Home რუბრიკები პოლიტიკა შეხვედრა წარსულთან

შეხვედრა წარსულთან

804

მიხეილ სააკაშვილი: «ჩვენ შევაჩერეთ ნგრევა, ჩვენ შევქმენით ახალი სახელმწიფო ინსტიტუტები, ჩვენ შევქმენით ევროპაში ერთერთი ყველაზე დახვეწილი და თანამედროვე კანონმდებლობა და ჩვენ მივეცით ჩვენს ხალხს ის ინსტრუმენტი, რომლითაც უნდა დაიწყოს თავისი უფლებები ამ კანონმდებლობის მიხედვით, ახალი სასამართლო სისტემა».

არ გადაფურცლო, მკითხველო! ეს მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი ან თუნდაც შარშანდელი გამოსვლა არ გეგონოს, ამას იგი 1999 წელს, «მოქალაქეთა კავშირის» ახალგაზრდული ფრთის პარტიულ თავყრილობაზე ამბობდა, საპარლამენტო არჩევნების წინ!

«ახლა, ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი, რაც ხდება დღეს საქართველოში. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები. ეს არის ბოლო არჩევნები, რომელიც გვაძლევს საშუალებას, საბოლოოდ ამოვირჩიოთ წარსულსა და მომავალს შორის, თავისუფლებას, ესე იგი ისეთ სისტემას, როცა ყველა ჩვენგანს შეეძლება ყოველდღიურად გააკეთოს არჩევანი იმაზე, მაგრამ ბევრი რამ ვერ შესრულდა სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ბოლომდე ვერ შევაფასეთ ის წინააღმდეგობა, რომელიც ჩვენ შეგვხვდა. და მაინც, ჩვენ ასევე კარგად ვიცით, რომ ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ. ჩვენ ჩავიბარეთ წაგებული, დამცირებული, ფეხქვეშგათელილი საქართველო, რომლის არსებობა ცოტა ვინმემ თუ იცოდა გარესამყაროში და, ვინც იცოდა, მათი დიდი ნაწილიც ეჭვის თვალით უყურებდა.

ჩვენ შევაჩერეთ ნგრევა, ჩვენ შევქმენით ახალი სახელმწიფო ინსტიტუტები, ჩვენ შევქმენით ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და თანამედროვე კანონმდებლობა და ჩვენ მივეცით ჩვენ ხალხს ის ინსტრუმენტი, რომლითაც უნდა დაიწყოს თავისი უფლებები ამ კანონმდებლობის მიხედვით, ახალი სასამართლო სისტემა».

ერთი სიტყვით, რასაც სააკაშვილი 2003 წლის გადატრიალების შემდეგ გვაყვედრის, 1999 წელს უკვე გაკეთებული ყოფილა!

სააკაშვილს მაშინაც მტრებად და თავისიანებად ჰყავდა დახარისხებული საქართველო და მაშინაც ზუსტად იმას იძახდა, რასაც ოთხი, ათი და 14 წლის შემდეგ:

«ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ სულ ცოტა ხნის წინ ჩვენი ოპონენტები  გვაძახებდნენ, რომ საქართველოში ვერასოდეს ვერ მივიყვანდით ბოლომდე სასამართლო რეფორმას. ყველა ხრიკზე წავიდნენ იმისთვის, რომ იმედი ჰქონდათ საზოგადოების ინერტულობის. ჩვენ ჩავატარეთ გამოცდები, ავამუშავეთ ახალი სისტემა. ჩვენ ისიც კარგად გვახსოვს, რომ გვაძახებდნენ, რომ ვერ შევინარჩუნებდით ლარის სტაბილურობას, რომ მოხდებოდა ათასპროცენტიანი ვარდნა ეროვნული ვალუტის. დღეს ქართული ლარი არის აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ვალუტა.

ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ გვმოძღვრავდა ჩვენი ახლანდელი მთავარი ოპონენტი იმის თაობაზე, რომ საქართველო ვერასოდეს შეძლებდა საკუთარი საზღვრების დაცვას და ამიტომ ჩვენ უარი არ უნდა გვეთქვა რუსეთის სასაზღვრო ჯარებზე. დღეს უცხო ქვეყნის მოსაზღვრეები ტოვებენ საქართველოს სტრატეგიულ საზღვრებს და მათ ადგილს იკავებს დამოუკიდებელი საქართველოს სასაზღვრო ჯარები».

ნუ იტყვით და «ევროპაში ერთერთი ყველაზე სტაბილური» ქვეყანა უკვე 1999 წელს ყოფილა, ხოლო ქვეყნის «დეოკუპაცია» ოკუპაციამდე 9 წლით ადრე მომხდარა! ხომ ვერ გვეტყოდით, ჯერ კიდევ პრეზიდენტად წოდებულო ბატონო მიხეილ, 9 წლის შემდეგ ვინ შემოიტყუა უკან «ოკუპანტი»?

მტრები _ მტრებად, მაგრამ მეგობრები მიხეილს დღესაც იგივე ჰყავს, რაც შორეულ 1999 წელს! უფრო სწორად, ერთი ცოცხალია, მეორე კი… «ერთი საათის წინ ჩვენთან საბოლოოდ დაბრუნდნენ ამერიკიდან ზურაბ ჟვანია და გია ბარამიძე, მინდა მივესალმოთ. სწორედ ოთხი წლის წინათ გიას დახმარებით, ზურაბის დახმარებით და პრეზიდენტის ხელშეწყობით მე ჩემი არჩევანი გავაკეთე ამ დარბაზში, ამ ტრიბუნიდან».

ეჰ, მიხეილ, ზურაბ ჟვანიას მაშინ რომ სცოდნოდა, რა არჩევანი გააკეთე, იქნებ დღესაც ცოცხალი ყოფილიყო, ხოლო გია ბარამიძე იმის შემდეგ იმდენჯერ დაგეხმარა, რომ ახლა თავადაც აღარ იცის, «საბოლოოდ» სად ამოყოფს თავს!

შევარდნაძეს (სწორედ მის ხელშეწყობაზე ლაპარაკობდა მაშინ სააკაშვილი) მაშინ ქებადიდების გარეშე არ იხსენიებდა მის უბეში გამოზრდილი მიხეილი:

«ჩვენ კარგად გვახსოვს და თქვენც კარგად გახსოვთ, ყველას კარგად გვახსოვს, როგორ გვეუბნებოდნენ, რომ საქართველოს არასოდეს შეასუნინებდნენ ევროპაში, რომ უნდა შევგუებოდით ჩვენ ბედს.

მე მქონდა ბედნიერება, პრეზიდენტის გვერდით ვმდგარიყავი სტრასბურგში საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონიალის დროს. ჩემს თვალწინ იმ წუთში ბევრმა რამ გაირბინა და გაიარა. მე მახსენდებოდა იმ წუთში დავით აღმაშენებელი, მახსენდებოდა თამარ მეფე, მახსენდებოდა სულხან-საბა ორბელიანი და მართალი გითხრათ, მაინცდამაინც არ მახსენდებოდა პატიაშვილი, არ მახსენდებოდა რაზმაძე, არ მახსენდებოდა გოგუაძე.

ამ მომენტის გახსენებისას მომავალი თაობები უკვე ნამდვილად ვეღარ გაიხსენებენ ამ სახელებს, ისინი დიდი ხნის დავიწყებას იქნებიან მიცემული, მაგრამ ისინი გაიხსენებენ შევარდნაძეს და ისინი გაიხსენებენ მოქალაქეთა კავშირს».

დღეს «მოქალაქეთა კავშირს» თუ ვინმე ახსენებს, მხოლოდ იმის ხაზგასასმელად, რომ მის წიაღში გამოზარდეს ქვეყნის წურბელები ამჟამინდელი «ნაციონალების» სახით.

 მათაც, ერთ დროს «მოქალაქეთა კავშირის» მსგავსად, ვერასოდეს წარმოედგინათ, რომ არჩევნებს ოდესმე წააგებდნენ:

«საბოლოოდ ეს ოპონენტები წინასწარმეტყველებას ჩაუჯდნენ ძალზე დიდი გულმოდგინებით, რომ ჩვენ, «მოქალაქეთა კავშირი», ჩვენი ახალი პოლიტიკური ძალა, საქართველოს მომავლის პოლიტიკური ძალა, წავაგებთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს. თქვენ წარმოიდგინეთ, უკვე პოსტებიც კი არის დანაწილებული. მე ახლახან დავბრუნდი ბათუმიდან, ჩემი ბავშვობის უსაყვარლესი ქალაქის ქუჩებში, შემიძლია გითხრათ, მქონდა სიამოვნება, მეხილა საქართველოს პარლამენტის მომავალი ახალი თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მომავალი ახალი თავმჯდომარე. ბატონი ჭაჭია როგორ გულმოდგინედ ამუშავებს ჩვენი საგარეო უწყების ახალ სტრატეგიულ მიმართულებებს და, ალბათ, მას უნდა ჩაუდგეს სათავეში. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემი შემცვლელიც გავიცანი. ძალიან სიმპათიური ადამიანი აღმოჩნდა პირად ურთიერთობაში სუფრაზე».

ზემოთ ჩამოთვლილი «სიმპატიურ» ადამიანებს მიხეილმა სულ რაღაც 4-5 წელიწადში ან საქართველო დაატოვებინა, ან სულაც ამქვეყნიური ცხოვრება. არც მას დაუსახელებია და ნურც ჩვენ შევაწუხებთ წასულებს.

 ახლა კი ისევ შევარდნაძის თავგამოდებულ დაცვას მივუბრუნდეთ და ვნახოთ, როგორ არ უნდა გაგონებაც კი სააკაშვილს, რომ შევარდნაძე ოდესმე შეიძლება ვინმემ შეცვალოს: 

«როგორც ამბობენ, საქართველოს ახალი პრეზიდენტიც ჰყავთ სადღაც დამალული. ოღონდ მათი ადგილის სანახავად კიდევ ერთხელ მომიწევს ჩასვლა. ერთი სიტყვით, ყველა ამ ადამიანს დასჭირდება სერიოზული პოსტარჩევნული სტრესის მკურნალობა. რადგან ჯანმრთელობას შევეხე, ისიც მინდა გითხრათ, რომ ზაფხულია ახლა და მაინც კარგად უნდა შევხედოთ, რას ვჭამთ და რას ვსვამთ. ოცდაათ წლამდე ახალგაზრდებს არ ესმევათ პატიაშვილის, ჭაჭიას და გოგუაძის ნაზავი კამპოტი, ძალიან სერიოზულ გართულებასთან არის დაკავშირებული ჯანმრთელობისთვის, ისეთ სერიოზულ გართულებასთან, რომ შეიძლება ამის შემდეგ, დღეში რამდენიმე ვიაგრაც რომ დავლიოთ, უკვე ვეღარ აღვიდგინოთ ფორმა. მაინც ექიმების ოჯახიდან ვარ და რჩევას მოგცემთ».

ის ხან ექიმების ოჯახიდან არის, ხან ისტორიკოსებისა, ხანაც «დიდი ქართველებისა», გააჩნია, სიტუაციას რა მოუხდება. თუმცა, თუ მისი წარმომავლობა რაიმეს ცოდნას გულისხმობს, ეს არც ერთია, არც მეორე და, მით უფრო, არც მესამე! არაფერი ქართულით იგი არასოდეს არ იყო დაავადებული, ხოლო «ვიაგრა» ტყუილად რომ არ უხსენებია სააკაშვილს, ეს ბათუმის სასტუმროში გადაღებულ იმ ვიდეოჩანაწერზე ჩანს, რომელზეც მიშას მერი, გიგი უგულავა, მწყაზარი სახით იტყოდა: «გეყო ჩუკენობა»! ბათუმშიც ის ამით იყო დაკავებული და არა ახალი პრეზიდენტის ძიებით.

მართლაც რომ, ყველაფრის ჭამა არ შეიძლება, მიხეილ! არც ყველაფრის თქმა, თუმცა ეს ყველაფერი სააკაშვილს 1999 წელსაც გაუდიოდა და 2003-ის მერეც განაგრძო.

იპოვეთ 10 განსხვავება მის იმჟამინდელ გამოსვლასა და 9 წლის განმავლობაში მანტრასავით გამეორებულ საკუთარ მიღწევათა ჩამონათვალში:

«ამ არჩევნებს, მე მინდა ვუთხრა ყველა ოპონენტს, ამ არჩევნებს ჩვენ ვერ მოვიგებთ ზუსტად ისევე, როგორც ვერ ჩავატარეთ სასამართლო რეფორმა, როგორც ვერ გავიყვანეთ ნავთობსადენი, როგორც ვერ მივაღწიეთ ლარის სტაბილურობის შენარჩუნებას, როგორც ვერ შევედით ევროპის საბჭოში.

ერთი სიტყვით, ჩვენ ამ არჩევნებს მოვიგებთ, მოვიგებთ საქართველოს მომავლის საკეთილდღეოდ. რა უნდა ვაკეთოთ იმისათვის, რომ ეს მართლაც რეალობად იქცეს? პირველ რიგში, ფინანსური წესრიგის დამყარებაა.

ჩვენ ამ დღეებში უკვე დავიწყეთ სერიოზული ნაბიჯების გადადგმა საქართველოს საზღვრებთან მიმართებაში და თუ ჩვენმა ოპონენტებმა ეს მონათლეს, როგორც ეკონომიკური ბლოკადა, ეს მართლაც არის ბლოკადა, მაგრამ ეს არის ბლოკადა მათი ჯიბეების, იმ ადამიანების ჯიბეების, ვინც ძარცვავს საქართველოს და ეს ბლოკადა გაგრძელდება, გაძლიერდება და იქნება აბსოლუტურად წყალგაუმტარი ჯებირებით შექმნილი, მაგრამ ეს ასევე გახსნის გზას ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა მათ მიიღონ შემოსავალი».

აქ კი ენამორღვეულმა სააკაშვილმა დაუკრეფავში გადააბოტა და საკუთარი სამომავლო გეგმებიც გააცნო ახალგაზრდა «მოქკავშირელებს», რომლებიც იმ პრეზიდენტისა და მისი მიღწევების წინააღმდეგ უნდოდა გამოეყენებინა, რომელთაც გამოსვლის დასაწყისში ასხამდა ხოტბას:

«მცირე ბიზნესის მთავარი შემაფერხებელი დღეს საქართველოში არის კლანების ბატონობა, ოლიგარქიების შექმნა, კლანების მიერ ეკონომიკაში მმართველი პოზიციების შენარჩუნება, ეს განპირობებულია იმითაც, რაც ხდება ჩვენს საზღვრებზე, რაც ხდება საქართველოს ცალკეულ რეგიონებში, მაგრამ ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ასევე, სამწუხაროდ, ჩვენი ცენტრალური ხელისუფლების სერიოზულ რგოლებს, ამ კლანების დამარცხების გარეშე ყველა თქვენგანს არ აქვს მომავალი. საქართველოში მცირე ბიზნესს და ისევე, როგორც ბიზნესს პოლიტიკური «კრიშების» სისტემის გარეშე არანაირი მომავალი არა აქვს. ესეც ჩვენი შემდგომი 4-წლიანი ვადის უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს».

მთელი საქართველოს პოლიტიკური «კრიშობისთვის» მზადებაში გართულმა სააკაშვილმა უკვე მაშინ ჩამოწერა გასაკულაკებლების, მოსაშორებლების, დასაჭერებისა და საწამებლების სია, მაგრამ დარბაზში მყოფი ახალგაზრდა «მოქკავშირელები» დაამშვიდა, რომ მათ ეს არ შეეხებოდათ.

 ბევრმა დაიჯერა კიდეც:

«განათლება, უცხო ენების სწავლა, ჩვენი უზარმაზარი პოტენციალის მსოფლიო ბაზრის ენაზე გადმოთარგმნა და ჩვენ ეს პოტენციალი გვყავს, ეს პოტენციალი იმყოფება ამ დარბაზში, ეს პოტენციალი არის საქართველოს უკლებლივ ყველა კუთხე-კუნჭულში, ამ პოტენციალის ამოქმედება, ესეც ჩვენი ოთხწლიანი ვადის უმთავრესი ამოცანაა. ერთი სიტყვით, ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პოზიციები, მაგრამ ახლა მთელი სახით, მთლიანად უნდა მოვტრიალდეთ საქართველოს შიდა პრობლემებისადმი».

ის ახლაც «მთელი სახით» არის მოტრიალებული საქართველოს «შიდა პრობლემებისადმი»; ვერა და ვერ ეგუება, რომ წააგო და უნდა წავიდეს; დადის და მთელ მსოფლიოს აშინებს «საბჭოთა კავშირის აღდგენით» და საქართველოში «ბნელი ხელისუფლების მოსვლით». ხან ავღანეთში მყოფ სამხედროებს აწიოკებს, ხანაც «ნაციონალურ მოძრაობაში» შეპარულ «თითოოროლა» ავაზაკზე იხოკავს ლოყებს.

თუ ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი, არის თუ არა წამება და არაადამიანური მოპყრობა «ნაცმოძრაობის» სისტემური დანაშაული, ყურადღებით გადაიკითხოს სააკაშვილის 1999 წლის წინასაარჩევნო გამოსვლა.

მისი მთავარი შეცდომა ხალხის უგულებელყოფა იყო, არანაკლები _ იმის წარმოდგენა, რომ შეუძლია შეცვალოს ხალხი, მისი ისტორია და მომავალი. და, რაც მთავარია, ამას უმარტივეს ამოცანად მიიჩნევდა:

«თქვენც კარგად იცით, არის ძალიან წარმატებული და მშვენიერი ქვეყანა _ ჰოლანდია. ისინი ამბობენ, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო და, ვინაიდან მათ ქვეყნის ერთი მესამედი ზღვას მოსტაცეს, ისინი ამბობენ, რომ ჩვენ შევქმენით ჩვენი ხელით ჰოლანდია. საქართველო ღმერთმა შექმნა. ამგვარად, ჩვენი ამოცანა ბევრად უფრო ადვილია, ბევრად უფრო მარტივია და, მეორე მხრივ, უფრო რთულიცაა.

შევქმნათ ძლიერი, მდიდარი და თავისუფალი საქართველო, ის საქართველო, რომლითაც იამაყებენ მომავალი თაობები, ამიტომ მე თეთრი შურით მშურს მათი, მაგრამ მე ისევე მიჩნდება უპირატესობის განცდა, ვინაიდან ის საქართველო, რომლითაც ისინი იამაყებენ და ცხოვრებაში ისიამოვნებენ, ის იქნება მხოლოდ ჩვენი თაობის მხრებით, ჩვენი ხელით შექმნილი. აი, ჩვენი ხელით შექმნილი».

მკითხველო, კარგად დაიხსომე: ყველაფერი, რაც შენ გარშემო ხდება, მათი ხელებით, მიშასა და მისი ბანდის ხელებით არის «შექმნილი», ოღონდ სიამოვნებას ამისგან მხოლოდ ისინი იღებდნენ და, თუ მათგან განსხვავებით, ვერ ამაყობ იმით, რომ ეს «ბედნიერი» საქართველო ცოცხებითა და სკამის ფეხებით გაუპატიურებული ადამიანების გოდებაზე დგას, მოსთხოვე პასუხი სააკაშვილს და მის ბანდას!

არა ლინჩით, არამედ სასამართლოს ძალით!

ხოლო ვისაც ამ დანაშაულთა დანახვა არ სურს, გვერდით მიუჯინე განსასჯელის სკამზე!

თამარ დავითულიანი

 

1 COMMENT

  1. ბოდვა და ტყუილი ყველა ხელისუფლების, დღესაც ასეა, ამას ,,სკამის" და ფულის სიყვარული შვება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here