Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს გადარჩენისთვის!

საქართველოს გადარჩენისთვის!

707

«რაც შეეხება ევროპულ სტრუქტურათა ზეწოლას, ჩვენი საზოგადოება უნდა განთავისუფლდეს მათ წინაშე მონური თაყვანისცემისგან».

. ჭაჭია

ბატონი  ალექსანდრე ჭაჭიას ინტერვიუ, რომელიც გაზეთ «საქართველო და მსოფლიო»- #22-ში გამოქვეყნდა ცოტა დაგვიანებულიც კი არის, მაგრამ, როგორც ბრძენი ხალხი ამბობს, «ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს». საქართველოს ისტორიის ამ მეტად საპასუხისმგებლო პერიოდში ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას საპრეზიდენტო კანდიდატად წამოყენება ერის სასიცოცხლო მნიშვნელობის ტოლფასი იქნება.

ამ ფაქტმა ჩემს გულში გააცოცხლა 2011 წელი, როდესაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს წერილით მივმართე და ვთხოვე, მის გუნდში მოეწვია მასავით საქართველოზე შეყვარებული საქართველოს მოქალაქე, ბატონი ალექსანდრე ჭაჭია, მაღალი რანგის პოლიტიკოსი და პოლიტოლოგი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკური მდგომარეობის ბრწყინვალე ანალიტიკოსი.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბატონი ალექსანდრე ჭაჭია მაღალი რანგის პოლიტიკოსია, დაუფლებულია პოლიტიკური მეცნიერების თეორიას. მკითხველს ყოველ აზრს გასაგებ ენაზე სთავაზობს, რის გამოც საქართველოში მას მკითხველთა და მხარდამჭერთა დიდი არმია ჰყავს. მკითხველს მოსწონს მისი მართალი და გაბედული გამოთქმები. «ადამიანი ათასწლეულების წინ მიხვდა, _ წერს ბატონი ალექსანდრე ჭაჭია, _ რომ იგი ვერ შექმის საზოგადოებას, ტომს, ერს, ანუ ვერ გადარჩება, თუ არ შეზღუდავს თავისუფლებას. თავისუფლება შეზღუდვის გარეშე არის გზა პირუტყვობისკენ». დღეს კი საქართველოში გამეფებულია აღვირახსნილი თავისუფლება, რაც დაღუპვისკენ მიგვაქანებს. ყველაფერი ეს უნდა დაარეგულიროს გონიერმა ხელმძღვანელმა, მაგრამ ამას ბატონი ბიძინა ივანიშვილი მარტო ვერ შეძლებს, რადგან სახელმწიფო იერარქიაში უმრავლესობა თავისუფლების ინსტიტუტგამოვლილი, გრანტ-დოლარებით გამოკვებილი პიროვნებები არიან, რომლებსაც სამშობლოს სიყვარული არაფრად მიაჩნიათ, ამიტომ ჩვენ ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს.

ქართველი ხალხი ისევ უნდა დავდგეთ სათანადო სიმაღლეზე და მხარი დავუჭიროთ იმ პიროვნებას, რომელიც იმსახურებს ჩვენს სიყვარულს. 2012 წლის ოქტომბრის ღირსეულ გამარჯვებას მივუმატოთ 2013 წლის ოქტომბრის ღირსეული გამარჯვება და ერთსულოვნად შეკავშირებულებმა ბატონების _ ბიძინა ივანიშვილისა და ალექსანდრე ჭაჭიას გარშემო ვაშენოთ საოცნებო საქართველო. ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში (თუ კენჭი იყარა) ალექსანდრე ჭაჭიას გამარჯვება იქნება მთელი ქართველი ხალხის გამარჯვება.

რამდენიმე წლის წინ ბატონი ალექსანდრე ჭაჭია წერდა: «ჯერ ერთი, შენი ერის განადგურებას ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაუწიო წინააღმდეგობა, მეორეც: ბევრი ქვეყანა მსოფლიო დიქტატს არ ემორჩილება, უფრო მეტიც, ამ დიქტატისგან განთავისუფლებას ცდილობს და მესამე: მსოფლიო გლობალიზაციის ცდები მე-20 საუკუნეში უკვე იყო, მაგრამ ყველა კრახით დამთავრდა, …სწორედ ამაშია სტალინის პოლიტიკური გენიალობა და უდიდესი ისტორიული დამსახურება, სწორედ ამის გამო სძულს იგი გლობალიზაციით დაავადებულ მსოფლიო ელიტას» (გაზ. «რაორაო» #47 (151) 22-28 ნოემბერი 2004 .).

როდესაც ავადსახსენებელი «ნაციონალები» მოვიდნენ ხელისუფლებაში და დაიწყეს ქადაგება ამერიკულ და ევროპულ ორიენტაციაზე, ბატონმა ალექსანდრე ჭაჭიამ თავისი ხედვა, თუ რა არის ევროპული ორიენტაცია, ასე ჩამოაყალიბა: «მე ევროპული ორიენტაცია მესმის, როგორც სწრაფვა ეროვნული სახელმწიფოს შექმნისკენ, ინტენსიური ტექნოლოგიური პროცესებისკენ, ეფექტური სამრეწველო და სოფლის მეურნეობის წარმოებისკენ, განათლების, მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებისკენ, მოსახლეობის ცხოვრების დონისა და ხარისხის ამაღლებისკენ». ყველა ჩამოთვლილი მიმართულება თითქმის მთლიანად განადგურებულია «ნაციონალური» მთავრობის ყბადაღებული «რეფორმებისგან».

იმისათვის, რომ დაიძლიოს ყველა უბედურება, რომლებიც «ნაციონალებმა» თავს მოახვიეს ერს და დაღუპვის პირას მიგვიყვანეს, საჭიროა სამთავრობო ძლიერი გუნდის ფორმირება, როგორც ჩანს, მარტო ბატონმა ბიძინამ ეს ვერ შეძლო, რაც მოსალოდნელი იყო მისი გარემოცვის მიერ, ამიტომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა უნდა გადადგას გაბედული და რისკიანი ნაბიჯი (რაც პოლიტიკოსისთვის თანმდევია და ბატონ ბიძინას ხელეწიფება), უარი თქვას დასახელებულ კანდიდატზე (მარგველაშვილზე) და დაასახელოს ახალი საპრეზიდენტო კანდიდატი, ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას სახით. ეს იქნება ბატონი ბიძინას სწორი ნაბიჯი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა გაგებით შეხვდება. დარწმუნებლი ვარ, რომ ეს ორი პიროვნება, რომლებიც სუფთა სინდისის მფლობელები არიან, გადაარჩენენ საქართველოს და ქართველ ხალხს.

საქართველოს ვერ გადაარჩენს ფანჯიკიძისნაირი მინისტრები, რომელთაც სტალინი და ჰიტლერი ვერ გაურჩევიათ ერთმანეთისგან. ამიტომ საჭიროა გააზრებული მიდგომა საპრეზიდენტო არჩევნებისადმი. დღევანდელ პირობებში ჩვენს საზოგადოებას, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ბატონი ალექსანდრე ჭაჭიას დონის პოლიტიკურად მოაზროვნე პიროვნება ესაჭიროება გვერდით.

ბატონმა ბიძინამ უდიდესი საქმე გააკეთა, _ მოგვაშორა «ნაციონალური» ურჩხული, მაგრამ დაუშვა შეცდომა: ააყვავა «თავისუფლების ინსტიტუტის» ნაშიერები. ნუ გაგიკვირდებათ! «ნაციონალებზე» ნაკლები საშიშნი არ არიან!

ვინც დღევანდელ მთავრობაშია, ვერც ერთი ვერ გადაწყვეტს, მიახლოებით მაინც, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემას. ამ პრობლემის მოგვარება ბატონი ალექსანდრე ჭაჭიას მოვალეობაც არის და სურვილიც, და ქართველ ხალხს დიდ იმედს ჩაუსახავს, იმედი კი საქმის ნახევრად შესრულების ტოლფასია. დარწმუნებული ვარ, ბატონი ალექსანდრე ჭაჭია მთელ თავის რესურსს როგორც რუსეთში, ისე აფხაზეთში, გამოიყენებს ამ პრობლემის გადასაწყვეტად. ამ უდიდესი რესურსის გამოუყენებლობა დანაშაულის ტოლფასია საქართველოს გაერთიანებისა და გადარჩენის გზაზე.

ბატონმა ალექსანდრე ჭაჭიამ ზედმიწევნით იცის მართვის ხელოვნება. არის უმაღლესი რანგის პოლიტიკოსი, ახლოს იცნობს მსოფლიო პოლიტიკურ ელიტას, მათ შეხედულებებს და აზრებს დღევანდელი მსოფლიოს შესახებ. ქართველ ხალხს შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს. ერთად უნდა ვთხოვოთ ხალხის მიერ არჩეულ და ხალხის მიერ ნდობით აღჭურვილ პირებს, ბატონებს _ ბიძინა ივანიშვილსა და ალექსანდრე ჭაჭიას, გაითვალისწინონ ხალხის უდიდესი ნდობა და უდიდესი მხარდაჭერა, ერთად, სუფთა ხელებით გადაარჩინონ საქართველო. წამზომი ჩართულია, დრო მიდის, დროის გამოყენება გამარჯვების ტოლფასია, დაკარგვა კი _ დაღუპვის. ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი!

ლეონტი ბიწაძე,

ინჟინერეკონომისტი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here