Home რუბრიკები პოლიტიკა ამერიკული კვალი 26 მაისის დარბევაში

ამერიკული კვალი 26 მაისის დარბევაში

617

გასულ კვირას მიხეილ სააკაშვილმა თავის კარიერაში, ალბათ, ერთერთი ყველაზე სკანდალური განცხადება გააკეთა: «26 მაისს აქ, ამერიკული FBI- ჯგუფი იჯდა ჩვენ შსსში, იჯდა შიგნით, ყველა ეტაპს მიტინგის დაშლის ადევნევდა თვალს მონიტორებზე და ბოლოს დაწერა დასკვნა, რომ ყველაფერი იყო კანონიერი». «ნაციონალური მოძრაობის» ბელადმა სულ რაღაც ერთი წინადადების ჩარჩოებში მოახერხა საბაბის შექმნა დიდი საერთაშორისო სკანდალისთვის და ანტიამერიკულ განწყობებს საქართველოში ძალზე სერიოზული იმპულსი მისცა. რა როლი შეასრულეს ამერიკელებმა 2011 წლის 26 მაისს და რატომ თქვა სააკაშვილმა ის, რაც თქვა?

 

სისხლის წვეთები მონიტორზე

2011-ში, მიტინგის სადისტური დარბევის კვალობაზე, ამ სტატიის ავტორმა «საქართველო და მსოფლიოში» გამოაქვეყნა წერილი სათაურით «სააკაშვილმა საკუთარ რეჟიმს ყელი გამოსჭრა», რომელშიც მომხდარი ასე შეაფასა: «26 მაისის შემდეგ რეჟიმი ერთობ დაემსგავსა თავმოჭრილ ქათამს: მან შეიძლება საკმაოდ დიდხანს ირბინოს, დიდი აურზაური გამოიწვიოს და გარშემო ყველაფერი სისხლით მოთხვაროს, თუმცა არსებითად ეს არაფერს შეცვლის, რადგან სინამდვილეში ის უკვე მკვდარია». მაგრამ მთავარი ამ შემთხვევაში, ალბათ, არა იმ წერილის ტექსტი, არამედ «ფოტოშოპში» შექმნილი ილუსტრაციაა _ ჯონ ბასი და მიხეილ სააკაშვილი საუბრობენ მონიტორთან, რომლის ეკრანზე მიტინგის დარბევის კადრებია. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს მეტაფორა ხორცს შეისხამდა; მიხეილ სააკაშვილს თუ დავუჯერებთ, ეს მონიტორი სავსებით რეალური იყო და მასთან, ქართველ პოლიციელებთან ერთად, ამერიკელებიც ისხდნენ.

თუ რატომ მოხვდა ამ ილუსტრაციაზე აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი, ძნელი გასაშიფრი არაა, მიტინგის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე მან გააკეთა განცხადება, რომელიც სააკაშვილმა, სავარაუდოდ, აღიქვა, როგორც «მწვანეს ანთება»: «განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ  საპროტესტო მოქმედებით არ შეილახოს სხვა მოქალაქის უფლებები, არ შეეშალოთ ხელი მათ საქმიანობაში, გადაადგილებასა და თუნდაც გარკვეული მნიშვნელოვანი დღეების სათანადოდ აღნიშვნაში». მართალია, ჯონ ბასი მოგვიანებით ირწმუნებოდა, რომ ეს არანაირად არ იყო «მწვანე», თუმცა საქართველოში საპირისპირო მოსაზრება დამკვიდრდა, თანაც საკმაოდ ფართოდ; საზოგადოების უმრავლესობა დარწმუნებული იყო, რომ სააკაშვილი ამ განცხადებიდან სხვა დასკვნას ვერ გამოიტანდა და ელჩი, მინიმუმ, ძალზე წინდაუხედავად მოიქცა.

გავიდა დრო, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში ახალი თემები გაჩნდა, ჩამოვიდა ახალი ელჩი და ეს ეპიზოდი, ნაწილობრივ მაინც, დავიწყებას მიეცა, თუმცა სააკაშვილმა თავისი განცხადებით ის ისევ ზეაქტუალური გახადა და ძალზე მძიმე ეჭვები გააჩინა. გაჩნდა სავსებით ლეგიტიმური კითხვები, რომელთაც პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს.

_ რა სტატუსით იმყოფებოდნენ (თუ იმყოფებოდნენ) აშშ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლები 26 მაისის ღამეს საქართველოს შსსში? (დამკვირვებლები, კონსულტანტები, ტურისტები _ საჭიროს ხაზი გაესვას).

_ დააღვიეს თუ არა მათ იქ ყოფნით ან მოქმედებით საქართველოს ან ამერიკის შეერთებული შტატების რომელიმე კანონი

_ რა ტიპის დასკვნაზე, რა სახის დოკუმენტზე საუბრობს სააკაშვილი?

ცხადია, ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ, რომ სააკაშვილი უბრალოდ ტყუის, მაგრამ, მისი სტატუსიდან გამოდინარე (სხვათა შორის, რომ არა ამერიკელი პარტნიორები, ეს სტატუსი დღეს არ ექნებოდა), მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გადავამოწმოთ და დავადგინოთ, რა ხდებოდა იმ ღამეს შსსში.

იმასთან დაკავშირებით, თუ რისთვის დასჭირდა სააკაშვილს ამ განცხადების გაკეთება, სოციალურ ქსელებში ორი ძირითადი ვერსია გამოიკვეთა. ერთ-ერთის თანახმად, შეშინებული სააკაშვილი ბანალურად მიანიშნებს ამერიკელებს: «მიშველეთ! ციხეში არ უნდა მოვხვდე, თორემ თქვენთვის მეტად არასასურველ ინფორმაციას გავაჟღერებ». პირველად ეს ვერსია მას შემდეგ გავრცელდა, რაც აპრილში, «რუსთავი 2»-ის ეთერში, სააკაშვილის მონოლოგში ამერიკელების როლზე აგვისტოს ომში, რამდენიმე ძალზე უცნაური და  ორაზროვანი პასაჟი დაფიქსირდა. თუ ეს ასეა, სააკაშვილი 99%-იანი ალბათობით ძალიან ცუდად დაამთავრებს, ვაშინგტონი არასოდეს დაუშვებს, რომ ვინმემ ასე დააშანტაჟოს და საწადელს მიაღწიოს. არც ისაა გამორიცხული, რომ ამერიკელები შესაბამის ზომებს უფრო სწრაფად მიიღებენ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი კიდევ უფრო შორს წავა და დაახლოებით ასეთ რამეს იტყვის: «8 აგვისტოს აქ, ჩვენს თავდაცვის სამინისტროში იჯდა ჯგუფი პენტაგონიდან…» და ასე შემდეგ (ჭკუა დაუშლის თუ გონება?).

მეორე ვერსიის თანახმად, «ნაცმოძრაობის» ბელადმა შეიტყო, რომ FBI-მ ახლახან დაასრულა რამდენიმე სატელეფონო ჩანაწერის ანალიზი, რომლებიც ზურაბ ჟვანიას მკვლელობას ეხება და სააკაშვილისთვის გამანადგურებელი დასკვნა ქართულ გამოძიებას გადასცა. აქედან გამომდინარე, სააკაშვილმა სცადა, სასწრაფო წესით, ქართულ საზოგადოებაში FBI-ს მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება გაეღვივებინა. ფაქტები, რომლებიც ამ ვერსიას ადასტურებს, არ არსებობს, თუმცა ერთმა უხერხულმა კითხვამ შეიძლება სწორედ ამ მიმართულებით გვიბიძგოს: რატომ ახსენა სააკაშვილმა მაინცდამაინც FBI? ამ უწყებას მუშაობის ცოტა სხვა სპეციფიკა აქვს და ის, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა მოგვითხრო, მასში ნაკლებად ჯდება. საერთოდ კი, ერთ ცნობილ ჰოლივუდურ ფილმში რომ იტყოდნენ, ამ საქმის გამოძიების პროცესში ძალზე მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ «რას ფარავს სიცრუე». 

რას ფარავს სიმართლე?

«გვჯერა, რომ თავისუფლად გამოხატვის უფლება საქართველოს მოქალაქეებისთვის ისევე იქნება დაცული, როგორც სხვა ქვეყნებში. გვინდა, მოვუწოდოთ მთავრობას, გამოიძიოს ბოლო რამდენიმე დღის ინციდენტები, რომელთა დროს რამდენიმე ადამიანი იყო მოკლული», _ განაცხადა 26 მაისის მიტინგის დარბევის კვალობაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა. იმავე დღეებში Human Right Watch-ი და «რეპორტიორები საზღვრებს გარეშე» უმწვავეს შეფასებებს აკეთებდნენ, ხოლო ინტერნეტში მიტინგის სადისტური დარბევის კადრები ვრცელდებოდა. ერთის მხრივ, დასავლური მთავრობების რეაქცია არ იყო საკმარისად მკაცრი და, კაცმა რომ თქვას, გაუმართლებლად რბილიც იყო, თუმცა შეფასება «ყველაფერი კანონიერი იყო» იმ ატმოსფეროს ნამდვილად არ შეესაბამებოდა.

წამით წამოვიდგინოთ, რომ მართლაც არსებობდა რაღაც ჯგუფი, რომელმაც დაუწერა სააკაშვილს რაღაც დასკვნა, დაახლოებით ისე, როგორც პატარა ბავშვებს უხატავენ სათამაშო სიგელებს კარგი ყოფაქცევისთვის. და აი, დგას ადამიანი, რომელიც თავს სუვერენული ქვეყნის პრეზიდენტს უწოდებს და იმის დასადასტურებლად, რომ მიტინგის დარბევა (მსხვერპლით) კანონიერი იყო, უცხო ქვეყნის ერთერთი სამსახურის დასკვნა მოაქვს. შესაძლოა, მას არ ესმის, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ საფლავიდან ჯორჯ ვაშინგტონი ადგება და დაწერს ათტომეულს იმის შესახებ, რა კარგად და კანონიერად იქცეოდა მიშა სააკაშვილი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან საქართველოში მხოლოდ ქართული სასამართლო ქართულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით წყვეტს, რა იყო კანონიერი და რა _ უკანონო.

ასე საჯაროდ და ცინიკურად საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ყველაზე ცნობილ დეგენერატს პრეზიდენტის სავარძელში, _ ანასტასიო სომოსა-უმცროსსაც კი არ მიუფურთხებია. ეს, ალბათ, უკვე ფსკერია, როგორც პოლიტიკური, ისე ზნეობრივი თვალსაზრისით. ამაზე დაბლა დაცემა, უბრალოდ, შეუძლებელია. მართლაც რომ შემზარავი სცენაა: მარჯვნივ _ დაღუპულები, მარცხნივ _ დასახიჩრებულები, ავანსცენაზე კი კმაყოფილი მიხეილ სააკაშვილი დგას, რაღაც ქაღალდს აფრიალებს და იძახის: «ამერიკელებმა დაწერეს, რომ ყველაფერი კანონიერია!».

გოგოლის ერთერთმა გმირმა, ტარას ბულბამ, ვიდრე მოკლავდა, მოღალატე შვილს ჰკითხა: «რაო, შვილო, ვერ გიშველეს შენმა პოლონელებმა?». ეს კითხვა მიხეილ სააკაშვილისთვის ბოლო დროს მეტად აქტუალური გახდა, ოღონდ მის ისტორიაში პოლონელების ადგილს ამერიკელები იკავებენ. დღესაც კი, საზოგადოებისგან მოკვეთილი, ყველასგან მივიწყებული და დამცირებული, ის, ისევე, როგორც 2011 წლის 26 მაისს, ცდილობს (თუნდაც ვერბალურად), საკუთარი ხალხის წინაღმდეგ წავიდეს, ამერიკელ მოკავშირეებს უხმობს და მათი დასკვნის მიმართ აპელირებს. არცთუ შორეულ მომავალში ის, სავარაუდოდ, შეიტყობს, თუ როგორ უყურებდნენ მას ამერიკელები სინამდვილეში მთელი ამ წლების განმავლობაში და ეს მის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე წუთები იქნება. ჯერჯერობით კი ის აფრიალებს წარმოსახვით დასკვნას და გვიმტკიცებს, რომ 26 მაისის დარბევა ამერიკელებმა «გაუპრავეს».

ცხადია, ეს სუბიექტური შეფასებებია, თუმცა, ალბათ, არავინ იდავებს იმაზე, რომ  გამოძიებამ, 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილი უნდა დაკითხოს, მისი რეპლიკა სხვა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას ნაკლებად ტოვებს. შემდეგ კი გადაწყვიტოს _ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაუნიშნოს თუ რაიმე სხვა მოიმოქმედოს.

ზოგიერთი პროამერიკულად განწყობილი კომენტატორი მიიჩნევს, რომ საუკეთესო გამოსავალი ამ შემთხვევაში მოჩუმათებაა და მოგვიწოდებს, სააკაშვილის რეპლიკები აპრიორი გიჟის ბოდვად განვიხილოთ, რადგან სერიოზული მსჯელობა ამ თემაზე და საქმეში ოფიციალური პირების ჩართვა  ანტიამერიკული განწყობების შემდგომ ზრდას შეუწყობს ხელს. ისინი, სავარაუდოდ, ცდებიან, რადგან ამ განწყობებს დღეს ყველაზე მეტად გაურკვევლობა კვებავს. სოციალურ ქსელებში სააკაშვილის გამოსვლის შემდეგ გაჩნდა და ფართოდ გავრცელდა ვერსიები იმის თაობაზე, რომ FBI- ხსენებული ჯგუფი არა მხოლოდ აკვირდებოდა მიტინგის დარბევას, არამედ სადამსჯელო ოპერაციას ხელმძღვანელობდა. რაც უფრო მეტი ბუნდოვანება იქნება ამ საქმეში, მით უფრო მეტი ადამიანი გაიზიარებს მსგავს ვერსიებს; ასე რომ, საუკეთესო გამოსავალი, ალბათ, მაინც სიმართლის თქმაა, თუნდაც ეს გარკვეულ უხერხულობას უკავშირდებოდეს.

კარადა _ ჩონჩხების გარეშე!

საქართველოს ახალი ხელისუფლება რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მას აშკარად არ სურს, რომ თავისი რეაქციით ამერიკელი პარტნიორები გააღიზიანოს და, სავარაუდოდ, ურჩევნია, რომ საკაშვილის ეს რეპლიკა და  აურზაური მის გარშემო რაც შეიძლება მალე წარსულს ჩაბარდეს. მისი პოზიციის ანალიზის დროს შეიძლება სხვა ეპიზოდის გახსენება გამოგვადგეს _ ზუსტად ორი წლის წინ ნინო ბურჯანაძემ, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას, «ეხო მოსკვის» ეთერში თქვა: «ვთვლი, რომ 2008 წლის იანვარში, ჩვენ დასავლელ მეგობრებთან ერთად, საბედისწერო შეცდომა დავუშვი. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ მეორე ტური იყო, მაგრამ ამაზე ყველამ თვალი დავხუჭეთ. მე მშვენივრად მახსოვს, ჩვენი დასავლელი მეგობრების ასეთიდაჟინებული რჩევები, განსაკუთრებით ჩემი მისამართით, რომ არავითარ შემთხვევაში არ გამოგვეცხადებინა მეორე ტური».

თუ ეს განცხადება სიმართლეს შეესაბამება, მისგან, ფაქტობრივად, გამომდინარეობს, რომ 2008 წლის იანვარში საქართველოში, უცხო სახელმწიფოების წარმომადგენელთა მონაწილეობით, სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. ან, როგორც მინიმუმი, ადგილი ჰქონდა იმას, რასაც სისხლის სამართლის 309- მუხლის 1 პუნქტი შემდეგნაირად აღწერს: «უცხო ქვეყანასთან, უცხოეთის ორგანიზაციასთან ან მათ წარმომადგენელთან ანტიკონსტიტუციური მოლაპარაკების წარმოება საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვის ან მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის სხვაგვარი ზიანის მიყენების მიზნით». ერთი შეხედვით, არსებობს ყველა წინაპირობა გამოძიების დასაწყებად, მით უმეტეს, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით უამრავი ფაქტი არსებობს, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ ამის გაკეთებისგან თავი შეიკავა. არავინ იცის, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს მსგავსი გამოძიება და რა უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ მას შემდეგ, რაც დადგინდება, ვინ იყვნენ ბურჯანაძის მიერ ნახსენები «დასავლელი მეგობრები». ასეა ახლაც, ზედმეტმა ჩაძიებამ რაღაც მომენტში შეიძლება დააყენოს ახალი ხელისუფლება საკმაოდ რთული არჩევანის წინაშე. ასე რომ, ამ ეპიზოდში მას, სავარაუდოდ, ურჩევნია, მხოლოდ ამერიკელი პარტნიორების რეაქციის შესაბამისად იმოქმედოს, თანაც ძალიან ფრთხილად.

თუმცა აქვე შეიძლება გაჩნდეს კიდევ ერთი კითხვა, რომელიც, ამერიკელთა ერთ-ერთი საყვარელი გამონათქვამის შესაბამისად, შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: «რამდენ ხანს უნდა შევინახოთ ქართულამერიკული ურთიერთობების კარადაში სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ჩონჩხები?». ვერსიები ამერიკელების მონაწილეობაზე 26 მაისის დარბევის ორგანიზებაში დღეს ასე ფართოდ სწორედ იმიტომ ვრცელდება, რომ თავის დროზე ქართულმა საზოგადოებამ არ მიიღო სრული და დამაჯერებელი ინფორმაცია წარსულის მთელ რიგ ეპიზოდებთან დაკავშირებით, რომლებშიც ამერიკული კვალის არსებობას ვარაუდობდა, ამიტომ საჭიროა რაც შეიძლება მეტი სიმართლე და გულწრფელობა; სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი თამაშის წესები წარსულს უნდა ჩაბარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს არცთუ შორეულ მომავალში ძალზე სერიოზული საფრთხე შეექმნება.

დიმიტრი მონიავა

 

1 COMMENT

  1. სიგიჟის დაწამება სააკაშვილს აწყობს.პასუხისმგებლობისგანთვის არიდების საშუალებაა.მან, ე.წ.ჟვანიამ და ე.წ.ბურჯანაძემ იმისთვის უნდა აგონ(ანტონიანცი ცოცხალი აღარ არის)პასუხი,რომ სომხური პოლიტიკური მოძრაობა ჩამოაყალიბეს საქართველოში და უამრავი ქართველი დახოცეს,ციხეში წამებით მოკლეს,გარყვნეს ახალგაზრდობა.საქარტველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი რუსებს გადასცეს.ისინი ამერიკულ დროშას აფრიალებდნენ,სინამდვილეში რუსულ საქმეს აკეთებდნენ.პირველ რიგში ამაზე უნდა აგონ პასუხი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here