Home რუბრიკები საზოგადოება სანამ ჯერ კიდევ დროა, ანუ ვაის გაყრილები უის რომ არ შევეყაროთ

სანამ ჯერ კიდევ დროა, ანუ ვაის გაყრილები უის რომ არ შევეყაროთ

740

საქართველოს მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ბევრჯერ ჰქონია ძნელბედობის ჟამი, როცა ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი იდო სასწორზე. ირგვლივ მტრებით გარშემორტყმული ქვეყანა მუდმივად ომში იყო ჩაბმული და, როგორც იტყვიან ხოლმე, ქართველებს ცალ ხელში ხმალი ეჭირათ, მეორეში კი _ გუთნის სახელური. ომში იწრთობოდა ქართველი კაცის სული, ამავე დროს მის შინაგან ბუნებას, პიროვნულ მეს აყალიბებდა მართლმადიდებლური რელიგია, ახალ სიცოცხლეს ანიჭებდა მას. ასე განახლდა ქართველი კაცის სისხლი, რომელიც კოლხ-იბერთა მოდგმიდან მოედინებოდა, და ქრისტეს ჯვრით შეკრულ სანათესაოს საქართველო ეწოდა.

არის სიკეთე და არის ბოროტება. არის ყოვლისშემქმნელი ძალა _ ღმერთი და არის ყოვლისდამანგრეველი ძალა _ სატანა. მატერიალური სამყარო მათი ჭიდილის არეალია. ჩვენი პლანეტა მუდმივად შფოთავს ამ ორი ძალის უსასრულო შეტაკებათა გამო. პატარა საქართველო კი ამ შეტაკებათა ერთ-ერთი ეპიცენტრია როგორც გეოგრაფიულად, ასევე სულიერად. ჩვენი ისტორიული ხვედრია ის, რომ მცირერიცხოვან ქართველობას უზარმაზარი იმპერიების (როგორებიც იყო ჯერ რომის, შემდეგ ოსმალეთის, სპარსეთისა და რუსეთის იმპერიები) არეალს შიგნით მოუწია არსებობა და ეს იმპერიები რადიკალურად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, როგორც რელიგიური შეხედულებებით, ასევე კულტურული მემკვიდრეობითა და ზნე-ჩვეულებებით. ასეთი იმპერიების შუა მოქცეული პატარა საქართველოსთვის ყოველგვარი პირობები იქმნებოდა გაქრობის, განადგურებისა და ასიმილაციისთვის და, თუ აქამდე მოვაღწიეთ, ჩვენმა სარწმუნოებამ გადაგვარჩინა, მისგან აღმოცენებულმა ტრადიციებმა, ზნე-ჩვეულებებმა და საყოფაცხოვრებო რიტუალებმა.

ისიც ღვთის წყალობად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ სამხრეთით ორი ყოვლისწამლეკავი მუსლიმანური იმპერიების პარალელურად, ჩრდილოეთით მართლმადიდებლური არეალი გვერგო მოსაზღვრედ. აბა, წამით წარმოიდგინეთ, არაქრისტიანულ რკალში მომწყვდეული საქართველო რა დღეში აღმოჩნდებოდა, რომ არა ის არეალი და სივრცე, რომელიც ტყვეობიდან გამოქცეულმა დავით გურამიშვილმა გამოიარა და, გონწასულს მკერდზე ჯვარი რომ უპოვეს, ყველაფერი იღონეს მის გადასარჩენად. მან არ იცოდა, სად გარბოდა და გზაარეული მივიდა იქ, სადაც უნდა გადარჩენილიყო. ეს ჩვეულებრივი ამბავი როდია, არამედ ღვთის მიერ გამოგზავნილი წერილი იყო, რომელიც ჩვენ, ქართველებს, სწორად უნდა წაგვეკითხა.

ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება, მაგრამ აქვს თუ არა სიკვდილის უფლება _ ეს არც ერთ კანონში არ წერია, ვინაიდან მხოლოდ სიცოცხლეს სჭირდება დაცვა, არსებობა, ზრუნვა. ცოცხალი არსება თავისუფლებისკენ ისწრაფვის. თავისუფლება კი თავისი არსით ვერ ჰგუობს ვერანაირ შეზღუდვას. ამიტომაც არის შემზღუდავი კანონები მოდასავით რომ იცვლება. ბიბლიიდან გვემცნო, რომ აკრძალვა სამოთხეშივე დაუწესა ადამსა და ევას ღმერთმა. მათ არ უნდა ეჭამათ ბოროტისა და კეთილის შემეცნების ნაყოფი, ვინაიდან სასუფეველში აბსოლუტური სიკეთე სუფევს, ამდენად, არც არჩევანის საშუალებაა. სატანამ აცდუნა ევა, იდილიურ თანხმიერებაში დისონანსი შემოიტანა გველმა. აქედან დაიბადა არჩევანის განცდა, რომელიც სამართლიანობის საფუძვლად იქნა მიჩნეული. დღეს კაცობრიობა ქადაგებს, რომ მხოლოდ არჩევნების გზით დამყარდება მშვიდობა და თავისუფლება, მაგრამ არის ერთი ჭეშმარიტებაც: რაც უფრო ფართოა არჩევანის საშუალება, მით უფრო მეტია შეცდომის დაშვების შესაძლებლობა. კიდევ ერთი რამ არის საგულისხმო: არის თუ არა საზოგადოება მზად თავისუფალი არჩევნებისთვის? სამწუხაროდ, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე ჩატარებულ არჩევნებს თუ განვიხილავთ, ზედაპირზე ამოტივტივდება მახინჯი მოვლენები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ არჩევნების შინაარსთან. ჩვენდა საუბედუროდ, ქართველებს არჩევნები შურისძიების საშუალებად გვექცა. შევარდნაძის მმართველობით გამწარებულმა ხალხმა დაუფიქრებლად მისცა ხმა სააკაშვილს, ოღონდ შევარდნაძე შეიცვალოს და, ვინც გინდა, იყოსო. ახლაც იგივე განმეორდა, ხალხმა სააკაშვილის წასვლას მისცა ხმა, თორემ ივანიშვილის პოლიტიკური მოღვაწეობა აქამდე არავის გაუგია, ის მხოლოდ რუსეთში ნაშოვნი მილიარდებით იყო ცნობილი. კიდევ ერთი არჩევნების დღე ახლოვდება საქართველოში, ოქტომბრის ბოლოს ქართველმა ხალხმა მორიგი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს.

მოდით, ორიოდე სიტყვით აღვნიშნოთ, თუ ვინ შემოვუშვით პარლამენტში ბოღმიანი «არჩევნების» შედეგად! კოალიციაში უმთავრესი ძალა გახდა რესპუბლიკური პარტია, რომელსაც აქამდე ჩატარებულ არც ერთ არჩევნებში მხარს არ უჭერდა ქართველი ხალხი, და რომელთა საარჩევნო ხმები 0,3 პროცენტს არ აღემატებოდა. ახლა ისინი ქმნიან პოლიტიკურ ამინდს საქართველოში, ივანიშვილს კი ფარად იყენებენ. ასე და ამგვარად, გაიმარჯვა იმან, ვინც ხალხს არ უნდოდა. რესპუბლიკელები თავიანთი მრწამსითა და პოლიტიკური ორიენტაციით არ განსხვავდებიან «ნაციონალური მოძრაობისაგან». რესპუბლიკელები მფარველობენ ჰომოსექსუალებს, ხელს უწყობენ მათ გამრავლებას; რესპუბლიკელები ებრძვიან მართლმადიდებლობას და ხელს უწყობენ ათასგვარი სექტის მოღონიერებასა და გავლენის გაძლიერებას საქართველოში; რესპუბლიკელები ამახინჯებენ ეროვნულ თვითშეგნებას, ებრძვიან ტრადიციას… ამიტომ არ აძლევდა მათ ქართველი ხალხი არჩევნებში ხმას, მაგრამ ივანიშვილს ამოფარებულებმა მოულოდნელად ლამის მთელი ქვეყანა ჩაიგდეს ხელთ. ასევე შემოიძურწნენ პარლამენტში ყოფილი მხედრიონელებიც. ნუთუ ვაის გავეყარეთ და უის შევეყარეთ? ასეთი შედეგი მოაქვს ეიფორიაში მყოფი, დაბოღმილი ხალხის არჩევანს, რომელიც მხოლოდ წინა მთავრობის შურისსაძიებლად მიდის არჩევნებში და გააზრებული არ აქვს, როგორ უნდა შეიცვალოს ცუდი უკეთესით.

აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო ის ყბადაღებული «სამართლიანობის აღდგენის» საკითხიც, რომელზეც დაუსრულებლად ლაპარაკობს ტელევიზია, რადიო და, თუ ჩართავ, ლამის უთოც ალაპარაკდეს.

სიტყვა აღდგენა ნიშნავს იმას, რაც იყო, დაიკარგა ან შეფერხდა და ისევ საჭიროებს განახლებას, მაგრამ რაც არ იყო, როგორ უნდა აღადგინონ? ახლანდელი მთავრობა სამართლიანობის აღდგენაზე რომ ლაპარაკობს, წინა მთავრობის ნამოქმედარს იქით არ იხედება. საკითხავია, რომელი რიცხვიდან დავიწყოთ «აღდგენა» და რომელს მივაყართ მტვერი და სილა? საქართველოს პირველი პრეზიდენტი ტყვიით შუბლგახვრეტილი მიწაში წევს და არავინ ხმას არ იღებს.

გამსახურდია ვახსენეთ და უეჭველად უნდა გავიხსენოთ საქართველო-რუსეთის პრეზიდენტთა შეხვედრა ყაზბეგში, სადაც გამსახურდია და ელცინი ყველა იმ საკითხზე შეთანხმდნენ, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აწუხებდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში; რუსეთის პრეზიდენტმა სავსებით გაიზიარა ჩვენი ინტერესები და შეიქმნა უნიკალური დოკუმენტი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით. დადასტურდა, რომ თურმე რუსეთთან შეიძლება საქმიანი მოლაპარაკება და საკითხის დადებითად გადაწყვეტა, მაგრამ ვაიქართველთა მიერ ამ შეთანხმებას შიდა ომი მოჰყვა და ყველაფერი წყალში ჩაიყარა. თუ მეზობელი ქვეყანა დაინახავს, რომ შიგნით ერთმანეთს ძალაუფლებისთვის ებრძვიან და სრულიად უგულებელყოფენ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, მაშინ რა უნდა გააკეთოს სხვამ შენს სასარგებლოდ?

სამართლიანობის აღდგენა თუ სურს ახალ მთავრობას, გამოიძიოს აღნიშნული საკითხი და საკადრისი მიუზღას სახელმწიფო დამნაშავეებს. «სამართლიანობის აღმდგენელებმა» განიხილონ შევარდნაძისა და მისი დამქაშების საქმიანობა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, გამოიძიონ სამეგრელოს მრავალგზის აოხრებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წამების ფაქტები. ნუთუ არავის აწუხებს ის ამბავი, რომ გუგეშაშვილის ბანდამ დარჩელში (ზუგდიდის რაიონი) 22 სახლი გაძარცვა და მერე გადაწვა დედაბუდიანად, ხოლო ამის «შემოქმედი» ღირსების ორდენით დააჯილდოვა შევარდნაძემ?! ასეთი ადამიანები, ნუთუ სხვა თუ არაფერი, გაკიცხვის ღირსნი მაინც არ არიან? ზოგიერთმა მათგანმა ვითომც მოინანია იმდროინდელი დანაშაული, პილატესავით ხელები დაიბანა და ახლა თითქოს «განწმენდილნი» ისევ აქტიურობენ პოლიტიკურ ასპარეზზე.

ერთი-ორი განტევების ვაცის შეწირვით ვერ დააპურებ სამართალს. წალენჯიხაში მხედრიონელებმა ტერენტი გრანელის სახლს ტყვია დაუშინეს, სახლს ცეცხლი წაეკიდა და მოსახლეობამ ჩააქრო. ჯაბა იოსელიანი და ტერენტი გრანელი კი დიდუბის პანთეონში ერთმანეთის მახლობლად განისვენებენ. არ ვიცი, ასეთ მოვლენებს როგორ აუხსნიან მომავალ თაობებს; თუმცა რომელ ახსნაზეა საუბარი, როცა ისტორიას დამნაშავენი უკუღმა წერენ.

ხელისუფლება შეიცვალა. ვაის გავეყარეთ, მაგრამ რა გველოდება სამომავლოდ? ოკეანეში პატარა თევზებს დიდი თევზები ჭამენ. ხმელეთზე კი, სადაც ადამიანებს ერთმანეთთან კულტურა აახლოებთ, ბუნების კანონიდან გამომდინარე, ერთი რამ უცვლელი რჩება _ პატარა ქვეყნები დიდ ქვეყნებს მორჩილებენ, მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ, მაგრამ მორჩილებაც არის და მორჩილებაც! ყველანაირ შემოთავაზებაზე თანხმობა სიკვდილის ტოლფასია. ყველაფერზე დამყოლსა და მორჩილს, რომელსაც ამქვეყნად არანაირი პრეტენზია არ გააჩნია, გარდა ფიზიკური არსებობისა, პატივს არავინ მიაგებს. შენ შენი კუთვნილი უნდა მოითხოვო და ამ გზით რამეს რომ მიაღწიო, პირველ რიგში, ღირსეული მთავრობა უნდა გყავდეს და არა სავარძლის მონები.

ვინ აღადგენს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას? ამერიკელები და ევროპელები? ისინი აშკარად გვეუბნებიან, რუსეთთან თქვენ თვითონ მოაგვარეთო ურთიერთობა. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ დასავლეთმა საბოლოოდ ჩაიქნია ხელი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და საქართველოს დანარჩენი ნაწილითაც კმაყოფილი რჩება თავისი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად? ნიშნავს კი რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას იქაურ ბაზარზე ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლების გაყიდვა? ვაჭრობა იაპონიასა და რუსეთს შორის თითქმის არ შეწყვეტილა, მაგრამ კურილიის კუნძულები დღემდე რუსეთის ნაწილად რჩება.

აქვს კი რაიმე პროგრამა დღევანდელ მთავრობას, რომელიც აშკარად ისევ დასავლეთის გავლენის ქვეშაა?..

ახლოვდება ახალი საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის შედეგებზეც დიდად იქნება დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი. ვინ დაიკავებს ქართველი ხალხის მიერ მოძულებული მიხეილ სააკაშვილის პოსტს? კანდიდატები უკვე გამოჩნდნენ, მაგრამ არც ერთი მათგანი არ გახლავთ ის პიროვნება, რომელსაც შეუძლია აღასრულოს ქართველი ხალხის ნება. დასავლეთსა და რუსეთს შორის მოთამაშე პოლიტიკოსი ვერ დაიბრუნებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. ორმაგ თამაშს ეწეოდა შევარდნაძე და «ვარდებით» დაასაჩუქრეს. ორივე მხარესთან თანამშრომლობას გვპირდება ბურჯანაძეც, რომელიც შევარდნაძის ერთ-ერთი მოწაფე გახლავთ; მოწაფე, რომელიც მასწავლებელზე ბევრად სუსტია. მარგველაშვილმა წინასწარ გაგვიმხილა: მე ივანიშვილის პლასტილინი ვარო. თუ რა უნდა გამოძერწოს ივანიშვილმა მარგველაშვილ-პლასტილინისგან, სრულიად გაუგებარია, მაგრამ ერთი რამ ცხადია _ პლასტილინისგან პრეზიდენტი არ გამოვა. სხვა კანდიდატებზე საერთოდ არაფერს ვამბობ.

დღევანდელ ქართველ პოლიტიკოსთაგან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოსთვის დაბრუნება შეუძლია ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას. ის არის გამჭრიახი გონების, სწორი ორიენტაციის მქონე, უაღრესად ერუდირებული და ავტორიტეტული პიროვნება. მან სხვებზე უკეთ იცის, თუ რა გზით შეიძლება დაღუპვის კარამდე მისული ქვეყნის გადარჩენა. ბატონი ალექსანდრე ოჩამჩირეში დაიბადა და გაიზარდა. მას უდიდეს პატივს სცემენ როგორც აფხაზები, ასევე ქართველები. ის ზოგიერთი პოლიტიკოსივით არავისთან არ არის ანგარიშვალდებული, გარდა საკუთარი ხალხისა. ბატონი ალექსანდრე ჭაჭია აფხაზებისა და ოსებისთვის მისაღები და სანდო პიროვნებაა, ასევე მას ანგარიშს უწევენ რუსი პოლიტიკოსებიც, როგორც სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურას.

ამ ძნელბედობის ჟამს, როცა ჯერ კიდევ არსებობს ქვეყნის გადარჩენის შანსი, მან უნდა იყაროს კენჭი საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად. იმედია, უწინდელ არჩევნებთან შედარებით, მრავალჭირნახული ქართველი ხალხი უფრო მშვიდი გონებით მივა საარჩევნო ყუთთან და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ ჩააგდებს ბიულეტენს, რასაც უეჭველად მოჰყვება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და ყველა სხვა დანარჩენი პრობლემის მოგვარება.

გიორგი სიჭინავა,
მწერალი

 

P.S. «ნაციონალური მოძრაობის» წევრები და მათი ლიდერი რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას ბნელ წარსულში დაბრუნებად აღიქვამენ. ისტორიას თუ გადავხედავთ, ბაგრატიონთა დინასტია, სანამ რუსეთს დახმარებას სთხოვდა, ხსნას  ევროპის ქვეყნებში ეძებდა. ამ მისიით მიავლინეს დასავლეთში სულხან-საბა ორბელიანი, რომელიც იქიდან კათოლიკედ დაბრუნდა და იმედგაცრუება ჩამოიტანა. «სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო», _ ალბათ, ევროპაში გაიგონა ორბელიანმა ეს ანდაზა და მერე ქართულად თარგმნა.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ არაფერი შეცვლილა რუსული ბენზინით მოსეირნე და რუსული გაზით გამთბარი ევროპელების ცნობიერებაში.
დაბოლოს, ვისაც საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე წარმოუდგენია, ის ქვეყნის ორგულია.

 

 

1 COMMENT

  1. ძაან სწორი მოსაზრებაა სრულიად გეთანხმებით ბატონო გიორგი.მინდა ერთი რამ უთხრა მთელს საქართველოს,ტოლერანტობა რომელსაც თითქოს ევროპა ამკვიდრებს საქარტველოში წმინდა წყლის შოვინიზმია რუს ერთან მიმართებაში,არ შეიძლება მხოლოდ ისტორიის იმ ნაწილებით შემოვიფარგლოთ სადაც რუსს მხოლოდ ცუდი უკეთებია.ერი რომელიც მართლა კოველთვის გამოვირჩეოდით ე.წ ტოლერანტობით გავხდით შოვინისტები,და გვეზიზგება ერთადერთი ერთმორწმუნე სუპერდერჟავა!!!მსოფლიო გეოპოლიტიკის ფონზე რას ნიშნავს დღეს რუსეთი კარგად დავფიქრდეთ…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here