Home რუბრიკები პოლიტიკა თემურ შაშიაშვილი: ივანიშვილს საქმე ისე მიჰყავს, მალე მისი ავტორიტეტი განულდება

თემურ შაშიაშვილი: ივანიშვილს საქმე ისე მიჰყავს, მალე მისი ავტორიტეტი განულდება

563

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება პარტია «თეთრების» თავმჯდომარე თემურ შაშიაშვილი.

_ ბატონო თემურ, მიმდინარე სამართლებრივი პროცესის პარალელურად წინა კვირას კოაბიტაციის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი ვიხილეთ: ბიძინა ივანიშვილი და კოტე კუბლაშვილი ერთმანეთს ისე შესციცინებდნენ, ყველაზე ძველ და ერთგულ თანამებრძოლებსაც რომ შეშურდებოდათ. ამ შეხვედრის შემდეგ კოალიციის ლიდერმა უმრავლესობას მოუწოდა, სასამართლოზე უხეში განცხადებებისგან თავი შეეკავებინათ, ამასთან, მოსამართლეების ხელფასის გაზრდის შესახებაც გვამცნეს. როგორ აღიქვით თქვენ ეს ყველაფერი? არის თუ არა ეს ჭეშმარიტად თანაცხოვრება?

_ მძიმე კითხვით იწყებთ. რა გაეწყობა, უნდა ვუპასუხო. სასამართლო რომ დამოუკიდებელი იყოს, ეს ქვეყნის ღირსების საქმეა. ამაზე დავა შეუძლებელია, მაგრამ მე ვიყავი გუბერნატორი და დღეს ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ არასდროს სასამართლოს თავმჯდომარეს არა თუ არ შევხვედრივარ, ტელეფონზეც არ დამირეკავს მისთვის. ბატონი ბიძინა შეხვდა და ამით ის ლოიალობას იჩენს იმ პიროვნების მიმართ, რომელიც წლების მანძილზე იყო უსამართლობის მორევში. საერთოდ, ივანიშვილის განცხადებები ჩემში უკვე იწვევს გაორებას _ ერთის მხრივ, ლაპარაკობენ, რომ სისტემური დანაშაული ხდებოდა; მეორე მხრივ კი, ლაპარაკობენ კოაბიტაციაზე.

ახლა ჩვენ, ვინც გვერდიდან გიყურებთ და გაკვირდებით, გეკითხებით: რას ფიქრობთ?! რომელ თანაცხოვრებაზე მელაპარაკებით?! არ არსებობს ოჯახი, რომელმაც სასამართლოსგან უბედურება არ ნახა. ყველაფერს თავი დავანებოთ, ბუკიას ბაღში ძმებმა კუბლაშვილებმა უზარმაზარი ტერიტორია დაისაკუთრეს და ერთმანეთის მოპირდაპირედ სამ თუ ოთხსართულიანი სახლები აიშენეს. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც კანონი კანონობს, მოქალაქეს მსგავსი დანაშაულისთვის სამუდამო ციხეს მიუსჯიდნენ. ახლა ბატონმა ბიძინამ, რომელიც ამბობს, ყველაფერი ვიციო, არ იცის, ეს ადამიანები რა მაფიაში არიან ჩაფლულები?! მე რისი თქმა მინდა: ცხადია, სასამართლო უნდა იყოს თავისუფალი, მაგრამ ამისთვის იქ უნდა იყვნენ თავისუფალი ადამიანები. სანამ კუბლაშვილი იქნება ამ სისტემის სათავეში, რაიმე სიკეთეზე ლაპარაკიც ზედმეტია. ასე რომ, რაც უფრო ადრე მიხვდებით ამას, ბატონო ბიძინა, მით უკეთესი თქვენთვისაც და საქმისთვისაც…

_ ივანიშვილისა და კუბლაშვილის შეხვედრამ საზოგადოებაც გარკვეულწილად გააღიზიანა, მაგრამ მაშინ ისიც ვთქვათ, პრემიერის მხრიდან რა პოლიტიკა იქნებოდა ადეკვატური სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ…

_ მე მათი შეხვედრა კი არ მაღიზიანებს, უბრალოდ, ამ ადამიანების მიმართ კეთილგანწყობაა ჩემთვის გაუგებარი. სასამართლოში დღეს არიან ის პიროვნებები, რომლებმაც სისტემური დანაშაული კი არ შექმნეს, არამედ დანაშაულებრივი სისტემა. კუბლაშვილიც, რა თქმა უნდა, ამ სისტემის ნაწილია, ამიტომ ნებისმიერი სახის თანამშრომლობა მასთან ჩემთვის დანაშაულისა და დანაშაულთან შერიგების ტოლფასია.

_ ჩვენი დასავლელი პარტნიორები პოლიტიკურ ძალებს ცალსახად მოუწოდებენ ჯანსაღი ოპონირებისკენ.

_ ჭეშმარიტად დასავლური დემოკრატია ყველას მოგვწონს, მაგრამ ეს დემოკრატია გათახსირებულ ადამიანებზე კი არაა აგებული, ის ეფუძნება კანონს. ესენი კანონს არაფრად აგდებდნენ და ამის ნათელი მაგალითია თუნდაც კონსტიტუცია, რომელიც სააკაშვილმა ტანზე შემოიკერა. ეჭვი არ მეპარება, ბატონ ბიძინას საქმე მიჰყავს ისე, რომ მისი ავტორიტეტი განულდება ქვეყანაში. ამიტომ უახლოეს მომავალში, თუ სერიოზული ძალა არ ჩამოყალიბდა კოალიციის გარეთ, სააკაშვილის დანაშაულებრივი სისტემა მობრუნდება და ეს იქნება საქართველოს დასასრული.

_ თქვენი აზრით, რა იდეოლოგიის ძალა უნდა იყოს ეს?

_ მე ვთვლი, რომ საქართველოს მომავალი იმ ხელისუფლებაშია, რომელიც გარედან არ იქნება მართული. იმართებოდა თავიდან ბოლომდე «მოქალაქეთა კავშირი», «ნაცმოძრაობა», უდიდესი დოზით იმართება «ქართული ოცნებაც» და ამ უდიდესი დოზის სიმაღლეს განსაზღვრავს რესპუბლიკური პარტია. სხვებს იქ დაკარგული აქვთ ძალა. ასე რომ, საქართველო არის საფრთხის წინაშე. მიკიბულ-მოკიბულით საუბრის დრო დამთავრდა. ვიმეორებ: თუ დღეს «ნაციონალები» არ იქნებიან და იმავე იდეოლოგიის, უარესის თუ არა, რესპუბლიკური პარტია დააჯდება ქვეყანას თავზე, საბოლოოდ მაინც დავიღუპებით. მე არ ვარ რესპუბლიკელების მტერი, მაგრამ ის უნდა იყოს 4-5 პროცენტით წარმოდგენილი მთავრობაში. ამის მეტი ელექტორატი მათ არ ჰყავთ.

_ სამაგიეროდ ბიძინა ივანიშვილს ჰყავს მრავალრიცხოვანი ელექტორატი.

_ გასაგებია, მაგრამ რამდენჯერ უნდა ავირჩიოთ ეს კაცი?! ყველა რაიონში ბიძინაა არჩეული, მთავრობის თავმჯდომარე, მინისტრები ბიძინაა, ახლა პრეზიდენტიც თუ ბიძინა იქნა, დამთავრდება ყველაფერი. ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ მონები და აღარაფერს წარმოვადგენთ ამ ქვეყანაში.

_ თქვენ თქვით, რომ რესპუბლიკური პარტიის რეიტინგი არის 4-5 პროცენტი. როგორ ფიქრობთ, რა პოლიტიკურ სარგებელს ნახულობს ივანიშვილი ასეთი პარტიის წინ წამოწევით?

_ ერთი რამ შემიძლია, გითხრათ: თუ ვინმეს სიკეთე უნდა ბიძინა ივანიშვილისთვის, მის მაამებლად არ უნდა იქცეს. ეს დამღუპველია პოლიტიკაში; არადა, ვინც მაამებლები იყვნენ შევარდნაძისა და სააკაშვილის დროს, დღეს ყველა კოალიციაშია. როგორც ჩანს, თვითონ ბიძინაც ვერ იტანს ძლიერსა და წესიერს. მას უყვარს მონური ფსიქოლოგიის ხალხი და ვერ ეგუება დამოუკიდებელ პიროვნებებს. კაცმა თქვა, პლასტელინი ვიქნებიო… მორჩა, ამით ყველაფერი ნათქვამია. გასაგებია, მას რანაირი ადამიანები მოსწონს და ვინ სჭირდება.

_ როგორც ჩანს, ივანიშვილისთვის თავიდანვე უმთავრესი იყო, კოალიცია ისეთი სუბიექტებით დაეკომპლექტებინა, რომლებიც დასავლეთისთვის იქნებოდნენ მისაღები.

_ იცით, როგორაა ჩვენი საქმე? «თურაშაულის პატრონი, ტყეში ეძებდა პანტასაო». მე რა მაქვს აქ მაკკეინისა და ლიბერმანის სასწავლებელი?! მაკკეინი იკვებება იმ ფულით, რომელიც მართავს დღეს მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებით და ვინც აფინანსებთ, იმის ენით გველაპარაკებიან. ამ დროს თქვენ გგონიათ, ამერიკაში მოსწონთ მასონები ან ევროპაში?! ეს საქართველოში დავინახე მე პროვინციალიზმი და ქედმოხრილობა ამ სექტების მიმართ…

_ გასაგებია, მაგრამ ასე თუ ისე, ეს ძალები წარმოადგენენ დღეს ამერიკის მთავრობას.

_ დიდი ხნის წინ ლონდონში ერთ-ერთ შეხვედრაზე ამერიკელებს პირდაპირ ვუთხარი: თქვენ თუ გინდათ საქართველოსთან მეგობრობა, ნუ იქნებით იაგოსავით ამრევი, რომელმაც _ ოტელო და დეზდემონა გადაჰკიდა ერთმანეთს და გვიყურეთ უორდროპების სიყვარულით-მეთქი. ეს ყველაფერი შემთხვევით არ მითქვამს. მათი პოლიტიკა არასდროს ყოფილა ჩვენ მიმართ ჭეშმარიტად მეგობრული; რაც იყო სინამდვილეში, კარგად გამოჩნდა. ბუშმა-უფროსმა შევარდნაძეს დაუწერა, დემოკრატიის მამა ხარო, ბუშმა-უმცროსმა კი სააკაშვილს «დემოკრატიის შუქურა» უწოდა…

_ მომავალი არჩევნები, ალბათ, ბევრ რამეს შეცვლის. რა აზრის ხართ იმ მიმართვაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა სწორედ არჩევნებთან დაკავშირებით?

_ განცხადება ერთია, მაგრამ მთავარია, რეალობაში რა ასახვა ექნება ამ ყველაფერს. მე არა ერთხელ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, დღეს ქვეყანაში მდგომარეობა იმაზე გაცილებით რთულია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ბიძინამ იცის, რომ მის მიმართ ხალხი კეთილგანწყობილია. კი, ვადასტურებ, მაგრამ საზოგადოება ახლა უყურებს ერთ რამეს _ რა იქნება არჩევნების შემდეგ. 4-5 მილიარდის ქონებაა მოქალაქეებისთვის წართმეული. ადამიანები გაუბედურებულნი არიან, თუ ბიძინა ივანიშვილმა სიტუაცია მნიშვნელოვნად არ შეცვალა და სამართლიანობა არ აღსდგა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მოხდეს…

_ სიტუაციის შეცვლაში რას გულისხმობთ?

_ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც. ეს აუცილებელია, იმიტომ, რომ, თუ ივანიშვილმა ეს გუნდი არ მოიცილა, არანაირი პერსპექტივა ქვეყნის განვითარებას არა აქვს. ზოგადად, ბოლო დროს რასაც ვაკვირდები, ოცნებას ებრძვის ილუზია და მე, უბრალოდ, არ მინდა დავიჯერო, რომ ბიძინა ივანიშვილი ილუზიებშია.

_ თუმცა მან ერთ-ერთ გამოსვლაში განაცხადა, რომ მთავრობა იმაზე ბევრად მეტს აკეთებს, ვიდრე წინასაარჩევნოდ დაჰპირდა ხალხს.

_ სამწუხაროდ, ეს ილუზიაა კუბში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ პრემიერს, ჩამოდით, ბატონო ბიძინა, მიწაზე და თვალი გაუსწორეთ რეალობას. რაიონებში კატასტროფული მდგომარეობაა. რომ იტყვიან, ხალხს სული კბილით უჭირავს.

_ რაც შეეხება ივანიშვილს კიდევ ერთ განცხადებას მისი პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით, მან თქვა, რომ მომავალი არჩევნების შემდეგ სულ რამდენიმე დღე დარჩება დაკავებულ თანამდებობაზე და მერე ხელისუფლებას საზოგადოების ყველაზე ღირსეულ წარმომადგენლებს დაუტოვებს. როგორ გაიგეთ თქვენ ეს განცხადება?

_ რა გითხრათ, ამ განცხადებაში გარკვეულწილად ჩანს წინდაუხედაობაც და ჩანს ის, რომ ბიძინა ივანიშვილი მართლა არ არის პოლიტიკოსი. საერთოდ, მას უყვარს ადამიანებისა და ადამიანთა ჯგუფების დაყოფა რაღაც კატეგორიებად _ ნაწილთან ურთიერთობს, ნაწილთან _ არა. ღირსეულ წარმომადგენლებს რაც შეეხებათ, მე, უღირსი თემურ შაშიაშვილი, კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას: თუ მეტის გაკეთება არ შეგიძლიათ და, როგორც ჩანს, ამ გუნდით ეს მართლაც შეუძლებელია, მაშინ წადით, გაცილებით უფრო დიდ პიროვნებებად დარჩებით ისტორიაში. ხოლო, თუ რამე შეგიძლიათ, მაშინ ნუ ეთამაშებით ქვეყნის მომავალს. დღეს საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. საუბარი იმაზე, ვინ ღირსეულია და ვინ _ უღირსი, საქმეს ვერ უშველის. თუ მაინცდამაინც უღირსებზე უნდათ ლაპარაკი, ჯერ შიგნით გაარკვიონ რაღაც-რაღაცები, კარგად გაიხსენონ, ვის რა უკეთებია წარსულში და მერე გვამუნათონ. ახლა მთლად ისე ნუ მოუვათ, რომ ანგელოზებად წარმოგვიდგინონ თავი. ერთხელ და სამუდამოდ დაამთავრონ ამ განცხადებების კეთება.

_ ისე, მართლა საინტერესოა, რა კრიტერიუმებით ყოფს პრემიერი ადამიანებს ღირსეულებად და უღირსებად. თავის დროზე, როცა მან პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა, სწორედ ასეთი წყალგამყოფის გავლებით დაიწყო.

_ მე ბიძინა ივანიშვილის შეფასებებით არ ვუყურებ ადამიანებს. თუ ის ფიქრობს, რომ უღირსი ვარ, ჩემთვის ეს არაფერს ნიშნავს, ამას ისტორია შეაფასებს და ხალხი. რაც შეეხება მის წასვლა-არწასვლას პოლიტიკიდან, კიდევ ვიმეორებ, თუ მას შეუძლია შეცვალოს გუნდი და ქვეყანაში იყოს მხოლოდ ერთი _ ნიჭის ძალაუფლება, უნდა დარჩეს; თუ არა და, რასაც დღეს ვუყურებთ, ამის შენარჩუნებას მართლა ჯობია, წავიდეს. მე დავტოვებ გუნდსო, რას ნიშნავს, «დავტოვებ»?! გუნდი უნდა დატოვოს ხალხმა არჩევნებით და ეს არჩევნები უნდა იყოს წესიერი, პატიოსანი.

_ თქვენ როგორ ფიქრობთ, მომავალი არჩევნები იქნება ობიექტური?

_ ამაზე წინასწარ ნუ ვისაუბრებთ, მკითხაობა რომ არ გამომივიდეს; მაგრამ მე ერთი რამ  დანამდვილებით ვიცი: ბელადების პარლამენტი უნდა დამთავრდეს საბოლოოდ. შევარდნაძე გვეუბნებოდა: მე ვტოვებ გუნდსო და კარგად დატოვა, _ ვისაც ჩააბარა იმან მოუღო ზუსტად ბოლო. იმავეს იმეორებს ივანიშვილიც, იმიტომ, რომ მის გვერდითაც მრავლად არიან მოღალატეები. მას პრობლემა აქვს შიგნით და არა გარეთ, სამწუხაროდ, ის პირიქით ფიქრობს. ესაა მისი შეცდომაც და საფრთხეც.

_ კონკრეტულად ვის გულისხმობთ საფრთხეში?

_ გამგები გაიგებს. უბრალოდ, გული მწყდება და მართლა ვწუხვარ იმის გამო, რომ ამ კაცის გვერდით არიან ცნობილი მედროვეები, რომლებმაც ყველა ხელისუფლების დროს შეძლეს კომფორტულად მოკალათება. ხან ვიღაც ჩაუშვეს ციხეში თუ ციხის გარეთ, ვიღაც დააბეზღეს, ფული იშოვეს და ასე აიწყვეს ცხოვრება. ახლა კიდევ გამოდიან და მორალს გვიკითხავენ. ბედნიერი ვარ, რომ არასოდეს ვყოფილვარ «მოქალაქეთა კავშირში», არანაირი კავშირი არ მქონია «აღორძინებასთან» და არც ამათთან პირი არ შემიკრავს. ბედნიერი ვარ იმით, რომ თავის დროზე შევარდნაძეს უარი ვუთხარი მის მთავრობაში შესვლაზე; რომ ვერავინ წამომაძახებს, ოდესმე რამე უღირსი საქციელი ჩაიდინეო და ვინმეს ზიანი მიაყენეო. აი, ესაა მთავარი, ამით შეიძლება ადამიანმა იამაყო. დანარჩენს რაც შეეხება, ვის რა გაუკეთებია, ეს არც ბიძინა ივანიშვილის შესაფასებელია და არც სხვა ვინმესი, ამას ისტორია განსჯის, შთამომავლობა დაარქმევს ყველაფერს თავის სახელს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. ნდიდარი ფულს უნდა აკონტროლებდეს. ფულის კონტროლი არ არის სახელმწიფოს და ხალხის მართვა. თემური, მაგარი ხარ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here