Home რუბრიკები პოლიტიკა «კოკისპირული» დემოკრატია

«კოკისპირული» დემოკრატია

577

ნატოს გენერალურმა მდივანმა სააკაშვილი «დემოკრატიის მშენებლად» შერაცხა და იქვე დავით აღმაშენებელიც ახსენა, რომლის თაყვანისმცემლად მიიჩნევს ამ «მშენებელს». რასაც სააკაშვილი აშენებდა, ის თუ დავითაღმაშენებლობა ჰგონია ანდერს ფოგ რასმუსენს, ნამდვილად ვერ არის ჩვენი საქმე კარგად. ვერც ის არის დავითაღმაშენებლობა, როცა დედაქალაქის კუთვნილი 50 მილიონის დამტაცებლებს იმავე რასმუსენის ვიზიტისას ჯერ იჭერ, მერე უშვებ, მერე ამბობ, რომ ეს საბოტაჟი ყოფილაო და ბოლოს ისევ იჭერ. ერთი სიტყვით, დავითაღმაშენებლობა არც აქეთ ჩანს და არც იქით.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილის განცხადებით, მერიის დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ კადრების გავრცელება იდიოტიზმს ადასტურებს. მას კითხვები და პრეტენზიები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან აქვს: «იმ ტიპის ქვეყანა არ ვართ, რომ თავს უფლება მივცეთ, ნატოს დელეგაციის ვიზიტის პარალელურად, მსგავსი სკანდალი ავაგოროთ, მით უმეტეს სწორედ იმ დროს, როცა რასმუსენი პოლიტიკური კოაბიტაციის აუცილებლობასა და პოლიტიკური დაკავების პრევენციაზე საუბრობდა».

მაინც რა ტიპის ქვეყანა ვართ?

რომელიც ვერ ხვდება, ვინ და როდის დაიჭიროს?

თუ ხვდება, მაგრამ იმის გამბედაობა არ ჰყოფნის, რომ თვით ნატოს გენერალურ მდივანს უთხრას _ დამნაშავესთან კოაბიტაცია კი არა, მისი საკადრისად დასჯაა საჭირო?

ან იქნებ _ ისეთი, რომელშიც, საკუთარი ამომრჩევლის გარდა, ყველას ყველაფერზე ეთანხმება?

თუმცა ამ ამბავს კიდევ მივუბრუნდებით, რადგან ნატოს გენერალურ მდივანზე აქტუალური, როგორც აღმოჩნდა, თბილისის საკრებულოს წევრი კოკი იონათამიშვილია, რომელმაც «ნაციონალური მოძრაობა» დატოვა. იმდენი რასმუსენზე არ ულაპარაკია სააკაშვილის ადმინისტრაციას, რამდენიც კოკიზე და მის ვალებზე. ბოლო 9 წელი, თუ ვინმე სადმე ჩანდა, ვალი რომელს არ ჰქონია და ლოიალობის საფასურად ვისთვის არ გაუსტუმრებია «ნაციონალურ» მთავრობას, მაგრამ ამჯერად პირადი წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მედიას მიაწოდა და პასუხიც ისეთი მიიღო, რომ არ გამოექვეყნებინა, ის ერჩია; ზოგადი «ნაციონალური» ტრაგედიის მიზეზებისა და პირადი დრამის მიმოხილვის შემდეგ იონათამიშვილმა პირდაპირ მოჭრა: «ჩემსას კი აქვე გეტყვი _ ამაზრზენი ხარ, მიშა»!

ამაზრზენი მიშა კი უკვე ისე აიბნა, რომ დღისით 27 ოქტომბერს დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები, საღამოს კი 31 ოქტომბერს გადაიტანა. ბოროტი ენები ქირქილებენ, ეს ოთხი დღეც ვერ გაიმეტაო, მაგრამ სხვანი მიუთითებენ, რომ ვილნიუსის სამიტზე კვლავ პრეზიდენტის სტატუსით უნდა დასწრება, ხოლო არითმეტიკასთან რომ ისევე მწყრალად არის, როგორც ისტორიასთან, ლიტერატურასთან და გეოგრაფიასთან, ეს საყოველთაოდ ცნობილია. სამაგიეროდ, არჩევნების «სამართლიანად» ჩატარების ექსპერტი ხათუნა გოგორიშვილი უკვე ყავლგასულ პრეზიდენტს მორიდებით, მაგრამ მაინც ამხელს:

«ჩემი მოსაზრება ასეთია: _ საპრეზიდენტო არჩევნები შაბათს ან კვირას უნდა ჩატარდეს, რადგან საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისი მუხლი ამას გულისხმობს. თავის დროზე კონსტიტუციით საპრეზიდენტო არჩევნების დროდ განსაზღვრული იყო აპრილის კვირა დღე. სწორედ ამის გათვალისწინებით ეწერა საარჩევნო კანონმდებლობაში, რომ კვირის ნებისმიერ დღეს ნებისმიერი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს, გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა. მოგვიანებით, კონსტიტუციით მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდად ოქტომბერი განისაზღვრა, თუმცა საარჩევნო კანონმდებლობა, ამ თვალსაზრისით, კონსტიტუციასთან შესაბამისობაში აღარ მოსულა და დარჩა ჩანაწერი, რომელიც მოქმედებს».

თავის პირველ განცხადებაში, ვიდრე სააკაშვილისგან წელს ქვემოთ დარტყმას მიიღებდა, იონათამიშვილმა მიშას გენიას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი: «ვთვლი, რომ სააკაშვილმა მოახდინა ურთულესი რამ _ 2008 წლის ომის შემდგომ, მიუხედავად რუსეთის გამალებული მცდელობისა, საქართველო მოექცია პოლიტიკურ იზოლაციაში და დარჩენილიყო მასთან პირისპირ, მან შეძლო საქართველო ნატოს, ამერიკის, ცივილიზებული სამყაროს განსაკუთრებულ პარტნიორად დაეფიქსირებინა»…

ვერაფერს იტყვი, ნატო მაინც ის საკითხია, რომელშიც ძველი და ახალი ხელისუფლება, იონათამიშვილის ტერმინოლოგიით, «სოლიდარულია». ნატო და დემოკრატია _ ეს დაახლოებით ისევეა, როგორც საბჭოთა სლოგანი: «ვამბობთ _ ლენინი, ვგულისხმობთ პარტიას, ვამბობთ პარტია _ ვგულისხმობთ ლენინს»!

ახლაც _ ვამბობთ ნატო, ვგულისხმობთ დემოკრატიას და პირიქით.

ოღონდ ეს დემოკრატია ძალიან უცნაურია _ ნავთისა და სისხლის სუნი ასდის. მუამარ კადაფიზე ან სადამ ჰუსეინზე რომ იმგვარი ვიდეოკომპრომატები ჰქონოდათ, როგორიც «ნაციონალებმა» დაასაწყობეს, საფიქრებელია, რომ ამერიკელებს (იგულისხმე ნატო) არც მასობრივი განადგურების იარაღი ექნებოდათ საძებარი და აღარც დემოკრატიაზე ილაპარაკებდნენ ბევრს.

ნატო სადაც კი შევიდა, ყველგან ფუნდამენტალიზმისა და ექსტრემიზმის მოძალებაა. ომი არსად მოუგია, მაგრამ ამტკიცებს, რომ დემოკრატია დაამკვიდრა. თუ ვინმეს კიდევ სჯერა იმ ზღაპრების, რომ დემოკრატიის აშენების შემდეგ ნატოში მიგვიღებენ, კარგად დააკვირდეს, როგორი დემოკრატია დაამყარა ნატომ ავღანეთში და საკუთარ თავს ჰკითხოს _ უნდა თუ არა ასეთ დემოკრატიაში ცხოვრება?

ასეთი დემოკრატია არც კოკი იონათამიშვილს უნდა და საკუთარი ერთი, მაგრამ ოქროს ხმა, თანაც ფრაქციის თავმჯდომარისა, «ნაციონალებს» სწორედ მაშინ გამოაცალა, როცა ისინი ამას ყველაზე ნაკლებად ელოდნენ. იონათამიშვილის წამოსვლის შემდეგ ფრაქციაში «ნაციონალურ მოძრაობა» 23 წევრი რჩება, ქვორუმი გადაწყვეტილების მისაღებად 24-ია. ამოცანა გვეკითხება: თუ სააკაშვილი მას წილის 100 ათასად გაყიდვაში არ დაეხმარა, ვინ და რამდენად დაეხმარა იონათამიშვილს ერთი, მაგრამ ოქროს ხმის «ნაციონალური» ყულაბიდან გამოტანაში?

ასეა თუ ისე, თბილისის საკრებული ზუსტად ამ ერთი ხმის დაკარგვით წააგეს «ნაციონალებმა». იონათამიშვილის განცხადებით, «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» წევრების უმეტესობა თავიდან ბოლომდე სოლიდარულია მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან და მიხეილ სააკაშვილის მხრიდან წარმოებული შანტაჟი ვერ შეაჩერებს რღვევის პროცესს.

თუ ეს მართალია (არადა, სხვა წყაროებიც მიუთითებენ, რომ «ნაციონალების» ფრაქციას თბილისის საკრებულოში სულ მალე კიდევ ექვსი წევრი დატოვებს), პოლიტიკოსების დეფიციტი «ქართულ ოცნებაში», შესაძლოა, დღევანდელმა «ნაციონალებმა» შეავსონ და რასმუსენის საოცნებო კოაბიტაციაც შემდგარი იქნება!

მთელ ამ მარაზმზე ისევ მხოლოდ ნინო ბურჯანაძემ გასცა ადეკვატური პასუხი: «გამარჯვების შემდეგ მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ქვეყანას დაუბრუნდეს თავისი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია. ჩვენ დღეს არ ვართ ქვეყანა, პრაქტიკულად ჩვენი სამშობლო დღეს საერთაშორისო დახმარებების ან განხილვების ობიექტია. ჩვენ არ ვართ სახელმწიფო, რომელიც თავის ბედს თავად წყვეტს. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს მართლაც გამყარებული ის უმნიშვნელოვანესი ფასეულობები, ტრადიციები და სიახლეებიც, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ნორმალური და სწორი განვითარებისთვის. რაც ძალიან მნიშვნელოვანია! მე დავამთავრებ ამ გაუგებარ კოაბიტაციას «ნაციონალურ მოძრაობასთან», ამ დამნაშავე ორგანიზაციასთან და რეალურად დაიწყება სამართლიანობის აღდგენა, დაიწყება ეკონომიკური ზრდა, დაიწყება ინვესტიციების მოზიდვა და ქვეყანა განვითარების ნორმალურ რეჟიმზე გადავა».

მამაკაცების მიერ ოკუპირებულ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში კაცურად ნათქვამი სიტყვა კვლავ დეფიციტია. კაცებს არც ის აწუხებთ მაინცდამაინც, რომ ამ კაცურ სიტყვას ქალი ამბობს და არა რომელიმე მათგანი. კაცურად ვერც რასმუსენთან გამოიყურებიან და ვერც ერთმანეთთან. 17 მაისის მოვლენებზე საყვედურებს რომ უშფოთველად მოისმენ და იმის კითხვაც არ მოგინდება, დემოკრატიის რომელ ფორმულაში ჯდება წამებისა და გაუპატიურების ფაქტები, თანაც ვიდეოფირზე დაფიქსირებული, იქ კაცობას ან სძინავს, ან ხანგრძლივ შვებულებაშია გასული.

დემოკრატია პაროლად გადაიქცა, სხვა დანიშნულება არ აქვს: ეს სიტყვა მაშინ უნდა იხმარო, როცა ვინმეს მოტყუება გინდა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენსა და ნატოს (იგულისხმე აშშ) ურთიერთობაში ნამდვილად ასე დამკვიდრდა. რასმუსენი მხოლოდ ამ პაროლით გველაპარაკება, რეალური ამბები არ აინტერესებს, სააკაშვილს კი «დემოკრატიის მშენებლად» გვინიშნავს და მასთან სამუდამო კოაბიტაციას გვირჩევს.

ეს იმ პირობებში, როცა ჩვენ ჯერ არ ვართ ნატოს წევრი სახელმწიფო. ახლა წარმოიდგინეთ, რას მოითხოვს ჩვენგან ნატო, თუ ოდესმე მისი წევრი გავხდებით. მართალია, ამის საფრთხე სულ უფრო ფერმკრთალდება, მაგრამ «ნაციონალური დემოკრატიის» ხიბლი ჩვენ უკვე საკუთარ ტყავზე გვაქვს გამოცდილი და არც ისე იოლად დასავიწყებელია.

«კოკისპირული» დემოკრატია აქვეა, ჩვენ გვერდით და იგი ხან «მოქალაქეთა კავშირის», ხან «ნაციონალური მოძრაობისა» და ხანაც «ქართული ოცნების» სიებიდან გვიპაჭუნებს თვალს. მათ თავისი წილი დემოკრატია უკვე აიშენეს, აშენებულიც შეინარჩუნეს და ხვალაც ჩვენზე მბრძანებლობას იმედოვნებენ. რასმუსენები კი ამაში ორივე ხელით ეხმარებიან.

ოდესმე, ალბათ, გაირკვევა, რომ ეს «დახმარება» უანგარო სულაც არ ყოფილა. ისიც გამოჩნდება, ვის რამდენი მიჰქონდა «ქეშად» საქართველოდან, რათა «დემოკრატიის შუქურა» ედიდებინათ. არც ის დარჩება დამალული, თუ ვისი ხელდასხმით ბედავდა ამდენს სააკაშვილი და რატომ ეპატიება მას ის, რაც არც კადაფის ჩაუდენია და არც სადამ ჰუსეინს.

ოდესმე ყველაფერი გაირკვევა…

მათ შორის ისიც, თუ ვინ მართავდა საქართველოში ალქაჯთა შაბაშს და რატომ ვერავინ დაინახა ის სიმახინჯე, რომელიც დღეს ფერუმარილით მორთვას და კვლავაც პოლიტიკაში დარჩენას ლამობს.

საპრეზიდენტო არჩევნები კიდევ ერთი შანსია, ხალხმა საკუთარი ძალა აჩვენოს როგორც ძველ, ისე ახალ ხელისუფლებას, თუ არა და, ღმერთმა მოგახმაროთ «დემოკრატიის მშენებლები» და მათი უცხოელი მფარველები!

ნანა დევდარიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here