Home რუბრიკები პოლიტიკა ქვეყანას ისტორიული ამოცანების შესაფერისი პრეზიდენტი სჭირდება

ქვეყანას ისტორიული ამოცანების შესაფერისი პრეზიდენტი სჭირდება

616

პრობლემებით დატვირთული საქართველო ახალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. როგორც წესი, კანდიდატთა სიმცირე არც ამჯერად შეინიშნება. ამ მხრივ წინ მრავალი სიურპრიზი გველოდება, მაგრამ მთავარი ამჯერად სხვა რამაა: საქმე ის არის, რომ მმართველი კოალიციის კანდიდატმა, ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა საჯარო თვითუარყოფის ისეთი მაგალითი გვიჩვენა, რომლის მსგავსიც, ალბათ, აქამდე არსად არავის უნახავს: «მე პლასტილინივით კაცი ვარ», «ტყუილს ვერ გეტყვით და პრემიერის გაკრიტიკებას ვერასოდეს შევძლებ, იმიტომ, რომ მისგან დავალებული ვარ»…

როგორ უნდა შევაფასოთ ბატონ გიორგი მარგველაშვილის ეს განცხადებები? რას გვეუბნება ასე ფართოდ «გახსნილი» და შესაშური გულწრფელობით აღსავსე კანდიდატი? პასუხს აქვე მოგახსენებთ: ბატონი მარგველაშვილი პირდაპირ და შეუფარავად გვიმხელს, რომ ის პრეზიდენტობისთვის მზად არ არის, მეტიც: კანდიდატი გულახდილად ამბობს, რომ მოკლებულია ელემენტარულ პიროვნულ ღირსებას და «პლასტილინივით» დამყოლი და ელასტიური არსებაა. ასეთი, უკაცრავად, «მოღვაწე», შეუძლებელია, ქვეყნის პრეზიდენტი იყოს. ის უფრო სიბრალულისა და თანაგრძნობის ღირსია, ვიდრე პრეზიდენტად არჩევისა…

საქართველოს ახლანდელი მდგომარეობა ნამდვილად არ არის სახარბიელო. ეს ფაქტი არავისთვისაა დაფარული. ქვეყანა სიღატაკის ზღვარზე იმყოფება, ის მოკლებულია როგორც ტერიტორიულ, ისე ეთნოფსიქოლოგიურ ერთიანობას, მიწასთანაა გასწორებული ეკონომიკა, მოუწესრიგებელია საგარეო ურთიერთკავშირები, დარღვეულია კომუნიკაცია ხალხსა და სახელმწიფოს შორის, სუსტია ცალკეული სახელისუფლო უწყებები, მმართველობის ყველა დონეზე გაბატონებულია არაკომპეტენტურობა, ზერელობა, მოქალაქეებისადმი გულგრილი და ხშირად ცინიკური დამოკიდებულება. მოკლედ, გალაკტიონის თქმისა არ იყოს, «ყველაფერი ძლიერ ცუდად არის»…

ასეთ ვითარებაში ქვეყანას სჭირდება ისტორიული ამოცანების შესაფერისი პრეზიდენტი, წინამძღოლი, რომელიც უნდა განასახიერებდეს ქართველი ხალხის კულტურულ-ისტორიულ ცნობიერებას. პრეზიდენტი აუცილებლად უნდა იყოს აღჭურვილი საერთო ეროვნული ნდობის მანდატით და წარმოადგენდეს ეჭვმიუტანელ მორალურ ავტორიტეტს. მას უნდა ესმოდეს ხალხისა და ხალხს უნდა ესმოდეს მისი… პრეზიდენტი უნდა იყოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ერთიანობის რეალური გარანტი, ის ყოველდღიურად უნდა ზრუნავდეს მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე და ამასთან ერთად, მუხლჩაუხრელად იღვწოდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. თქმა არ უნდა, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ღრმად განსწავლული პიროვნება, ერთგვარი კულტურტრეგერი, ჰუმანისტი და პატივისცემის აღმძვრელი ისეთი თვისებებით დაჯილდოებული ადამიანი, რომელიც შინ და გარეთ ანგარიშგასაწევ ფიგურად იქნება აღიარებული. საქართველოს პრეზიდენტი მაღლა უნდა იდგეს სიხარბეზე, პატივმოყვარეობასა და სხვა ისეთ სისტუსტეებზე, რომელსაც ასე უხვად ავლენენ ჩვენში კატასტროფულად მომრავლებული ფსევდოპოლიტიკოსები.

ამ თვალსაზრისით, ჩემთვის და ჩემი თანამოაზრეებისთვის ყველაზე შესაფერის კანდიდატურას წარმოადგენს ალექსანდრე ჭაჭია, პიროვნება, რომლის პატრიოტული ცნობიერება და პოლიტიკური აზროვნების მასშტაბები ზედმიწევნით შეესაბამება საქართველოს ეროვნულსახელმწიფოებრივ ინტერესებს. ბატონი ალექსანდრე აფხაზეთის მკვიდრია და ღრმად აქვს განცდილი იმ კონფლიქტების სიმწვავე, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის რღვევა გამოიწვია. ბატონი ალექსანდრე ცნობილია თავისი კეთილისმყოფელი კავშირებით როგორც შიდა რეგიონების, ისე პოსტსაბჭოთა სივრცის მასშტაბით. უმთავრესი კი ის არის, რომ მას ძალუძს, რეალური ნაბიჯები გადადგას ქართულრუსული ურთიერთობების დარეგულირების გზაზე.

ალექსანდრე ჭაჭიამ თავისი განვლილი ცხოვრებით დაამტკიცა, რომ პოლიტიკურ კარიერაზე ზრუნვა უცხოა მისი პრინციპებისთვის. ამჯერად ჩვენ დაბეჯითებით მივმართავთ მას: ბატონო ალექსანდრე, თქვენ საქართველოს სჭირდებით, თქვენი პრეზიდენტობა თქვენი მამულიშვილობის კიდევ ერთი დასტური იქნება!

გივი ბერძენიშვილი

აკადემიკოსი, მწერალი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here