Home რუბრიკები პოლიტიკა სირაქლემის პოზა და ხვლიკის პრინციპი

სირაქლემის პოზა და ხვლიკის პრინციპი

1340

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტმა წინა პლანზე წამოწია ნატოსაქართველოს ურთიერთობის თემა, რომელსაც შიდაპოლიტიკური პროცესების გართულების გამო, ქართველი კომენტატორები ბოლო დროს ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ. ასეთ ვითარებაში მიღებულია დაახლოებით ასეთი ფრაზების გამოყენება: «გამწვავდა დისკუსია ნატოში ინტეგრაციის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის», მაგრამ ამის გაკეთება, ალბათ, არასწორი იქნება, რადგან კომუნიკაციის სხვა ფორმებისგან დისკუსიას არგუმენტირებული პოზიციების დაპირისპირება გამოარჩევს, ხოლო საქართველოში ამ  არგუმენტების მწვავე ნაკლებობა იგრძნობა და მსჯელობა ნატოზე, დიდი ხანია, დაემსგავსა სახალხო მთქმელების ფესტივალს ფანტაზიის თავისუფალი ფრენით და შესაბამისი ემოციებით. მარჯვნივ «ნატოსკეპტიციზმია», მაცხნივ კი _ «ნატოოპტიმიზმი», მაგრამ არავინ იცის, თუ სადაა «ნატორეალიზმი», რომელიც, სავარაუდოდ, ყველაზე მეტად გვჭირდება.

ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები

საინტერესოა, რომ წლების განმავლობაში საქართველოს ნატოში ინტეგრაციის აღსაწერად, ქართველ და უცხოელ პოლიტიკოსებს არც ერთი ახალი მეტაფორა არ გამოუყენებიათ, საუბარი ისევ «გზაზე», «ნაბიჯებზე», «კარზე» და «კაკუნზე» მიდის, ხოლო დიალოგები ამ სიტყვების გამოყენებით სულ უფრო აბსურდული ხდება. გასული კვირის შთაბეჭდილებებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გვიზიარებს: «სემინარზე დავსვი კითხვა: ასე, მეგობრებო, გვეუბნებით, რომ ნატოს კარი ღიაა და შესვლა თუ შეიძლება? ჩვენ გვითხრეს, რომ კარები ნამდვილად ღიაა, შესვლა შეიძლება, მაგრამ გვირჩევენ, რომ უკეთ მოვემზადოთ, ისევე, როგორც ვემზადებით ხოლმე სათანადოდ ნებისმიერ კარში შესასვლელთან. საჭიროა იმის დემონსტრირება, რომ საქართველო, ყველა თვალსაზრისით, მზად არის, იჯდეს იმ მაგიდასთან, რომელთანაც ზის გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, კანადა, აშშ და .(ჯი-ეიჩ-ენი).

როგორც ჩანს, პროცესი სულ უფრო ემსგავსება ლუის ბუნუელის ფილმს «ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი», რომლის გმირები ვერა და ვერ იკრიბებიან ერთ სუფრასთან, უფრო სწორად, საქართველო ვერ ხვდება იქ, სადაც იმყოფებიან «აშშ და ა. შ.» და მის ლიდერებს სხვა არაფერი რჩებათ, გარდა იმისა, რომ რეპლიკებში მსუბუქი ირონია ჩააქსოვონ, რომელსაც პარტნიორები ასეთივე მსუბუქი ცინიზმით პასუხობენ. რაღაც ეტაპზე მას, ალბათ, შავი იუმორი ჩაანაცვლებს, თუმცა მთავარი აქ სულ სხვა რამ არის _ სრული გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, თუ რას უწოდებენ მხარეები «კარს» ან «გზას» და რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით ხდება იმის განსაზღვრა, რომ «ნაბიჯი» გადაიდგა.

არის ორი წინაღობა, რომელიც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზას უბლოკავს _ სიტუაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ნატოს ევროპელი წევრების სურვილი, რუსეთთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნონ. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ამ საკითხებზე ნატო-საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში როგორც ქართველი, ისე უცხოელი პოლიტიკოსები ძალიან ცოტას საუბრობენ და აქცენტები საქართველოს არასაკმარის მზადყოფნაზე გადააქვთ. ერეტიკულ კითხვებს, დაახლოებით ასეთს: «რა მოხდება, თუ საქართველო ყველა პარამეტრით დანიას ან ბელგიას დაემსგავსებაარავინ სვამს, რადგან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ შემთხვევაში, ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით, არც არაფერი მოხდება. გასაგებია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლებს არ სურთ იმის დაფიქსირება, რომ რუსეთის ფაქტორი მათ პოზიციაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს, თუმცა გაუგებარია, რატომ უნდა დაიცვან მათი ღირსება ქართველმა პოლიტიკოსებმა, რატომ არ შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ «მათ არ შეუძლიათ», იმას ხომ არ ვამბობთ, რომ «მათ ეშინიათ»?!

ევროპელებს დროებით თავი დავანებოთ; უსაფრთხოების განმტკიცება,  პრინციპში, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზეც შეიძლება. არსებობს ასეთი სტატუსი «აშშის ძირითადი მოკავშირე ნატოს ფარგლებს გარეთ»; შეერთებული შტატების მთავრობა ასეთად განიხილავს ავსტრალიას, ეგვიპტეს, ისრაელს, იაპონიას, სამხრეთ კორეას, იორდანიას, ახალ ზელანდიას, არგენტინას, ბაჰრეინს, ფილიპინებს, ტაილანდს, ქუვეითს, მაროკოს, პაკისტანს, ავღანეთს. ამ სტატუსიდან თავისთავად არ გამომდინარეობს, რომ მათზე თავდასხმის შემთხვევაში აშშ ავტომატურად ჩაებმება საბრძოლო მოქმედებებში, თუმცა ის ჩამოთვლილი ქვეყნებისთვის უსაფრთხოებისა და სამხედრო თანამშრომლობის სფეროში მთელ რიგ, საკმაოდ მნიშვნელოვან პრეფერენციებს უკავშირდება. პრობლემა, სავარაუდოდ, იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ვაშინგტონმა ეს სტატუსი საქართველოს არ მიანიჭა, არამედ იმაში, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა ამ თემაზე საუბრის დაწყებაც კი ვერ გაბედეს, რადგან უარის შემდეგ, ძალიან დიდი ალბათობით, საქართველოში მეტად აქტუალური გახდებოდა კითხვა: «მაშინ რატომ ვუწოდებთ მათ მოკავშირეებს?».

რა შეუძლია დასავლეთს რეალურად? მსჯელობა ამ თემაზე საქართველოში აკრძალული, რა თქმა უნდა, არ არის, თუმცა პოლიტიკოსები საკითხის ასე დასმას ყველა საშუალებით ეწინააღმდეგებიან, რადგან ქართული პოლიტიკური მითოლოგიის დედაბოძს წარმოადგენს პოსტულატი იმის თაობაზე, რომ დასავლეთს, კერძოდ კი ამერიკის შეერთებულ შტატებს, აბსოლუტურად ყველაფერი ძალუძს. ისინი ცდილობენ, ყურადღება არ მიაქციონ ცალკეულ მოკრძალებულ რეპლიკებს იმის თაობაზე, რომ დასავლეთს ძალიან ბევრი რამ შეუძლია, მაგრამ არა ყველაფერი და საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა ამ მხრივ წითელ ხაზს მიღმა მდებარეობს. ამ ნიადაგზე აღმოცენდა კვაზირელიგიური მითი იმის თაობაზე, რომ ჩრდილოატლანტიკურ სამოთხეში საქართველო მხოლოდ და მხოლოდ არასრულყოფილების (ძველად რომ იტყოდნენ _ ცოდვების) გამო ვერ ხვდება, თორემ დასავლეთი ყოვლისშემძლეა.

რამდენად ღირს დროის დახარჯვა იმის გარკვევაზე, ცუდია ნატო თუ კარგი, ან რაში მდგომარეობს საქართველოს კულტურულ-ცივილიზაციური არჩევანი, მაშინ, როდესაც პასუხგაუცემელი რჩება მთავარი კითხვა: რა შეიძლება გაკეთდეს რეალურად? რა შეგვიძლია ჩვენ და რა შეუძლიათ მათ? საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას ესმის, რომ სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ბოდვები იმის თაობაზე, რომ გადამწყვეტ მომენტში საქართველოს ნაპირებს მოკავშირეთა ავიამზიდები მოადგებიან, რეალობას არ შეესაბამება, თუმცა ამ რეალობის ბოლომდე გაშიფრვის სურვილი არ შეინიშნება, შესაძლოა იმიტომ, რომ ის საოცრად მწარე და მძიმეა.

ტრიალებს, ტრიალებს, ძველი ფირფიტა ტრიალებს

სააკაშვილის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რათა საზოგადოებას არ გაეაზრებინა აგვისტოს ომის უმძიმესი შედეგები და შეექმნა შთაბეჭდილება, რომ წარმატებული წინსვლა ნატოსკენ გრძელდება. ის გვიმტკიცებდა, რომ ავღანეთში არაპროპორციულად დიდი კონტინგენტის გაგზავნა ნატოსთან სულ უფრო გვაახლოებს და საუბრები ამ თემაზე გრძელდებოდა მანამ, სანამ ანდერს ფოგ რასმუსენმა 27 ივნისს თბილისში პირდაპირი ტექსტით არ თქვა: «მე ვიცი, რომ ბევრი ქართველი კითხულობს, რომ კიდევ რამდენი მათი მამაცი ჯარისკაცი უნდა დაიღუპოს იმისათვის, რომ ნატოს წევრობა მიიღონ. ნება მომეცით, ხაზი გავუსვა, თქვენი ჯარისკაცები არ არიან ავღანეთში იმიტომ, რომ ნატოში გაწევრიანება იყიდონ». ნატოს გენერალურ მდივანს, ალბათ, მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ არა ეს რეპლიკა, რომელიც, სავარაუდოდ, ორ პროცესს შორის წარმოსახვითი მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გაწყვეტას ემსახურებოდა, ქართველი პოლიტიკოსების სპეკულაციები ამ თემაზე კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა.

თავიდან ახალი ხელისუფლების პერსპექტივებს დაახლოებით ასე აფასებდა: «სააკაშვილის მმართველობამ და აგვისტოს ომმა ნატოში გაწევრიანებას, წლებით თუ არა, ათწლეულებით დაგვაშორა», თუმცა თანდათან ეს დამოკიდებულება შეიცვალა, გაცილებით ოპტიმისტური გახდა და გასულ კვირას, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში, ჩვეული აღტკინებისა და «კარსა» და «გზებზე» ემოციური მონოლოგების სახე მიიღო. ამ ნიუანსს არსებითი მნიშვნელობა აქვს, რადგან პირვანდელი პოზიცია გულისხმობდა გარდამავალი, ხანგრძლივი ტრანზიტული პერიოდის გააზრებას და უსაფრთხოების გარანტიების შექმნისთვის განსაკუთრებული სტრატეგიის შემუშავებას. დღეს კი ჩვენ, ფაქტობრივად, ვუბრუნდებით სააკაშვილის დროინდელ ისტერიკას ღია (თუ დახურულ) კართან, გამოკიდებულ მდგომარეობას, რომელსაც უსაფრთხოების განმტკიცებასთან, თუნდაც რიგი შუალედური გადაწყვეტილებების მიღების გზით, საერთო არაფერი აქვს.

ზოგიერთი კომენტატორი მიიჩნევს, რომ საქართველოს ახალ ხელისუფლებას სხვა გზა არ აქვს, რადგან კრემლმა მას სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა არ შესთავაზა. მართალია, ვლადიმერ პუტინმა რამდენიმეჯერ მიანიშნა საქართველოს მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობაზე (ცნობილი რეპლიკები სადისკუსიო კლუბ «ვალდაიში», ევგენი პრიმაკოვის იუბილეზე და ა.შ.), თუმცა მსგავსი ფორმით გამოხატული მოსაზრება არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც სახელმწიფოს პოზიცია, გეგმა ან წინადადება. კრემლი ელოდება, რომ ოფიციალური თბილისი თავად შეიმუშავებს კომპრომისულ წინადადებას, რომლის ფარგლებში საქართველოს გაწევრიანება ნატოში გამოირიცხება; ამასთანავე, რუსები ნათლად მიანიშნებენ, რომ წავლენ უკიდურეს ზომებზე და შეიძლება იომონ კიდეც იმ შემთხვევაში, თუ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება.

შეიძლება ოდნავ ალარმისტულად გაიჟღეროს, მაგრამ ვითარება კატასტროფულია; საქართველოს ხელისუფლება მოკლებულია მანევრის შესაძლებლობას და ამის გამოსწორება შეუძლებელია შელოცვით «ნატოშიც შევალთ, რუსეთთანაც დავალაგებთ ურთიერთობებს და მთლიანობასაც აღვადგენთ» (მას განსაკუთრებით სტრაუსის ცნობილი პოზა უხდება). პირველ ნაბიჯად ამ ვითარების გამოსწორებისკენ, ალბათ, უნდა განვიხილოთ ხელისუფლების გულწრფელი დიალოგი საზოგადოებასთან _ სიმართლე ნატოზე, რუსეთზე, აგვისტოს ომზე და, რაც მთავარია, სიმართლე იმ მდგომარეობაზე, რომელშიც დღეს იმყოფება ქვეყანა და პესპექტივებზე, რომლებიც მას რეალურად აქვს. ეს აუცილებელია, რადგან რეალობის არაადეკვატური აღქმა საკმაოდ სახიფათო თეორიებს წარმოშობს, რომელთაგან ერთ-ერთს, ალბათ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ.

საიდან მოძვრებიან ხვლიკები?

უსაფრთხოების ვაკუუმმა და გამოკიდებულმა მდგომარეობამ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, რიგი ნეგატიური ფაქტორების თანხვედრის შემთხვევაში (რომელიც თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო მეტია), შეიძლება სახელმწიფოებრიობის სრული კრახი მოგვიტანოს. ამიტომ ზოგიერთი მოღვაწე ჯერჯერობით ასე თუ ისე შენიღბული ფორმით გვთავაზობს, ამ ეტაპზე თავი დავანებოთ ზრუნვას ქვეყნის გამთლიანებაზე და მოვიქცეთ როგორც ხვლიკი, რომელიც თავდამსხმელს კუდს უტოვებს, თვითონ კი გარბის (აუტოტომია) და, ასე ვთქვათ, ახალი კუდის გაზრდას დაველოდოთ. ბიოლოგიური ტერმინოლოგიიდან პოლიტიკურზე თუ გადავალთ, ეს თეორია გულისხმობს ისეთი ფორმულის შემუშავებას, რომელიც ნატოს წაართმევს შესაძლებლობას, უარი უთხრას გაწევრიანებაზე საქართველოს მოუგვარებელი კონფლიქტები გამო; ამავე დროს, ისინი ირწმუნებიან, რომ ეს არ ნიშნავს სეპარატისტული რესპუბლიკების აღიარებას, ხოლო მას შემდეგ, რაც რუსეთი დაიშლება (ეს ამ თეორიის ერთ-ერთი ცენტრალური იდეაა), საქართველო დასავლელი მოკავშირეების მხარდაჭერით ამ ტერიტორიებს უპრობლემოდ შემოიერთებს.

მარტივად რომ ვთქვათ, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ამ თეორიის ფარგლებში, განიხილება, როგორც ორი ღუზა, რომელიც ქართულ გემს ადგილიდან დაძვრის საშუალებას არ აძლევს და რუსეთთან აკავშირებს, მაშინ, როდესაც მან სასწრაფოდ დასავლეთისკენ უნდა გაცუროს.

ცხადია, არანაირი გარანტიები არ არსებობს _ არც რუსეთის დაშლის, არც ნატოში გაწევრიანების (თუნდაც ტერიტორიების გარეშე), თუმცა ეს თეორია, სავარაუდოდ, სულ სხვა მიზანს ემსახურება _ თანდათან მიაჩვიოს ქართული საზოგადოება აზრს, რომ სეპარატისტული რესპუბლიკების აღიარება, ამა თუ იმ ვარიანტის ფარგლებში, შესაძლებელია.

აქ ჩვენ ღირებულებების საკითხს ვუახლოვდებით _ რა არის პრიორიტეტული ქართული საზოგადოებისთვის: ქვეყნის გამთლიანება თუ ნებისმიერი სხვა რამ? ერთი წლის წინ სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრ «აი-პი-ელ»-ისა და გაზეთის «ბანკები და ფინანსები» სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპოდენტების 55% ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს შესვლას ნატოში, ხოლო 23,3% ამის წინააღმდეგია, თუმცა როდესაც რესპონდენტებს ჰკითხეს, რას გაკეთებენ ისინი, თუ დადგებიან დილემის წინაშე _ «ნატოში შესვლა ან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა», 93,4%-მა განაცხადა, რომ უყოყმანოდ მთლიანობის აღდგენას მიემხრობიან. ასეთი დამოკიდებულება იყო ერთი წლის წინ და, სავარაუდოდ, ის დღესაც ასეთია. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ვიღაცამ  მისი შეცვლა განიზრახა და აპირებს საქართველოს ხარჯზე გადაწყვიტოს პრობლემა, რომელიც ყველა გეოპოლიტიკურ მოთამაშეს გარკვეულ  უხერხულობას უქმნის. პირველი ნაბიჯები ამ გზაზე, შესაბამისი იდეების გავრცელებით, როგორც ჩანს, უკვე გადაიდგა და ეს საკმაოდ საგანგაშოა.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here