Home რუბრიკები პოლიტიკა მთავრობას სიტყვაზე ვენდობით, მაგრამ ეკონომიკური პოლიტიკის დოკუმენტი აუცილებელია

მთავრობას სიტყვაზე ვენდობით, მაგრამ ეკონომიკური პოლიტიკის დოკუმენტი აუცილებელია

516

ჩვენი საზოგადოება გადაეჩვია ეკონომიკაზე საერთოდ და კერძოდ, ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბარს. 2004 წლიდან გაჩენილი უკიდურესი ეკონომიკური ლიბერალიზმის ფანტომი თანდათან გადაიზარდა დისციპლინარული საზოგადოების ბიუროკრატულადმინისტრაციულ რეჟიმში, რომელიც საჭიროებისამებრ  ინსტიტუციური ეკონომიკის რეკომენდაციებს უნაცვლებდა ლიბერტარიანულ მიდგომებს და ყოველივე ეს დასრულებულ ფორმას იღებდა ღია საზოგადოების თეორეტიკოსთა მიერ პასტულირებულ ცნებებში.

შესაბამისად, საქმე გვქონდა ეკონომიკაში მიმდინარე იმპულსურ  ცვლილებებთან, რომელთაც ეკონომიკურ პოლიტიკას ვერ დავარქმევთ, რადგან არ გამომდინარეობდა ქვეყანაში მიმდინარე ურთულესი ეკონომიკური კანონზომიერებებიდან. სიტუაცია არსებითად შეიცვალა 2012 წელს, როდესაც ახალმა პოლიტიკურმა ძალამ _  «ქართულმა ოცნებამ» _ საზოგადოებას შესთავაზა ქვეყნის განვითარების საკუთარი ხედვა, ხოლო საპარლამენტო არჩევნებში მისი გამარჯვების შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ საქართველოში კვლავ აღდგება ეკონომიკის მიზანდასახულობათა წინასწარი განსაზღვრის ტრადიცია.

2013 წლის იანვარში ახალმა პოლიტიკურმა ძალამ საზოგადოებას შესთავაზა ეკონომიკის განვითარების მთავარი საპროგნოზო მაჩვენებლები, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 6 პროცენტით და ინფლაცია არა უმაღლეს 7 პროცენტისა. ამასთან, შეიცვალა საბიუჯეტო რესურსის ხარჯვის ვექტორიც. იგი გახდა მკაფიოდ ორიერტირებული შიდა ბაზრის მოთხოვნებზე და მოსახლეობის სოციალური დაცვის პრობლემებზე. შეიცვალა საინვესტიციო გარემოც, დამყარდა კავშირი მსხვილ საერთაშორისო ფინანსურ კორპორაციებთან, რაც განაპირობებს ჩვენი ეროვნული ეკონომიკის ინტეგრირებას საერთაშორისო საბაზრო ცენტრებთან, ნაცვლად გლობალიზებული ეკონომიკის პერიფერიულ ნაწილთან ინტეგრირებისა. გარდა ამისა, მთავრობა მიიჩნევს, რომ ეკონომიკის ინერციულობის გამო, მიმდინარე წელს, მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით, არსებითი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, არსებით ცვლილებას ეკონომიკური ზრდის პარამეტრებში უნდა ველოდოთ 2015 წლიდან. სამწუხაროდ, ეს დეკლარაცია არ საბუთდება კონკრეტული გათვლებით ან ქვეყანაში მიმდინარე ინსტიტუციური ცვლილებებით

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მეტი რა დაგვრჩენია, რომ დავმშვიდდეთ: ქვეყნის ეკონომიკა საიმედო ხელშია და საქართველოში ოპტიმისტური მოლოდინის განწყობა სუფევს. მაგრამ ამავე დროს ჩნდება პროცესებში თანამონაწილეობის აუცილებლობაც. რაც განაპირობებს ზოგიერთ პრინციპული მნიშვნელობის საკითხში განსხვავებულ  ხედვებს და გამომდინარეობს იმ ალტერნატივებიდან, რომლებიც იქმნება არსებული ეკონომიკური ფაქტორების  შეერთების  თავისებურებიდან. ისიც გასათვალისწინებლია, რომ ამჟამად საქართველოში ეკონომიკურ პოლიტიკაზე პასუხისმგებელი გუნდი ერთგვარი ინკლუზიური ერთობაა, რომელშიც სხვადასხვა ხედვისა და სხვადასხვა მიზნობრივი პრობლემის გადაწყვეტაზე ორიენტირებული ადამიანები მოღვაწეობენ. მათ შორის არასაკმარისი კორდინირებაა და პრაქტიკულად შეუძლებელია რიგ საკითხებში შეთანხმებული საქმიანობა. ეროვნული ბანკი, კონტროლის პალატა, ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს მარეგულირებელი ინსტიტუტები, რეგიონული და მუნიციპალური ადმინისტრაციები მთლიანად რჩება პრეზიდენტის ვერტიკალში  და გრძელდება ეკონომიკაში იმპულსური ჩარევის მავნე ტრადიცია. შესაბამისად, ახალ პოლიტიკურ ძალას ურთულესი ადმინისტრაციული და საკანონმდებლო ბარიერების გადალახვა უხდება, რაც არსებითად ამცირებს მისი წამოწყებების ეფექტიანობას. საზოგადოება გრძნობს ამ მოვლენის დროებით ხასიათს და გაგებით ეკიდება მრავალ პრობლემას, რომლებიც მის წინაშე დგას. ამავე დროს გაისმის პოზიტიური კრიტიკაც, რომელიც გამომდინარეობს  საერთო ინტერესებიდან და გამსჭვალულია არსებულ გარდაქმნებში თანამონაწილეობის აუცილებლობის გრძნობით.

ქვეყანაში მიმდინარე გადასვლა დისიპლინარული საზაოგადოებისთვის დამახასიათებელი ინსტიტუციური მიზანდასახულობებიდან რეალურ ეკონომიკურ პროცესებზე უმტკივნეულოდ არ მიმდინარეობს. ეს გადასვლა უკავშირდება საბაზრო პროცესების ტრანსფორმაციებს და ამიტომ მტკივნეული პროცესია. იგი ვლინდება არაჯანსაღი, დროებითი, მაგრამ მწვავე პროცესების სახით. მაგალითად, ყველა ხედავს:

როგორი ინტენსივობით იცვლება მედიასივრცე, განსაკუთრებით, სარეკლამო ბაზარი და, მისგან გამომდინარე, პრესისა და ტელერადიო მაუწყებლობის შესაძლებლობები;

არსებითი ხასიათისაა ის, რაც წიგნის ბაზარზე სასწავლო სახელმძღვანელოების საგამომცემლო  საქმეში განხორციელდა;

ანალოგიურმა პრობლემებმა იჩინა თავი ფეხბურთში.

მოსალოდნელია, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებშიც გამოვლინდეს მსგავსი მოვლენები. ყოველივე ეს გვაფიქრებინებს, რომ მიმდინარე ტრანსფორმაციები არასრულფასოვან მიზანდასახულობებს ემყარება. მართალია, სწორი საქმე ცუდადაც რომ ვაკეთოთ, კარგ შედეგებამდე მივალთ, მაგრამ ჯობს, კარგად ვაკეთოთ და მაშინ შედეგიც უკეთესი იქნება.

კონკურენტული ბაზრის დაბრუნებისთვის ძალისხმევამ გააშიშვლა ის პრობლემები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა რკინიგზაში, პორტებში, ჭიათურა-ზესტაფონის ინდუსტრიულ საწარმო ერთეულში და ა. შ. ჩვენს ეკონომიკაში უამრავი ახალი ამოცანა შიდა ბაზარზე კონკურენტული გარემოს აღდგენის საჭიროებამ გააჩინა. ზოგიერთი ადრეც არსებოდა ლატენტური ფორმით, რადგან მათი გამოვლენა დაკვშირებული იყო დისციპლინარული საზოგადოების რეპრესული მექანიზმის ფუნქციონირებასთან. საქართველოში დღეს აუცილებელი ხდება მკაფიო და გასაგები ეკონომიკური პოლიტიკის წარმოება. საქმეს ვერ უშველის ავტორიტეტულ პოლიტიკოსთა მოწოდებები, რომ მათ კარგად ესმით შექმნილი მდგომარეობა და ხალხისგან მხოლოდ ნდობის გამოცხადებას მოითხოვენ. საჭიროა ეკონომიკური პოლიტიკის დოკუმენტი და ამ საჭიროებას ჩვენი საზოგადოება გრძნობს.

როგორი უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა? ვეთანხმები ქალბატონ ნანა დევდარიანს, როდესაც იგი პატარა ქვეყნების პოლიტიკას ახასიათებს, როგორც საკუთარი დამოუკიდებელი ინტერესების შენარჩუნების მიზნით მიმართულ მოქნილ, მკვიდრ და დინამიურ ძალისხმევებს მსოფლიო ხალხთა თანამეგობრობაში, რომელიც ხშირად აშკარა მტრული დამოკიდებულებებით ვლინდება, და მას «ლერწმის პოლიტიკას» უწოდებს. როგორია ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოს გლობალურ ეკონომიკურ სივრცეში ადაპტაციისა და ინტეგრაციის თვალსაზრისით? მოკლე ექსკურსი გვიჩვენებს, რომ, სამწუხაროდ, ჩვენ გვქონდა:

გლობალურ ტენდენციათა სრული უგულებელყოფის, «ცდისა და შეცდომების» და «განურჩეველი თანმიყოლის» პოლიტიკა.

თითოეული მათგანის დახასიათების არც საშუალება და არც დრო არ გვაქვს, ამიტომ მოკლედ შევნიშნავ, რომ არც ერთ მათგანს არ მოუტანია რაიმე არსებითი შედეგი და მხოლოდ ართულებდა ჩვენს  საერთო საზოგადოებრივ პირობებს. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ «ცდისა და შეცდომის» პერიოდში, როდესაც ჩვენ ვსწავლობდით მსოფლიო გლობალურ გარემოში თანამშრომლობას და, ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომრეობიდან გამომდინარე, ვწყვეტდით სტრატეგიული მნიშვნელობის პრობლემებს, მრავალი მნიშვნელოვანი შედეგი მივიღეთ.

2013 წლიდან იწყება ახალი ეტაპი ჩენი ეკონომიკის განვითარებაში. იგი არის ეკონომიკური განვითარების პარადიგმის ცვლილების წელიწადი და მთელი საზოგადოება მას იმედით შეჰყურებს. «ყველას არ შეუძლია იყოს ისტორიის შემოქმედი, მაგრამ ისტორიაში მონაწილეობა მივიღოთ, ყველანი ვალდებულნი ვართ», _ ალბერ კამიუს ეს სიტყვები აქტუალურია საქართველოში და თავის აქტუალობას, ალბათ, არც მომავალში დაკარგავს.

დავით იაკობიძე,

პროფესორი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here