Home რუბრიკები საზოგადოება მოვითხოვთ– ქალბატონმა ფანჯიკიძემ ბოდიში მოუხადოს დიდი სამამულო ომის ვეტერანებს!

მოვითხოვთ– ქალბატონმა ფანჯიკიძემ ბოდიში მოუხადოს დიდი სამამულო ომის ვეტერანებს!

582

ამა წლის 28-30 მაისს მოსკოვში ჩატარდა ყოფილ საბჭოთა სივრცეში შემავალი სახელმწიფოების ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს სხდომა. ამ სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ რუსეთის, შუა აზიის, ბალტიისპირეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის სახელმწიფოები. სხდომაზე მიწვეული იყვნენ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებიც, კერძოდ, ამ საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, პოლკოვნიკი რევაზ ნაცარიშვილი, რომელიც დღეს ჩვენი გაზეთის სტუმარია.

_ ბატონო რევაზ, რა საკითხები განიხილა ვეტერანთა ორგანიზაციის საკოორდინაციო საბჭომ?

_ საკითხებსა და პრობლემებს რა გამოლევს, მაგრამ მე მოგახსენებთ  ძირითადზე, რაზეც ვიმსჯელეთ. ეს საკითხებია: ვეტერანთა ორგანიზაციების საქმიანობის გაუმჯობესება დიდ სამამულო ომში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის უკვდავყოფის მიზნით; თადარიგში დათხოვნილი სამხედროებისა და ძალოვანი სტრუქტურების ვეტერანთა ორგანიზაციების გაერთიანების ძირითადი მიმართულებები.

ამ საკითხებზე მოხსენებებით გამოვიდნენ ბელარუსისა და ქალაქ მოსკოვის ვეტერანთა ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

_ სხდომებს აუცილებლად მოჰყვება გადაწყვეტილებები. რაზე შეთანხმდით?

_ აქ ყველაფერი რეკომენდაციების დონეზე იყო მიღებული. რეკომენდაციები მიეცათ სხდომაში მონაწილე ქვეყნების ვეტერანთა ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, წარუდგინონ თავიანთი ქვეყნების ხელისუფლებებს კონკრეტული წინადადებები დემობილიზებული სამხედრო მოსამსახურეებისა და ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების სოციალური პირობების, საპენსიო უზრუნველყოფის გაუმჯობესების, შრომითი მოწყობისა და ბიზნესში ჩაბმის საკითხებზე და, ასევე, ვეტერანების კანდიდატურების ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში წარსადგენად.

გარდა ამისა, საბჭოს სხდომაზე შეჯამდა ყოფილ საბჭოთა სივრცეში არსებულ სახელმწიფოებში გამარჯვების დღის _ 9 მაისის ზეიმის შედეგები. აღინიშნა, რომ გასულ წლებთან შედარებით, ყველა ქვეყანაში ღონისძიებები ჩატარდა უფრო შთამბეჭდავად და ორგანიზებულად. ომის მონაწილეებს და დაღუპული მეომრების ოჯახებს გაეწიათ მნიშვნელოვანი დახმარება. სამაგალითო ქვეყნებად დასახელდნენ აზერბაიჯანი და სომხეთი, სადაც ომის მონაწილეებს დამატებითი დახმარების სახით თითოეულს მიეცა 1000 დოლარი, ხოლო დაღუპულების მეუღლეებს _ 500 დოლარი. კარგი იქნება, თუ მომავალში ჩვენი ახალი ხელისუფლება ასეთ ნაბიჯს გადადგამს.

_ 2015 წელს აღინიშნება ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი. რა თქმა უნდა, ამ საიუბილეო თარიღზეც იქნებოდა საუბარი, ხომ ასეა?

_ 2015 წელი გამოცხადდა დიდი სამამულო ომის ვეტერანთა წლად. უპირველეს ყოვლისა, ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავ ღონისძიებებში გათვალისწინებულია ხანდაზმული, ავადმყოფი, მარტოხელა ყოფილი მეომრების მოვლა-პატრონობის საკითხები. ყველა ცოცხლად დარჩენილი დიდი სამამულო ომის ვეტერანი უნდა მოათავსონ პანსიონატებში ან დაენიშნოთ მომვლელები.

საზეიმო თარიღის აღნიშვნასთან დაკავშირებით უნდა გაძლიერდეს ურთიერთობები და თანამშრომლობა ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, რათა მომავალმა თაობებმა იცოდნენ, რა ისტორიული მნიშვნელობა აქვს ფაშიზმზე გამარჯვებას!

_ ბატონო რევაზ, სამწუხაროდ, ჩვენთან ცხრაწლიანი «ნაცისტური» ტირანიის ბოგინის დროს უამრავი ძეგლი დაინგრა, რომლებიც აღიმართა ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავად. თუ იყო ამაზე მსჯელობა?

_ სამწუხაროდ, ამ ბარბაროსობაში ჩვენ «მხარი აგვიბა» უკრაინამ და მოლდოვამ… ამ სამ ქვეყანაში ადგილი ჰქონდა დიდ სამამულო ომთან დაკავშირებული მემორიალური ძეგლების შეურაცხყოფასა და განადგურებას, ითქვა კიდეც, რომ ამ ვანდალიზმზე არ მომხდარა პრინციპული რეაგირება და არ მიღებულა ზომები მათ აღსადგენად.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიწვეული იყო რუსეთის მიერ აღიარებული აფხაზეთის ომის ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იაკობ გუმბა. თავის მხრივ, საქართველოს დელეგაციაში შედიოდა აფხაზეთიდან დევნილი უხუცესი ვეტერანების წარმომადგენელი ოლეგ ჯოლია. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის, ადმირალ ალექსი სოროკინის მითითებით, ეს ორი პიროვნება მიიწვია საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ანატოლი ლარინმა და გააცნო ერთმანეთს. მათ განემარტათ, რომ საკოორდინაციო საბჭო საერთაშორისო არაპოლიტიკური ორგანიზაციაა და ძალზე სასურველია, რომ მისი წევრები, არსებული პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, იყვნენ ერთმანეთთან სოლიდარულნი. მათ ურჩიეს, რომ დაამყარონ ურთიერთკონტაქტი და ხელი შეუწყონ არსებული კონფლიქტური სიტუაციების მშვიდობიან მოწესრიგებას და ერთობლივად იზრუნონ სოციალური საკითხების მოგვარებაზე.

_ ბატონო რევაზ, როგორ აღიქვა საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალურმა კავშირმა საგარეო საქმეთა მინისტრის _ მაია ფანჯიკიძის გამონათქვამი, რომ სტალინი და ჰიტლერი არიან მსოფლიო დამნაშავეები?

_ მაგ გამონათქვამით ქალბატონმა ფანჯიკიძემ შეურაცხყოფა მიაყენა 300 ათასზე მეტ დაღუპული ქართველი მეომრის ხსოვნას და ცოცხლადდარჩენილ ვეტერანებს! სხვათა შორის, ჩვენი კავშირის აბსოლუტურმა უმრავლესობამ 1 ოქტომბრის არჩევნებში ხმა მისცა «ქართულ ოცნებას», რომლის წევრიც ქალბატონი ფანჯიკიძეც ბრძანდება. ფაქტობრივად, ამჟამინდელმა მინისტრმა შეურაცხყოფა მიაყენა თავის ამომრჩევლებს, რაც დემოკრატიულ ქვეყნებში ყოვლად მიუღებელი და დასაგმობია! სამწუხაროა, რომ ამ თავის მეტად უცნაური გამოხდომით ქალბატონმა ფანჯიკიძემ დაამტკიცა, რომ დიპლომატიის ანბანსაც ვერ ფლობს და, შედეგად, მისი დიპლომატიური ქმედებები კარგს არ მოუტანს ჩვენს სამშობლოს. ჩვენ, როგორც «ქართული ოცნების» ამომრჩევლები, მოვითხოვთ, ამ ქალბატონმა ბოდიში მოუხადოს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და, თუ იგი ამას არ იკადრებს, გვაიძულებს, მომავალ ადგილობრივ არჩევნებში ამ პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებს ხმა არ მივცეთ!

ესაუბრა

გიორგი კორძაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here