Home რუბრიკები საზოგადოება როგორ გააცურა დეპუტატმა ხიდაშელმა თავისი გომბორელი ამომრჩევლები

როგორ გააცურა დეპუტატმა ხიდაშელმა თავისი გომბორელი ამომრჩევლები

601

2010 წლის შემოდგომაზე ზარზეიმით, ჩვეული ტაშფანდურით და «მიშა, მიშა»- შეძახილებით «ნაციონალებმა» აღნიშნეს მორიგი «საუკუნის მშენებლობის» _ თბილისიგომბორითელავის საავტომობილო ტრასის დასრულება. თელაველებისა და გომბორელების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რადგან საგრძნობლად შემოკლდა მანძილი დედაქალაქამდე.

თუმცა, კახეთის მკვიდრთა სიხარულს დიდი დღე არ ეწერა. და აი, რატომ _ «ნაციონალურ» ხელისუფლებას ყოველთვის ეჩქარებოდა და ხანდახან ისე ძალიან, რომ მშენებლობების უსაფრთხოების საკითხებს არაფრად აგდებდა. კახეთის (თბილისი-გომბორი-თელავის) გზის დაგების სირთულე განპირობებული იყო რთული რელიეფითა და ეროზიული პროცესებით, რომელიც დამახასიათებელია ამ რეგიონისთვის.

ის მძღოლები, რომლებსაც ტრასის მშენებლობამდე სოფელი გომბორი გაუვლიათ, უთუოდ შენიშნავდნენ ეკლესიასთან მანიშნებელს, გამვლელ-გამომვლელს რომ აფრთხილებდა ამ უბნის მეწყერსაშიშროებაზე.

მიუხედავად ამისა, პროექტის ავტორების უპასუხისმგებლობის გამო (კონკრეტულად საუბარია გომბორის ეკლესიის ქვეშ გამავალ გზაზე და მიმდებარე ხევის დამეწყრილ უბანზე) ვითარება ძალზე სახიფათო გახდა.

ტრასის ამ მონაკვეთის რეაბილიტაციის შემდეგ მშენებლებმა მოსალოდნელი ინტენსიური დამეწყვრის ასაცილებლად ხევში სახიფათო ადგილის გასამაგრებელი სამუშაოები დაიწყეს, თუმცა პირიქით უნდა ყოფილიყო _ ჯერ ფერდი გაემაგრებინათ და მერე მოეხდინათ გზის რეაბილიტაცია. ასეა თუ ისე, დიდი რაოდენობით შემოიტანეს მიწა და ქვა, დაფარეს კალაპოტი ინერტული მასალით (დაახლოებით 400 მეტრის სიგრძეზე) და გააკეთეს ხელოვნური მიწაყრილი, რომლის დონე გაცილებით აღემატებოდა რიყის დონეს. მდინარეს შეუცვალეს კალაპოტი და წყალი მიუგდეს მარჯვენა ნაპირს, სადაც მოსახლეობაა. პროექტის მიხედვით, დამეწყრილ ფერდობს დამცველი კონსტრუქცია აუგეს, სამწუხაროდ, დამპალი სალიანდაგე შპალებისგან. საინჟინერო თვალსაზრისით ამ უაზრო ნაგებობამ აღაშფოთა ხევის ქუჩის მოსახლეობა, რომელმაც 2011 წლის 14 ივნისს საგანგებო წერილით მიმართა საგარეჯოს გამგეობას, რომელშიც აფრთხილებდა ამ უკანასკნელს, რომ ყოვლადგაუგებარმა კონსტრუქციამ მდინარის კალაპოტი 5 მეტრით შეავიწროვა, რაც ძლიერი წვიმების დროს აუცილებლად გამოიწვევდა მოსახლეობის დატბორვას.

2012 წლის 19 ივლისის წყალდიდობამ თვალნათლივ დაადასტურა მოსახლეობის ვარაუდი. უხარისხოდ და არაკომპეტენტურად აგებულმა კონსტრუქციამ ვერ გაუძლო სტიქიის პირველივე შემოტევას. მოვარდნილმა წყლის ნაკადმა ე.წ. გაბიონიდან გამორეცხა ქვის ლოდები, რომლებიც წალეკა ხიდისკენ. ლოდებს დაემატა მოგლეჯილი ხეები. ხიდი გადაიქცა ხელოვნურ კაშხლად; დაიწყო მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა.

აი, როგორ იხსენებს იმ კოშმარულ ღამეს ხიდთან ახლოს მცხოვრები ტარიელ სიხარულიძე:

_ იმ ღამეს მძლავრმა გრუხუნმა გამაღვიძა. ასე მეგონა, სოფელს ბომბავდნენ. როგორც შემდგომ გაირკვა, ამ გრუხუნის მიზეზი იყო გაბიონიდან გამორეცხილი ლოდები, რომლებიც ხიდს ასკდებოდა. წყლის დონე ძალზე სწრაფად მატულობდა და წყალი ჩემს კარ-მიდამოშიც შემოვარდა. სახლში, მეუღლის გარდა, იმყოფებოდა ჩემი ორი მცირეწლოვანი შვილიშვილი. გავაღვიძე მეუღლე და ვუთხარი: სწრაფად ადექი და, სანამ გვიან არაა, ბავშვებთან ერთად სახლი დავტოვოთ-მეთქი. როცა აივანზე გავედით, წყალი უკვე სახლს მომდგარიყო. ეს კარგს არაფერს გვიქადდა, რადგან საცხოვრებლის ახლოს არის დენის ტრანსფორმატორი, რომელიც უეჭველად დატბორილი იქნებოდა. წყლით დაფარულ ეზოში ჩასვლა უაზრობად ჩავთვალე. დავურეკე საგანგებო სიტუაციების სამსახურს. უნდა ვთქვა, რომ მისმა თანამშრომლებმა გულთან ახლოს მიიტანეს ჩვენი გასაჭირი და საშველად ვერტმფრენის გამოგზავნა გადაწყვიტეს. ამ დროს საშინელი გრუხუნის ხმა გაისმა, რომლის შემდეგ წყლის დონემ სწრაფად დაიწყო კლება. აღმოჩნდა, რომ უზარმაზარი ლოდი ხიდს შეეჯახა და მოწყვიტა ის, რითაც გაარღვია ხელოვნურად შექმნილი კაშხალი. რომ არა ის მართლაც დალოცვილი ლოდი, ვერ გეტყვით, გადავრჩებოდით თუ არა!

2012 წლის 19 ივლისის წყალდიდობამ ააოხრა და წალეკა მდინარე გომბორულას პირას მცხოვრები ზალიევებისა და სიხარულიძეების ოჯახების ნაკვეთები. ნაწილობრივ წყალი შევარდა რეზო ქოჩაშვილისა და გივი წივილაშვილის ნაკვეთებშიც, წყალმა ხიდის მიმდებარე სოფლის გზაც დატბორა.

თუ მორალურად ყველაზე დიდი ზარალი სიხარულიძეების ოჯახმა მიიღო (თუმცა მატერიალური ზარალიც არც თუ ისე მცირეა _ 1500 ლარს უდრის), მატერიალურად ყველაზე დიდი ზიანი ზალიევების ოჯახმა იწვნია. ცხრა კაკლის ხიდან წყალმა ფესვიანად მოგლიჯა ექვსი ხე, დატბორა საქათმე, რომელშიც 30 ქათამი და 80 წიწილა იყო. განადგურდა ბოსტანი, ბაღი თავისი მოსავლით. ეზოში იდგა დიდი რკინის ჯიხური. მასში ელაგა ყველაფერი, რაც აუცილებელია სოფელში საცხოვრებლად: ცხენის საზიდარი, ორი უნაგირი, ორი გაზით დატუმბული ბალონი, ორი დიდი ყუთი მატყლით, სამი ფიწალი, ოთხი ცელი… ზალიევებმა ხუთი ათას ლარზე მეტი იზარალეს!..

ახლოვდებოდა საპარლამენტო არჩევნები და «ნაციონალები» დაფაცურდნენ. აგვისტოში აღადგინეს მარცხენა ნაპირზე ნახევრადდაშლილი გაბიონი იმავე უხარისხო სალიანდაგო შპალებით, ხოლო სექტემბრის დასაწყისში მარჯვენა ნაპირის გასწვრივ დაიწყო 120-მეტრიანი დამცავი ბეტონის კედლის აგება. გაუგებარი იყო ერთი რამ: ასეთივე კედელი რატომ არ ააშენეს თბილისიგომბორითელავის ტრასის დამეწყრილი ფერდობის გასამაგრებლად და მის მაგივრად საკმაოდ შთამბეჭდავი სახსრები დახარჯეს დამპალი სალიანდაგო შპალებისგან აწყობილ კონსტრუქციაზე, რომელმაც თავის სრული უვარგისობა «დაადასტურა» 19 ივლისის წყალდიდობისას?!

2012 წლის ოქტომბრის დასაწყისში რედაქციის დავალებით ჩავედი გომბორში და შევხვდი ხევის ქუჩის მრავალტანჯულ მოსახლეობას. ბეტონის კედლის მშენებლობა სრული სვლით მიმდინარეობდა. ადგილობრივებს დავპირდი, რომ მათ გასაჭირზე გაზეთის მეშვეობით აუცილებლად ვაცნობებდი ფართო საზოგადოებას; და, უპირველეს ყოვლისა, მოვთხოვდი შესაბამის სამსახურებს ხიდის აღდგენას და დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემას, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებში «ქართული ოცნების» გამარჯვებისგან სიხარულის ეიფორიაში მყოფმა ხალხმა მთხოვა: არჩევნებამდე ჩვენთან მოვიდა თინათინ ხიდაშელი და სიტყვა მოგვცა, რომ ამ და სხვა პრობლემებსაც მოგიგვარებთო, ოღონდ არ დაიზაროთ, მიდით საარჩევნო უბანში და ხმა «ქართულ ოცნებას» მიეცითო. ახალი ხელისუფლება მოვიდა, ვაცალოთ, მითუმეტეს ასეთი ყოჩაღი გოგო _ თინიკო გვყავს დეპუტატიო.

რა გაეწყობოდა, წერილი არ დავწერე და გომბორის ამბავიც დავივიწყე. გომბორელები ახლახან გამახსენდა, როდესაც დააპატიმრეს საგარეჯოს გამგებელი. ნეტავ, როგორ აქვთ საქმე? შეუსრულა მათ თავისი დანაპირები «ყოჩაღმა გოგომ _ თინიკომ»?

რვა თვის შემდეგ ხევის ქუჩის მცხოვრებლების ალყაში ვარ მოქცეული.

_ ძალიან ვნანობთ, რომ ჩვენი თხოვნით თქვენს გაზეთში წერილი არ გამოაქვეყნეთ, _ მეუბნება დაზარალებული დილბარ ზალიევა. _ ხიდაშელმა უსინდისოდ გაგვაცურა. კარგად მახსოვს, ატირებულს რა მითხრა: დეიდა, ნუ ნერვიულობ, ნუ ტირიხარ, ყველაფერს აგინაზღაურებთ, თუ არჩევნების დღეს საარჩევნო პუნქტში 41-ს შემოხაზავთო. რვა თვე გავიდა, მაგრამ… კომპენსაცია მომცეს ჯერ 200 ლარი, მერე _ 1400. ეს მხოლოდ მოსავლისა მომცეს…

_ არჩევნების შემდეგ თუ იყო აქ დეპუტატი ხიდაშელი?

_ არა, არ ყოფილა. ერთხელ ვნახე საგარეჯოში. შევახსენე დანაპირები. გაიცინა და მითხრა, თქვენ მოსავლის კომპენსაცია მიიღეთო, რაც შეეხება ბარებს, ცხენის «ტაჩკას», ნამგლებს და უროებს, ამაში თანხას ვერ მოგცემთო; თუმცა ხიდის აშენებას დამპირდა. წელს, მარტის დასაწყისში სოფელში ჩატარდა კრება, რომელზეც სოფლის საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა: ჩვენი ხიდი მზადაა და ამ თვის ბოლოს ექსპლუატაციაში ჩაბარდებაო. უკვე ივნისი იწურება. სადაა ხიდი?!

აქ გავიცანი მორის თუთლაშვილი, რომელიც სოფლის გადაღმა ნაწილში ცხოვრობს.

_ ეს ხიდი, რაც მოწყდა, ლამის ერთი წელია გასული. შარშან, შემოდგომაზე უნდა აღედგინათ. წინა ხელისუფლება გვპირდებოდა, მაგრამ «ნაციონალებზე» მეტად არჩევნების წინ თინა ხიდაშელი გვპირდებოდა! აი, დილბარას სახლთან იდგა და ყველაფერს მობილურ ტელეფონზე იღებდა. წვიმა რომ მოდის, რაც აქ ხშირი ამბავია, ვერც ხევის ხალხი გადმოდის ჩვენკენ და ვერც ჩვენ ვერ გადმოვდივართ აქეთ. არადა, ზემოთ, ამ მთაზე სასაფლაოა. ერთი სასაფლაო გვაქვს ქართველებს, აზერბაიჯანელებს, რუსებს _ ყველანი ერთნი ვართ და ერთმანეთს მხარში ვუდგავართ. წვიმის მერე წყლის დონის დაწევას ერთი კვირა უნდა! გეკითხებით, მიცვალებული ერთ კვირას მოიცდის? აქეთ, ზემოთ, საძოვრები და სათიბები გვაქვს. ძალიან გვიჭირს. იძულებულნი ვართ ტრაქტორი დავიქირავოთ, გზა რომ გაგვისწოროს. ზედმეტი ხარჯები გვინდა კიდევ ამ გაჭირვებულ ხალხს?!

ხიდის უქონლობით გაწამებულია ქეთევან შიოლაშვილიღუდუშაურიც.

_ რა ვქნა, ბებო! ახალგაზრდა რომ ვიყო, გომბორულას გადავახტებოდა, მაგრამ ოცხმოცდამეათე წელში ვარ. პური რომ ვიყიდო, გადაღმა უნდა გადავიდე. მაღაზიამდე სულ 50 მეტრია, მაგრამ მიწევს შემოვლითი გზით წასვლა. ხომ ხედავ აი, იმ ტყეს? ჰოდა, ის უნდა გავიარო. სამი კილომეტრით მიგრძელებს გზას უხიდობა.

ხევის ქუჩაზე მცხოვრები მახრამ ხანკიშევი სახლში ჩაის დასალევად მპატიჟებს. ვსხედვართ აივანზე, ჩაის აზერბაიჯანულად მივირთმევთ _ «პრიკუსკით» და ბატონ მახრამის აუჩქარებელ, დინჯ, მშვენიერ ქართულ საუბარს ვუსმენ.

_ ოთხმოც წელს მიტანებული კაცი ვარ. ავად რომ გავხდე, ექიმს ვერ გამოვუძახებ, ექიმთანაც ვერ წამიყვანენ. სასწრაფო ვერ მოვა, რადგან მანქანის გზა ჩაკეტილია. ვართ აი, ეგრე, როგორც პატიმრები ციხეში. მთის ზონაა და აქ წვიმები არაა იშვიათი ამბავი. მრავალჯერ ხდება წყალდიდობა. ახლა, მაგალითად, ადგილზე რომ შევამოწმოთ, აღმოჩნდება: ხიდი არაა, გზა არაა, არაფერი არაა და, რა ვიცი… ვისაც მივმართეთ, მივედით, ვუთხარით, გვეუბნებიან: თქვენ გეგმაში არ ხართო. მა, ჩვენ იაპონიიდან ხომ არ ვართ ჩამოსულები? ადგილობრივი ხალხი ვართ!.. არა, ყურადღებას არც კი გვაქცევენ, გლეხებს გასავალი არ გვაქვს.

_ თქვენი დეპუტატი თინათინ ხიდაშელია, რომელიც დაგპირდათ ხიდის აღდგენას.

_ რა ვიცი, კი დაგვპირდა… სულ იმედითა ვცხოვრობთ, მაგრამ შედეგი რომ არ ჩანს? გვაჩვენონ შედეგი, რომ რაღაც კეთდება. სოფელი იცლება. სოფელი მიდის. ჩვენი გომბორი ქალაქივით სოფელი იყო; ერთ-ერთი ყველაზე განთქმული საქართველოში თავისი ბუნებით, ჰაერით, წყლებით, მაგრამ იცლება ახლა, მიდის ხალხი, რადგან პირობები არ არის. პირობებს დიდს არაფერს ვთხოვთ, ჩვენც ვწვალობთ, ლუკმაპურს ვშოულობთ. სულ მთავრობაზე დამოკიდებულები არ ვართ, მაგრამ ხიდი მაინც გაგვიკეთონ, რომ გავიდეთ! რატომ უნდა ვიაროთ შემოვლითი გზებით, რატომ უნდა დავბორიალობდეთ მთებსა და კლდეებს შუა?!

მარჯვენა ნაპირის გასწვრივ 120-მეტრიანმა ბეტონის კედელმა კიდევ უფრო შეავიწროვა კალაპოტი, უკვე აღარაფერს ვამბობ იმ დამპალი სალიანდაგო შპალებით აღდგენილ გაბიონზე, მანამდე მარცხენა მხრიდან ხუთი მეტრით რომ შეავიწროვა გომბორულა. უეჭველად, მომავალი ნიაღვარი წყლის დონის სიმაღლეს სარეკორდო მაჩვენებელზე ასწევს და ამიტომ კაპიტალური 15-მეტრიანი ხიდის აგება, თავისი დამცავი ფრთებით, აუცილებელია! დღეს კი ხევის ქუჩის მცხოვრებლები გულის ფანცქალით ელოდებიან მოახლოებულ ივლისს _ «წვიმების სეზონის» პიკს.

გიორგი კორძაძე

 

1 COMMENT

  1. კორძაძე – იმ გაჭირვებულ გლეხებს თუ არ ესმით , შენ მაინც ხომ უნდა გესმოდეს წესით, თინა ქაფჩას ვერ აიღებს და კირით ხურო ვერ გახდება. ვერც კერძოდ დააფინანსებს მაგ ხიდის მშენებლობას. ნაცების სასაცილო კომპენსაციასთან შედარებით ”ოცნებამ” რაღაც ხომ დაუკომპენსირა გლეხებს ?. საგარეჯოს გამგებლის დაპატიმრებაც ხომ რაღაცას ნიშნავს ? პარლამენტარის დაპირება ხომ საკანონმდებლო საქმიანობას ნიშნავს და ადგილობრივი მმართველობის ეფექტურობაზე აისახება ? დემაგოგი ხარ შენ კორძაძე, ან გაუნათლებელი ”ჭურნალისტი”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here