Home რუბრიკები პოლიტიკა აშშ-მა თალიბებს შემოსარიგებლად ყატარში საელჩო გაუხსნა, საქართველო კი მათ სამიზნედ დარჩა

აშშ-მა თალიბებს შემოსარიგებლად ყატარში საელჩო გაუხსნა, საქართველო კი მათ სამიზნედ დარჩა

610

დაუჯერებელი ამბები ხდება აღმოსავლეთში: ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, დაიწყოს მოლაპარაკება უშუალოდ მოძრაობა «თალიბანის» წარმომადგენლებთან. ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ ყარზაიმ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ყატარში წარგზავნის თავისი ქვეყნის წარმომადგენლებს თალიბანთან მშვიდობიანი მოლაპარაკების გასამართად.

მოლაპარაკებისთვის მზადყოფნა, რომელიც სამმა მხარემ: აშშ-მა, თალიბანმა და ავღანეთის ოფიციალურმა ხელისუფლებამ გამოთქვა, უკვე ბევრის მთქმელია. სანამ პერსპექტივას შევეხებით, გავარკვიოთ, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ხმალამოღებით მებრძოლმა აშშ-მა რატომ გადაწყვიტა თალიბანთან მშვიდობიანი მოლაპარაკების დაწყება, იმ ძალასთან, რომლის ბატონობის პერიოდში სწორედ ამერიკამ შეიყვანა თავისი შეიარაღებული ძალები ამ ქვეყანაში მისი «დემოკრატიული მორჯულების» მიზნით.

პირველი და უმთავრესი მიზეზი არის ის, რომ ამერიკამ, როგორც დაჟინებით ამტკიცებენ ექსპერტები, აღიარა, რომ წააგო ომი ავღანეთში.

და აქვე იბადება პირველი და მთავარი შეკითხვა: ქართული შეიარაღებული ძალების კონტინგენტი წაგებულ სხვის ომში რატომ იბრძვის? დამარცხებული მხარის პრესტიჟის დაცვას უნდა შეაკლას ქართველი ჯარისკაცები?

უადგილო და ბრიყვულია ასეთ ვითარებაში იმის თქმა, რომ ავღანეთში ჩვენი ბიჭები საქართველოსთვის იბრძვიან.

აი, აშშ კი უკან იხევს იმის სრული შეგნებით, რომ ომი წაგებულია და ეძებს იმ ძაფებს, რომლებიც მისი კონტინგენტის ავღანეთიდან გამოსვლის შემდეგ დაეხმარება ამ ქვეყნის შემორიგებაში.

ჩვენ _ საქართველო რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებით? მტრისას! რადგან სააკაშვილის თავგამოდება, რაც შეიძლება მეტი ჯარისკაცის გაგზავნით თავისი ერთგულება და პროამერიკელობა დაემტკიცებინა ჯერ ჯორჯ ბუშისთვის, ახლა ობამასთვის (რომელსაც მიშა სულაც არ აინტერესებს), ერთადერთ პერსპექტივას გვისახავს: მოჯაჰედების სამიზნე ქვეყნად დარჩენის პერსპექტივას.

აშშ ეძებს თალიბანის შემორიგების გზებს, მაგრამ, როგორც ექსპერტები მიიჩნევენ და მათ მხარს უბამენ ამერიკის ოფიციალური პირები, ამ ეტაპზე ვერც პირველ ნაბიჯებზე ვილაპარაკებთ, მით უფრო, მოსალოდნელ წარმატებაზე, რადგან «წარმატების არავითარი გარანტია არ არსებობს».

ისიც გასათვალისწინებელია, რომ თალიბებმა შეიძლება თავისებურად გაიგონ მოსალოდნელი კონტაქტების აზრი, განსხვავებით ამერიკელებისგან და ავღანელებისგანაც კი.

ამერიკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, თალიბებთან მოლაპარაკების ერთერთი თემა იქნება ტყვეების გაცვლის საკითხიო. მაგრამ ჯერ არავინ იცის, დათანხმდებიან თუ არა ამას მოჯაჰედები, რადგან მათი მოთხოვნები მაქსიმალისტურია: «ავღანეთის ისლამურ ემირატს თავის რელიგიურ და ეროვნულ მოვალეობად მიაჩნია, გაათავისუფლოს საკუთარი ქვეყანა ოკუპაციისგან და ყველა კანონიერი უფლება გამოიყენოს ამ მიზნის მისაღწევადრადგან ყველა ხალხი ღირსია იმისა, რომ დაიცვას საკუთარი თავისუფლება იმპერიალიზმისგან და მოიპოვოს თავისი უფლებები».

ესე იგი, _ ჯერ ამერიკელების ოკუპაციისგან ავღანეთის ტერიტორიის გათავისუფლება, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთო.

ძნელი წარმოსადგენია, რომ თალიბები დათანხმდნენ «ალ ქაიდასთან» ურთიერთობის გაწყვეტაზე, «უარი თქვან ძალადობაზე» და მიიღონ ამერიკელების კონსტიტუცია.

ტელეკომპანია «ალ-ჯაზირას» წყარო იტყობინება, რომ ყარზაი გრძნობს, როგორ გაწირავს მას აშშ-ის ადმინისტრაცია, რომელიც მზად არის, მსხვერპლად შესწიროს საკუთარი მარიონეტი თავის ამოცანას _ რაც შეიძლება მალე გამოვიდეს 12-წლიანი ავღანური კოშმარიდან.

ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფონ რასმუსენი თანახმაა, გამართოს მოლაპარაკება მოჯაჰედებთან, მაგრამ თალიბებმა უნდა გაწყვიტონ კავშირი «ალ ქაიდასთან» და პატივი სცენ აშშ კონსტიტუციას.

მაგრამ «ასნარ ად-დინის» ამირმა იად აღ ჰალაიმ განაცხადა, რომ მოჯაჰედები არავის მისცემენ უფლებას, უკარნახონ მათ დაზავების პირობები.

აშშ-ის ეროვნული ინტერესების ცენტრის სპეციალისტი რაიან ევანსი დარწმუნებულია, რომ თალიბები არასოდეს იტყვიან უარს «ალ ქაიდასთან» თანამშრომლობაზე. ამას ისტორია ადასტურებს და ჩვენც უნდა დავეთანხმოთ.

ძნელია აღმოსავლეთში კომპრომისების მიღწევა…

ჩვენი კომპრომისი კი ავღანეთიდან ქართული ჯარის ნაწილების გამოყვანაა.

რატომ უჭირს ახალ ხელისუფლებას ამის გაკეთება, ადვილი მისახვედრია,  ძნელი გასაკეთებელიც არ არის.

გარისკეთ, ბატონებო!

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here