Home რუბრიკები საზოგადოება ალექსანდრე ტოლსტოი: დამნაშავე პრეზიდენტი კვლავ ქვეყანას მართავდეს?

ალექსანდრე ტოლსტოი: დამნაშავე პრეზიდენტი კვლავ ქვეყანას მართავდეს?

552

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს

ვინაიდან თქვენი გუნდის წევრებიც არ კადრულობენ წერილებზე პასუხის გაცემას, ამიტომ მოგმართავთ თქვენ გაზეთის მეშვეობით.

სად არის სამართალი?

როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება აღმოჩენილი «გადამალული» იარაღის, ნარკოტიკებისა და მრავალი ათასი უკანონო ჩანაწერის გამო.

გამოძიების ვარაუდით, უკანონო ჩანაწერებს სისტემური ხასიათი ჰქონდა და არსებობს ეჭვი, რომ ამ დანაშაულებრივი ვერტიკალის სათავეში იდგა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ამის შესახებ შესაძლებელია ინფორმირებული იყო თვით პრეზიდენტიც.

თუ გამოძიებამ დაადასტურა ეს ვარაუდი, მაშინ სავსებით შესაძლებელია, რომ პარლამენტშიც წამოიჭრას იმპიჩმენტის წესით საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, რომლის უფლებაც აქვს საკანონმდებლო ორგანოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს.

საკითხი დასკვნისთვის გადაეცემა უზენაეს სასამართლოს ან საკონსტიტუციო სასამართლოს.

დავუშვათ, რომ უზენაესმა სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა პრეზიდენტის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობა და დასკვნის განხილვის შემდეგ პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კენჭისყრაზე დაისვას იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან პრეზიდენტის გადაყენების საკითხი.

დავუშვათ, რომ პარლამენტმა ვერ მოაგროვა დეპუტატთა სრული შემადგენლობის ორი მესამედი ხმებისა და პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან არ გადააყენა, მაშინ გამოდის, რომ დამნაშავე პრეზიდენტი რჩება სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე?

ეს არის კანონის წინაშე თანასწორობა? (მ. 14)

სად არის სამართალი?

მოვლენათა განვითარების ასეთი ვარიანტი დღეს ხომ სავსებით შესაძლებელია და არ არის გამორიცხული, რომ მომავალშიც ისევ განმეორდეს.

საქართველოს სამი პრეზიდენტიდან ბოლო ორი ვითომ ვერ ამჩნევს, თუ როგორ შეარცხვინეს ერი და რა მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს ქვეყანა თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად. მათ ხომ ფიციც არ დაუდვიათ და ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა არ აუღიათ.

ცნობისათვის: აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი აღარ დაელოდა მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყებას და გადადგა. რისთვის? _ უკანონო მოსმენების ხელშეწყობისთვის.

ბატონო დავით!

სერიოზულ ქვეყნებში იარაღზე, საიდუმლო საბუთებსა და ფულად სახსრებზე, მათ შენახვასა და მოვლა-პატრონობაზე დაწესებულია მკაცრი კონტროლი და პერსონალური ყოველდღიური (მუდმივი) პასუხისმგებლობა.

მათი დაცვა, მიღება-ჩაბარება ხორციელდება სათანადო ჟურნალებში ხელმოწერით.

როგორ შეიძლება სახელმწიფოს კუთვნილი იარაღი უკონტროლოდ დარჩენილიყო?

ვინც ტერმინს «გადამალული იარაღი» რაიმე საბაბით ამართლებს, ის დანაშაულის ხელშემწყობია, თუნდაც სამხედრო საქმეში სრულიად ჩაუხედავი იყოს.

ვის ატყუებენ?

პატივისცემით,

ალექსანდრე ტოლსტოი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here