Home რუბრიკები პოლიტიკა რა უთხრა უმრავლესობასთან შეხვედრისას «ოცნების» დეპუტატმა პრემიერს და რატომ არ პატრონობს ივანიშვილი...

რა უთხრა უმრავლესობასთან შეხვედრისას «ოცნების» დეპუტატმა პრემიერს და რატომ არ პატრონობს ივანიშვილი თავის პარტიას

696

ყველას კარგად გვახსოვს «ქართული ოცნების» წინასაარჩევნო რიტორიკა, საარჩევნოდ დაპირებულმა სამართლიანობის აღდგენამ ჩაილურის წყალი დალია და გადაიქცა კოაბიტაციად. უცნაურია, რომ პარტია, რომელსაც აქვს 30%-იანი შედეგი არჩევნებში, ხელისუფლების 80%-ს აკონტროლებს და ეს არავის უკვირს საქართველოში. ბოლოს და ბოლოს, ხელისუფლებაში მოიძებნა ადამიანი, რომელმაც პარლამენტის ტრიბუნიდან თქვა თავისი და თავისი თანამოაზრეების სათქმელი. იმედია, ბატონ ომარ ნიშნიანიძის გამოსვლა არ დარჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, არამედ ადეკვატურ გაგრძელებას მიიღებს, თუმცა ვინ იცის… მთავარია კოაბიტაცია და ქვა ქვაზე ნუ დარჩენილაო, ამბობენ მავანნი და მგონი, პრემიერ-მინისტრიც ეთანხმება… «საქართველო და მსოფლიოს» «ქართული ოცნების» დეპუტატი _ ომარ ნიშნიანიძე ესაუბრა.


_ თქვენ პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადეთ, რომ მკვეთრად უარყოფითად აფასებთ იმ პროცესს, რომელსაც ახლა კოაბიტაციას უწოდებენ, თქვენს ამ გამოსვლას ძალიან მალე მოჰყვა უმრავლესობასთან პრემიერ-მინისტრის შეხვედრა, ხომ არ იყო ეს არაპირდაპირი პასუხი თქვენს გამოსვლაზე?

_ რა თქმა უნდა, ჩვენ ეს აღვნიშნეთ, ერთ-ერთი კობა დავითაშვილი იყო, მას ისევე, როგორც მე, ძალიან არ მოსწონს ლმობიერი და დამთმობი პოლიტიკა «ნაციონალური მოძრაობის» მიმართ. ახლა მკვეთრ გამონათქვამებს რაც შეეხება, შეიძლება ამ გამონათქვამების სტილი შეიცვალოს, მაგრამ მე კვლავ ვრჩები იმ აზრზე, რომ «ნაციონალური მოძრაობა» საქართველოსთვის იმდენი უბედურების მომტანია, რომ უნდა მივუჩინოთ თავისი ადგილი, ამიტომ, როცა საჭირო გახდება, უფრო მკვეთრადაც გამოვხატავ ჩემს პოზიციას. ასეთი ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული პარტია საქართველოში უნდა აიკრძალოს, დიახ, ასეთი ფაშისტური სტილის პარტია უნდა აიკრძალოს საქართველოში! ეს ჩემი პირადი აზრია, ჩვენი ლიდერი კი მოგვიწოდებს მკვეთრი გამონათქვამებისგან თავშეკავებისკენ, მაგრამ გეტყვით, რაც ხდება. აი, მე რა დავინახე ამ მოწოდებაში _ მკვეთრი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისგან თავი შეიკავეთ და იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც სურვილი აქვთ, «ნაციონალური მოძრაობა» დატოვონ, ლმობიერნი იყავითო, ანუ  «ნაციონალური მოძრაობის» ის წევრები, რომლებიც წამოვლენ პარტიიდან, მოინანიებენ ცოდვებს, მიწას მიაყრიან წარსულს, რეალურად შეაფასებენ განვლილ გზას, გვერდით დაუდგებიან არა ჩვენს მოძრაობას, არამედ სახელმწიფოს, შეიძლება მისაღებნი გახდნენ ჩვენთვის. ეს დავინახე პრემიერის მოწოდებაში. ხოლო ვინც არ ინანიებს და კვლავ აგრძელებს თავის საქმიანობას, მათთან შერიგება და კოაბიტაცია კარგა ხანია დამთავრებული მაქვს. მე ამ პოზიციაზე ვდგავარ. ადამიანებთან, რომლებსაც ოდნავი სინანულის გრძნობა არ აქვთ, თუნდაც იმ სამალავებში აღმოჩენილ კადრებსა და ათას უბედურებასთან დაკავშირებით ნიანგის ცრემლებს რომ ღვრიან, კოაბიტაცია დამთავრებული მაქვს და არა მარტო მე, არამედ უმრავლესობის დიდ უმრავლესობას.

_ პარლამენტში თქვენსავით ბევრი ფიქრობს? სად არიან ისინი? ხალხი ვერ ხედავს მათ პოზიციას…

_ რა არის, იცით, თქვენც უნდა გაგვიგოთ, ისინი ტრიბუნას მიუჩვეველნი არიან… აი, მეც კი, 30 წელიწადია ლექციას ვკითხულობ, ტრიბუნაზე ვდგავარ, მაგრამ მიჭირს. გვისაყვედურეს კიდეც ერთხელ კანონშემოქმედებაში მოიკოჭლებთო, მაგრამ ამის სწავლაც შეიძლება. ძველ ეგვიპტურ იეროგლიფურ დამწერლობას ავუღე ალღო და ამას როგორ ვერ ვისწავლით? სპორტსმენებს აქვთ მკვეთრი პოზიცია, მაგრამ უჭირთ ტრიბუნასთან «ნაციონალების» წინააღმდეგ არგუმენტირებულად საუბარი, თუმცა ისინი თავიანთ პოზიციას ნებისმიერ ადგილას აფიქსირებენ. გარწმუნებთ, რომ უმრავლესობის უმრავლესობა ამ პოზიციაზე დგას. მეც არ ვჩანდი აქამდე, მაგრამ ამოვიდა ყელში და, ბოლოს და ბოლოს, ვთქვი სათქმელი. მოვა დრო და ისინიც ალაპარაკდებიან, ეჭვიც არ მეპარება. გამაგებინეთ, მიშასთან რა კოაბიტაცია შეიძლება, დადის აქეთ-იქით (მოლდოვაში რა გააკეთა!) და «ქართული ოცნების» საწინააღმდეგოს კი არა, ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდას ეწევა. ამათთან როგორ შეიძლება კოაბიტაცია. იმათთან კი, ვისაც ოდნავი სინანულის გრძნობა დაეუფლება, კი, ბატონო. მაგრამ გივი თარგამაძეებთან და ჩიორებთან თუ ბეღურებთან კოაბიტაცია გამორიცხულია.

_ გიგა ბოკერიამ და გიგი უგულავამ რომ მოინანიონ, შეიცვალონ პოზიცია, მიიღებს «ქართული ოცნება» თავის რიგებში მათ?

_ გიგა ბოკერიამ და გიგი უგულავამ რომც მოინანიონ, მათთან კოაბიტაცია გამორიცხულია, ასევე, ჩიორასა და გივი თარგამაძეს ხელს ვერ ჩამოვართმევ, გამარჯობას ვერ ვეტყვი, გვერდს ავუვლი! შეიძლება რაღაც ცოდვა მოინანიოს კაცმა, მაგრამ ბევრი რამ უპატიებელია. მათ ისეთი რა უნდა გააკეთონ, რომ შევურიგდე. ასე ფიქრობენ სხვებიც უმრავლესობაში. 

_ და რით ხსნით იმ ფაქტს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ «ნაცები» ამბობდნენ, კლასი უნდა გაქრესო, ივანიშვილი კი არაეთიკური გამონათქვამების წინააღმდეგიც კი არის?

_ მას მიაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან წამგებიანი იქნება, თუ «ნაციონალურ მოძრაობაში» არსებულ რეალურ ძალას ხელს ვკრავთ, ვგულისხმობ, არა იმ ერთეულებს, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ და რომლებიც მიუღებელნი არიან, ალბათ, თვით პრემიერისთვისაც, არამედ იმ ძალას, რომელიც დაბალ ეშელონებშია, შეიძლება პარლამენტშიც არის რამდენიმე ადამიანი. აი, მათზე უარის თქმა არ შეიძლებაო. მას არ უნდა, რომ «ქართული ოცნება» რაღაც მონსტრად გადაიქცეს.

ფაქტობრივად, ჩვენ, პარტია «ქართული ოცნება», უპატრონოდ ვართ. და მე ვუთხარი კიდეც შეხვედრაზე ეს ბატონ ბიძინას. ყველა პარტიას ჰყავს პატრონი, აი, რესპუბლიკელებს პარლამენტის თავმჯდომარე ჰყავთ, «თავისუფალ დემოკრატებს» _ ალასანია, ძალიან აქტიურნი არიან საგარეო და საკადრო პოლიტიკაში, რაიონებშიც აქტიურობენ, ბუნებრივია, ამის გამო ჩვენ ვერ ვუსაყვედურებთ მათ, ჩვენ კი არავინ გვყავს. რესპუბლიკელებისთვის თავიანთი ფრაქცია პარლამენტში პარტიული ცხოვრების ძლიერი რგოლია; ჩვენ, «ქართული ოცნების» ფრაქცია, ამას ვერ ვგრძნობთ, ჩვენ არ ვართ პარტიული მუშაობის მნიშვნელოვანი რგოლი, ჩვენს დეპუტაციას ამ მხრივ მხარდაჭერა არ აქვს. აი, იმავე თერჯოლაში «ქართული ოცნების» თავმჯდომარედ სხვა პარტიის (არ მინდა დავასახელო) ლობირებით მივიყვანეთ კადრი და ახლა გამგებლად გადაჰყავთ იმავე პარტიის ლობირებით. აქეთ მეორე პარტიის ლობირებით კვლავ მოდის ჩვენთან თავმჯდომარე და ჩვენ კი ვართ გულხელდაკრეფილნი. ჩვენ ისევ ჩვენი პარტიის ხელმძღვანელობა არ გვაქცევს ყურადღებას.

_ სხვათა შორის, რაიონებში ხალხი «ქართული ოცნებით» უკმაყოფილოა…

_ დიახ, და ჩვენ ვთხოვეთ პრემიერს, რომ მეტი ყურადღება მიექცია პარტიისთვის, რადგან, სიმართლე გითხრათ, ჩვენ ცოტა გარიყულებივით ვართ. გეთანხმებით, ძალიან უკმაყოფილოა ხალხი და ჩვენ სწორედ ეს ავუხსენით პრემიერს. ის ადამიანები, რომლებიც მართლა სასწორზე დებდნენ თავს, ოჯახებსა და შვილებსაც კი, ფაქტობრივად, გადაგდებულები არიან. თუნდაც მისი განცხადება ავიღოთ (პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე), ესეც გარკვეულწილად აშფოთებს ხალხს, თუმცა მას უფლება აქვს, ნებისმიერ დროს წავიდეს, უფრო სწორად, იმ დროს, როდესაც ქვეყანა დალაგდება. მაგრამ ამ წუთას ჩემს მეზობელ სპირიდონასა და ფაციას როგორ ავუხსნა მე ეს? (ნერვიულობს ის ადამიანი, შვილი რომ უწამეს და ათასი უბედურება გადაყარეს, სკამის ფეხებით გააუპატიურეს). დიახ, როგორ ავუხსნა, ეშინია მას, ფიქრობს, ვაითუ შემობრუნდეს «ნაციონალური მოძრაობაო», რადგან ყველგან ძველ სახეებს ხედავს. ამას ხომ ახსნა უნდა? ეს განცხადება ქვეყნის გარეთაც გვიქმნის გარკვეულ პრობლემებს, თუნდაც ინვესტიციების მხრივ. შეიძლება ეს განცხადება ცოტა ნაადრევიც იყო და შემდეგ ამიტომ თქვა, რომ არსადაც არ წავა, სანამ ქვეყანას არ დაალაგებს. ვიმეორებ, ვთხოვეთ, ყურადღება მოექცია ჩვენთვის, პარტიული ოფისებიც კი არ გვაქვს ყველგან. დაფინანსება «ნაციონალურ მოძრაობას» რომ აქვს, იმის მეოთხედი თუ მეხუთედი გვაქვს ჩვენ. არადა, მმართველი პარტია კი გვქვია.

_ და რა გიპასუხათ? იცით, საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ ეს პროცესი –კოაბიტაცია არის საარჩევნო დაპირების დარღვევა… სერიოზული ცვლილებები არ მომხდარა, თანამდებობებზე ისევ სხედან «ნაციონალები», ის ადამიანები, რომლებიც ხალხს ატერორებდნენ….

_ მე ხშირად ვისმენ ამას, ჩვენ ხომ ხალხში ვტრიალებთ და ვუთხარით კიდეც პრემიერს ეს ყველაფერი _ რომ ხალხი წუხს ამაზე, საქმეც ზარალდება, პარტიული კუთხითაც ვზარალდებით. არ შეიძლება არჩევნებში დამარცხებული პარტია გამარჯვებულზე ასჯერ უკეთესად იყოს.

ესაუბრა ქეთი ხომერიკი

5 COMMENTS

  1. ფართოდ გავრცელდება გამოთქმა «ეს ვინ დაგვასვა თავზე!». თუ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის წლებში არ გადაიდგმება რეალური ნაბიჯები ავტორიტარიზმიდან დემოკრატიისკენ, სავარაუდოდ, სწორედ ასეთ ფინალს ვიხილავთ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს წარმოუდგენელი ჩანს.

  2. ბატონო ომარ!
    როგორც ვხედავ და თქვენც აღიარებთ, ძალიან ცუდ დღეში ვყოფილვართ თუ გამარჯვებულ პარტიაზე ასჯერ უკეთესადაა ნაციონალები და რესპუბლიკელები. ეს კატასტროფის ტოლფასია და დროზე უნდა შველა. თქვენ უნდა მიხედოთ ამ საქმეს, გეტყობათ ჭკვიანი კაცი ხართ. დავიღუპებით თუ ამ ორმა პარტიამ ჩაიგდო ხელში საჯიჯგნად საქართველო.

  3. რასაც ეს ადამიანი მართალია,მაგრამ გააჩნია ვინ და როდის ამბობს…ეს ჯეელი,მთელ ქუთაისს ახსოვს როგორ ,,ელაქუცებოდა"შაშინგტონს(შაშიაშვილს),მერე კაკოია ბობოხიძის დახმარებით როგორ მოიწყო ცხოვრება…მოკლედ,ომარა,,სუნელი"(ქუთაისურად)კი არაა,ახლა გადაეწყო ბიძინაზე.

  4. ომარ,

    არ დაიხიო უკან, შეუტიე, პრემიერი შეუცდომელი არ არის, არც პარტიის მნიშვნელობა ესმის /მე ასე ვფიქრობ/…

    პარტიას რომ დაფინანსება და ოფისები ჭირდება ახალი ამბავია თუ რა?

    რესპ-დემ-ნაცურ მატარებელი კარგა ხანია გავიდა სადგურიდან და ოცნებისათვის ბილეთების გაგზავნა "დაავიწყდათ’…

    ეს იცი რასაც ნიშნავს ქუთაისურად…

    გეუბნებიან – "თუ ტრ-კი გაქვთ დაგვეწიეთ და შემოახტით გაქცეულ მატარებელსო!"

    სანამ მაგათ ქუთაისურად, გაქცეულებს არ ჩააჯ..ვინებთ, მანამ ასეთ აფსაითში იქნებით…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here