Home რუბრიკები პოლიტიკა ბატონო პრემიერო, უკვე მიდიხართ?!

ბატონო პრემიერო, უკვე მიდიხართ?!

497

ბიძინა ივანიშვილის განცხადება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მრავალ განსახილველ საკითხთა შორის მთავარი დისკუსიის საგანი გახდა. საზოგადოების აზრი სხვადასხვა მიმართულებით განვითარდა, რამაც განსხვავებული ვარაუდები გააჩინა. მოსახლეობის ერთმა ნაწილმა ამ განცხადებაში თითქოს მწვავედ მიმდინარე მოვლენებისადმი ივანიშვილის ფარული შიში აღმოაჩინა, ზოგმა ის, უბრალოდ, «დემოკრატიის შუქურად» მონათლა, რომელიც პოლიტიკიდან არა ხალხის იძულებით, არამედ საკუთარი ნებით უნდა წავიდეს. სხვებმა კი აღნიშნული განცხადება მარტივად ქვეცნობიერში «გადაისროლეს» და სხვადასხვა არგუმენტის მოყვანით მისი ცნობიერში «გადმოტანის» სასტიკი წინააღმდეგნი არიან (საინტერესოა რატომ?!). სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით, გაზეთი «საქართველო და მსოფლიო» პარტია «ნეიტრალური საქართველოს» ლიდერ ვალერი კვარაცხელიას,  «სახალხო პარტიის» ლიდერ მამუკა გიორგაძეს და ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზ ღვთისო შალიკაშვილს ესაუბრა.

 

«ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა იქნება ღალატის ტოლფასი შეცდომა»

ვალერი კვარაცხელია:

_ ბატონო ვალერი, როგორ შეაფასებთ ივანიშვილის განცხადებას პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, მოვლენების რა შესაძლო განვითარებაა მოსალოდნელი?

_ ერთ მშვენიერ დღეს პოლიტიკიდან ყველა მიდის, მაგრამ საუბარია იმაზე, როდის და რა ვითარებაში. ბატონი ივანიშვილის ახლანდელი განცხადება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, ვფიქრობ, აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენი ქვეყნისთვის. ჯერ კიდევ არ არის დამთავრებული ის ბრძოლა, რომელიც ბატონმა ივანიშვილმა ქართულ ფაშიზმთან, ანუ ეგრეთ წოდებულ «ნაციონალურ მოძრაობასთან» წამოიწყო.

ივანიშვილმა ამ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა და საპარლამენტო უმრავლესობა მიიღო, რის შედეგადაც სააკაშვილი ფრთებშეკვეცილი გახდა. დიდი ალბათობით, ის დატოვებს საპრეზიდენტო პოსტს, მაგრამ ივანიშვილს შეეძლო, მოეპოვებინა ისეთი გამარჯვება, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი გამოცხადებულიყო დამნაშავე პოლიტიკურ ორგანიზაციად და მათ მიზღოდათ ის, რაც ეკუთვნით კანონმდებლობით და სამართლით. ტოტალური მოსმენები, წამება არა მარტო ციხეებში, არამედ საზოგადოებაში, ათასობით აღმოჩენილი ფირი იმის საფუძველს იძლეოდა და იძლევა, რომ ამ გუნდმა არსებობა დაამთავროს, როგორც დამნაშავე პოლიტიკურმა ძალამ, მაგრამ ეს ასე არ ხდება. შესაბამისად, მათ ხელ-ფეხი აქვთ გახსნილი მომავალი პოლიტიკური არსებობისთვის.

ამიტომ ივანიშვილი ვალდებულია ქართველი ხალხის წინაშე, რომ ეს ბრძოლა ბოლომდე მიიყვანოს და სააკაშვილისა და მისი გუნდის საშიშროება მომავალში გაანეიტრალოს. ეს უკვე გართულებულია იმ შეცდომის გამო, რომელზეც ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ, მაგრამ გასაკეთებელია. ახლა ივანიშვილის წასვლა არ ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილთან და მის გუნდთან დაპირისპირებულ ძალას ერთი ძლიერი ფიგურა გამოეცლება, არამედ ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილთან დაპირისპირებული პოლიტიკურად ორგანიზებული ძალა საერთოდ აღარ იარსებებს და ის უმრავლესობა, რომელიც დღეს ივანიშვილს ეკუთვნის, სააკაშვილის უმრავლესობა გახდება.

არ ვიცი, როგორი მსოფლმხედველობის კაცია ივანიშვილი, რა არის მისი ჩანაფიქრი საგარეო პოლიტიკასა და საგარეო სტრატეგიაში, მაგრამ ვიცი, რას წარმოადგენს ივანიშვილის გუნდი, თუ საერთოდ არის შესაძლებელი, რომ მას გუნდი დავარქვათ. ივანიშვილისა და სააკაშვილის გუნდები მსოფლმხედველობრივად ერთი და იგივე ძალაა, რომელთაც აბსოლუტურად არაფერი განასხვავებს ერთმანეთისგან, გარდა დეტალებისა. ისინი უამრავ რამეში ერთნი არიან, ერთად იყვნენ კიდეც, მერე გაიყვნენ, იჩხუბეს, მაგრამ როდესაც ე. წ. კოაბიტაცია შეიქმნა, შესანიშნავად გაუგეს ერთმანეთს. ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილისა და ივანიშვილის გუნდები, შესაძლოა, კვლავ ერთად აღმოჩნდნენ. სწორედ ამას ნიშნავს ივანიშვილის წასვლა პოლიტიკიდან. ამიტომ ვამბობ, ივანიშვილი ახლო მომავალში თუ მართლა გეგმავს პოლიტიკიდან წასვლას და განცხადება ამის თაობაზე გულწრფელი იყო, ეს ძალიან სერიოზული საქვეყნო პრობლემაა. ამით განუზომლად იზრდება საკაშვილის დაბრუნების შანსი, რომელიც ამ ჯერზე გაცილებით უფრო სასტიკი და გაცილებით უფრო მეტი ზიანის მომტანი იქნება ქვეყნისთვის, ვიდრე აქამდე იყო. არაა გამორიცხული, რომ შეიძლება რაღაც ლავირებისთვის დასჭირდა ბიძინას ამ განცხადების გაკეთება. პოლიტიკაში მსგავსი შემთხვევები არსებობს და ასეთ შემთხვევაში, მან უკეთ იცის თავისი საქმე, მაგრამ ვიმეორებ, ჩემთვის, როგორც ერთი ქართველი მოქალაქისთვის, ეს იქნება ღალატის ტოლფასი შეცდომა.

_ კონკრეტულად რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ ნაბიჯის გადადგმას?

_ ქართველი ხალხი არ ეგუებოდა სააკაშვილის რეჟიმს და მაშინაც ასიათასიანი მიტინგები და დემონსტრაციები იმართებოდა, როცა ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო გამოვლენილი მის მიერ ჩადენილი საშინელებანი. თქვენ წარმოიდგინეთ, რა მოხდება ახლა, როდესაც სააკაშვილის შავბნელი საქმეები გაცილებით უფრო მეტად არის გამომზეურებული, დაუშვებს ქართველი ხალხის დიდი ნაწილი სააკაშვილის კვლავ მობრუნებას ხელისუფლებაში? არა, რა თქმა უნდა! ეს ნიშნავს სამოქალაქო დაპირისპირებას, სამოქალაქო ომს და სხვა მრავალ უბედურებას. ჩვენ ვდგავართ კატასტროფის წინაშე. ამიტომ მე გამოვიყენებ თქვენს ტრიბუნას და მივმართავ ბატონ ბიძინას:

ბატონო ბიძინა, თქვენ უდიდესი ტვირთი აიღეთ საკუთარ თავზე. როგორც ჩანს, შეგაწუხათ თქვენმა ქართველობამ, შეგაწუხათ იმ გამოუვალმა მდგომარეობამ, რომელშიც თქვენი ერი და თქვენი ქვეყანა აღმოჩნდა და ესოდენ მძიმე საქვეყნო მისია იტვირთეთ. ეს საქმე ჯერ ბოლომდე ჯერ არ მიგიყვანიათ და უკვე მიდიხართ, სად მიდიხართ, ვინ გაძლევთ ამის უფლებას? თქვენ ეს ტვირთი დღეს რომ მოიხსნათ, ის ჩვენ ისე დაგვეცემა, რომ ერთიანად გაგვსრესს. ეს შუა ომში მიტოვებას ნიშნავს, ამას კი რა სახელიც ჰქვია, თქვენ კარგად მოგეხსენებათ!

 

«ასეთი განცხადებებით ნამდვილად ვერ გაუმჯობესდება ჩვენი ცხოვრება»

მამუკა გიორგაძე:

_ ბატონო მამუკა,  თქვენი აზრით, რა შედეგებს გამოიწვევს ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა, მოხდება თუ არა გუნდში არეულობა, რაც შემდეგ საზოგადოებაზეც ნეგატიურად აისახება?

_ რამდენადაც ვხედავთ, პრაქტიკულად ამის მიზეზი არ არსებობს. არიან ადამიანები, რომლებიც, სხვადასხვა მიზეზის გამო, მიბმულნი არიან ივანიშვილზე. შესაბამისად, ივანიშვილის პიროვნებაა სწორედ შემკვრელი ამ ადამიანების, უფრო სწორად, მაიძულებელი ფაქტორი, რომ ამ ადამიანებმა ერთმანეთს ცალყბად მაინც გაუღიმონ. ცხადია, თუ არ იქნება ივანიშვილის ფაქტორი, მაშინ ეს ხალხი ერთმანეთთან ნაძალადევი ღიმილითაც არ იქნებიან დაკავშირებულნი.

_ თქვენ როგორ გგონიათ, გაურბის თუ არა ივანიშვილი რთულ პოლიტიკურ სიტუაციას საქართველოში?

_ არასწორია, რომ ჩვენ ამ სიტყვებს ამხელა დატვირთვას ვანიჭებთ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამ სიტყვების შემდეგ არის დამატებები, განსაზღვრებები, მინიშნებები და ასე შემდეგ. მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს სიტყვები მხოლოდ ვარაუდების საკეთებლადაა ნათქვამი. არ უნდა მივანიჭოთ მსგავს განცხადებებს დიდი მნიშვნელობა, გამომდინარე იქიდან, რომ ის არ შეიცავს კონკრეტიკას და არ არის მიმართული პოლიტიკური ცხოვრების ზემოქმედებისკენ. უფრო მეტად ასეთი ტიპის განცხადებები მესიჯებია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მის გარშემო ან მასთან დაკავშირებულნი არიან. ბიძინა ივანიშვილმა უფრო მეტად ისეთი განცხადებები უნდა აკეთოს, რომლებიც პოლიტიკური კულტურის დონეს მაღლა აწევს საქართველოში და თავისი პრინციპებით, კონცეფციებითა და ღირებულებებით მოგვცემს მოვლენების მიმართ უფრო ღრმად ჩაფიქრების შესაძლებლობას. ასეთი განცხადებებით კი ნამდვილად ვერ გაუმჯობესდება ჩვენი ცხოვრება. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს უფლება, როგორც უნდა, ისე მოიქცეს და, რაც მას გაუხარდება, ის განცხადებები აკეთოს, მაგრამ წარმატებული იქნება ის გუნდი, რომელიც შეძლებს ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრების დანერგვასა და განვითარებას საქართველოში.

დღეს საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია გარე ფაქტორების გავლენა და შესაბამისად, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ხელისუფლებაში და თუნდაც ოპოზიციაში მყოფი ადამიანები იმდენად არიან მიბმულნი გარე ძალებზე, რომ ვერ ღებულობენ თავისუფალ გადაწყვეტილებებს. ასეთ რთულ სიტუაციაში გაცილებით მართებულია იმაზე ფიქრი, თუ როგორ ვაქციოთ ქართული პოლიტიკა შიდა დუღილის პროდუქტად, როგორ შევუწყოთ ხელი დამოუკიდებელი პოლიტიკური «სივრცის» განვითარებას, რათა საქართველოს ბედი წყდებოდეს საქართველოში და არა სხვაგან.

 

«მჯერა, რომ ბიძინა არ მიგვატოვებს»

დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი:

_ მამაო, რა აზრის ხართ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე პოლიტიკიდან წასვლის შესახებ?

_ მე მოვისმინე ივანიშვილის ეს განცხადება. მან აღნიშნა, რომ დაულაგებელი ქვეყნიდან არ წავა. ბიძინა, არა მგონია, ისეთი ადამიანი იყოს, რომ უბრალოდ ადგეს და რაღაც უპასუხისმგებლო განცხადებები აკეთოს. პირიქით, ძალიან ჭკვიანი კაცია და ჩვენ, ყველამ, უნდა მოვუსმინოთ. მან უფსკრულის პირას მიყვანილები გამოგვიყვანა და არ აქვს არც იურიდიული, არც მორალური და არც ზნეობრივი უფლება, რომ შუა გზაში მიგვატოვოს. მე მჯერა, რომ არც მიგვატოვებს.

_ ხომ არ გამოიყენებენ «ნაციონალები» მის მიერ გაკეთებულ განცხადებას მისსავე საწინააღმდეგოდ?

_ უკვე იყენებენ, რამეთუ გამუდმებით იმეორებენ განცხადების პირველ ნაწილს, რომელშიც წასვლაზეა საუბარი. ამით, ალბათ, უნდათ, ხაზი გაუსვან, რომ ის გაურბის მწვავე პოლიტიკურ მოვლენებს საქართველოში. იმას კი არ ამბობენ, რა შემთხვევაში თქვა, წავალო, რაც განცხადების მეორე ნაწილს გულისხმობს. ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის დაულაგებელი პოლიტიკიდან არ წავა. ბევრს საუბრობენ მისი წასვლის შემდეგ გუნდში შესაძლო არეულობაზე, რაც მე, არა მგონია, მოხდეს, მაგრამ, თუ მაინც მოხდა, მაშინ თავადვე დაალაგებს სიტუაციას და ისე წავა. ივანიშვილი შორიდან გააკონტროლებს სიტუაციას და ამრიგად, მისი გუნდიდან წასვლა არ უნდა მივიჩნიოთ პოლიტიკიდან მის სრულ ჩამოშორებად. მას მრავალი საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხი აქვს  მოსაგვარებელი, მაგრამ ეს პოლიტიკური მოვლენებისადმი თვალ-ყურის დევნებასა და მისი გუნდის შორიდან გაკონტროლებას ნამდვილად არ გამორიცხავს. არა მარტო პოლიტიკაში, ყველა სფეროში ძალიან რთული სიტუაციაა და მე მჯერა, ბიძინა ივანიშვილი გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

მოამზადა შორენა ღვაჩლიანმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here