Home რუბრიკები პოლიტიკა ბიძინა, ანუ მიხეილი _ 10 მსგავსება ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის

ბიძინა, ანუ მიხეილი _ 10 მსგავსება ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის

976

ოქტომბერში დაწყებულმა კოაბიტაციამ საშიშ ნიშნულს მიაღწია. მოსახლეობას ეჭვი უჩნდება და არც თუ უსაფუძვლო: ხომ არ შედგა გარიგება წინა ხელისუფლებასა და ახალ ხელისუფლებას შორის ჯერ კიდევ არჩევნებამდე?! აღარც ხალხი და აღარც პოლიტიკოსები აღარ მალავენ იმას, რომ ძველსა და ახლს შორის დიდი სხვაობა არ არის, უფრო მეტიც, მათ შორის მსგავსება და ერთი პატრონისადმი კუდის ქიცინი უფრო საგრძნობია, ვიდრე განსხვავება. რა დაემართა ხალხის კერპს _ ბიძინა ივანიშვილს? რა მსგავსება იკვეთება სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის? რატომ გვარწმუნებენ, რომ «ოცნების» ყველა დანაპირები უკვე შესრულდა? _ ამ შეკითხვებით «საქართველო და მსოფლიომ» პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილს მიმართა.

_ ბატონო ჰამლეტ, რა ემართება ბიძინა ივანიშვილს? ხალხს ნელ-ნელა რატომ უცრუვდება იმედი?

_ ეს პიროვნება საზოგადოებისთვის გამოუცნობია, ის ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, მას ახლო ურთიერთობა არ ჰქონდა ხალხთან, თუ მხედველობაში არ მივიღებთ რამდენიმე მსახიობსა და მომღერალს, რომლებიც ახლა ხელისუფლებაში არიან. სხვა ბიზნესმენები, არ მინდა ახლა მათი ჩამოთვლა, უფრო ახლოს არიან ხალხთან. რაც მასზე ვიცით, ის არის, რომ ქველმოქმედებაში დიდი ფული ჩადო. ეს მისასალმებელია, მაგრამ მან ასევე დიდი ფული ჩადო «ნაციონალებშიც»… რამ მოხიბლა ეს ადამიანი, არ ვიცით. ალბათ, ამის მიზეზი ის იყო, რომ ივანიშვილი ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა და არ იცოდა, ისინი სინამდვილეში ვინც იყვნენ. ერთ-ერთ ვერსიად «ნაციონალების» დაფინანსებისა, შესაძლებელია, ისიც განვიხილოთ, რომ ის შევარდნაძის კორუმპირებულ მთავრობას ვერ ეგუებოდა და არ უნდოდა შევარდნაძის პრეზიდენტობის ვადის გახანგრძლივება და გამოსავალი ამ ახალგაზდულ ფრთაში ნახა, რომელსაც არ იცნობდა. მან «ნაციონალებს» მართლა ძალიან დიდი დახმარება გაუწია, ასევე, 20 მილიონამდე თანხა მისცა სააკაშვილის დედას, ცოტა ნაკლები _ სანდრა რულოვსს. ივანიშვილი ვერ აცნობიერებდა, რომ «ნაციონალები» უფრო უარესები იქნებოდნენ, ვიდრე შევარდნაძის ხელისუფლება იყო.

_ ეს კაცი არ ჰგავს ისეთ ადამიანს, რომელიც ადვილად მოტყუვდება.

_ ბიძინა ივანიშვილისგან ნუ გამოვიყვანთ ისეთ ადამიანს, როგორებიც იყვნენ სტალინი და ბერია, პოლიტიკაში კარგად გათვითცნობიერებული ადამიანები, ფართო მსოფლმხედველობით. ეს არის კაცი, რომელმაც შემთხვევით იშოვა ფული, მის მილიარდებს ნუ მივაწერთ იმას, რომ ის დიდი გაქანების კაცია. ივანიშვილი პატარკაციშვილზე ნაკლები გაქანებისაა, პატარკაციშვილმაც წაიმტვრია ფეხი. დღეს არავინ საუბრობს იმაზე, რომ, შესაძლებელია, ივანიშვილს პირადი წყენაც აქვს სააკაშვილისგან, ალბათ, ფული სთხოვა და ამას კი მობეზრდა… ამ ამბების გარშემო ბევრი ჭორი დადის.

_ ბატონო ჰამლეტ, მოდი შევეცადოთ და დავალაგოთ ის მსგავსებები, რაც მიშასა და ივანიშვილს შორის არის.

_ ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლამდე მხოლოდ ჭკუასელს იცნობდა. როდესაც პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა, დაიწყო ხალხის მოპატიჟება, მას სურვილი ჰქონდა ისეთი ხალხის აღზევების, როგორებიც არიან რატი ამაღლობელი, ბუღაძე და ასე შემდეგ. ესეც _ პირველი მსგავსება სააკაშვილსა და მას შორის. სააკაშვილისგან ეს გასაკვირი არ იყო, რადგან ის იმ პლეადას ეკუთვნოდა. ივანიშვილი კი არამდგრადია და გარემოცვაც ასეთი ჰყავს, ხუხაშვილები და მისთანანი მას ახრჩობენ.

მეორე მსგავსება სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის ის არის, რომ მას ჰგონია, რომ კადრები, რომლებიც შეარჩია, უნიკალურია. მაგალითად, კოტე გაბაშვილის ხელდასმული, საგარეო საქმეთა სამინისტროს ტექნიკური თანამშრომელი მაია ფანჯიკიძე დანიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად. არადა,  ეს გახლავთ ქალი, რომელსაც, ყველაზე დიდი რაც უკეთებია სამინისტროში, ყავის მოდუღებაა, მაგრამ ივანიშვილს ჰგონია, რომ ძალიან კარგი კადრია… სწორედ ისე, როგორც სააკაშვილს ეგონა, რომ ქობალია იყო საუკეთესო.  ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ ფანჯიკიძე და საგარეო საქმეთა სამინისტრო კარგად მუშაობს და ამაში ვერც გადაარწმუნებ. ამ დროს კი ისეთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე, როგორიცაა მისი ვიზიტი ბალტიისპირეთში, მინისტრი თან არ ახლდა; როცა ეს ქვეყნები კოკისპირულად ლანძღავდნენ ივანიშვილს, ამ დროს მისი მინისტრი ამერიკაში გაურკვეველ შეხვედრებს აწყობდა. პრემიერის ადგილზე სხვა ფანჯიკიძეს ჩამოუსვლელად მოხსნიდა თანამდებობიდან, ამერიკაში დარჩენის მოთხოვნით.

ბიძინას გაქანება არ აქვს, მას განათლების მასშტაბი არ აქვს. არ შეიძლება «ფლეიბოი» ალასანაიას ხელით საქმე გააკეთო. მისი მინისტრები, როგორც სააკაშვილისა, უმისამართოდ და ხშირად დადიან საზღვარგარეთ, არავინ კითხულობს, იქ რას აკეთებენ, მათ უკვე გადააჭარბეს სააკაშვილის ხელისუფლების ხარჯებს. ესეც _ კიდევ მესამე მსგავსება.

მეოთხე მსავსებაა ბრტყელბრტყელი განცხადებები. რას ნიშნავს? _ ის ამბობს, «მე დაგპირდით და გავაკეთე», ზუსტად ისე, როგორც ამას აკეთებდა სააკაშვილი; ივანიშვილიც დაბეჯითებით საუბრობს მითიურ, კარგ ცხოვრებაზე, როგორც სააკაშვილი. მისმა სიტყვებმა «რაც დაგპირდით, ყველაფერი შევასრულე» ყველა შეაშინა. ის ისევე საუბრობს ეკონომიკაზე, როგორც სააკაშვილი. აქ უკვე, მიშა კი არა, ხრუშჩოვი გახსენდება, ადამიანი, რომლისთვისაც ცხოვრება მირაჟი იყო. ბიძინაც ამბობს, რომ დღეს ყველაფერი კარგად არის და ოთხი წლის შემდეგ უკეთესად იქნება. ის შორს არის ხალხისგან, მან ერთი პერიოდი ნაჭუჭიდან გამოსვლა სცადა, მაგრამ ხუხაშვილებმა და რესპუბლიკელებმა ისევ ჩაკეტეს. მათ სამშობლის სიყვარული არ აქვთ, ესეც ერთ-ერთი მსგავსებაა «ნაციონალებთან». ივანიშვილისთვის ცხოვრება ლამაზი და კარგი ვერაფრით იქნება, ხალხთან ახლოს რომ იყოს და მის პრობლემებს იზიარებდეს. ოთხი წლის შემდეგ რომ არაფერი იქნება კარგად, როგორც გვპირდება, ჩვენ მოვკითხავთ პასუხს, მაშინ, როგორც მიშა, ისიც, ალბათ, გვიპასუხებს: «თქვენ ვერ ხედავთ, თორემ ყველაფერი კარგად არისო». ესეც გარკვეულწილად მსგავსებაა. ივანიშვილს სჯერა, რომ ყველაფერი კეთდება.

მეხუთე მსგავსება არის სატელევიზიო შოუები, რომლებიც ორივეს აშკარად ხიბლავს და ესეც კეთდება იმისთვის, რომ ხალხმა დაიჯეროს, თუ როგორი საამურია ცხოვრება. ნათქვამი და რეალობა ორივე მმართველის ხელში ერთმანეთს შორდება და მინდა გითხრათ, რომ ივანიშვილის პირობებში ეს უფრო ნათლად ჩანს.

არის ისეთი დეტალები, რაშიც ივანიშვილი უსწრებს სააკაშვილს. მაგალითად, ივანიშვილი ბრაზდება და შეტევაზე გადადის, როდესაც შეკითხვას უსვამენ. ეს იმას მოწმობს, რომ თავს ვერ იკავებს და დამუხრუჭება არ შეუძლია. მისთვის უცხოა პოლიტიკა. როდესაც ხედავ მის ასეთ ქცევას, გიჩნდება კითხვა: ამან ფული როგორ იშოვა?

მეექვსე მსგავსება მიშასა და ივანიშვილს შორის ის არის, რომ მასაც, როგორც სააკაშვილს, ვიზიტისთვის არაადექვატური მინისტრები და პოლიტიკოსები დაჰყვებიან, ისევე, როგორც სააკაშვილს დაჰყვებოდა ვერა ქობალია. ივანიშვილის მინისტრებიც საზღვარგარეთ სალაღობოდ დადიან.

მეშვიდე, რაშიც ივანიშვილი ძალიან ჰგავს სააკაშვილს, არის ის, რომ მისი ალღოც სახელმწოფოს მართვაში არის ნულის ტოლი. ბიძინა არ კითხულობს, რა უნდოდა მაია ფანჯიკიძეს იაპონიაში ან ბრაზილიაში, არ კითხულობს, რა კავშირია ჩვენსა და ამ ქვეყნებს შორის, სამაგიეროდ, ფანჯიკიძემ იცის, რა უნდა, მას «შოპინგი» უნდა. ხელისუფლების წარმომადგენელი ვალდებულია, წარმოადგინოს ანგარიში, თუ რატომ წავიდა და რისთვის წავიდა ამა თუ იმ ქვეყანაში, არც სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები და არც ბიძინასი ამ ანგარიშს არ დებენ.

მერვე მსგავსება _ სააკაშვილი და ივანიშვილი ქართულ პრესას არ კითხულობენ, თორემ რამეს აუცილებლად გაიგებდნენ.

მეცხრე _ მსგავსება პირდაპირი არაა, მაგრამ იმაში მდგომარეობს, რომ სააკაშვილი თავად იყო ამერიკის აგენტი, ხოლო ივანიშვილს ჰყავს უსუფაშვილი, რომელმაც დიდი ფული იშოვა ამერიკიდან. ყველამ კარგად ვიცით, მან რამდენიმე წლის წინ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია რომ შექმნა, მას შემდეგ ვალდებულება აიღო ამერიკის წინაშე. ასეთივეა ალასანია, რომელმაც «ლენგლის» აკადემია დაასრულა. ეს ადამიანები იმას აკეთებენ, რასაც სააკაშვილი აკეთებდა. ასე რომ, მსგავსება ძალიან ბევრია და შედეგიც სავალალო დადგება.

_ ბატონო ჰამლეტ, ჯერ აშკარად არა, მაგრამ ხალხი იმაზე საუბრობს, ხომ არ მოხდა ხელისუფლების ჩანაცვლებაო…

_ არჩევნები საქართველოში ამერიკამ წააგო, მაგრამ ახლა ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ «ნაციონალები» მეორე ძალად დარჩნენ. მათ კარგად იციან, რომ მათი საპრეზიდენტო კანდიდატი არჩევნებს ვერ მოიგებს, თუმცა ამაზე თავადაც არ ფიქრობენ. ისინი იბრძვიან მეორე ადგილისთვის, ისინი იბრძვიან, რომ არ ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამაში ხელს უწყობს «ოცნება» და ამერიკაც. ძალიან მალე ჩვენ დავდგებით რეალობის წინაშე, «ნაციონალები», რესპუბლიკელები და ალასანია ერთ მხარეს რომ დადგებიან. ეს პროცესი დაწყებულია. ალასანია რომ ივანიშვილთან ვერ ძოვს, ფაქტია. ივანიშვილი გუნდში სრულიად მარტოა, თან მას არ ჰყოფნის ზოგადი განათლება, არ ჰყოფნის პოლიტიკური განათლება, ის ვერ იღებს ნორმალურ და სწორ გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ წავა პოლიტიკიდან. შესაძლოა, გულიდან ამოსული სიტყვებია, მაგრამ ვერ აცნობიერებს, რომ ის ხალხის მიერ არის არჩეული. რა, ეს ქვეყანა ნინიას ბაღია თუ რა? რას ჰქვია, წავალ…

ივანიშვილი გვიყვარს თუ არა, მისი წასვლა ნიშნავს ქვეყნის არევას, ქაოსს და ხვალ კიდევ «ნაციონალების» აღზევებას. დარჩება ივანიშვილი? ძალიან კარგი, მაგრამ, თუ ის არ გადადგამს მკაცრ ნაბიჯებს «ნაციონალების» წინააღმდეგ და არ დაიჭერს ბობოლებს, მაშინ გამოსავალი არ იქნება, თუმცა ჩვენ ისიც ვიცით, რომ მათ ვერ დაიჭერს. სააკაშვილის ყურება, როგორც სულელის, სწორი არ არის, რადგან ის ძალიან დიდი დაკვეთების შემსრულებელია, ამიტომ ივანიშვილი სააკაშვილს ვერ დაიჭერს. ივანიშვილი ვერაფრით შეძლებს ამერიკასთან დაპირისპირებას. ის არ არის ჰუგო ჩავესი, ამის ნებას გარემოცვაც არ მისცემს. ამერიკისთვის «კოჭის გაგორება» და რუსეთისთვის ზურგის შექცევა ამ ქვეყნისთვის ტრაგედიით დასრულდა. ჩვენი კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა რუსეთია, ჩვენ ერთად უნდა გადავჭრათ არსებული პრობლემები. ამას არ ითავისებს ივანიშვილი, ისევე, როგორც თავის დროზე არ გაითავისა სააკაშვილმა.

ესეც მეათე, ყველაზე მნიშვნელოვანი _ ქვეყნის დამღუპველი მსგავსებაა და უახლოეს მომავალში გამოსავალს ვერ ვხედავ.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. ივანიშვილი არსად არ წავა! ივანიშვილს საქართველო ბელადათ აღიარებს, სრული ამ სიტყვის მნიშნელობით! და მისი სიტყვა გადამწყვეტი იქნება!

  2. ხალხი იმდენად გაწბილებული და დაბნეულია,საერთოდ აღარ მივა არანაირ არჩევნებზე.

  3. მე აღარავისი მჯერა.ხალხი უნდა გამოვიდეს და ყველა გარეკოს.ახალი,ეროვნული ძალა გვჭირდება.

  4. ნაცხროვა ,როგორც სისტემური ბოროტება,თუ არ გასამართლდა ქვეყანა ვერ წავა განვითარებისკენ1

  5. ეს ჯამლეტა მართლაც ვერ ყოფილა კარგი პოლიტოლოგი. ბიძინამ ფული შემთხვევით იშოვაო!? ლაპარაკია მინიმუმ 7 მილიარდზე და არა 7 მილიონზე, ჰამლეტ პოლიტოლოგობას თავი დაანებე და თოხს მოკიდე ხელი, უფრო გამოადგები ქვეყანას!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here