Home რუბრიკები პოლიტიკა კოაბიტაცია ახალი პრეზიდენტის მოსვლისთანავე დასრულდება

კოაბიტაცია ახალი პრეზიდენტის მოსვლისთანავე დასრულდება

822

«საქართველო და მსოფლიოს» შეკითხვებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, განათლების მინისტრის მოადგილე _ დავით ზურაბიშვილი  უპასუხებს.

_ ბატონო დავით, პირველ რიგში კოაბიტაციის ყბადაღებულ თემას მინდა შევეხოთ, საბოლოოდ რას მოიცავს, რას გულისხმობს და როდის უნდა დასრულდეს იგი?

 _ ჩვენთან რატომღაც ყველას ჰგონია, რომ კოაბიტაცია ძმობას, მეგობრობასა და განუყრელად ერთად ყოფნას ნიშნავს. ეს ასე არ არის. ეს ტერმინი პრაქტიკულად მშვიდობიან ორხელისუფლებიანობას ნიშნავს და ამ ტერმინში მშვიდობიანი თანაარსებობაც იგულისხმება. ჩვენთან კი ეს საკითხი აღქმული იქნა ისე, რომ თითქოს მათ შორის რაიმე ფარული გარიგებაა, ხომ არ  უყვართ ერთმანეთი ფარულად და ასე შემდეგ. ეს ჩვენი არჩევანი არ ყოფილა. ასეთი ვითარება მოიტანა 1 ოქტომბრის შემდგომ შექმნილმა რეალობამ, რომ არსებული ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ.

_ და როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი?

_ ვფიქრობ, ახალი პრეზიდენტის მოსვლისთანავე ის, რასაც ქართველი ხალხი კოაბიტაციას ეძახის და რასაც თქვენ გულისხმობთ, აუცილებლად დასრულდება, თუმცა დარჩება ადგილობრივი თვითმმართველობა. შემდეგ თვითმმართველობის არჩევნებიც იქნება და ამით საბოლოოდ დასრულდება ეს პროცესი. ამასთან, იმედი მაქვს, რომ შემუშავდება ახალი ტიპის თვითმმართველობის საფუძვლები და ამ დროისთვის უკვე კოაბიტაციის საკითხი  საბოლოოდ მოიხსნება. 

_ გვერდს ვერ ავუვლით ლგბტ საკითხს. როგორ ფიქრობთ, იზღუდება მათი უფლებები საქართველოში?

_ რა თქმა უნდა. შეეზღუდათ კი არა, თქვენ ნახეთ, რომ 17 მაისს ასეთმა ადამიანებმა  ძლივს გაასწრეს ცოცხლებმა. სხვა საქმეა, მე პირადად მომწონს თუ არა ჰომოსექსუალიზმი. მე შეიძლება არ მომწონდეს და ვთქვა, რომ ეს ცოდვად მიმაჩნია, მაგრამ, რა ვუყოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ასეთებად დაიბადნენ? დავხოცოთ ისინი ამის გამო? ამას მარტო მე კი არ ვამბობ, ეს განაცხადა პრემიერ-მინისტრმაც. ჩვენი პრემიერი, მე მგონი, არ არის ეჭვმიტანილი რაღაც ანტიქართულ ქმედებებში. მთავრობის სხვა წევრებმაც იგივე განაცხადეს. ასე რომ, ამ ადამიანებს კონსტიტუციური უფლება აქვთ, ჩაატარონ აქცია, ისევე, როგორც სხვა ადამიანებს ჰქონდათ ამ აქციის საწინააღმდეგო აქციის ჩატარების უფლება, მაგრამ მათი ეს უფლება დამთავრდა იქ, სადაც დაიწყო ძალადობა. მე მინდა ვთქვა, რომ ზოგიერთებმა ძალიან შეგნებულად და წინასწარგანზრახულად დაგვიხატეს სიტუაცია ისე, რომ თითქოს არჩევანი უნდა გაკეთდეს მართლმადიდებლობასა და ჰომოსექსუალიზმს შორის. არ არის ასე. ამ ორი საკითხის ერთმანეთთან შედარება საერთოდ არ შეიძლება. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ ესა თუ ის საკითხი _ ვიღაცას არ მოსწონს რუსეთი, ვიღაცას, ვთქვათ, _ ამერიკა… ადამიანები არჩევანში თავისუფლები არიან…

_ ბატონო დავით, განზრახული იყო ფლეშმობის დადგმაც. იქნებ საზოგადოების ამ მცირე ნაწილს ეფიქრა საზოგადოების იმ დიდ ნაწილზე, რომელსაც ეს არ მოსწონდა და მორიდებოდნენ მსგავს გამომწვევ ქმედებებს; არ ფიქრობთ, რომ ლგბტ საზოგადოების წევრები მიზანმიმართულად გამომწვევად იქცეოდნენ?

_ რაში გამოიხატება გამომწვევი ქცევა ან ფლეშმობი დანაშაულია? ან ამის გამო ამდენი ადამიანი 20 კაცს უნდა გამოეკიდოს და მათ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას? ხომ ფაქტია, რომ ავტობუსი ხალხის მასამ დაამტვრია? ამას მე კანონის დამცველის მხრიდან ვკითხულობ. რაც დანაშაული არ არის და რისი უფლებაც აქვს მოქალაქეს, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. სახელმწიფო არ უნდა შედიოდეს განსჯაში, ზნეობრივია ეს უფლება თუ არა. სხვა საქმეა, რამდენად გვინდა, რომ ასეთი ადამიანი გვყავდეს საკუთარ და ოჯახში.

ლგბტ საზოგადოების წევრები ისეთივე მოქალაქეები არიან ჩვენი ქვეყნისა, როგორც ჩვენ. არ შეიძლება მათი დისკრიმინაცია ამ ნიშნით. ასევე მაინტერესებს რას ნიშნავს სიტყვა პროპაგანდა. რაც უნდა პროპაგანდა გამიწიოს ვინმემ, ქალი  აღარ მომეწონება და კაცებისკენ გამიწევს გული? ან სადმე თუ გინახავთ თქვენ ადამიანი, რომელმაც პროპაგანდის გამო სექსუალური ორიენტაცია შეიცვალა? ასეთად უნდა დაიბადოს ადამიანი.

_ რას ფიქრობთ ერთსქესიანთა ქორწინებაზე?

_ თუ ჩემი პირადი აზრი გაინტერესებთ, ერთსქესიანთა ქორწინების კატეგორიულად და ერთმნიშვნელოვნად წინააღმდეგი ვარ.

_ რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამერიკის საელჩოს დაფინანსებით, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში გაიმათება სპეციალური ტრენინგები ლგბტ საზოგადოების მიმართ თანაგრძნობის ამაღლების მიზნით.

_ არ ვიცი, არ ვფლობ ამ ინფორმაციას, მაგრამ, ქართული შემწყნარებლობიდან გამომდინარე, მეტად უნდა შევიკავოთ თავი აგრესიისგან. მე რომ ვიყო უცხოელი, ჩავთვლიდი, რომ ასეთ ქვეყანაში ჰომოსექსუალად ყოფნა სიცოცხლისთვის საშიშია. იმ ადამიანებმა, რომლებმაც ნახეს, რაც 17 მაისს ხდებოდა თბილისში, ყველამ აღნიშნა, რომ ეს არანაირად არ ჯდებოდა ცივილიზებული საზოგადოების ჩარჩოებში.

_ რელიგიური ნაციონალიზმი ერთგვარი სახადიაო, _ თქვენი სიტყვებია. მართლმადიდებლობას გულისხმობთ?

_ რასაკვირველია, მართლმადიდებლობას არ ვგულისხმობ. მართლმადიდებლობა საუკუნეების მანძილზე ტრადიციულად დომინანტი სარწმუნოებაა საქართველოში. ჩემი აზრით, საზოგადოებისთვის ძნელი და რთული მომენტი შეიძლება იყოს რელიგიური ნაციონალიზმი. არასწორია, როდესაც რელიგიურობა ხდება ქართველობის განმსაზღვრელი, იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს ათეისტი ქართველები, მუსლიმანი ქართველები და სხვ. ბუნებრივია, ქართველთა უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, მაგრამ არიან სხვებიც. ამის გამო ჩვენ იმათ ნუ წავართმევთ ქართველობას. ეს უკვე შეიძლება ქვეყნის პრობლემა გახდეს. საბჭოთა პერიოდში რელიგიურ საკითხს დიდი ყურადღება არ ექცეოდა. მაშინ წინ წამოწეული იყო, რა წარმომავლობის წინაპრები გყავდა, ახლა კი ამას, პრიქიტიკულად, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია რელიგიური საკითხი, ანუ მართლმადიდებელი თუ ხარ. ჩემი აზრით, ორივე მიდგომა არასწორია. მართალია, მართლმადიდებლობამ დიდი როლი შეასრულა ქართული ცნობიერების შენარჩუნებაში, მაგრამ მაინც უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ქართველობა არ განისაზღვრება მხოლოდ მართლმადიდებლობით, ანუ, თუ ადამიანი არ არის მართლმადიდებელი, ის მაინც შეიძლება ქართველი იყოს.

_ რამდენად კმაყოფილი ხართ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესით?

_ რა თქმა უნდა, ეს პროცესი მიმდინარეობს ძალიან ნელა. როგორც ამბობენ, «ურმით დადის  სამართალი». გეთანხმებით, ბევრ ადამიანს უნდა, რომ სამართალი აღსრულდეს რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ მე, მაგალითად, მირჩევნია, «იაროს» ასეთი ტემპით, ვიდრე ისევ ის მოხდეს, რაც თავის დროზე სააკაშვილმა გააკეთა. გახსოვთ, ალბათ, მოსვლისთანავე მან დაიწყო  დაპატიმრებები, დაერია ყველას (დაარღვია კანონი, პროცედურები). მაგალითად, მე სულხან მოლაშვილის საქმე მახსენდება. ამ ადამიანს ბევრი მიიჩნევდა კორუფციული გარიგებების თანამონაწილედ, მაგრამ ვერაფერი დაუმტკიცეს და ბოლოს ბოდიშიც კი გაგვიხდა იქით მოსახდელი. ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს. აუცილებელია, ყველა პროცედურის დაცვით მიმდინარეობდეს გამოძიებები და მერწმუნეთ, ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისჯება კანონით.  წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ ჩაკეტილ წრეზე სიარული მოგვიწევს და ვეღარ გავაღწევთ ამ წრიდან. რა თქმა უნდა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ჩემი აზრით, ეს პროცესი, ალბათ, უფრო სწრაფად წარიმართება.

_ ბატონმა ბიძინამ განაცხადა, რომ იგი აპირებს პოლიტიკიდან წასვლას. თქვენი აზრი ამის შესახებ: სად უნდა წავიდეს ასეთ დროს,  და აქვე მეორე კითხვაც: ვიცით, რომ დღეს პოლიტიკური ჯგუფები ივანიშვილს ემორჩილებიან ორი ძირითადი მიზეზის გამო _ პირველი ის, რომ მას აქვს მაღალი რეიტინგი და მეორე ის, რომ აკონტროლებს როგორც პირად კაპიტალს, ასევე ბიუჯეტს. დაემორჩილებიან კი მას და იქნება კი ის ასეთივე ანგარიშგასაწევი ფიგურა, თუკი მართლა წავა პოლიტიკიდან და, შესაბამისად, მისი ჭრელი გუნდი ხელში ჩაიგდებს ბიუჯეტის გაკონტროლების მექანიზმებს ან ამ გუნდს აღარ დასჭირდება ბიძინას  ფული?

_ არ მესმის თქვენი კითხვის არსი. რას ნიშნავს ხელში ჩაიგდებს? აბა, ახლა სად არიან? განა მათ სადმე რამის მიღწევა სჭირდებათ? სახელმწიფო და ხელისუფლება სწორედ ბიუჯეტის ხარჯზე უნდა არსებობდეს, აბა, სხვა შემოსავალი მას არც ექნება. იქნება ეს ივანიშვილი თუ ვინმე სხვა, ამ საკითხს მკაცრად კონტროლი სჭირდება და ის აუცილებლად მოახერხებს ამას. უპირველეს ყოვლისა კი, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ბიძინა უნდა წავიდეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ივანიშვილი ჯერჯერობით უნდა დარჩეს პოლიტიკაში. ხოლო ის, რომ იგი დიდი ხნით არ დარჩებოდა პოლიტიკაში, თავიდანვე ცნობილი იყო, მაგრამ ამ ეტაპზე აუცილებლად უნდა დარჩეს თავის პოსტზე და განაგრძოს მუშაობა. მისი წასვლის შემდეგაც მისი ავტორიტეტი და გავლენა საზოგადოებასა და ქვეყანაზე დიდი რომ იქნება, ეს არც არის გასაკვირი.

_ გახსოვთ, ალბათ, თინათინ ხიდაშელის ირგვლივ ატეხილი ხმაური, საგარეჯოს რაიონში თანხების მითვისებას რომ ეხებოდა. ამ საქმეზე დაკავებულთაგან ყველა გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ქალბატონმა თინათინმა განაცხადა, რომ ის საქმის კურსშია და იცნობს ამ ადამიანებს. შერჩევით სამართალთან ხომ არ გვაქვს საქმე?

_ გაშვება-არ გაშვებას სასამართლო წყვეტს. სასამართლო რომ ჩვენს ხელში არ არის, ეს თქვენც ძალიან კარგად იცით. ამ ფონზე არ იყო საჭირო მათი დაკავება. არც პროკურატურას მოუთხოვია აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება, პროცედურულად არ დარღვეულა. თინა როგორც ამბობს, იცნობს ამ ხალხს და იცის ამ საქმის შესახებ… ამ შემთხვევაში მეც არ მაქვს საფუძველი, მას არ ვენდო. მისი გადასაწყვეტია, ვის დაუდგეს თავდებში და ვის _ არა. ისე, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ისევ გრძელდება.

ესაუბრა  ეკა კახიანი

1 COMMENT

  1. ეს მასონი რესპუბლიკელები ვითომ არც მწვადს წვავენ და არც შამფურს, მაგრამ მეტრაკეების მხარეს მაინც არიან.

  2. ეს კაცი ქართველია? საერთოდ რას ერჩის ქართველობას. კომუნისტების დროსაც ქართველი ანუ მართლმადიდებელი ვიყავი და არავის არ დაუშლია ჩემთვის მართლმადიდებლობა, მაშინაც იყვნენ მეტრაკეები, მაგრამ არავინ არ ცდილობდა მათ რეკლამირებას. ახლა ამერიკელების დაფინანსებული არასამთავროები რომ გამოფენილან ქუჩაში რას ითხოვენ? რა უნდათ? იყვნენ თავისთვის და რაც უნდათ ის აკეთონ, ვინმე მისდევთ? რათ უნდა ამას აფიშირება? მაგრამ არა, ასეთი ხალხი რომ გეყოლება მთავრობაში და პარლამენტში ხან რუსეთის და ხანაც ამერიკის დაკრულზე უნდა იცეკვო. ვაი არა ამათ, არამედ ჩვენ პატრონს ხალხო, რომ ასეთ ტუტუცებს ვირჩევთ.

  3. რესპუბლიკელო, როგორი შენიღბული პასუხებიც არ უნდა გასცე, შენ მხარს უჭერ უზნეობას და გახრწნილებას.ებრძვი რელიგიას. რატომ არ სცემ პასუხს კითხვება? რატომ გადაგაქვს სხვა კონტექსტში,რატომ ახსენებ ყოველ წუთას მართლმადიდებლობას?იმიტომ, რომ მასონების პარტიიდან ხარ. იმიტომ, რომ მასონები ებრძვიან ტრადიციულ რელიგიას მთელ მსოფლიოში,იმიტომ, რომ ამერიკას არ სჭირდება მართლმადიდებელი საქართველო,რადგან ის არ არის მისთვის ადვილად სამართავი.

  4. მუნჯი-ს. არ არის მართალი, რომ კომუნისტები მართლმადიდებლობას არ გვიშლიდნენ. ათასამდე ეკლესია ვინ ააფეთქა? 30000 მღვდელი ვინ დახვრიტა? საქართველოში სულ 35 მოქმედი ეკლესია იყო. ამერიკელების ზიზღით კომუნისტებს ნუ შეიყვარებ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here