Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ მიდის ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან?

რატომ მიდის ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან?

631

«ვაპირებ, პოლიტიკა მალე დავტოვო. როგორც კი სააკაშვილი წავა და 2013 წლის ოქტომბერში ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, მე მხოლოდ რამდენიმე დღით დავრჩები. ჩვენ ძალიან კარგი გუნდი გვყავს, ჩვენგან ძალიან საინტერესო პრეზიდენტს ავირჩევთ, პარლამენტს ძალიან კარგი სპიკერი ჰყავს და მე მაქვს იდეა იმის თაობაზე, თუ ვინ შეძლებს ჩემი ადგილის დაკავებას. მე არ მსურს, რომ ფსონი მუდამ ერთ კაცზე კეთდებოდეს, ეს ცუდი იქნება საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანია სამი ჩამოთვლილი პოსტი და მჯერა, რომ სამივე სუფთა ადამიანებს, დემოკრატებს ერგება», _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ესტონური გამოცემა Postimeesისთვის მიცემულ ინტერვიუში. რატომ მიდის ბიძინა ივანიშვილი და რა შედეგს მოუტანს მისი გადაწყვეტილება საქართველოს?

 

წასვლა? არწასვლა? _ საკითხავი, აი, ეს არის!

განხილულ განცხადებაში ახალი თითქოს არაფერია, ბიძინა ივანიშვილს ადრეც არაერთგზის უთქვამს, რომ პოლიტიკაში დიდხანს დარჩენას არ აპირებს, თუმცა ეს ნაწყვეტი ინტერვიუდან მაინც მნიშვნელოვანია, რადგან პრემიერმინისტრმა ადრე გამოთქმული აზრი ძალზე მკაფიოდ დააფიქსირა, იმ ფორმით, რომელიც მრავალფეროვანი ინტერპრეტირების შესაძლებლობას არ ტოვებს, თანაც ამჯერად მიანიშნა უფრო ახლო ვადაზე, ვიდრე ადრე, როდესაც კომენტატორები მის რეპლიკებზე დაყრდნობით ასკვნიდნენ, რომ ივანიშვილი თანამდებობას 2014-15 წლებში დატოვებს.  

საუბარი ამ თემაზე ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2011 წლის 7 ოქტომბრის განცხადებაში დაიწყო, როდესაც საზოგადოებას არამხოლოდ პოლიტიკაში მოსვლის, არამედ პოლიტიკიდან შემდგომი წასვლის შესახებ აუწყა, მაგრამ საყოველთაო აჟიოტაჟის გამო, პირველმა თემამ მეორე მთლიანად გადაფარა. «დავრწმუნდი, რომ პირადი მონაწილეობის გარეშე ძალიან გაჭირდებოდა საჭირო შედეგის მიღება, ამიტომაც გადავწყვიტე, გარკვეული დროის განმავლობაში, დაახლოებით 2-3 წელი, პირადად გავუწიო კოორდინაცია შემდეგ პოლიტიკურ პროცესებს», _ წერდა მაშინ ივანიშვილი; შემდეგ მოდიოდა დასახული მიზნების ჩამონათვალი, რომელთა შორის იყო: საპარლამენტო არჩევნების აბსოლუტური უმრავლესობით მოგება, ქვეყნის მართვის ოპტიმალური მოდელის შემუშავება და დემოკრატიისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, ახალი მთავრობის ჩამოყალიბება, მისი ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ელიტარული კორუფციის აღმოფხვრა, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნის დაწყება, წინაპირობების შექმნა სეპარატისტულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენისთვის, ჯანსაღი საინვესტიციო გარემოს შექმნა და ბიზნესის აღორძინება, სოფლის მეურნეობის აღორძინების პროექტის ბოლომდე მიყვანა, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებისა და მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილების შექმნის პროექტის «რეალობასთან დაახლოება», რუსეთთან ურთიერთობების დალაგების დაწყება, აშშ-თან და ევროკავშირთან მეგობრობისა და ინტეგრაციის გაღრმავება. ამ ჩამონათვალის შემდეგ ივანიშვილი წერდა: «ჩემი აზრით, ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარებას დაახლოებით ორიდან სამ წლამდე დასჭირდება. ამის შემდეგ მე ვაპირებ, წავიდე პოლიტიკიდან, რათა აქტიური მონაწილეობა მივიღო ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებასა და მის განვითარებაში», და იქვე მიუთითებდა მთავარ მიზეზზე, რომელიც ამისკენ უბიძგებდა: «პრობლემა პრეზიდენტებში კი არა, საზოგადოებაშია. უნდა ვაღიაროთ, რომ უძველესი კულტურის საზოგადოება დღეს პოლიტიკური კულტურის ნაკლებობას განიცდის. ჩვენ, საზოგადოებამ უნდა ვისწავლოთ, როგორ უნდა ავირჩიოთ და უფრო მნიშვნელოვანი _ როგორ ვაკონტროლოთ სახელმწიფოს მეთაური და მისი მთავრობაუახლოეს მომავალში ჩვენ უნდა შევძლოთ და ჩამოვაყალიბოთ სამოქალაქო საზოგადოების ის კრიტიკული მასა (რომლის განვითარებასაც შემდგომში წლები და ათწლეულები დასჭირდება), რომელსაც ნებისმიერმა მთავრობამ ანგარიში უნდა გაუწიოს».

მთავარი, ზეპრიორიტეტული ამოცანა, სააკაშვილის რეჟიმის დასამარება, შესრულებულია. რაც შეეხება სხვა საკითხებს, თუ თვალს გადავავლებთ 2011 წლის ოქტომბერში დასახული მიზნების ჩამონათვალს, ვნახავთ, რომ იქ საუბარი, როგორც წესი (მცირე გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით), არა პროცესების ბოლომდე მიყვანას, არამედ მხოლოდ მათ დაწყებას, იმპულსის მიცემას ეხება. ჩვენ შეგვიძლია ვიდავოთ იმაზე, თუ რამდენად სერიოზული იყო იმპულსი ამა თუ იმ სფეროში და გახადა თუ არა მან შესაბამისი პროცესი შეუქცევადი, თუმცა, ფორმალური თვალსაზრისით, მოკლებულნი ვიქნებით შესაძლებლობას, მოვედავოთ  ივანიშვილს დაპირების შეუსრულებლობის გამო, რადგან ის მხოლოდ პროცესების დაწყებაზე საუბრობდა. ამ ნიუანსს საზოგადოებამ მაშინ ყურადღება არ მიაქცია, მეტიც, ის არ ეკიდებოდა სრული სერიოზულობით ივანიშვილის განცხადებას თანამდებობიდან წასვლის შესახებ, რადგან «ნაციონალების» მმართველობის წლებში საყოველთაოდ დამკვიდრდა მიდგომა, რომლის ფარგლებში ხელისუფლებაში ყოფნა განიხილებოდა, როგორც უმაღლესი ჯილდო, მიზანი, რომელიც ყველა, მათ შორის ყოვლად უსინდისო, საშუალებას ამართლებს; მიჩნეული იყო, რომ პოლიტიკური ოლიმპოს მწვერვალზე მოხვედრილი ადამიანი, მას ცოცხალი თავით არ დატოვებს. ივანიშვილის წასვლა თანამდებობიდან, სხვა ყველაფერთან ერთად, ღირებულებათა ამ (უკიდურესად მანკიერ) სისტემას სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.

ცხადია, ივანიშვილი არ აპირებს სრულად გაემიჯნოს პროცესებს და კომბოსტოს მოყვანით დაკავდეს, როგორც ეს, თავის დროზე, დიოკლეტიანემ გააკეთა (იქამდე კი, ნახევრადლეგენდარულმა ცინცინატუსმა). ის, დაპირების თანახმად, კოორდინაციას გაუწევს არასამთავრობო სექტორს, გააძლიერებს მას და მისი მეშვეობით ხელისუფლებას გააკონტროლებს. ის, ძალიან დიდი ალბათობით, არ იქნება ივანიშვილის ერთადერთი ბერკეტი, კვლავაც ექნება არაფორმალური გავლენა ხელისუფლებაში დარჩენილ პოლიტიკოსებზე, ხოლო იმ საკვანძო პოზიციებს სისტემაში, რომლებიც მის მდგრადობას უზრუნველყოფს, სავარაუდოდ, უშუალოდ ივანიშვილზე დამოკიდებული თანამდებობის პირები შეინარჩუნებენ (ირაკლი ღარიბაშვილი და სხვები). ბიძინა ივანიშვილი, ნებისმიერ შემთხვევაში, დარჩება ქვეყნის პირველ პირად, ერთგვარ «მთავარ არბიტრად», რომელიც სხვადასხვა ჯგუფის ტაქტიკურ დაპირისპირებებზე მაღლა დგას, ოღონდაც პოსტისა და ოფიციალური სტატუსის გარეშე, რაც გულისხმობს გათავისუფლებას დამღლელი წარმომადგენლობითი ფუნქციებისგან და ყოველდღიური რუტინული საქმეებისგან, რაც, იდეაში, სტრატეგიულ საკითხებზე კონცენტრაციას აიოლებს. მსგავსი მაგალითის მოძებნა სხვა ქვეყნების ისტორიაში არც ისე მარტივია, პარალელი დენ სიაოპინთან, რომელიც, ერთის შეხედვით, ზედაპირზე დევს, ალბათ, მაინც არამართებულია, ჩინეთისა და მისი პოლიტიკური სისტემის სპეციფიკა მკვეთრად განსხვავებულია.

ბელადომანიის ხაფანგი

«ქართული ოცნების» ამომრჩეველთა დიდ ნაწილს ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, არ მოეწონება, მეტიც, ზოგიერთი მათგანი, კერძოდ ის, ვინც შინაგანად ორიენტირებულია «ბელადისტურ მოდელზე», შეიძლება დაუპირისპირდეს ივანიშვილს და პასუხისმგებლობისგან გაქცევაში დაადანაშაულოს.

თუმცა ამ კონტექსტში საინტერესო იქნება ერთი კითხვის დასმა: სად არის სარდლის ადგილი ბრძოლის დროს? კრიტიკულ მომენტში (ქართულ პოლიტიკაში _ 2012 წლის არჩევნები) ის შეიძლება სათავეში ჩაუდგეს თავგანწირულ შეტევას, თუმცა შედარებით მშვიდ სიტუაციაში მან ზურგში, შტაბში უნდა გადაინაცვლოს, საიდანაც გაცილებით ეფექტურად მართავს ჯარს და დაცული იქნება მოწინააღმდეგის ტყვიებისგან (სააკაშვილის ლობისტების კრიტიკისგან, უკმაყოფილებისგან ლოკალურ ეპიზოდებთან დაკავშირებით და ა. შ.); რაც უფრო ეფექტური მოქმედების შესაძლებლობა აქვს სარდალს, მით უფრო დაცულია თითოეული ჯარისკაცი და ქვეყანა, რომელსაც ისინი იცავენ. შეიძლება სხვა, შედარებით «მშვიდობიანი» მაგალითის მოყვანაც, მშენებლობის ხელმძღვანელი, რომელიც მთელი დღე თუნდაც სტახანოვური ტემპით მუშებთან ერთად აგურებს დებს, გაცილებით ნაკლებს მიაღწევს, ვიდრე მისი კოლეგა, რომელიც ლოჯისტიკურ საკითხებს აგვარებს და ხედავს არა ცალკეულ მონაკვეთებს, არამედ მშენებლობას მთლიანობაში.

სახელმწიფოს მართვის ხელოვნება ხანდახან არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს. თავად სახელმწიფო კი გაცილებით დიდი რამ არის, ვიდრე მმართველი პარტია ან აღმასრულებელი ხელისუფლება; «ნაციონალები» ცდილობდნენ მათ შორის საზღვრების წაშლას ან არ ესმოდათ, რომ ეს საზღვრები საერთოდ არსებობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ რეალობა შეცვალეს.

დემოკრატიული სახელმწიფო სამოქალაქო საზოგადოების გარეშე სხვა არაფერია, თუ არა ქიმერა _ პოლიტიკური, ფინანსური და ძალოვანი ელიტები, იმ შემთხვევაში, თუ უკონტროლონი დარჩებიან, ადრე თუ გვიან მიაღწევენ გარიგებას მოსახლეობისა და მისი უფლებების ხარჯზე, რაც მორიგი მახინჯი დიქტატურის ფორმირებით დასრულდება. ყოველივე თქმული არ ნიშნავს, რომ ივანიშვილმა კარგი ან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო (საერთოდ, მსჯელობა პოლიტიკაზე ამ კატეგორიებით არ შეიძლება), თუმცა ის უდავოდ რაციონალურია, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების რეალური გაძლიერების შემთხვევაში პერსპექტივაში კარგ შედეგებსაც მოიტანს.

საინტერესოა, რომ საქართველოში ხშირად პოლიტიკად აღიქმება მხოლოდ მისი საჯარო ნაწილი, თავისი პერსონაჟებით, ტელეკამერებითა და თეატრალიზებული ისტერიკებით. ეს იმიტაცია ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს ნამდვილ პოლიტიკას, რომელსაც აისბერგივით ხილულზე გაცილებით დიდი უხილავი ნაწილი აქვს, და მისი ფორმირების მექანიზმებს. ალბათ, გავა წლები, ვიდრე საზოგადოება დარწმუნდება, რომ სახელმწიფოს მართვა ავანსცენაზე მუდმივ ყოფნას არ მოითხოვს და ის გაცილებით მრავალფეროვანი, საინტერესო და საპასუხისმგებლოა. საერთოდ კი, როდესაც პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, სასურველია, დავადგინოთ, თუ რა შინაარსით ავსებს ამ სიტყვას თითოეული ჩვენგანი; საქართველოში მიდგომა მის მიმართ, ხშირ შემთხვევაში, დიამეტრალურად განსხვავებულია.

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილების სასარგებლოდ არაერთი არგუმენტის მოყვანა შეიძლება, «ქართული ოცნების» ამომრჩეველთა უმრავლესობა მას, დიდი ალბათობით, არ მოიწონებს. პრემიერ-მინისტრს დიდი მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარება დასჭირდება იმისთვის, რათა ისინი ამ აზრს შეეგუონ, დამშვიდდნენ და დარწმუნდნენ, რომ არანაირი ტრაგედია არ ხდება და გადადგომას ემოციური ამოფრქვევის გარეშე შეხვდნენ, რომელმაც პოლიტიკურ სიტუაციაზე შეიძლება დესტრუქციული ზემოქმედება მოახდინოს.

ვინ დარჩება «მარტო სახლში»?

როდესაც ბიძინა ივანიშვილი თანამდებობას დატოვებს, დაბალი რეიტინგის მქონე რესპუბლიკელები და ალასანიას ჯგუფი თავისი ოპონენტების პირისპირ დარჩებიან, რომელთაც დღეს მხოლოდ ხელისუფლების სათავეში ივანიშვილის ყოფნა აკავებს.  99%-იანი ალბათობით, მაქსიმუმ ერთ წელიწადში მათ წინააღმდეგ წავა კონსერვატორების, ტრადიციონალისტების, ნაციონალისტების (აქ იგულისხმება იდეები და არა შესაბამისი სახელწოდებების მქონე პარტიები), აგრეთვე დასავლეთთან უკანმოუხედავი დაახლოების მოწინააღმდეგეთა საკმაოდ მოცულობითი მასა და მისი ლიდერები ჩაჩოჩებას მოსთხოვენ ალასანია-,,რესპულიკელებს”, რომელთა შანსები ამ დაპირისპერებაში საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურება.

ზოგიერთმა «მიშისტმა» კონსპიროლოგმა («ნაცმოძრაობას» ამ მომენტისთვის, სავარაუდოდ, არანაირი წონა აღარ ექნება და, თუ იარსებებს, სადღაც პროცესების პერიფერიაზე იტივტივებს) ამ პერსპექტივაზე საუბრისას შეიძლება თქვას: «სწორედ ამაში მდგომარეობს ივანიშვილის მზაკვრული გეგმა», თუმცა, ალბათ, უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს არა რაღაც შეთქმულება, არამედ პროცესების სავსებით ბუნებრივი განვითარება იქნება. ის ჯგუფები, რომელთაც სააკაშვილი ხელოვნურად ზღუდავდა, დემოკრატიის (ალბათ მაინც, განვითარებადი დემოკრატიის) პირობებში, ხელისუფლებაში თავისი მხარდამჭერების რაოდენობის პროპორციულ ადგილს მოითხოვენ და არაბუნებრივი ამაში არაფერია. ქვეყნის ლიდერს ამ სიტუაციაში შეუძლია აირჩიოს, გახდება თუ არა ის მხარე დაპირისპირებული თუ არბიტრის მანტიას მოირგებს. თუ ივანიშვილი თანამდებობაზე დარჩება, ის ადრე თუ გვიან ნამდვილად გახდებოდა მხარე, მას კი ეს პერსპექტივა, როგორც ჩანს, არ ხიბლავს და, სავარაუდოდ, ურჩევნია დარჩეს მთელი ერის ლიდერად, თავის ლიბერალ-კონსერვატორებიანად და მართოს სახელმწიფო მთლიანობაში, იმის ნაცვლად, რომ თავისი რესურსი და რეიტინგი განსხვავებული ორიენტაციის მქონე ჯგუფების (არსებითად ლოკალურ) დაპირისპირებაში დახარჯოს. ცხადია, ეს მხოლოდ ერთი (თუმცა საკმაოდ საინტერესო) ასპექტია იმ სიტუაციისა, რომელიც თანამდებობიდან ივანიშვილის წასვლის შემდეგ შეიქმნება.

რეალურად, პოსტის დატოვების მიუხედავად, ივანიშვილი არსად მიდის _ ივანიშვილი რჩება. მაგრამ ის ცვლის პოლიტიკაში მონაწილეობის ფორმას და ირჩევს პოზიციას, საიდანაც ქვეყნის უფრო ეფექტური მართვა შეეძლება. ამის შედეგად 2012 წლის არჩევნების შემდეგ შექმნილი გარდამავალი სისტემა ბუნებრივ და საკმაოდ სერიოზულ ტრანსფორმაციას განიცდის და არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილზე, არამედ საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად მიგვაახლოებს ეს პროცესი დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფოს შექმნასთან.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here