Home რუბრიკები პოლიტიკა ლალი მოროშკინა: ცხინვალის ციხეში არ მინახავს ისე დამცირებული ჩვენი პატიმრები, როგორც აქ,...

ლალი მოროშკინა: ცხინვალის ციხეში არ მინახავს ისე დამცირებული ჩვენი პატიმრები, როგორც აქ, _ ისინი ტყვეებს ჰგავდნენ

813

რამდენიმე დღეა, რაც საინფორმაციო სააგენტოები ლალი მოროშკინას კომენტარს აქვეყნებენ. ის წერს, რომ კადრებს, რომლებმაც მთელი საქართველო შეძრა, იღებდნენ იმიტომ, რომ სააკაშვილს აღაგზნებდაო. მაგრამ მოროშკინათი «საქართველო და მსოფლიო» მხოლოდ ამ განცხადების გამო არ დაინტერესებულა, მასთან ბევრ სხვა თემაზეც ვისაუბრეთ, როგორიცაა: კოაბიტაცია დამნაშავეებთან, ციხეში არსებული პრობლემები… იმ მთავარ დღეზეც, სექტემბერის თვეში, რომელმაც «ნაცების» რეჟიმი დაანგრია და როდესაც ლალი მოროშკინა 4500 პატიმრის წინაშე თითქმის მარტო აღმოჩნდა; ვისაუბრეთ წიგნზე «გისოსებს მიღმა საქართველოა», რომელმაც უკონტროლო პატიმრები დააშოშმინა.

_ ქალბატონო ლალი, როდის დაიწყო თქვენი დაინტერესება ციხეში არსებული პრობლემებით, რა ინფორმაციას ფლობდით?

_ პატიმრების ბედით ჩემი დაინტერესება ცოტა ადრე დაიწყო. 2001 წელს მინისტრის მოადგილე ვიყავი კონფლიქტების საკითხებში, ეს სფერო ჩემთვის უცხო იყო, ახალგაზრდა კადრი ვიყავი, მაშინ პირველი, რაც ვიკითხე, იყო ის, ცხინვალსა და სოხუმში თუ იყვნენ ქართველი პატიმრები. აღმოჩნდა, რომ პატიმრები იქაც იყვნენ და თბილისსა თუ სხვა ქალაქებში განთავსებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებებშიც უამრავი ოსი პატიმარი იყო. ეს ამბავი რომ გავიგე, მივედი მაშინდელ პრეზიდენტთან _ ედუარდ შევადრნაძესთან და ვუთხარი, რომ ცხინვალის ციხეებში ქართველი პატიმრები უპატრონოდ არიან-მეთქი, მიპასუხა, რომ ამ დრომდე ამ საკითხით არავინ დაინტერესებულა და, რადგან შენ დაინტერესდი, მიხედეო. როგორც კი თანხმობა მივიღე, მაშინვე წავედი ე. წ. სამხრეთ ოსეთში და კოკოითის შევხვდი. ეს არ იყო ადვილი საქმე, მაგრამ კოკოითი ცუდად განწყობილი არ იყო და თქვა, რომ პატიმრებს გაგატანთ, მაგრამ საქართველოშიც სხედან ჩვენი ხალხი და თქვენც იგივე გააკეთეთო. პატიმრები გამომატანა, მათ შორის ქალებიც იყვნენ.

თბილისში რომ დავბრუნდი, ყველა მოვიძიე და აღმოვაჩინე, რომ ჩვენთან მათი თოთხმეტი ადამიანი იყო, მათ შორის, პოლიციის უფროსი. მაშინ ციხე ხონში იყო, იქ ჩავედი, ჩავისვი საკუთარ მანქანაში და ცხინვალში გადავიყვანე. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ შორის ცუდი ურთიერთობა არ ყოფილა, მაგრამ «ვარდების რევოლუციამ» ეს პროცესები სრულიად შეაჩერა და მოსპო.

ჩემთვის ციხე ყოველთვის მტკივნეული თემა იყო. იმ პერიოდში მქონდა არასამთავრობო ორგანიზაცია «ჩემი საქართველო» და ჩვენ მაშინ ყოველთვის დავდიოდით ციხეებში, განსაკუთრებით ქალთა საპყრობილეებში, ვცდილობდით, შეგვემსუბუქებინა მათთვის გაუსაძლისი ყოფა. მას შემდეგ კი, რაც სააკაშვილმა 2006 წელს ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა, ქვეყანაში საშინელება დაიწყო. ვფლობდი ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ბალანსი. ჩვენისთანა პატარა ქვეყანას არ შეიძლებოდა, რომ 6 ათას პატიმარზე მეტი ჰყოლოდა. თანაც თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს მხოლოდ 4 ათასი პატიმარი ჰყავს, ჩვენ ყველაზე უარესები როგორ აღმოვჩნდით?! ქვეყანაში პატიმართა რიცხვის ზრდა კატასტროფულად რომ დაიწყო, ძალიან დავინტერესდი მდგომარეობით, ვცდილობდი, რომ ჩემი ნაცნობი პატიმრებისთვის დღესასწაულებზე მაინც საჩუქრები მიმეტანა და მათთან წერილობითი ურთიერთობა მქონოდა. ისინიც ღიად ვერა, მაგრამ მაინც მიმანიშნებდნენ გაუსაძლის ყოფაზე, შემდეგ ინფორმაციას მათ ადვოკატებთან ვამოწმებდი და ასე ვიგებდი ბევრ რამეს. პატიმრების მშობლები სანახავად რომ მიდიოდნენ, მათ გულახდილი საუბრის საშუალება არ ჰქონდათ და ამიტომაც შვილებს სთხოვდნენ, რომ მაისურები აეწიათ და სხეული დაენახებინათ, ძალადობის კვალი თუ ჰქონდათ. პატიმრებს არ ჰქონდათ საშუალება, რომ ადვოკატთან ესაუბრათ, ყველაფერი ისმინებოდა, მაგრამ წერილებით, რომლებშიც რაღაც გარკვეული, ასე ვთქვათ, «ცინკები» მოვიფიქრეთ, ვახერხებდით ამბის შეტყობას.

მივიღე გადაწყვეტილება, რომ წიგნი დამეწერა, პატიმრებიც თანახმანი იყვნენ. მაქვს ასეულობით პატიმრის წერილი, რომლის პათოსსაც ვერ გადმოგცემთ, ეს, ალბათ, ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრეა. ჩემი წიგნი  «გისოსებს მიღმა საქართველოა» გამოიცა. მასში ბევრმა ადამიანმა საკუთარი თავი იცნო. იმ პერიოდში სასჯელაღსრულების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე იყო და გავიგე, რომ წიგნის გამოსვლის შემდეგ ორი პატიმარი, სასტიკად ნაცემები, კარცერში ჩაუსვამთ. ბედნიერი ვარ, რომ ისინი გადარჩნენ, დღეს უკვე გარეთ არიან, მართალია, ჯანმრთელები არ არიან, მაგრამ ცოცხლები არიან.

როდესაც ციხის საზარელი კადრები გამომზეურდა, მაშინვე მე-8 საპყრობილისკენ დავიძარი, იყო უამრავი ხალხი, მოდიოდნენ, რითაც შეეძლოთ, მე ვამბობდი, რომ წრე შეგვეკრა, რადგან, თუ იქ ახალგაზრდები გადაძვრებოდნენ, მათ აუცილებლად ესროდნენ. მოვიდნენ მღვდლები, დედა თამარი მოვიდა, დღემდე არ ვიცი, ეს ქალბატონი რომელ ტაძარშია, ყავარჯნებით მოვიდა, მითხრა ტელევიზორში გნახე, რა მდგომარეობაში ხარო. ზოგადად პათოსს მოკლებული ადამიანი ვარ, მაგრამ ამ თემაზე როცა იწყება საუბარი, «სახურავი მძვრება», ისეთი რაღაცები გადავიტანე…

ისეთი საშინელება მაქვს ნანახი, რომ სულ ვამბობ, სექტემბრის დღეების შემდეგ ორი ლალი არსებობს, ამიტომაც თამამად ვამბობ, რომ ძალიან ბევრ რამეზე მაქვს პრეტენზია.

_ რაზე გაქვთ პრეტენზია?

_ პირველი, რასაც ვითხოვ, რეჟიმის გასამართლებაა. არც ერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, რომლის ხელიც ამ სისასტიკეში ერია, ბავშვების გაუპატიურებაში მონაწილეობდა და ბრძანებას გასცემდა. რაც მე ჩემი თვალით ვნახე, ამის გადმოცემა შეუძლებელია, ცხინვალის ციხეში არ მინახავს ასეთი დამცირებულები ჩვენი პატიმრები, როგორც აქ, ისინი ტყვეებს ჰგავდნენ. მე და ლალი აფციაური ვართ ის ადამიანები, რომლებიც საჭირო დროს იმ ადგილას რომ არ ვყოფილიყავით, ათასობით ადამიანი დაიღუპებოდა, ამაში ვერავინ შემომედავება. ამიტომაც ვითხოვ ყველა იმ ადამიანის დასჯას, რომლებმაც ეს ჩაიდინეს.

იმ ღამესვე დიმიტრი ლორთქიფანიძესთან ერთად მოვინახულე ყველა ახალგაზრდა. შევედით ფსიქიატრიულში და აღმოვაჩინეთ, რომ ფსიქიურად დაავადებული არავინ იყო. ისინი, უბრალოდ, წინა დღეს მორგში ჩაიყვანეს, საშინელებები აჩვენეს, მერე გაუპატიურება აყურებინეს და ფსიქიატრიულში მოათავსეს.

_ ლოგიკური იქნება, თუ ვიკითხავ: ხართ თუ არა კოაბიტაციის მომხრე, რომელსაც ასე გვაძალებენ?

_ ამ დროს ორ ნაწილად ვიყოფი: ერთი არის ლალი მოროშკინა, რომელსაც ესმის ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვა, ესმის, რომ აუცილებელია, შევასრულოთ, რასაც მსოფლიო გვავალდებულებს, ესმის ისიც, რომ პრეზიდენტი არ უნდა გასამართლდეს და ჯობია ოქტომბრამდე მივიყვანოთ. და არის მეორე ლალი, რომელიც მარტო იდგა 4500 პატიმრის წინ, ასეთ შემთხვევში კი ძალიან მიჭირს კოაბიტაციაზე საუბარი, ან ვისთან ვისაუბრო?! ადამიანებთან, რომლებიც ახალგაზრდებს განზრახ «აქათმებდნენ»?! ჩვენ ვიცით იმ დამნაშავეების სახელები და გვარები, რომლებსაც ათობით ადამიანი ჰყავთ გაუპატიურებული, ახლახან შევიტყვე, რომ პრეზიდენტს ერთ-ერთი მათგანი შეწყალებით გამოუშვია. წინა ხელისუფლების მიმართ ლოიალური, ალბათ, ყველაზე მეტად მე უნდა ვიყო, რადგან ბევრ მათგანთან ბავშვობა მაკავშირებს, მათ შორის, პრეზიდენტთან, მაგრამ ისეთი რამ ვნახე, რასაც არ ვუსურვებ არავის. ეს რომ პატიმრების პატრონებს ენახათ, ლინჩის წესით გაასამართლებდნენ ყველა მათგანს.

_ დღეს, როდესაც დაუსჯელად დადის ბევრი დამნაშავე, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა საშიშროება, რომ ყოფილმა პატიმრებმა შურისძიება თავად გადაწყვიტონ?

_ რა თქმა უნდა! მათ აქვთ ბოღმა, მათ იციან ყველას მისამართი და აუცილებლად დაიწყებენ შურისძიებას. გამოვიდნენ ციხეებიდან და გარეთ არაფერი დახვდათ, რამდენი პატიმარი უკან შემობრუნებულა და ადმინისტაციის თანამშრომლებისთვის ტაქსის ფული უთხოვია, რადგან კართან არავინ ელოდებოდა, მათ ოჯახები დაკარგეს. მე ზუსტად ვიცი, რატომ არ დაწყებულა ჯერ ლინჩის წესით დასჯა, იმიტომ, რომ ცუდად არიან, რეაბილიტაციას გადიან, როგორც კი მომძლავრდებიან, აუცილებლად დაიწყებენ შურისძიებას, რისიც ძალიან მეშინია; არ მინდა, სისხლის მორევში აღმოჩნდეს ქვეყანა, შურისძიებას კარგი არაფერი მოჰყვება, რადგან ამ დროს შესაძლებელია ბევრი უდანაშაულოც დაისაჯოს.

_ ბედუკაძის თემას შევეხოთ, პირდაპირ გკითხავთ: სწორი გადაწყვეტილება მიიღო თუ არა კბილაშვილმა, როდესაც იგი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა?

_ ასეულობით პატიმარი, რომლებიც მე ვნახე, ამბობდა ერთ რამეს: თვეობით კბილის პასტა რომ არ გვქონდა, ბედუკაძეს შემოჰქონდაო, ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც ყურადღებას გვაქცევდაო. ჩემთვის ეს საკმარისი აღმოჩნდა: მან რეალურად სისტემა დაანგრია! არის კიდევ ერთი რამ _ ვინ ყვირის და მოითხოვს მის დასჯას. მათ, «ნაციონალებს», არ აინტერესებთ არც ბედუკაძე, არც ნაწამები და არც მწამებლები, თორემ ერთმანეთს დასჯიდნენ. მათ, უბრალოდ, იციან, რომ მალე დადგება ოდიოზური ფიგურების პასუხისმგებლობის საკითხი და ამიტომაც უნდათ, რომ კბილაშვილი მოიშორონ.

_ კულუარებში ამბობენ, რომ კბილაშვილს მაინც მოხსნიანო…

_ კბილაშვილი თუ მაინც მოხსნეს, ეს არ იქნება დაკავშირებული ბედუკაძის საქმესთან. მე, როგორც ახალი მთავრობის გულშემატკივარი, ვფიქრობ, რომ არ უნდა დადგეს არჩილ კბილაშვილის მოხსნის საკითხი. თუ პოლიციელს ვაძლევთ უფლებას, რომ, როგორც უნდა, ისე გადაწყვიტოს მძღოლის გაჩერებისა და დასჯის საკითხი, მთავარ პროკურორს რატომ არ ვაძლევთ უფლებას, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ისე, როგორც თვლის საჭიროდ და რის უფლებასაც კანონი აძლევს?!

_ ამბობენ, რომ დღეს ციხეებში წამალს «რაგატკით» ისვრიანო.

_ ნორმალურ ქვეყანაში ციხეში კრიმინალები სხედან, მათი ფსიქოლოგია ასეთია, რაღაცით გაერთონ, ეს იქნება წამალი, კონფლიქტი თუ სხვა რამ. ჩვენც სწორედ ამისთვის ვარსებობთ, რომ მოვაწესრიგოთ ეს პრობლემა. გარდამავალ პერიოდში ასეთი რამ მოხდება.

_ სააკაშვილზე უნდა გკითხოთ. თქვენ ამბობთ, რომ ვიდეოკადრები, რომელთაც ფირზე აღბეჭდავდნენ, სააკაშვილს აღაგზნებდა და ამ მიზნით კეთდებოდაო.

_ იგივე განცხადება ბესელიამაც გააკეთა.

_ თქვენ მის ქალებზეც საუბრობთ და ამბობთ, რომ ყველა მათგანის გვარი იცით.

_ სამწუხაროდ, იმაზე მეტი კახპა გვყოლია, ვიდრე გვეგონა. ესენი არ არიან ისინი, ვინც საზოგადოებისთვის ცნობილები არიან, ესენი არიან ჩვეულებრივი ქალები და ვიდეოკადრები მათზეა გადაღებული. მე მათ გვარებს არ დავასახელებ.

_ ალბათ, თქვენი შიში აქვთ.

_ ჩემი შიში უნდა ჰქონდეთ კიდეც, ყველა მათგანი ვიცი.

_ ე.ი. თქვენ გინდათ თქვათ, რომ ამდენი წლის განმავლობაში ჩვენ ავადმყოფი კაცი გვყავდა პრეზიდენტად?

_ პრეზიდენტი რომ ავადმყოფი გვყავდა, ეს უკვე დიდი ხანია ყველამ კარგად იცის, პირადად მე ამის შეახებ 2003 წელს ხმამაღლა ვთქვი.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here