმართული, მაგრამ პირველი აპრილის შემდეგ (როცა მათ დაინახეს, რომ თბილისში, ნაძალადევის რაიონში კატასტროფულად წააგეს არჩევნები, 39 % აიღო მათმა კანდიდატმა, 70 % _ ოპოზიციამ) ძალაუფლების შენარჩუნებაზე გადავიდნენ და დაიწყეს ისეთი კანონების მიღება, რომლებიც ქვეყანაში პოლიციურ და საპროკურორო მმართველობას განამტკიცებს. ერთადერთმა გენიოსმა მინისტრმა თეა წულუკიანმა 1 აპრილამდე პარლამენტს მიმართა და საპროცესო კოდექსში  ცვლილებების შეტანა ითხოვა, რომელიც სამართლიანი სასამართლოს პრინციპია, ანუ დაცვისა და ბრალდების მხარეების თანაბარი უფლებებით აღჭურვა, თუმცა 1 აპრილის შემდეგ პარლამენტში ტრანსფორმირება მოხდა და ადვოკატს წართვეს იმის უფლება, რომ გამოითხოვოს მტკიცებულება. და ესენი საუბრობენ სამართლიან სასამართლოზე მაშინ, როცა სამართლიანი სასამართლოს ერთ ძირითად პრინციპს უპირისპირდებიან. ეს ნიშნავს იმას, რომ სამართლიანი სასამართლო მხოლოდ დეკლალირებაა და რეალურად  არავის უნდა. ამას აკეთებდნენ სააკაშვილი და ადეიშვილი, მეტს კი არაფერს. ჩვენ ეს გავაპროტესტეთ, მმართველი გუნდი დაგვპირდა საკითხის გადახედვას, თუმცა მოგვატყუა და შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილის მოთხოვნა შეასრულა. გარდა ამისა, ერთადერთი დადებითი ნორმა, რომლითაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2010 წელს შემოვიდა მოწმის მხოლოდ სასამართლოში დაკითხვის ინსტიტუტი (რომელიც 2013 წლის დეკემბერს უნდა ამოქმედებულიყო),  წულუკიანის გადაწყვეტილებით, სექტემბერში უნდა ამოქმედებულიყო (ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები აღარ დაირღვესო), მაგრამ გადადეს. ამ კვირაში ახალი საკანონმდებლო წინადადება შევიდა პარლამენტში, რათა ამის ამოქმედება 2014 წლის დეკემბრამდე გადაიწიოს.

_ ვისი ინიციატივა იყო ეს გადავადება?

_ საქართველოს პრემიერ-მინისტრის. ის შევიდა პარლამენტში ამ წინადადებით ისე, რომ განხილული არ არის, არც საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არც ადვოკატთა ასოციაციასთან. «ნაცების» მმართველობის დროს გორის პოლიციაში მოწმის სახით მისული სოლომონ ქიმერიძე მკვდარი რომ გამოიტანეს, რას აცხადებდნენ პრემიერ-მინისტრი და «ქართული ოცნების» ლიდერები? ასეთი რამ არ უნდა მოხდეს, ასეთი რამ არ განმეორდება ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგო! ხომ გახსოვთ ეს განცხადებები! ჰოდა, მოდიან ხელისუფლებაში და დაახლოებით 7 თვეში პოლიციაში მოწმის სახით მისული მამუკა მიქაუტაძე დაკითხვის შემდეგ თავს იკლავს.

_ თუმცა ექსპერტის დასკვნაში ეწერა, რომ მიქაუტაძე არ უწამებიათ

_ ასეთი დასკვნები მაშინაც იდებოდა, როცა სააკაშვილი ხალხს ხოცავდა. საიამ მიქაუტაძის საქმეზე მოკვლევა ჩაატარა, ზემოქმედების კვალი იკვეთება. შსს-მ კი, როგორც ყოველთვის, თქვა, ზემოქმედება არ ყოფილაო, სააკაშვილის რეჟიმიც ანალოგიურ განცხადებებს აკეთებდა. კადრებში ჩანს, რომ მიქაუტაძე დაკავებული შეჰყავთ პოლიციის სამმართველოში, იგი მოწმეა და ძალით შეჰყავთ, მოწმის ძალით მიყვანა, თუ არ გაქვს სასამართლოს ბრძანება, არ შეიძლება. ეს ფაქტები ადასტურებს, რომ შსსში მოწმეებთან თვითნებობენ. მიქაუტაძის გვამი გაციებული არ არის და პარლამენტი იწყებს ამ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას. თუ შსს-მ და პროკურატურამ თავისი გაიტანა და ჩვენ ვერ შევძელით დაცვა მოწმის უფლებებისა, რომ არ მიიყვანონ პოლიციაში და არ აწამონ, მაშინ ქვეყანა იმავე უფრსკულისკენ წავა, რომელშიც ვიყავით. თუ შსს-მ მიქაუტაძეზე რაც თქვა, სიმართლეა და ჩვენ ვტყუით, მაშინ გამოვიდეს შსს და თქვას: კი, ბატონო, დაიკითხოს მოწმე სასამართლოში და მაშინ ხომ ჩვენ ვერაფერს დაგვაბრალებენ?! დიახ, გამოვიდეს და თქვას, რომ მართლები არიან, რომ არ აწამებენ ადამიანებს, რომ ეფერებიან, ჩემო ლამაზო, არაფერი დაგიშავდესო… და თუ ეს ასეა, რატომ არ უნდათ მაშინ, რომ მოწმე დაიკითხოს სასამართლოში? იმიტომ, რომ მამუკა მიქაუტაძე ნაწამები იყო და შემდეგ თავი მოიკლა, ქიმერიძეც ნაწამები იყო, ნუ, ეს ხომ იგივე სისტემაა.

ანუ ივანიშვილის ხელისუფლებაც პოლიციურ სახელმწიფოს აშენებს, რა მიზნით?

_ ვიმეორებ, 1 აპრილის შემდეგ დაინახეს, რომ ხელისუფლების შენარჩუნება  გაუჭირდებათ, ამიტომ ძალაუფლების შენარჩუნებაზე გადავიდნენ. პოლიციურ სახელმწიფოს აშენებენ, აბა, რა. გახსოვთ, რესპუბლიკელების განცხადებები, შსს და უშიშროება გაიყოფა და პროკურატურა მონსტრი აღარ იქნებაო? ამ პარლამენტმა, იმავე უსუფაშვილის თავმჯდომარეობით, განიხილა პროკურატურის შესახებ კანონში ცვლილება და პროკურატურა გახდა უფრო დიდი მონსტრი, ვიდრე სააკაშვილის დროს იყო, ანუ პროკურატურას მიენიჭა იმის უფლება, რომ გამოიძიოს პროკურორის მხრიდან ჩადენილი დანაშაული. ერთადერთ პროგრესულ მინისტრს _ თეა წულუკიანს ეს უფლება წაართვეს. აი, ეს ყველაფერი მთლიანობაში გვაძლევს სურათს, რომ პოლიციურ-საპროკურორო სახელმწიფოს აშენებენ. და რადგან აქეთ მივდივართ, არ მჯერა პრემიერის განცხადების, რომ ის პოლიტიკიდან მიდის. ეს არის სვლა დიქტატურისკენ და მეტი არაფერი. სააკაშვილსაც არ დაუწყია თავისი მოღვაწეობა ქუჩაში ადამიანების ხოცვით, ორი წელი ის საკანონმდებლო დონეზე აკეთებდა ყველაფერ იმას, რასაც ესენი დღეს აკეთებენ. ძმები სოზაშვილების ამბავი ავიღოთ. დეკემბერში მათ პოლიციელები დაესხნენ თავს, შეურაცხყოფა მიაყენეს და შემდეგ ამ პოლიციელებმა ისინი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს.  ადვოკატმა ვიდეოფირი მოითხოვა, რათა ყველას ენახა ნაცემი ძმების პოლიციაში შეყვანის დროს ამ პოლიციელებს პოლიციის ფორმა ეცვათ თუ არა (ამ პოლიციელებმა ფორმა დახიეს და ჩადეს საქმეში, ვითომ სოზაშვილებმა დაუხიეს, არადა, სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ), და ეს კადრები შსს-მ ადვოკატს არ მისცა, არ გვაქვსო.  თქვენ გაგიგიათ, რომ პოლიციაში ადამიანი შეიყვანო და კადრები არ იყოს? არ დადეს კადრები და შეეცადნენ, უდანაშაულო ძმები გაეწირათ. კადრები რომ დაედოთ, პოლიციის გამომძიებელი და პროკურორი, რომლებიც ამბობენ, მათ პოლიციის ფორმა ეცვათო, წავიდოდნენ ციხეში. წარმოიდგინეთ, დღევანდელი პროკურატურა ითხოვდა 4-7 წლამდე ციხეს, მაშინ, როცა წამებაში ბრალდებულ პირებს 6 თვე მიუსაჯა კბილაშვილმა.

_ გამოდის, კბილაშვილი დაინტერესებული იყო, რომ ამ ძმებს არაპროპორციულად დიდი სასჯელი მიეღოთ

_ რადგან ღარიბაშვილი იყო დაინტერესებული, ამიტომ უდანაშაულო ადამიანების ასეთ პასუხისგებას ითხოვდა კბილაშვილიც. ადგა მოსამართლე და გამამართლებელი განაჩენი დააყენა. წარმოიდგინეთ, რა დარღვევა უნდა ყოფილიყო საქმეში, რომ გამამართლებელი განაჩენი დამდგარიყო. რას ვიზამთ, შს მინისტრმა ბრძანა, პოლიცია მუნდირს იცავსო და მუნდირის დაცვის გამო უდანაშაულო ადამიანიც უნდა დააკავო. არადა, ღარიბაშვილს პირადად ვუთხარი, რომ საქმის მასალები გაყალბებული იყო, მითხრა, მივხედავო, როგორც მიხედა, კი ვნახეთ. კბილაშვილსაც შევხვდი, ვაჩვენე გაყალბებული საქმის მასალები, მითხრა, ეს დანაშაულიაო, მაგრამ შემდეგ რა გააკეთა? უდანაშაულო ძმების პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა. კბილაშვილს არასოდეს ჩამოვართმევ ხელს, გამარჯობას არასდროს ვეტყვი. მალე ის მთავარი პროკურატურიდან წამოვა, ისევ ადვოკატთა ასოციაციაში დაბრუნდება და არ შერცხვება, ნეტავ? 

პირდაპირ ვამბობ: კბილაშვილი პროცესს არ წარმართავს, რეალურად მთავარი პროკურორი ლაშა ნაცვლიშვილია. კბილაშვილი მხოლოდ განცხადებებს ეცნობა, მას პროკურორობა ფოტომოდელობა ჰგონია. რა გითხრათ, აბა?! 

პერსონა ნონ გრატად რომ მოვითხოვე სააკაშვილის გამოცხადება, ვინ აღარ მომიგზავნა, ნერვიულობდა, გააჩუმეთ ეგ კაციო. ცხონებულ შალიკიანს დაურეკეს, მილიონ ევროს ჩამოგიტანთ, ოღონდ ეს კაცი გაგვიჩერეო, ვერ გამაჩერეს. ახლა რა ხდება? არაწესიერია ჩემი მხრიდან ამის თქმა, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, არ იქნება შემოთავაზებები? ვურჩევ, ტყუილად ნუ გაირჯებიან. ჰოდა, მე ვსვამ კითხვას: თუ ვანო მერაბიშვილი დანაშაულის დაფარვისთვის ციხეში ზის, ირაკლი ღარიბაშვილს ტაში რატომ უნდა დავუკრათ, როცა იმავეს აკეთებს? ირაკლი ღარიბაშვილი არის «ვანო მერაბიშვილი 2» და იმავე მეთოდებს არანაკლები «წარმატებით» იყენებს. სხვათა შორის, საკუთარ თავს სახალხო დამცველს რომ ეძახის უჩა ნანუაშვილი (გაგიგიათ ხომ ეგეთი კაცი?), მე ეს კაცი ღარიბაშვილის თანაშემწე მგონია, თუმცა ის კი იძახის, სახალხო დამცველი ვარო. მასაც მივეცი ამ ძმების საქმეზე გამოძიების მიერ გაყალბებული მასალები, მანაც მითხრა, დანაშაულიაო, მაგრამ დუმს. ხმა რომ რაიმეზე აიმაღლოს, ასეთი რამ არავის გაუგია ჯერ. აი, რატომ არ სჯიან დამნაშავეებს და რატომ ურჩევნიათ კოაბიტაცია, თვითონ უარესს აკეთებენ და იმიტომ. დღეს «ქართულ ოცნებას» რომ აძლევს ხელს «ნაცების» შენარჩუნება, ისე არავის. სჯობს, ამათ ილაპარაკონ დღეს, რადგან შეახსენებენ იმ დანაშაულებს, რომლებიც აქვთ ჩადენილი და ისინიც გაჩუმდებიან.  მე მივმართე პრეზიდენტობის კანდიდატებს და ვთხოვე, დაიწყონ ბრძოლა იმისთვის, რომ მოწმის დაკითხვა სასამართლოს გარეშე არ მოხდეს და საპროცესო კოდექსის ნორმა, რომელიც სექტემბერში შედის ძალაში, ამოქმედდეს სექტემბერშივე და არ გადაიდოს 2014 წლის დეკემბრამდე, რადგან ეს ამ ქვეყანას დააბრუნებს მოუსავლეთში. რა ჰგონია «ოცნებას», საქართველო აპატიებს მათ ასეთ რამეს?  ნუ ავიწყდებათ, რომ ხალხმა იძალა და მოიყვანა ისინი ხელისუფლებაში და ისევე მიაბრძანებენ, როგორც მოიყვანეს. საჭიროა, რომ პრეზიდენტობის ყველა რეალური კანდიდატი გაერთიანდეს. მათ  დღეს ორი მტერი ჰყავთ _ მმართველი გუნდი და ეს ე.წ. ოპოზიცია. დღეს ესენი გარიგდნენ და ყველა დანარჩენი კანდიდატი არის გარიყული. თუ ეს არ გააკეთეს, მარგველაშვილი გასულია, ბაქრაძეს მეორე ადგილს დაუწერენ და კარგად მეყოლეთ. ვიმეორებ, როგორც დაიწყო პირველ წლებში სააკაშვილმა საკანონმდებლო ცვლილებები, რასაც მოჰყვა ქვეყანაში პოლიციური რეჟიმის შექმნა; მოკლედ, ჯერ შექმნა პოლიციური მმართველობა, შემდეგ კი ხალხის ხოცვაზე გადავიდა. ამას აკეთებს დღეს ივანიშვილიც, ალბათ, იმავე პერსპექტივის სურვილით.

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here