Home რუბრიკები პოლიტიკა არეული რეპორტაჟი მატარებლის მოლოდინში

არეული რეპორტაჟი მატარებლის მოლოდინში

1064

გასული კვირის სამშაბათს შპს «ბაქოთბილისიყარსის რკინიგზის» ხელმძღვანელობას საინსპექციო შემოწმებაში ახალქალაქისკენ გავყევით _ გაზეთ «საქართველოს რესპუბლიკის» მთავარი რედაქტორის მოადგილე რუსლან რუსია და ამ სტრიქონების მოკრძალებული ავტორი. პირველი მასალა ამ მშენებლობის შესახებ «საქართველო და მსოფლიომ» ჯერ კიდევ გაზეთის მე-20 ნომერში, 5 ივნისს გამოაქვეყნაბომბეიმდე გვირაბი _ არა, მაგრამ მარმარილოს ზღვის ქვეშ გაჭრილი გვირაბით მობრძანდით ევროპაში»), მეორე, _ 3 ივლისს, 24- ნომერში, სასწრაფოდ, ჩამოსვლისთანავე, ანონსით, რომ რეპორტაჟს ერთი კვირის თავზე შევთავაზებდით ჩვენს მკითხველს. დღეს ვასრულებ დანაპირებს და აქვე დავძენ, რომ ეს მივლინება საინსპექციო შემოწმებასთან ერთად მშენებლობაზე არსებული პრობლემების ოპერატიულ გადაწყვეტას ისახავდა მიზნად. ასე იყო განწყობილი მომავლის რკინიგზის მშენებელი ფირმის ახალგაზრდა დირექტორი ირაკლი წულაია. და ვენდოთ.

მარტივი არითმეტიკა

არ დაგიმალავთ, შეკითხვა მაშინ დამებადა, როცა გვირაბში, გოფრირებული ლითონის უზარმაზარ ცილინდრში, შევედით და ბაქო-თბილისი-ყარსის მშენებლობის ახალი ხელმძღვანელობის მარგი ქმედების კოეფიციენტის განსაზღვრა შესრულებული სამუშაოს მოცულობათა შედარებით მოვინდომე _ უწინ და ამჟამად _  თუნდაც ამ გვირაბის მაგალითზე.

_ რა სიგრძისაა ეს გვირაბი? _ ვკითხულობ.

_ დამთავრების პირზეა მისული, რაღაც ხუთიოდ მეტრი აკლია, _ მიპასუხებს ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ თოდუა, _ 1167 მეტრია. წლევანდლამდე 900 მეტრზე ცოტა მეტი იყო დამონტაჟებული.

მარტივი არითმეტიკული მოქმედებით იოლია იმის დადგენა, რომ მატება 200 მეტრზე ცოტა მეტია. არ ჩანს, რომ ზესწრაფი ტემპით მიმდინარეობს სამუშაოები, როგორც უწინ იტყოდნენ, დამკვრელურ მშენებლობაზე.

კიდევ კარგი, ამ დილეტანტური დასკვნის დაჯერება ვერ მოვასწარი, რადგან ბატონმა თენგიზმა ამიხსნა, რომ ამ ალპურ ზოლში თოვლს მხოლოდ მაისის მეორე ნახევარში აიღებს, მანამდე სამუშაოთა წარმოება ყოვლად წარმოუდგენელია. მუშაობა კი არა, თავის დროზე, როცა ჯერ კიდევ ფეთქავდა მარაბდაახალქალაქის რკინიგზა, ყველა სახის მოძრაობა თვეობით იკეტებოდა. ეს გვირაბიც თოვლის ნამქერისგან ლიანდაგების დასაცავად კეთდება, და არა მარტო გზის ამ მონაკვეთზე.

უმკაცრესი ყინვები იცის «საქართველოს ამ ციმბირში», როგორც, ჰე როდის, დამიხასიათა აქაურობა ერთმა დაკვირვებულმა კაცმა, ეროვნებით სომეხმა.

ყინვა და ნისლი _ ისეთი სქელი, რომელსაც ვერც საძროხე ქვაბიდან ამოსულ ოხშივარს შეადარებ (გიორგი ლეონიძე), ვერც მთების ფიქრს (ვაჟა ფშაველა), უძრავი და გაუმჭვირვალე კონსისტენციაა. «რძისფერი ნისლიო», _ ამბობს დიდი ქალბატონი ანა კალანდაძე:

ლურჯ მწვერვალებს

ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა

და როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,

თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა,

და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ

ახლაც, ზაფხულის მეორე თვის მეორე დღეს, «თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა», როგორც პლანეტარული კონტრაპუნქტის პოლიფონიურობის ნიშანი, და მზიანი დილის ცივმა ქარმა ჩვენი ჯგუფის წევრებს ქურთუკები ჩააცვა.

არც ისეთი ამინდი იდგა, «როცა დღის ნათელს ადუხჭირებს მზის სიცოტავე» (შექსპირი, აჯიაშვილისეული თარგმანი), არც ისეთი, როცა ჩრდილის ძებნას გაიძულებს მხურვალება სხივთა. აქ, უკიდურესი კონტრასტების ამ საუფლოში ყველაფერი ცვალებადია და ამოუხსნელი. და გაბატონებულია უკაცრიელობა _ არც სოფელი, არც ჩქამი ადამიანის.

აქ გადიოდა საქართველოს ისტორიული გზა, რომელიც კვეთდა თრიალეთსა და ჯავახეთს.

ამ გზას მიჰყვება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა, სადაც სამუშაოთა სრული ფრონტით გაშლა წელიწადში მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაშია შესაძლებელი.

აქ საკუთარი წესებით ვერ მოხვალ.

მაგრამ მოვედით და ვაშენებთ. მარაბდა-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა გასულ საუკუნეში დაიწყო _ 1982 წელს და ოთხიოდ წელიწადში დამთავრდა. ერთი პერიოდი იმუშავა კიდეც. ახლა იმ რკინიგზის ხის შპალები აყრილია და დაზვინულია ტრასის გასწვრივ, როგორც ფრონტის ხაზზე ტანკსაწინააღმდეგო წინაღობები: ახალ, მოდერნიზებულ, ევროპულ პარამეტრებზე გადასულ რკინიგზას ვერ მოერგო ძველი ლიანდაგი.

აქ «ნაშთი ძველი დიდებისა» ჩავლილი მატარებლის იმედგაცრუებასავითაა _ აღარ შემობრუნდება: მიტოვებული, რკინიგზის ინფრასტრუქტურის გაძარცული შენობები, მომსახურე პერსონალის 4-5-სართულიანი საცხოვრებელი სახლები სახურავზე ამოსული ბალახითა და ჩაშავებული ფანჯრებით, რომელთაც «შავ ხელისგულზე» არავინ ჩამოურიგებს «ანთებულ ყვითელ კარტებს», _ არ აინთებაო სინათლე. ასე წერდა ვლადიმერ მაიაკოვსკი («ღამე»).

წალკის სარკინიგზო სადგური ამის თვალსაჩინო მაგალითია: ცენტრში სადგურის შენობა, მისი ჩაყოლებით, კარგა დიდ მანძილზე _ ახალი ლიანდაგის დასაგებად გამზადებული მიწაყრილი.

კარგი საქმე გაუკეთებიათ თითქოს. მაგრამ მონიტორინგის ჯგუფის წევრები კატეგორიულად არ ეთანხმებიან და კონტრაქტორი ფირმის აზერბაიჯანელი წარმომადგენლისგან პრინციპულად მოითხოვენ დადგენილი ტექნოლოგიის, სამუშაოთა თანმიმდევრობის წესის უპირობო დაცვას.

თავისი მუცლის გვრემა აქვს სამუშაოთა მწარმოებელს: ელოდება მინისტრის ჩამოსვლას და სურს, დაახვედროს დაგებული, ჰორიზონტამდე გატყორცნილი ლიანდაგი, როგორც «ჩერქეზის დაკარგული ისარი».

კომუნიკაციები?

კომუნიკაციებს შემდეგ მიუბრუნდება. ან არ მიუბრუნდება. ორივე შემთხვევა ჩვენების თავის ტკივილია _ დარჩენილი «კუდები» ჩვენი გამოსასწორებელი იქნება: ლიანდაგი _ ასაყრელი, კომუნიკაციები _ გასაყვანი და დასამონტაჟებელი. ეს კი, ჯერ ერთი, დამატებით ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, მეორეც, ამ უქმის სვლის მიზეზით დაიკარგება დრო.

შპს «ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის» გენერალური დირექტორი ირაკლი წულაია «საქართველო და მსოფლიოსთან» საუბარში ამასთან დაკავშირებით იტყვის, რომ ეს იყო პირველი პრობლემა, რომელიც იმ დღეს გახდა დასაძლევი.

_ ჩვენს პარტნიორებს სამუშაოთა წარმოების მცდარი მეთოდი ჰქონდათ არჩეული, უნდოდათ, რაც შეიძლება სწრაფად დაეგოთ ლიანდაგი და შემდეგ ეტაპზე გადასულიყვნენ. დარჩენილი «კუდები» კი ჩვენი გამოსასწორებელი იქნებოდა, რაც ძალიან ძვირი დაგვიჯდებოდა. ვიკამათეთ, ავუხსენით, დავარწმუნეთ.

აქვე ვთქვათ, თბილისში დაბრუნებისას კვლავ შევივლით ამ ობიექტზე და ვნახავთ, რომ კონტრაქტორები იმ გზაზე იყვნენ დამდგარი, რომელიც მშენებლობის ხელმძღვანელობამ მიუთითა.

ტვირთის მოხსნასავით იყო, ამოსუნთქვასავით. მაგრამ ამ პირველმა პრობლემამ, ცოტა არ იყოს, უარყოფითად იმოქმედა წარმატებული მშენებლობის მოლოდინით გულანთებულთა გუნება-განწყობაზე: გეგმის გადაჭარბებით შესრულების რელიქტური მისწრაფება და სადგურის შენობა, დაწყებული და მიტოვებული რემონტით, ჩამოყრილი მოსაპირკეთებელი ფილებით, არც აქეთ იყო, არც იქით და მეტალოკერამიკის ახლადჩასმული კარ-ფანჯრები «პაკაზუხობის» კარგად ნაცნობ თვალსაჩინოებასავით იყო წარმოდგენილი.

ერთი მუშა მაინც ყოფილიყო საქმით დაკავებული.

ერთადერთი ექსკავატორი, რომელიც დიდი მონდომებით თხრიდა მიწას, სააკაშვილის დროინდელ «საჩვენებელი შრომის ენთუზიაზმს» ავად თუ კარგად ასრულებდა. ცდილობდა, შეესრულებინა.

ახლა ის ექსკავატორი ნამდვილი საქმით იყო დაკავებული: დატკეპნილ მიწაყრილს მიდგომოდა, საკომუნიკაციო საშუალებებისთვის ტრანშეას ჭრიდა…

ავსული ბებერი

«ძნელია, დღეს იყო თავფარავნელი ჭაბუკი, ძალიან ძნელი», _ თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში გურამ დოჩანაშვილმა, როცა სიყვარულისთვის თავის გაწირვაზე ლაპარაკობდა.

თავფარავნელი ჭაბუკი გაგახსენდება, აბა, სხვა ვინ, თავფარავნის ტბას რომ მიუახლოვდები, და ის ლეგენდა დაგიპყრობს, აბა, სხვა რომელი, როცა აგორებულ ტალღებს დაინახავ ნაპირზე მდგარი:

თავფარავნელი ჭაბუკი

ასპანას ქალსა ჰყვარობდა,

ზღვა ჰქონდა წინად სავალი,

გასვლას შიგ არა ზარობდა.

მიზნისკენ სწრაფვას შეწირული სიცოცხლე! იცით, იცნობთ, წაგიკითხავთ, არ გაგიმეორებთ, რადგან ამჯერად სიყვარულის ამბავს კი არა, ბოროტებას მივაქცევ თქვენს ყურადღებას, რადგან ეს თემა უმეტესად უყურადღებოდ რჩებათ ხოლმე ხალხური პოეზიის მოყვარულთ: ბოროტება ავსული ბებრის.

ერთი ავსული ბებერი

ვაჟისთვის ავსა ლამობდა,

სარკმელზე ანთებულ სანთელს

აქრობდა, აბეზარობდა.

მე რამ გამაბოროტა? არაფერმა, გარდა იმისა, რაც თქვენც იცით, რაც სწორედ აქედან, ახალქალაქის მისადგომებიდან გადმოანთხია ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცმა, ჯერ კიდევ პრეზიდენტმა სააკაშვილმა, როცა არ დაიზარა, ამ სიმაღლეზე ამოვიდა მხოლოდ იმისთვის, რათა ექილიკა _ ჩემს დროს მუშაობა დუღდა და გადმოდიოდაო. ახლა კი შეწყდა და გაიყინა ყველა მნიშვნელოვანი იდეა და პროექტიო, _ შეუტია ახალ ხელისუფლებას.

წმინდა ნინოს ნაკვალევზე იდგა და იბილწებოდა კაცი, რომელმაც «წინ წაიმძღვარა თვალთმაქცობა, როგორც დესპანი» (შექსპირი, «ლუკრეცია»).

ნინოწმინდაში კი პოლიციის ერთსართულიანი შუშის შენობის ფრონტონიდან ჩამოცვენილი ბაზალტის ფილები ძალიან ჰგავდა «ნაცმოძრაობის» ფასადიდან მერაბიშვილის დაკავებით გაჩენილ სიცარიელეს.

სიცარიელე სიცარიელისა.

ქვეყნის მარილი _ მუშათა კლასი

ბოროტებას არც ასაკი, არც სქესი არ აქვს და ავსულობის სილაჩრე ამ ვულკანური სივრცის სიგლუვეში ერთნაირი საწამლავია, გინდ იმ დედაბრის აბეზარობიდან მომდინარეობდეს, გინდ მიხეილ სააკაშვილის პროვოკატორობიდან.

მოჰკიოდა, ქარი ღრუბელს მოჰკიოდა

და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი

(ანა)

ქარს მიაქვს ავად მოსაგონარი. წაიღებს. გზაც იქით ჰქონია. მაგრამ რჩება მოვლენის ნარჩენები და ერთ-ერთ ასეთ ნარჩენს სწორედ აქ, თავფარავნის ნაპირზე, გვირაბის გოფრირებული თაღის დეტალების შემკვრელ «საამქროში, ღია ცის ქვეშ» წავაწყდით, პატარა ქედის კალთების გასწვრივ, სადაც უკვე გაჭრილია მომავალი გზის მონაკვეთი, რომელიც ამ რკინის თაღქვეშ გაივლის.

უნიფორმებში გამოწყობილ მუშებს, რომლებიც აქ შეჯგუფებულიყვნენ, შორიდანვე ეტყობოდათ, რომ რაღაც აწუხებდათ. თუ დააკვირდებით, ნებისმიერ საპროტესტო აქციას ისეთი აურა დაჰყვება, რომ პლაკატებისა და ხმოვანი გაფორმების გარეშეც გადმოგეცემათ შეკრებილი ხალხის აფორიაქება.

რა აწუხებდა ფარავნის ტბასთან შეკრებილ მუშათა კლასს?

ყური მოვკარი, როგორ უთხრა ერთერთმა ახალგაზრდამ ირაკლი წულაიას: იმათ ჩვენ თვითონ გავუსწორდითო.

_ რას ნიშნავდა ეს ფრაზა, ბატონო ირაკლი?

_ დაახლოებით ერთი კვირის წინათ, სანამ გავფრინდებოდი თურქეთში სამმხრივ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად, ვიყავი ამ ობიექტზე. ვესაუბრე მუშებს. მაშინ მოვუწოდე, რომ დამკვეთისგან მოეთხოვათ დადებული ხელშეკრულებების ასლები, ავუხსენი როგორ უნდა დაეცვათ თავიანთი უფლებები, არ ჩამოსულიყვნენ შრომის ანაზღაურების დადგენილ ხაზს დაბლა, რაც მინიმალურ გამოხატულებაში 700-დან 800 ლარამდეა, ხოლო პროფესიონალებისთვის, რომლებიც სპეციალობით მუშაობენ, _ 1000 ლარი.

_ კვალიფიციურ მუშებზეა ლაპარაკი?

_ რა თქმა უნდა. შევთანხმდით, რომ სწორედ ამ საფუძველზე გაფორმდებოდა ხელშეკრულებები, რაც დავავალე კიდეც მათ ხელმძღვანელებს. თურქეთში ჩემი ყოფნის დროს მუშებმა მოაწყვეს მიტინგი, რომელიც გარკვეული ძალების მიერ იყო ინსპირირებული, რაც ყოვლად მიუღებელია ჩემთვის, რადგან მიმაჩნია, რომ ჩვენთან დღეს მათ აქვთ საქმიანობის ისეთი პირობები, როგორიც არასოდეს ჰქონიათ. თუ წინა წლებში 500-550 ლარით იყო განსაზღვრული მათი ხელფასი, დღეს, როგორც ვთქვი, 800 ლარიდან იწყება, მათი გადაადგილება ჩვენ მიერ უფასოდ ხორციელდება, კვება, უნიფორმები…

_ ესეც უფასოდ?

_ რა თქმა უნდა. მოკლედ ყველა პირობაა შექმნილი, რომ იმუშაონ ნაყოფიერად და მომგებიანად. ჩვენ ვავალდებულებთ კონტრაქტორებს, 70 პროცენტამდე მუშახელი შეავსონ საქართველოს მოქალაქეებით, თუმცა, შემოწმებული ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი 80-90 პროცენტამდე ადის. ამიტომ ისეთი მიტინგის მოწყობა, რომელიც აქ გამართეს, ელემენტარულად საფუძველსაა მოკლებული.

მართალი გითხრათ, დღევანდელი საინსპექციო შემოწმება ამ საკითხით იყო ნაკარნახევი.

_ რა გაირკვა?

_ გაირკვა, რომ რამდენიმე მუშა, რომლებიც, არ ვიცით, ვის მიერ იყო შემოგზავნილი, მხოლოდ ლოთობითა და უსაქმურობით იყო «დაკავებული». სწორედ მათ მოინდომეს აწყობილი საქმის არევა. ეს რამდენიმე კაცი ჩვენმა პატიოსანმა მუშებმა გააძევეს ობიექტიდან.

_ ჩვენ თვითონ გავუწიეთ წინააღმდეგობა და ჩვენ თვითონ გავაგდეთო, მეც მოვისმინე, ასე რომ თქვეს, _ ვუდასტურებ.

_ ასე იყო. მაგალითს დაგისახელებთ: მიკროავტობუსის მძღოლს, რომელიც მუშებს ემსახურება, 800 ლარი აქვს ხელფასი; თბილისში, ადმინისტრაციაში მომუშავე მათ კოლეგებს _ დაახლოებით 750 ლარი. მარტივი არითმეტიკაა.

ასეთი მტვერი და ბალასტი მოჰყვება ქარს, რომელიც, როგორც ვატყობ, აქ მუდმივად ქრის და, როცა ასახვეტი აღარაფერი რჩება, მიწას გაყრის თვალებში, რათა არ დაინახო ის, რაც სინამდვილეა. რა ეს ქარი და რა სააკაშვილის გაფრენები: ერთი უბედურებაა!

წინააღმდეგობათა ამ სიმრავლეში გზის გაკაფვა ძნელია, მართალს ამბობს დოჩანაშვილი: «ძნელია, დღეს იყო თავფარავნელი ჭაბუკი, ძალიან ძნელი».

მაგრამ აუცილებელია. და გამოვა მამამზე მიხეილი «დაბალანსებული ტელეარხების» ეკრანზე 7 ივლისს და შეუტევს ახალ ხელისუფლებას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის შეჩერებით აღშფოთებული.

გასაგებია, რომ ბოდვითი იდეები ავადმყოფებს მუდმივად აწუხებს, განსაკუთრებით, როცა არ მკურნალობენ. გაითვალისწინეთ ეს, ვეუბნები მათ, ვინც გულისმოსაფხან ინფორმაციას აწვდის პრეზიდენტის სავარძელში დაყოვნებულ დემაგოგს: კიდევ გადარევა სჭირდება ერის ამ მოჭირნახულეს?!

შუა ევროპა შუა ჯავახეთში

მსოფლიოს საუკეთესო პროექტების ასეულს შორის ბაქოთბილისიყარსის რკინიგზასაც მოიხსენიებენ.

ვიმეორებ: სააკაშვილის ზეობის პერიოდში, 4 წლის განმავლობაში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე სამშენებლო სამუშაოები გათვალისწინებელი მოცულობის მხოლოდ 28 პროცენტით შესრულდა, და ეს, ნახევარწიწილას მესამედის «შემოქმედი», ახალ ხელისუფლებას მოძღვრავს, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ 2014 წელს დაამთავროთო მშენებლობა.

თენგიზ თოდუას ეღიმება:

_ იმ ტემპებით რომ ვაშენოთ, როგორითაც მის დროს მუშაობდნენ, რკინიგზის გაყვანა 2020 წლამდე გაჭიანურდებაო.

ახალქალაქის რკინიგზის სადგური და ვაგზალი, შეიძლება ითქვას, მშენებლობის გვირგვინია.

ობიექტზე ხალხი არც ბევრია, არც ცოტა, ზუსტად იმდენია, რაც აქ გაშლილი სამუშაო ფრონტისთვისაა საჭირო. რაციონალური გათვლის შედეგია ეს და არ ჰგავს სააკაშვილის სტუმრობისას ყველა სართულზე სუროსავით აყოლებული ვაზის მტევნებივით დახუნძლულ პოდიუმს.

«სადაც შეხვალ, იმ ქვეყნის ქუდი დაიხურეო» აქ პირდაპირ მნიშვნელობას იძენს: მოვირგეთ პლასტმასის მუზარადები და აფეთქდა კიდეც არც თუ ისე შორს მიწა და ქვა _ ახალქალაქის სადგურის 100-ჰექტრიანი ტერიტორიის დასავლეთ კიდეზე.

ამ ოღროჩოღრო, ჰორიზონტამდე გაშლილ სივრცეში მზადდება სამშენებლო მოედანი, რომელზეც უნდა განხორციელდეს 170 პროექტი, სულ მალე, იანვრიდან, როცა დამთავრდება სადგურის ინფრასტრუქტურის დაპროექტება.

დღეის ამოცანა კი ვაგზლის შენობაა: ნაწილი _ ჩაბეტონებული, ნაწილი _ ხარაჩოებით შეკრული.

ვაგზალი თანამედროვე ევროპული კლასის ნაგებობა იქნება, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, მგზავრებს სრული პაკეტით მოემსახურებიან. აქ განთავსდება ტერმინალები, ვაგონების ურიკების შემცვლელი დანადგარები _ პოსტსაბჭოთა ლიანდაგიდან ევროპულ ლიანდაგზე შეუჩერებლად გადასასვლელად.

ვაგზლის შენობა გერმანელი არქიტექტორის _ იურგენ მაიერის მიერ არის დაპროექტებული. მთელს ამ პროექტებში კი მონაწილეობა აქვთ მიღებული ქართველ და უკრაინელ ინჟინრებს.

_ ვაგზლის შენობას აგვისტოში უკვე გადავხურავთ, წლის ბოლოსთვის დასრულებული სახე მიეცემა, _ გვიხსნის ირაკლი წულაია, _ 2014 წლის ბოლოსთვის სამუშაოების 70 პროცენტი დასრულდება.

_ შეძლებთ კი იმ ჩამორჩენის დაძლევას, რომელიც აქ დაგხვდათ?

_ დარწმუნებით გეტყვით, შევძლებთ. ვინმეს შეიძლება მოეჩვენოს, რომ წლეულს აღებული ტემპი საკმარისი არ არის, მაგრამ ეს გამოწვეული იყო იმით, რომ 2013 წლის პირველი თვეები სისტემური ცვლილებების განსახორციელებლად დაგვჭირდა. თუ განვაგრძობდით იმ გზით სვლას, რომელიც დაგვხვდა, დაახლოებით 2020 წლამდე, გაჭიანურდებოდა მშენებლობა. არანაირად არ ვაკნინებ წინა მენეჯმენტის მიერ გაწეულ შრომას, მაგრამ შესრულების 28 პროცენტი, რომელიც დაგვხვდა, გვაიძულებდა რადიკალური ცვლილებების განხორციელებას, რათა მომდევნო ორი წლის განმავლობაში, როგორც პრემიერ-მინისტრმა დაგვისახა, დაგვესრულებინა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა.

_ ასეთი ჩამორჩენის დასაძლევად დიდი რაოდენობით ტექნიკა დაგჭირდებათ, უთუოდ.

_ 2014 წელს, მოგეხსენებათ, ავღანეთში დასრულდება აისაფის პროგრამა და ამერიკელების იქ გამოყენებული ტექნიკა აზერბაიჯანსა და საქართველოს გადმოგვეცემა.

ეს აღჭურვილობა და ჩვენი მაქსიმალური მონდომება, საქმის მაღალპროფესიულად შესრულება, დარწმუნებული ვარ, საშუალებას მოგვცემს პროექტი 2015 წლის ნაცვლად 2014 წელს დავამთავროთ.

_ გათვალისწინებული გაქვთ ლენტის პროფესიონალი გამჭრელის მოწვევა, ბატონო ირაკლი?

_ (ეღიმება) ჩვენ ლენტის გაჭრაზე არ ვართ ორიენტირებული. ხოლო ლიანდაგები აგვისტოს ბოლოსთვის საზღვრამდე გვექნება დაგებული.

ზულეიკა ხანუმ!

თავფარავნელი ჭაბუკის ლეგენდა ბერძნული მითოლოგიიდან იღებს სათავეს. ან, იქნებ, პირიქით?

არ ვიცი.

მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მითოლოგიური თქმულებით გატაცებულმა ბაირონმა ლეანდრეს კვალზე ორჯერ გადაცურა დარდანელის სრუტე, რაც უკვდავყო პოემაში «აბიდოსელი საცოლე», სადაც ლეანდრე შეცვალა სელიმმა, ჰერო კი _ თურქეთის ფაშის ასულმა ზულეიკამ.

ზულეიკას ქვეყანაში გადავალთ სულ მალე, რკინიგზით _ ყარსში, რომელიც ბოლო სადგურია თურქეთის მიწაზე.

რკინიგზის ამ მონაკვეთზე უკვე აგებენ ლიანდაგს: ჯერ იუველირის სიზუსტით მილიმეტრამდე ერთმანეთს უპირაპირებენ ბეტონის შპალებს, დაამაგრებენ, და ოქროს სარტყელად გადაატარებენ ლიანდაგებს.

აგერ, ახლახან დამთავრებულ, პოსტსაბჭოთა სივრცეში უდიდეს და უნიკალურ, 154-მეტრიან რკინა-ბეტონის(!) ხიდს გადავალთ (გახსნაზე მიპატიჟებულები ვართ) და _ გამარჯობა, ზულეიკა ხანუმ! თავფარავნელი ჭაბუკის სამშობლოდან გახლავართ!

არმაზ სანებლიძე

P.S. საქართველოს პრემიერმინისტრის 3 ივლისის ბრიფინგზე აზერბაიჯანულენოვანი მედიის წარმომადგენელმა ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჰკითხა, რატომ შეჩერდა ისეთი მნიშვნელოვანი რეგიონული პროექტის განხორციელება, როგორიც ბაქოთბილისიყარსის რკინიგზის მაგისტრალის მშენებლობა არისო.

ეტყობა, სააკაშვილისეული დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ იყო.

პრემიერმა უპასუხა, რომ მას სრულიად საწინააღმდეგო ინფორმაცია აქვს, რომ მშენებლობის ტემპიც მაღალია და შედეგებიც კარგი.

«საქართველო და მსოფლიოს» იმ შეხვედრისთვის თავისი შეკითხვა ჰქონდა მომზადებული, რომელსაც ვიწყებდით შთაბეჭდილებით, ჩვენმა ჯგუფმა ჯავახეთიდან რომ ჩამოიტანა. პრემიერის პოზიცია, ცხადია, ამით გამაგრდებოდა და სააკაშვილის «ინიციატივას» იმთავითვე საფუძველი გამოეცლებოდა.

მაგრამ შეკითხვის დასმის უფლება არ მოგვცეს: რატომღაც არ წყალობენ გაზეთებს.

რას იზამ: «საქართველო არის ესე

P.P.S. ამ პუბლიკაციას მიშას ნუ წააკითხებთ, მაინც ვერ გაიგებს.

 

1 COMMENT

  1. პატივცემულო რედაქცია, ეგ სოციალური ქსელების ლოგოებიანი რაღაცა სადმე უფრო მოხერხებულ ადგილად გადაიტანეთ, თორემ მუდამ ტექსტს ეფარება, რაც ძალზე მაღიზიანებს და კითხვის მადას მაკარგვინებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here