Home რუბრიკები სამართალი ვაჟა კაპანაძე: გადაწყვეტილება უნიკალური დანადგარის გასხვისების შესახებ კახა ბენდუქიძემ მიიღო

ვაჟა კაპანაძე: გადაწყვეტილება უნიკალური დანადგარის გასხვისების შესახებ კახა ბენდუქიძემ მიიღო

1529

საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებული პოლიციის პოლკოვნიკი ვაჟა კაპანაძე საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ რადიაქტიური ნივთიერებების შენახვაგადაზიდვისთვის დააპატიმრა და 5 წელი მიუსაჯა, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ ის გაათავისუფლა. ვაჟა კაპანაძე თავის დაპატიმრებაში ყოფილ მაღალჩინოსნებს ადანაშაულებს და პატიმრობის მიზეზებზე «საქართველო და მსოფლიოსთან» საუბრობს.

_ ჩემი დაპატიმრების მიზეზი ჯერ კიდევ 2005 წლიდან იღებს სათავეს. როდესაც «ნაციონალები» ხელისუფლებაში მოვიდნენ, მე შინაგან საქმეთა სამინისტროდან წამოვედი და არასამთავრობო ორგანიზაციაში «ადამიანის უფლებათა დაცვა და ანტიკორუფციული კავშირი» ძალოვან სტრუქტურებთან მუშაობის კომისიის თავმჯდომარედ დავიწყე საქმიანობა. შევიტყვეთ, რომ ქუთაისის საავიაციო ქარხნიდან აპირებდნენ უნიკალური დანადგარის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაყიდვას და, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, მთხოვეს, ჩავრეულიყავი და მისი ქვეყნიდან გატანის უფლება არ მიმეცა.

სარჩელი სასამართლოში შევიტანეთ, რის შემდეგაც, ქუთაისის სასამართლომ დანადგარი ეკონომიკის სამინისტროს გადასცა, რომელსაც იმ დროს კახა ბენდუქიძე ხელმძღვანელობდა. პრაქტიკულად სარჩელი მოვიგეთ, თუმცა მისი ნებისმიერ ფასად ქვეყნიდან გატანა მაინც გადაწყვიტეს.

_ აღნიშნული დანადგარის გატანით ქვეყანას რა ზიანი მიადგებოდა?

_ ამ უნიკალური დანადგარის მეშვეობით, შვეულმფრენის რედუქტორი რემონტდებოდა, მისი ქვეყნიდან გატანა კი ჩვენი ჯარის თავდაცვისუნარიანობას ძალიან ასუსტებდა. აღსანიშნავია, რომ ასეთი დანადგარი ამიერკავკასიაში ერთადერთი იყო.

_ ხელისუფლება ვერ ხვდებოდა მის საჭიროებას, თუ რაიმე დაინტერესება ჰქონდა? იცოდა თუ არა ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც დღეს აცხადებს, რომ გარკვეულ საკითხებზე არაფერი იცოდა

_ გამორიცხული არ არის, სააკაშვილს ამის შესახებ ყველაფერი სცოდნოდა. ბატონი მიშა დღეს ყველაფერზე იძახის, არ ვიციო და მედლებით კი ყველას აჯილდოებდა. ვფიქრობ, ვიღაცებს ხელისუფლებიდან მატერიალური დაინტერესება ჰქონდათ, ვინაიდან ვიცი, უნიკალური დანადგარის გაყიდვაში 10 მილიონი აშშ დოლარი აიღეს.

_ კონკრეტულად ვინ აიღო ეს ფული და გარეულია თუ არა ამ საქმეში კახა ბენდუქიძე?

_ ხელისუფლების გარკვეულმა წევრებმა. ცხადია, ამ საქმეში კვალი ბენდუქიძემდეც მიდის, ვინაიდან გადაწყვეტილება უნიკალური დანადგარის გასხვისების შესახებ უკვე კახა ბენდუქიძემ მიიღო. დანადგარი დაშალეს და ფოთში წაიღეს, უკვე მიჰქონდათ უკრაინაში, როცა ამის შესახებ შევიტყვეთ და ფაქტობრივად ფოთში გემიდან ჩამოვაღებინეთ დაშლილი და სარეალიზაციოდ გამზადებული დანადგარი.

ამის შემდეგ უშიშროებიდან დამემუქრნენ, შენ ნუ აქტიურობ, თორემ ცხვირს წაგამტვრევინებთო. ეს საქმე ძალიან მაღალ დონეზეა უკვე გადაწყვეტილი და გაჩერდიო, მაგრამ მაინც ვერ გავჩერდი, რადგან ამით ჩვენი ქვეყნის ინტერესები ილახებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ გვერდით დამიდგა საავიაციო ქარხნის ხელმძღვანელობა, ავიაციის სარდალი, გენერალი ამირან სალუქვაძე, გიორგი თავდგირიძე, რომელიც მაშინ სამხედრო აკადემიის რექტორი იყო, საბოლოოდდანადგარის ქვეყნიდან წაღება მაინც მოახერხეს და დღეს თითოეული შვეულმფრენის რედუქტორის რემონტი ქვეყანას მილიონ ლარამდე უჯდება.

მეორედ ხელისუფლების ინტერესებს 2008 წლის არჩევნებში დავუპირისპირდი, როდესაც ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო კამპანიაში ვმონაწილეობდი. ახალციხეში აწ გარდაცვლილ მამაჩემთან ერთად, რომელსაც დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, ვთხოვე მოსახლეობას, მხარი დაეჭირა გაჩეჩილაძისთვის. ერთ ღამესაც მოგვადგა პოლიცია. მითხრეს, ამ რაიონში ვანო მერაბიშვილი აკონტროლებს ყველაფერს და აქედან წადი, თორემ ან ნარკოტიკს ჩაგიდებთ, ან იარაღს და დაგიჭერთო. მამაშენიც გააფრთხილე, ჩუმად იყოსო.

რამდენიმეჯერ გადაიკვეთა ჩემი და ყოფილი ხელისუფლების ინტერესები, რაც არ მაპატიეს.

_ რას ითხოვდნენ თქვენგან?

_ ცალკე, როგორც ასეთი, საერთაშორისო ტერორიზმის მუხლი არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, თუმცა არის რამდენიმე მუხლი, პრაქტიკულად ტერორიზმისთვის დამახასიათებელი ნიშნები: ტრეფიკინგი, უკანონოდ ადამიანისთვის თავისუფლების აღკვეთა, წამება და ა. შ., სპეციალურად გააერთიანეს. ამით სააკაშვილმა დასავლეთის წინაშე თავი მოიწონა, თითქოს საერთაშორისო ტერორიზმს ებრძოდა. სურდა, ეჩვენებინა, თითქოს ყოფილი უშიშროებისა და შსს-ს მაღალჩინოსნები კარგად ვიყენებდით ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას, რუსულ სპეცსამსახურებთან გვქონდა კავშირი და რადიოაქტიური ნივთიერებები შემოგვქონდა.

208-ე მუხლის პირველი ნაწილით, რადიაქტიური ნივთიერებების შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით დამაპატიმრეს და 5 წელი მომისაჯეს. ჩემს მანქანაში ვითომდა იპოვეს ცეზიუმ 137, რომელიც დამიტოვა შავი პარკით ვინმე გოდერძი პეტრიაშვილმა. ეს პირი ახლობლის გასვენებაში გავიცანი, როგორც ჩანს, მას თავისი ინტერესები ჰქონდა.

ექსპერტიზის დასკვნაში ეწერა, რომ ამოღებული იქნა 698 გრამი ჟელესებრი ნივთიერება _ ცეზიუმ 137, რომელსაც რადიაქტიური გამოსხივება გააჩნია და ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია, თუმცა საქართველოს ენციკლოპედიაში გარკვევით წერია, რომ ცეზიუმ 137 ბუნებაში მოიპოვება და თითოეული ადამიანი მას წყლისა და სხვადასხვა პროდუქტის მეშვეობით იღებს. ცეზიუმ 137-ს ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს ბანანი, ასევე კაფელი, ბაზალტის ქვა. ქუჩაში ბორდიურები შეიცავს 0,06 მილიზივერტს, როცა ჩემს დასკვნაში წერია, რომ მანქანაში აღმოჩენილი ნივთიერება 0,0017 მილიზივერტს შეიცავდა. გარდა ამისა, წერია, რომ ცეზიუმ 137-ის გადასატანად საჭიროა სპეციალური კობალტის ჭურჭელი, რომელიც, თავის მხრივ, ტყვიის ჭურჭელში და ათ ტონა გამოხდილ წყალში უნდა მოათავსო.

წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება ასეთი ნივთიერება მანქანაში, უბრალო პარკში, ბოთლში გქონდეს? ეს ხომ წარმოუდგენელია?!

სინამდვილეში ეს ნივთიერება არა ცეზიუმ 137, არამედ ჩვეულებრივი კვარციტის ქვიშა იყო.

_ ბრალი აღიარეთ?

_ არა, ბრალი არ მიღიარებია. საპროცესო გარიგებას მთავაზობდნენ, რაც ბრალის აღიარებას ნიშნავდა, ამიტომ უარი ვთქვი.

ციხეში ფიზიკურად არავინ შემხებია, მაგრამ ჩემი წამების სხვა მეთოდები ჰქონდათ. მაგალითად, საღამოს გამომიცხადებდნენ, რომ სასამართლო პროცესზე უნდა წავეყვანე, დილას 6 საათზე ავდგებოდი, გავემზადებოდი და სასამართლოს პატარა კამერაში, ხშირად მთელი დღის განმავლობაში, სასამართლო პროცესს უშედეგოდ ველოდებოდი. სპეციალურად მაყურებინებდნენ, ე.წ. ფუქსებში როგორ საშინლად ურტყამდნენ პატიმრებს. მოდიოდნენ ვიღაცები და მემუქრებოდნენ, თუ ბრალს არ აღიარებ, შენს 2 წლის ვაჟიშვილს დავსჯით, შენი შვილის დედას ასე და ასე მოვექცევითო.

ამას გარდა, ყველა პატიმარს აქვს ბარათი, რომელზეც თანხა ერიცხება და ყოველდღიური საჭირო ჰიგიენური ნივთების შესაძენად შეუძლია გამოიყენოს. მიუხედავად იმისა, რომ ახლობლები თანხას მირიცხავდნენ, ეს ფული სად ქრებოდა, არ ვიცი.

_ თქვენ გლდანის ციხეშიც იხდიდით სასჯელს, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. როგორ ფიქრობთ, როგორ გადაურჩით წამებას?

_ ვფიქრობ, რამდენიმე მიზეზის გამო დამინდეს. ჯერ ერთი, ასაკით პატარა ბიჭი აღარ ვიყავი, მეორე, ქალაქის სამმართველოში სულ ხელმძღვანელ თანამდებობებზე ვმუშაობდი და ბევრი გლდანის ციხის თანამშრომელი ჩემი ყოფილი ხელქვეითი იყო. კადრებშიც ვმუშაობდი ერთი პერიოდი და ბევრი მათგანი ჩემი მიღებული იყო სამსახურში.

როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, პატიმრებს ყველაფრის იმედი უკვე გადაწურული გვქონდა და დიდი იმედი ჩაგვესახა. ვეცადეთ, მისთვის ხმა მიგვეწვდინა და ჩვენი მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა, რის გამოც, ციხის ადმინისტრაციის მხრიდან საყვედურიც დავიმსახურეთ. დამიბარეს და ორჯერ გამაფრთხილეს, შენ უკვე ვადამდე გათავისუფლება გეხება, მაგრამ, რადგან ციხის შიგნით ასეთ საქმიანობას ეწევი, თავისუფლებას ვერ ეღირსებიო.

ვისაც 5 წლამდე სასჯელი ჰქონდა, არჩევნებში  მონაწილეობა შეეძლო, ამიტომ ციხეში პატიმრებს «ნაციონალებისთვის» ხმის მიცემას აიძულებდნენ. განსაკუთრებით ერთი აქტიურობდა, ციხის თანამშრომელი ვინმე ჯინჯოლია, რომელიც პატიმრებს აგინებდა, ხმა «ნაციონალებს» მიეცითო.

_ რატომ ედო თქვენს საქმეს გრიფით საიდუმლო?

_ საქმეს გრიფით საიდუმლო იმიტომ დაადეს, რომ გამოძიების პროცესში ბევრი ლაფსუსი იყო და არ სურდათ, ეს გამჟღავებულიყო. სხვათა შორის, ამან მე და ჩემს ადვოკატს ყველაფერში ხელი შეგვიშალა. საქმეში ადვოკატსაც არ ახედებდნენ. ვთხოვდი, თვალით მაინც დამანახეთ, ბრალს რაში მდებთ-მეთქი.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

  1. ჩემი ვარაუდით იგი კი არ გაიყიდა, არამედ გადაადგილდა უკრაინაში მიშმაკისა და ბენდუს გასამდიდრებლად!

  2. ბატონო ვაჟა! გიცხადებთ სოლიდარობას, მეც გლდანის ციხეში ვიჯექი, მაგრამ უფრო მძიმე მუხლით, სრულიად უდანაშაულო. ვიცი რა უსამართლობა და გაუსაძლისი პირობები იყო. გამაგრდით, გაიმარჯვეთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here