Home რუბრიკები პოლიტიკა “ეჭვი მაქვს- მითითება ტოტალური მოსმენებისა და ვიდეოჩანაწერების შესახებ ვაშინგტონიდან მოდიოდა”

“ეჭვი მაქვს- მითითება ტოტალური მოსმენებისა და ვიდეოჩანაწერების შესახებ ვაშინგტონიდან მოდიოდა”

551

სახელმწიფო უშიშროების გენერალმაიორ ანზორ მაისურაძესთან ბოლო პერიოდის სკანდალურ სიტუაციებზე ვსაუბრობთ:

_ რა აზრის ხართ ფარული ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებაზე? დიპკორპუსს აჩვენეს, ჟურნალისტებს აჩვენეს, პარლამენტარები სანახავად ემზადებიან. საქართველოს მოქალაქეებისთვის ტაბუდადებულია.

რატომ? ხელისუფლებას არ სჯერა თავისი ხალხის _ ეშინია შურისძიების ინსტიქტებს არ აჰყვეს და ქვეყანაში უმართავი სიტუაცია არ შეიქმნას, თუ კეთროვანები ვართ დანარჩენები?

_ ყველა ეს შეკითხვა, რომლებიც გარკვეული დოზით ხელისუფლების კრიტიკის მუხტის მატარებელია, ერთბაშად მოიხსნება, თუ ტელევიზიებით ამ კადრების რაღაც ნაწილს მაინც, სათანადოდ დაშტრიხულს და ღია ეთერისთვის სათანადოდ გამზადებულს, ჩვენს მოსახლეობას აჩვენებენ.

არ დაგიმალავთ, ჩემი ღრმა აღშფოთება გამოიწვია ზოგიერთი ხელმძღვანელის განცხადებამ, რომ ახლადაღმოჩენილ სამალავებში ნაპოვნი ვიდეოჩანაწერები არ უნდა იხილოს ფართო საზოგადოებამ.

გასაოცარი და გასაკვირია ასეთი პოზიცია, რადგან ეს არის პირდაპირი მინიშნება იმაზე, რომ ხალხი არაფერს წარმოადგენს და, მაშასადამე, არც არაფერი უნდა იცოდეს იმ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის ამორალობის შესახებ, რომელსაც სააკაშვილის გუნდი განახორციელებდა.

რატომ არ უნდა ვნახო მე, ანზორ მაისურაძემ ეს კადრები, პროფესიონალმა, რომელმაც ჩემი ცხოვრების 44 წელიწადი შევწირე სახელმწიფო უშიშროებას და, ასე თუ ისე, მესმის ეს საქმე?

რატომ მიზღუდავენ საკუთარი შეხედულების შექმნის შესაძლებლობასრომელიც შეიძლება დაეხმაროს კიდეც ჭეშმარიტების დადგენას?

ჰოლოკოსტის რეალური სახე დეტალურად დაანახეს ებრაელ ერს.

ოსვენციმში, დახაუში და სხვა ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკების მუზეუმებში ჰიტლერიზმის რეალური დანაშაულია წარმოდგენილი.

ნიურნბერგის პროცესმა ყველაფერი თქვა ფაშიზმის დანაშაულობათა შესახებ, რაც კი მან ჩაიდინა კაცობრიობის წინააღმდეგ.

რაღა მაინც და მაინც საქართველოს მოსახლეობას უნდა დაუმალონ ერის წინააღმდეგ ყოფილების მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი _ შეურაცხყოფის, წამების, ღირსების გათელვის, არაადამიანური მოპყრობის ფაქტები?

_ ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ცრუმორალისტების მოძალება, საზოგადოებრივი აზრი მომართონ ამ ვიდეოკადრების გასაჯაროების წინააღმდეგ, არის უბადრუკი მცდელობა დანაშაულის დაფარვის?

_ ამაო მცდელობაა. განა შეიძლება სხვა დასკვნის გაკეთება? ახლა იწყებენ კამათს, სისტემური იყო ეს დანაშაული თუ ცალკეული პირების მიერ  ორგანიზებული? ამით სურთ, გადაფარონ ყოფილი რეჟიმის დანაშაულებრივი პოლიტიკა. საქმე კი უმარტივესად არის: ეს იყო სისტემური დანაშაული, რომელსაც ცალკეული ადამიანები განახორციელებდნენ.

სააკაშვილის პრიმიტიული «არგუმენტები», თითქოს მან არაფერი იცოდა ამის შესახებ, თითქოს წარმოდგენაც არ ჰქონდა, ვინ იყვნენ ამის ჩამდენი ადამიანები, რომლებიც მას ჰყავდა სახელმწიფო ორდენებით დაჯილდოებული, გონებაშეზღუდულთათვის თუ გამოდგება და ამ აბდაუბდას მისი ფანატიკურად განწყობილი მომხრეები თუ დაიჯერებენ.

თუმცა ესეც საეჭვოა…

_ ბატონო ანზორ, მოდით გულახდილად ვილაპარაკოთ: უშიშროების სახელმწიფო სისტემაში, რომელსაც თქვენ ემსახურებოდით, განა არ იყენებდით ამგვარ მეთოდებს?

_ გამორიცხულია! ასეთი მასშტაბები და ასეთი სიბინძურე? არა, ბატონო. პირდაპირ გეტყვით: საერთო ჯამში ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა, ერთდროულად მხოლოდ 40 ობიექტისთვის მოგვესმინა, ისიც განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა მოპოვებული გვქონდა სახელმწიფო მნიშვნელობის ინფორმაცია, როცა არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი ამა თუ იმ დანაშაულის ჩადენის შესახებ. მხოლოდ მაშინ მოგვცემდნენ უფლებას, როცა შევათანხმებდით პროკურატურასთან და როცა მოსამართლე გადაწყვეტდა.

თუ ფაქტი რომელიმე ხელმძღვანელ პირს შეეხებოდა, მაშინ ფარული მოსმენის საკითხი ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანთან წყდებოდა.

ესენი კი ათასობით ადამიანს უსმენდნენ. რატომ? ყველაზე არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი? არა, რა თქმა უნდა.

მაშასადამე, ხალხს სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი და სხვები აღიქვამდნენ, როგორც მათი რეჟიმის პოტენციურ მოწინააღმდეგეებს, მათ პირად მტერს და მისი დათრგუნვა-დამონებისთვის მიმართავდნენ ყოველგვარ უკანონობას _ მოსმენებს, ვიდეოთვალთვალს, ქონების წართმევას, საქმეების «შეკერვას» და ა.შ.

როცა ასეთ უკანონობას პირადი მიზნების მისაღწევად აკეთებ, ეს დანაშაულია, რომელიც ისჯება. ისჯებოდა ჩვენს დროსაც, ამიტომაც ვერავინ ბედავდა ამგვარ გადაცდომას. რაც მახსოვს, არავის  გაუბედავს უკანონო მოსმენები. მეტსაც გეტყვით, ვისაც შეამჩნევდნენ აქეთკენ მიდრეკილებას, იმასაც სასტიკად სჯიდნენ.

_ კანონს თუ გადააბიჯებ, სასჯელი გარდუვალია. მაგრამ, როცა ჰიტლერი ებრაელების, სლავების და .. მასობრივი განადგურების დირექტივას იძლეოდა, იგი პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებდა. ეს წერილობითაა, მოგეხსენებათ, დადასტურებული.

ჩვენი ყოფილების «გალაღებას» რითი ახსნით?

_ თუ უწინ მოსკოვიდან მოდიოდა დირექტივები და მითითებები, ახლა ამ ფუნქციას ვაშინგტონი ასრულებს. ეჭვი მაქვს, რომ მითითება ტოტალური მოსმენებისა და ვიდეოჩანაწერების შესახებ ვაშინგტონიდან მოდიოდა.

უპასუხეთ კითხვას _ ვინ აფინანსებდა სპეცაპარატურის ასეთ მასშტაბურ შეძენას და თქვენც გაგიჩნდებათ ასეთი ეჭვი.

ვეჭვობ, რომ საცდელი კურდღლების როლში ვიყავით, ჩვენზე ატარებდნენ ცდას _ აბა, რა მოხდება, როგორი რეაქცია ექნება, ან ექნება თუ არა საერთოდ რეაქცია საზოგადოებას, როცა ძალოვანი სტრუქტურები ადამიანების ცხოვრებაში ასე ტოტალურად ჩაერევიან?

_ ჩვენ კარგა ხანს ხმას ვერ ვიღებდით

_ ასეთმა გაყუჩებამ, როგორც ჩანს, დაარწმუნა ცდის ჩამტარებლები, რომ მათი მეთოდი ძალაუფლების შენარჩუნების ეფექტიანი საშუალებაა და, ალბათ, შეეცადნენ, შტატებშიც დაენერგათ. ხაზს ვუსვამ _ ალბათ, რადგან ამ დღეებში ერთი ამბავია ატეხილი სწორედ შტატებში ასეთი თვალთვალის წინააღმდეგ, რაც ბადებს ეჭვს.

_ ის სამალავები, იარაღითა და ვიდეოკასეტებით, რომლებიც ამ დღეებში აღმოაჩინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ხომ არ ბადებს ეჭვს, რომ ყოფილები ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ემზადებოდნენ და მასობრივ პროვოკაციებს გეგმავდნენ?

_ რა თქმა უნდა. მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ, თუ შარშანდელ ოქტომბრის არჩევნებში «ნაცები» გაიმარჯვებდნენ, ანგარიშს გაუსწორებდნენ ყველას, ვინც მათი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიოდა, ყველას, ვისაც ოდესმე მათ წინააღმდეგ რამე უთქვამს, ვინც არ ეთანხმებოდა მათ უზნეო პოლიტიკას, ვინც ბუნებით მორჩილი ადამიანი არ იყო.

გაუსწორდებოდნენ უმკაცრესად.

თუ წააგებდნენ, რაც მოსალოდნელი იყო, დამალულ იარაღს, ასაფეთქებელ საშუალებებს, ნარკოტიკებს, ვიდეოჩანაწერებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციებისთვის გამოიყენებდნენ.

_ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს იყო ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკური ხელმძღვანელობის «გეგმა #2»?

_ აბა, ვინ იყო ამ ყველაფრის ორგანიზატორი? თვალები უნდა დაგვსებოდა, რომ ვერ დაგენახა, რომ სააკაშვილის გარეშე არაფერი არ წყდებოდა ქვეყანაში, და ასეთი სამალავების მოწყობას ვინ გაბედავდა უმისოდ? მიშა, ხომ გახსოვთ, ათეულობით წლების მანძილზე აპირებდა ხელისუფლების სათავეში დარჩენას.

_ აბა, სამხედრო მიზნებისთვის იყო შექმნილიო, სააკაშვილმა რომ თქვა? გარეშე მტერთან ეფექტიანად საბრძოლველადო და 2008 წლის ომი რომ დაიმოწმა?

_ ქალაქურად გიპასუხებთ: ვინ ჭამს მაგას?! «შავი დღისთვის» ინახავდნენ, მაგრამ არ დასცალდათ: შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერატიულად იმუშავა. სააკაშვილმა კი, თუ ეს სამალავები მართლა სამხედრო მიზნებისთვის იყო გამიზნული, ღია ეთერში იმის განცხადებით, რომ სამალავები მისი განკარგულებით გაკეთდა, სახელმწიფო საიდუმლოება გასცა.

_ ერთერთ ტელეარხზე გამოსვლისას შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხეს, რას იტყვით პარლამენტის უმცირესობის მზადყოფნაზე _ ითანამშრომლოს სამალავების საკითხის გამოძიებაშიო

_ და მინისტრმა უპასუხა, რომ მათი თანამშრომლობა მას არ სჭირდება. მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება დადგეს თანამშრომლობის საკითხი, როცა ვინმეს წინააღმდეგ საქმე აღიძვრებაო.

მე მომეწონა ასეთი არაორაზროვანი პოზიცია.

მათ იმდენი დანაშაული ჩაიდინეს, ისე მოაბეზრეს ხალხს თავი, მათთან თანამშრომლობის გაგონებაც არ უნდა ხალხს. გაჩერდნენ მაინც, სირცხვილია. მათ ის მოახერხეს, რომ თავიც შეირცხვინეს, ოჯახებიც და ქვეყანაც.

სამალავების შესახებ.

რაგინდ განვითარდეს ტექნიკური საშუალებები, ადამიანის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, თვით ადამიანს ვერაფერი შეცვლის. ინფორმაცია სამალავების შესახებ სწორედ ადამიანებისგან არის მიღებული. გათქვა მან, ვინც იცოდა. მართლაც, არაფერი არს დაფარული ამქვეყნად.

_ თქვენ წლების მანძილზე უცხოეთში, საბჭოთა დაზვერვაში მუშაობდითგქონდათ მაშინ შესაძლებლობა მსგავსი ჩანაწერების გაკეთების?

_ რა თქმა უნდა.

_ და ეს იყო საშუალება გადმობირების?

_ დიახ.

_ და ინფორმაციის მიღების?

_ დიახ.

_ და იარაღის საიდუმლო სამალავებიც გქონდათ?

_ დიახ. ოღონდ სხვა ქვეყნებში.

_ და ეს პრაქტიკა, საზღვარგარეთ ნორმალურად მიჩნეული, სახელმწიფოს შიგნით რატომ არ ვარგა?

_ იმიტომ, რომ ის, რასაც ჩვენ საზღვარგარეთ ვაკეთებდით, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარეობდა, ხოლო ის, რაც სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება, გამართლებულია. იმას, რაც საქართველოში სააკაშვილის ინტერესების სამსახურში იყო ჩაყენებული, მის პოლიტიკას, რომელიც ვაშინგტონს იყო მიბმული, გამართლება არ აქვს, თანაც ადამიანების წამების, ღირსების ფეხქვეშ გათელვისა და შანტაჟის საშუალებით. ძნელი  სათქმელია, რატომ მიდიოდნენ ამაზე, მაგრამ რახან წავიდნენ, უნდა აგონ კიდეც პასუხი, როგორც ამ შემთხვევაში იტყვიან, კანონის მთელი სიმკაცრით.

_ პირადად სააკაშვილმაც?

_ დიახ. ასეთ სიტუაციაში პრეზიდენტები ჩვეულებრივ გადადგებიან ხოლმე, მაგრამ სააკაშვილი თავისი ნებით წამსვლელი არ არის.

_ აბა, იმპიჩმენტი?

_ მე მგონი, უკვე დაგვიანებულია. ეს პროცედურა გაცილებით ადრე უნდა დაგვეწყო. თუ გახსოვთ, ელცინმა ახალ წელს ბოდიში მოუხადა ხალხს, თუ ყველაფერი ისე ვერ გავაკეთე, როგორც საჭირო იყოო, და გადადგა. სააკაშვილს ბოდიშის მოხდა თავში არ მოსდის, ამიტომ კანონი უნდა ამოქმედდეს. არ აპატიებს ხალხი ამდენ დანაშაულს.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

1 COMMENT

  1. ვერაფერს ვერ გაიგებ, ზოგჯერ ადამიანი რომ ხარ შეგრცხვება. ეს ჯალათები ხელისუფლებაში მოიყვანა იმ ხალხმა რომელსაც შემდეგ ისინი უსმენდნენ და აუპატიურებდნენ, ყველაფერს ამას ალბათ ამერიკელი მრჩევლების მითითებით აკეთებდნენ, ყველამ ყველაფერი იცოდა და ხმას არავინ იღებდა, მოსწონდათ მათი საქციელი? რაო ადამიანო, შენ არა ხარ ამ საშინელებების თანამონაწილე? მე ვარ რადგან მუნჯი ვიყავი.

  2. ის რაც საქართველოს ღუპავს ყველაფერი ლუციფერიანული დასავლეთიდან მოდის,ცივილიზაცია საქართველოდან გავიდა მთელ დედამიწაზე ,ვის ვეხვეწებით?,სიბილწის მეტი დასავლეთიდან რა ვისწავლეთ?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here