Home რუბრიკები საზოგადოება ფარდობითურობის თეორია, ანუ აკადემიკოსი გისოსებს მიღმა

ფარდობითურობის თეორია, ანუ აკადემიკოსი გისოსებს მიღმა

723

ნაპოლეონ ქარქაშაძეს ჩვენი მკითხველი იცნობს როგორც წარმატებულ მეცნიერს, ნიჭიერ პუბლიცისტსა და მწერალს. წლების მანძილზე იგი საქართველოს სუბტროპიკული ინსტიტუტის, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის რექტორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ამჟამად ამავე აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეა.

აი ასეთი ადამიანი ყოფილმა ხელისუფლებამ გისოსებს მიღმა მოათავსა.

პუბლიკაციების ეს ციკლი ამ უკუღმართობაზეა.

 

წითელი ხალიჩებით საზეიმოდ მორთულ პარლამენტის კიბეზე ამაყად ჩამოდის მოდურად ჩაცმული, ახალგაზრდა, წარმოსადეგი მამაკაცი. იგი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, რომელიც რამდენიმე წუთში მსოფლიოს გასაგონად დადებს ფიცს, რომ უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დაიცავს საქართველოს მოქალაქეების უფლებებს, მათი ქონების ხელშეუხებლობას, სიტყვისა და აღმსარებლობის თავისუფლებას და . .

მის გამოჩენას მხურვალე ტაშით ხვდებიან როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ისე პარლამენტისწინა მოედანზე მოწვეული საზოგადოება, რომელთა შორის ბევრია ცნობადი სახე, მათ შორის ვართ უმაღლესი სასწავლებლის რექტორებიც.

წითელ მუნდირებში გამოწყობილმა ორკესტრმა საქართველოს ჰიმნი და საზეიმო მარშები შეასრულა… აქვეა სმენაზე გაჭიმული, შევარდნაძის დროინდელი თავდაცვის მინისტრი, რომელმაც ახლადგამომცხვარ მთავარსარდალს ერთგულების პატაკი უნდა ჩააბაროს.

გამახსენდა 1996 წლის ნიუ იორკი: «როდესაც დრო მოვა, ჩვენი კანდიდატიც გამოჩნდებაო», გახსოვს, ალბათ, მკითხველო, ეს მისი ბიძის სიტყვებიადა გამოჩნდა კიდეც. მათ მათემატიკური სიზუსტით გათვალეს ყველაფერი: ხუთი წლით ადრე შევარდნაძის დოყლაპია პარლამენტს (მაპატიონ ზოგიერთებმა) მიაღებინეს კანონი საპრეზიდენტო ასაკის 35 წლამდე დაწევის შესახებ და სააკაშვილმაც, ზუსტად 35 წლის ასაკში მოირგო პრეზიდენტის სავარძელი. ხალხი მესიასავით შეჰყურებდა თინეიჯერის ასაკიდან ახლახან გამოსულ ჯეელს, რომელმაც საქართველოს ბედი ჩაიბარა. ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება ქვეყნისა და ერის გაცუცურაკების ანალოგიური მაგალითი. ქართველები ხომ ბუნებით მიმნდობი და გულუბრყვილოები ვართ

_ ეს ახალგაზრდა კაცი, ახლა რომ პრეზიდენტად ავირჩიეთ, 40 წლის რომ გახდება, ისევ პრეზიდენტი იქნება? _ გულუბრყვილოდ იკითხეს ჩემ გვერდით.

_ იქნება, უფლება აქვს, მეორედ იყაროს კენჭი, _ იყო პასუხი.

_ 45 წლის რომ გახდება და ორივე ვადა გაუვა, მაშინ?

_ მაშინაც პრეზიდენტი?!

_ კი მაგრამ, ამას რომ კონსტიტუცია კრძალავს?

_ მერე რა… კანონს ვერ შეცვლის თუ რა?

_ კონსტიტუციას გადაახტება?

_ კონსტიტუციასაც გადაახტება და კანონსაც ფეხებზე დაიკიდებს!!!

_ მერე ქართველები დაუშვებენ ამას?

_ დაუშვებენ, დაუშვებენ… მოიძებნებიან ისეთებიც, რომლებიც კანონს ამ კაცს მოარგებენ, _ იყო გაღიზიანებული პასუხი.

მართლაც, ჩოხაახალუხივით მოარგო ვინმე დემეტრაშვილმა და მისმა კომისიამ კანონები და კონსტიტუცია პრეზიდენტის მოთხოვნებსცოტა რომ დასცლოდა, საკუთარ თავს მეფედაც გამოაცხადებდა და სააკაშვილის დინასტიას დაუდებდა სათავეს. აკი გააჟღერა კიდეც, ბებიის მხრიდან ბაგრატიონების შთამომავალი ვარორატომღაც სულ დედის წინაპრებს ახსენებს, მამის მხრიდან არც ბებიაზე და არც პროფესორ ბაბუაზე არაფერს ამბობს, იცის, რომ ქართული გენიდან ცოტა შორს იყვნენ და იმიტომ.

არ დასცალდა. ცხვარივით მომთმენი ქართველები გაცხარდნენ და ქარიშხალივით გადაუარეს პრეზიდენტსაც და მის მოძალადე, ჯალათების გუნდის წევრებსაც, რომლებიც სეთურივით დილიდან საღამომდე თავს გვამადლიდნენ და ტელევიზიით ტვინს გვიბურღავდნენ.

მივუბრუნდეთ ინაუგურაციის დღეს. ცხადია, ბევრმა მაშინაც ვიცოდით, რომ ხელისუფლებაში მოდიოდა მსოფლიო დონის ავანტიურისტი და თაღლითი, ამაზე ინაუგურაციის დღესაც ვსაუბრობდით «ჩვენთვის». საღამოს სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ერთად ორი საათის დაგვიანებით ოპერაშიც კი გამოჩნდა… და იქ ნაყურყუტებ ხალხს ძლივს მიესალმა, თუმცა ჩვენ _ დამხვდურებმა, ხელებიც კი გადავიტყავეთ ტაშით. პრეზიდენტმა სტუმარს თავისი ოჯახის წევრებიდან მხოლოდ ბაბუა _ გივი ალასანია გააცნო, თუმცა პარტერის იმავე რიგის თავში განცალკევებულად იჯდა მამამისი ნიკოლოზი, ხოლო რიგის ბოლოში, ბაბუის გვერდით, მისი დედა და ბებია.

უნივერსიტეტების რექტორები და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრები პრეზიდენტის რიგიდან 4-5 რიგის მოშორებით დაგვსვეს, როგორც შევარდნაძის დროს იყო მიღებული. სააკაშვილი ისე ჩაესვენა სტუმრის გვერდით სავარძელში, რომ ჩვენსკენ არც კი გამოუხედავს. მხცოვან მეცნიერებს ცუდად გვენიშნა თვალის არიდება, ძალიან ცუდად

_ ხედავ, არც კი გამოიხედა ჩვენსკენ! _ მითხრა კოლეგამ.

_ შენ სხვა რამეს ელოდი?

იმ დღიდან გამსახურდიას მსგავსად დაიწყო ადამიანების «მისიანებად» და «არამისიანებად» დაყოფა. მეცნიერები, ხელოვნების მუშაკები, რექტორები «არამისიანებში» მოვხვდით, და… ცოტა მოგვიანებით «ჩარეცხილებადაც» გამოგვაცხადებენ. სწორედ მისი პრეზიდენტობის პირველი დღიდანვე დაედო სათავე  ქართველების უბადრუკ და უნიათო მასად ჩამოყალიბების პროცესს, რომელიც, მიუხედავად ხელკეტებისა, ბორკილებისა, მოკვდინებისა და ა. შ., საბედნიეროდ, ბოლომდე ვერ მიიყვანეს… ღმერთმა დაგვიფარა და იმიტომ.

მსოფლიოს ისტორიამ ბევრი ტირანის სახელი შემოგვინახა. მათ შორის იყვნენ «გამორჩეულებიც». სამწუხაროდ, სააკაშვილმა თავისი 9-წლიანი მოღვაწეობით შეძლო «გამორჩეულებს» შორის «საპატიო» პირველი ადგილის დამკვიდრება. ეს მისი არჩევანი იყო, რომელსაც მან დიდებულად გაართვა თავი.

მესამე პრეზიდენტი (ფსიქოლოგიური პორტრეტი)

გვიანი ღამე იყო, როდესაც «რევოლუციური სამეული» კანცელარიის მე-11 სართულზე ავიდა. დერეფანში კანცელარიის უფროსი პეტრე მამრაძე დახვდათ. სააკაშვილმა სწრაფად გაიარა მისაღები ოთახები და პრეზიდენტის კაბინეტის წინ შედგა, ესიამოვნა მოოქრულ ლითონზე გაკეთებული წარწერა: «საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი», გაეღიმა და მამრაძის მიერ მოწიწებით გაღებულ კარში პირველი «შევარდა».

«სამეულმა» ოთახი შეათვალიერა, მოიხიბლნენ ახალი რემონტით და წითელი ხისგან დამზადებული ავეჯით. ერთ-ერთ კედელზე შვეიცარიიდან ჩამოტანილი ძვირფასი საათი ეკიდა, მუქ ყავისფერ ტყავგადაკრული რბილი ავეჯი, წესისა და რიგის მიხედვით, გემოვნებით იყო დალაგებული. ოდნავ ოვალურ სამუშაო მაგიდასთან დიდზურგა სავარძელი იდგა, მოპირდაპირე მხარეს კი _ ორი ასეთივე, შედარებით პატარა სავარძლები სტუმრებისთვის.

«რევოლუციური სამეული» სავარძლებში მოთავსდა.

_ დამღლელი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო დღე იყო, _ ღიმილით თქვა ჟვანიამ და კაბინეტი კიდევ ერთხელ შეათვალიერა.

სააკაშვილს არაფერი უთქვამს, ისიც ახალი კაბინეტის დათვალიერებით იყო დაკავებული.

_ კარგი და გემოვნებიანი რემონტია, _ ისევ წამოიწყო ჟვანიამ, _ ეს, ალბათ, ქალბატონი ნინოს დამსახურებაა.

ბურჯანაძეს ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა.

_ თქვენ ახლა განმარტოება გჭირდებათ, თუ ნებას მოგვცემთ, დაგტოვებთ, _ თქვა ჟვანიამ და ფეხზე წამოდგა, სააკაშვილმა თანხმობის ნიშნად ხელი ასწია.

ცუდად ენიშნათ კაბინეტიდან გამოსულებს სააკაშვილის საქციელი, რომელმაც ისინი საუბრის ღირსადაც არ ჩათვალა.

პრეზიდენტი სავარძელში მიესვენა და «ფიქრს მიეცა». კარგად იცნობდა ორთავეს და იცოდა, რომ ისინი საკუთარი თამაშის წამოწყებას შეეცდებოდნენ. არ უნდა მისცეს მათ ამისი უფლება. ძირშივე უნდა აღკვეთოს ამაზე ფიქრიც კიახლა მას ისინი უკვე აღარ სჭირდება, სხვები უნდა დაიყენოს გვერდით, რომლებიც მასში, პარტნიორს კი არა, პატრონს დაინახავენ. მადლობა ღმერთს, ასეთები ბლომად არიან. სწრაფად ამოტივტივდა მის გონიერებაში მერაბიშვილის, ადეიშვილის, ლომაიას და სხვების უსახური სახეები. წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა, გაჩახჩახებულ თბილისს გადახედა.

სულ რამდენიმე საათს მოითვლის მისი პრეზიდენტობა და უკვე იგრძნო ტვირთის სიმძიმე. მიუხედავად ახალგაზრდობისა, ბევრ ჩახლართულ სიტუაციას დააღწია თავი, კარგად ისწავლა პოლიტიკურ ლაბირინთებში სიარულიც, სასურველ შედეგს ყოველთვის უმოკლესი გზით აღწევდა. ენდობოდა მხოლოდ თავის ინტუიციას და თანამოაზრეთა ერთგულების შეფასების თავისი მეთოდი ჰქონდა _ ეს იყო უსიტყვო მორჩილება. კარგად იცოდა, რომ პირველკაცობა დიდი საფრთხის შემცველია, რამდენიმე წუთის წინ, კაბინეტიდან ღიმილით გასულ ორ ადამიანს რომ ერთი სული ჰქონდათ, ამ კაბინეტის დაპატრონების, ესეც კარგად იცოდა.

ბავშვობიდანვე ფრთხილი იყო, თავს არიდებდა ძალისმიერ თამაშებს, უპირატესობას სიტყვიერ პოლემიკას ანიჭებდა, სარკის წინ საკუთარ თავთანაც ხშირად კამათობდა ხოლმე. ამის შედეგია ის შემტევი ლოგიკა, რომელსაც პაექრობაში იყენებდა და რომელმაც ამ კაბინეტამდეც მიიყვანა.

კედლის საათს შეხედა, ისრები ორს უახლოვდებოდა, ახლა გაახსენდა, რომ ფაქტობრივად არაფერი უჭამია, თუ არ ჩავთვლით აშშ-ის სახელმწიფო მდივან პაუერთან ერთად აეროპორტში წახემსებას… სამუშაო მაგიდასთან მივიდა, მბზინავი მაგიდის მარჯვენა კუთხეში დადგმულ წითელ ტელეფონს «დაადგა თვალი»… იცოდა, რომ ამ აპარატით, პლანეტის ნებისმიერი სახელმწიფოს პირველ პირთან შეეძლო დაკავშირება… სავარძელში ჩაჯდა და ფიქრს მიეცა. ახლა ვაშინგტონში შუადღეა, პრეზიდენტი ბუში, ალბათ, ოვალურ კაბინეტშია, რა იქნება, რომ დაურეკოს?! ტყუილად ხომ არ დევს წითელი ტელეფონი მაგიდაზე?! ხელი ტელეფონის ყურმილს დაადო და გაირინდა… გაახსენდა, რომ ძალიან პატარა ქვეყნის პრეზიდენტია… «თუმცა, რა დროს ყოყმანია»?! მან ყურმილი ენერგიულად აიღო…

_ თქვენ, თეთრი სახლის სატელეფონო ქსელში ხართ სერ, რით შემიძლია გემსახუროთ? _ გაისმა ყურმილში ქალის სასიამოვნო ხმა.

_ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვარ, გთხოვთ შემაერთოთ შეერთებული შტატების პრეზიდენტთან.

_ ყურმილი არ დაკიდოთ, სერ, _ გაისმა დედამიწის მეორე სფეროდან. აღელდა, იგი ხომ მსოფლიოს «ნომერ პირველი» ქვეყნის პარეზიდენტს ურეკავს. რომ არ უპასუხოს? იქნებ ჯობდა, მერე დაერეკა ან ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვაშინგტონში ჩასვლას დალოდებოდა?!.. ოფლმა დაასხა… დროზე გაისმა ყურმილში სასიამოვნო ხმა.

_ ხაზზეა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, გთხოვთ, ილაპარაკოთ, სერ…

_ თქვენო აღმატებულებავ… _ კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ იქიდან დაასწრეს…

_ ჰელო, მაიკლ, როგორ ხარ, პაუელი მესაუბრა თვითმფრინავიდან, კმაყოფილია. კარგია, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, _ გაისმა ყურმილში ჯორჯ ბუშის მხიარული ხმა.

_ მადლობისთვის გირეკავთ, თქვენმა მხარდაჭერამ გადამწყვეტი როლი შეასრულა, ამას ქართველი ხალხი არ დაივიწყებს.

_ გადაჭარბებულად აფასებ ჩვენ როლს. საქართველო საინტერესო ქვეყანაა, იმედია, ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა გაგრძელდება, მე დიდ პატივს ვცემ თქვენს ისტორიას, კულტურას, ხალხს…

_ გმადლობთ კეთილი სიტყვებისთვის, შევეცდები, ვიყო თქვენი ღირსეული უმცროსი პარტნიორი… თუ თქვენი სამუშაო გრაფიკი იძლევა საშუალებას, მინდა ვაშინგტონში გეწვიოთ და დაგიდასტუროთ ქართველი ხალხის ღრმა პატივისცემა.

_ ნუ იჩქარებ, მაიკლ, ჩვენ შეხვედრას ნებისმიერ დროს შევძლებთ. ვფიქრობ, ჯობს, ჯერ სამეზობლოში ჩახვიდე, საინტერესოდ მეჩვენება შენი ვიზიტი რუსეთში. _ გამოცდილი კაცი იყო ამერიკელი, იცოდა პატარა ქვეყნის ლიდერების ამბიციურობა. სააკაშვილს რომ დადგენილი ჩარჩოებიდან ამოხტომა შეუძლია, ესეც იცოდა, ასეთი კაცის «სასურველ» მანძილზე დაყენება რომ აუცილებელია, ესეც… კიდევ ბევრი რამე იცოდა ამერიკის პრეზიდენტმა.

_ წარმატებას გისურვებ, მაიკლ, მიგულეთ თქვენ გვერდით, გთხოვთ, ჩემი მოკითხვა გადასცეთ ბატონ ედუარდ შევარდნაძეს, _ დამოძღვრა სააკაშვილი ბუშმა და ტელეფონი გათიშა. არ ესიამოვნა შევარდნაძის ხსენება, დღეს იგი მისთვის მხოლოდ უბრალო პენსიონერია, რომელიც პრეზიდენტის სიმაღლიდან არც კი ჩანს. მიუხედავად ამისა, დაცვის უფროსი მაინც გააგზავნა მასთან და ბუშის მოკითხვა გადასცა.

პოლიტიკაში ჟვანიამ მოიყვანა, მიუხედავად ამისა, აითვალწუნა, მეტოქედ მიაჩნდა და იმიტომ. დღეს ჟვანია მისი მთავრობის პრემიერმინისტრია, რომელსაც ერთი ნაბიჯი აშორებს პირველკაცობას. აშინებდა ჟვანიას მებრძოლი ხასიათი, ფაქტობრივად, მან მიიყვანა შევარდნაძე პოლიტიკურ კრახამდე, თავად კი «ცხვირწინ აართვა პრეზიდენტობა», დარწმუნებული იყო, რომ იგი ამას არ აპატიებდა.

მორჩილი  პარლამენტია საჭირო, ბურჯანაძეც უნდა ჩამოაშოროს ჟვანიას, ახალი პარლამენტის არჩევნებამდე კი შევარდნაძის დროინდელ დამფრთხალ პარლამენტს მიაღებინებს ისეთ კანონებს, რომლებიც მის ძალაუფლებას უკონტროლოს გახდის. იცოდა, როგორ მიეხედა საკუთარი თავისთვის და ამაზე ზრუნვა პირველი დღიდანვე დაიწყო.

მობილურის ზარმა შეაწყვეტინა ფიქრი, მეუღლე ურეკავდამოვდივარო, _ უთხრა და ფეხზე წამოდგა.

სხვისი აზრის მოსმენა არ შეეძლო. თათბირებსა და მთავრობის სხდომებზე მხოლოდ თვითონ ლაპარაკობდა და დასმულ შეკითხვებსაც თვითონვე უპასუხებდა. მისი შეხვედრები სატელევიზიო შოუებს უფრო ჰგავდა, ძნელი საყურებელი იყო თავდახრილი, ყურებჩამოყრილი მინისტრები და დეპუტატები. საზოგადოება მალევე მიხვდა, რომ პრეზიდენტი არამარტო უცოდინარი, გაუწონასწორებელი, ზარმაცი და უტიფარია, არამედ ამპარტავანი და საკუთარ თავზე უზომოდ შეყვარებულიც.

ერთხანს ტელევიზორში მისი თოჯინაც გამოჩნდა, რომელიც შევარდნაძის თოჯინაზე უფრო სასაცილო იყო. საზოგადოებამ დაინახა, რომ მათ მიერ ზარზეიმით არჩეული პრეზიდენტი სხვა არაფერია, თუ არა ნაცარქექიასა და ყვარყვარეს ყველაზე უარესი ნაზავი.

ცოტა ხანს აბოგინა თოჯინა ეკრანზე, მერე კი… მისი ავტორები ხმაურით ჩასვა ციხეში, თოჯინა კი უკვალოდ გააქრო. საზოგადოება მიხვდა, რომ ის «შევარდნაძე არაა» და გაიტრუნა.

ეშმაკიც იყო, იცოდა, ვისთვის რა დაევალებინა. ჯერ კიდევ საპრეზიდენტოდ ემზადებოდა, როდესაც ბურჯანაძესა და ჟვანიას ახალი საპარლამენტო სიების შედგენა «სთხოვა». ფანდი იხმარა, ამით გაიგებდა, თუ ვინ რას აპირებდა მომავალში. შევარდნაძეც ასე აკეთებდა, სხვებს ავალებდა პარლამენტარების შერჩევას, სიებსაც ზერელედ გადახედავდა და, თუ რა დამართა ასეთმა გაუფრთხილებლობამ, მთელმა მსოფლიომ დაინახა. ცხადია, თვითონ ასე არ მოიქცევა.

მოგვიანებით, როდესაც პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე კაბინეტში დაიბარა, რამდენიმე წუთით მისაღებში აყურყუტა, თუმცა მარტო იყო და ოთახში შესულებს ღიმილით შეეგება.

არც ბურჯანაძე და, მით უმეტეს, არც ჟვანია იყვნენ მიამიტები, მიხვდნენ მისაღებში ხუთწუთიანი ყურყუტის მიზანს, მაგრამ იცოდნენ, რომ ხელისუფლებაში ახლახან მოსულებს ჯერჯერობით ამბიციები უნდა მოეთოკათ.

_ ნინო, ალბათ, იცნობთ ამ ადამიანებს, _ ჰკითხა ბურჯანაძეს, როდესაც ჟვანიამ სადეპუტატო კანდიდატების სია გადააწოდა.

_ მხოლოდ მისაღებში გადავხედე, _ მშრალად უპასუხა ბურჯანაძემ.

შეიჭმუხნა. მიხვდა, რომ ჟვანია ახალი რაუნდისთვის ემზადებოდა.

_ ეს რაღაც ახალია. პარლამენტის თავმჯდომარე შენ უნდა იყო, სიები კი არ გაინტერესებს?! _ ეს მარტო მსუბუქი საყვედური არ იყო, სააკაშვილი მასწავლებელივით ტუქსავდა ორთავეს.

_ ბატონო მიხეილ, თქვენს გამოძახებას ასე ადრე არ ველოდი, ამიტომ ვერ მოვასწარი სიის სათანადოდ შესწავლა, _ თავი იმართლა ბურჯანაძემ.

არაფერი უთქვამს, სიების კითხვა გააგრძელა, სახეზე აშკარად ეტყობოდა უკმაყოფილება, რამდენიმე გვარი გადახაზა კიდეც.

_ სიაში უმრავლესობა ჩემთვის უცნობია. გარდა გვარ-სახელისა ადამიანებს აქვთ დაბადების წელი, პროფესია, ბიოგრაფია და ა. შ. ჩვენ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსთვის ვარჩევთ ხალხს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ სიაში ის ხალხია ჩაწერილი, რომელიც გაგახსენდათ, _ სააკაშვილმა ჟვანიას გახედა.

_ მიშა, აქ ის ხალხია, რომელიც ქარსა და წვიმაში ჩვენ გვერდით იდგა, _ ჟვანია შეეცადა საუბარი მეგობრულ კალაპოტში მოექცია, ისე, როგორც შევარდნაძის დროს აკეთებდა, არ გამოუვიდა.

_ რევოლუცია დამთავრდა, ბატონო პრემიერმინისტრო, ჩვენ სახელმწიფოს აშენებაზე უნდა ვიფიქროთ და პარლამენტიც შესაფერისი უნდა გვქონდეს, _ ხაზგასმული ოფიციალურობით თქვა სააკაშვილმა და ფურცლები ცხვირწინ აუფრიალა.

ჟვანია გაფითრდა, თვალის გუგები გაუფართოვდა, შევარდნაძეს მისთვის ასეთი რამ არასოდეს უკადრებია, მაშინაც კი, როცა დაპირისპირებული იყო, სააკაშვილმა კი, ფაქტობრივად, სახეში მიაყარა ფურცლები…

_ ასაღელვებელი არაფერია, შეგეძლო სხვანაირადაც გეთქვა, _ კბილებში გამოცრა ჟვანიამ და ფურცლების აკრეფას შეუდგა. ახალმა პრემიერმა მაშინ პირველად ინანა შევარდნაძისგან განდგომა.

სამეულის მეორე შეხვედრა ორი დღის შემდეგ შედგა, სააკაშვილმა სიებს ზერელედ გადახედა, დავიტოვებო, თქვა და ფურცლები თავის საქაღალდეში ჩააწყო.

_ დრო შეზღუდულია, მხოლოდ სამი დღე დაგვრჩა, ცესკოს ნუ დავაყენებთ დარტყმის ქვეშ, _ ხმადაბლა თქვა ჟვანიამ.

_ ჩვენ კანონს არ დავარღვევთ, საარჩევნო კომისია სიებს დროულად მიიღებს, _ თქვა და «თანამებრძოლებს» ჩინოვნიკური ღიმილით დაემშვიდობა.

_ მას თავისი სიები აქვს, რომლებშიც აქა-იქ ჩაამატებს ჩვენ მიერ გადაცემულ გვარებს, _ უთხრა კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ ჟვანიამ პარლამენტის თავმჯდომარეს.

_ შენ სხვაგვარად ფიქრობდი? _ გაეპასუხა ბურჯანაძე.

დადგენილი ვადის გასვლამდე სამი საათით ადრე მიიტანეს ცესკოში სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი სიები. მიშა ბათუმში გაემგზავრა და იქიდან შეეხმიანა «კოლეგებს».

ორთავე მიხვდა, რომ სააკაშვილთან «წყვილში» მუშაობა აღარ გამოუვიდოდათ. პრეზიდენტი მათ, როგორც შემსრულებლებს, ისე უყურებდა. ერთმანეთისთვის არ უთქვამთ, მაგრამ მოენატრათ ბუნჩულა კაცი, ედუარდ შევარდნაძე რომ ერქვაკიდევ ბევრჯერ მოენატრებათ.

პრეზიდენტად არჩევის ერთი თვის შემდეგ სააკაშვილმა კანცელარიის სააქტო დარბაზის ფოიეში პირველი სამთავრობო სპექტაკლი დადგა. მან, პრემიერმინისტრის მეთაურობით, მთავრობის წევრები სატელევიზიო კამერების წინ გაამწკრივა, თვითონ სახელდახელო ტრიბუნასთან დადგა და განაცხადა:

_ შეხედეთ და დაიმახსოვრეთ: თქვენ წინ საქართველოს მთავრობაა სრული შემადგენლობით. ისინი მდიდრები არ არიან და არც მდიდარი ნათესავები ჰყავთ. თუ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ისინი ან მათი ნათესავები ქონებას დააგროვებენ, ჩავთვლით, რომ ეს კორუფციის შედეგად მიღებული სიმდიდრეა და ასეთები ციხეში წავლენ.

კიდევ ბევრი რამ უთხრა მაშინ მთავრობის წევრებს, პატარა ბავშვებივით დატუქსა პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული ყველა, ისინი კი დუმდნენ. ერთ-ერთი მორიგი სხდომის დროს, მთელი ქვეყნის დასანახად, მთავრობას ცხვირწინ უქნია თითი, არც მაშინ ამოუღია ვინმეს ხმა.

კომიკური იყო მთავრობის ის სხდომაც, როდესაც სააკაშვილმა ღვინო შემოატანინა ბოთლებით და დამფრთხალ მინისტრებს ძალით დაალევინა, თვითონ კი მრისხანედ განაცხადა, რომ «არ დაუშვებს ფალსიფიცირებული ღვინით ქართველების მოწამვლას, რომ ამისთვის ყველანი დაისჯებიან» და ა. შ. პრეზიდენტის სიტყვებზე უფრო ამაზრზენი კი ის იყო, რომ ამდენ მამაკაცში არავინ აღმოჩნდა ისეთი, რომელიც მის ცინიზმზე პროტესტს ჩურჩულით მაინც გამოთქვამდა.

პრეზიდენტად არჩევიდან რამდენიმე დღეში ბათუმში ეწვია აბაშიძეს. სწორედ მისი კაბინეტიდან დაურეკა მაშინ თავის კოლეგებს საარჩევნო სიებთან დაკავშირებით. ღიმილიანი იყო ეს შეხვედრა. აბაშიძემაც შეიფერა და, როგორც შევარდნაძის დროს იყო მიჩვეული, სააკაშვილსაც ისე დაუწყო ლაპარაკი. ისიც კი უთხრა «იმედია, ჩვენი თანამშრომლობა წინანდელზე ნაყოფიერი იქნებაო». მიშას არაფერი უპასუხია. შემდეგ ჩამოსვლაზე ბათუმში ვარშალომიძე ჩამოიყვანა, მხოლოდ თვითმფრინავის აეროპორტში დაშვების შემდეგ გაიგო აბაშიძემ პრეზიდენტის სტუმრობა და ტრაპთან ძლივს მიუსწრო. სააკაშვილმა მასპინძელს ხელი ისე ჩამოართვა, რომ მისთვის არც შეუხედავს, დანარჩენებსაც თავის ოდნავი დაკვრით მიესალმა და აბაშიძის ახალთახალი «ჰამერის» უკანა სალონში, ვარშალომიძესთან ერთად დაჯდა.

აბაშიძე დაიბნა და ისღა მოახერხა, რომ დაცვის თანამშრომელივით მძღოლის გვერდით მოკალათდა.

_ რატომ არ შემატყობინეს, თუ აქეთ მობრძანდებოდით? _ ზრდილობისთვის იკითხა ასლანმა.

_ ხომ შეგატყობინეს, აბა, ისე როგორ დამხვდებოდი?! _ მიუგო და ვარშალომიძესთან გააგრძელა საუბარი.

აჭარის მეთაურის რეზიდენციაშიც ვარშალომიძესთან ერთად შევიდა, აბაშიძე კი უკან ადიუტანტივით მიჰყვებოდაკაბინეტშიც ისე შევიდა, რომ მისაღებში მოწიწებით მდგარი თანამშრომლებისთვის არც კი შეუხედავს.

ამჯერად აჭარაში გაძლიერებული დაცვით ჩავიდა, რეზიდენციაში ისე განლაგდნენ, როგორც სამხედრო ოპერაციის დროს ხდება ხოლმე. აბაშიძის დაცვაც გაძლიერებული შევიდა შენობაში და სხვადასხვა პოზიციაზე განლაგდა. პრეზიდენტის დაცვის ორი თანამშრომელი აბაშიძის მისაღებშიც შევიდა.

_ მეგობრებო, აქ ავტომატებით შემოსვლა აკრძალულია, _ მორიდებით უთხრა მათ აბაშიძის კანცელარიის უფროსმა, მაგრამ მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.

აბაშიძის კაბინეტში კი ასეთი დიალოგი გაიმართა:

სააკაშვილი: _ ასლან, ვის ექვემდებარება აჭარაში დისლოცირებული ბრიგადა, რომელსაც გენერალი დუმბაძე ხელმძღვანელობს?

აბაშიძე: _ ბრიგადა მცირერიცხოვანია და ექვემდებარება საქართველოს პრეზიდენტს და მე…

სააკაშვილი: _ თქვენ რატომ? მართალია, გენერალი ხართ, მაგრამ ქვეყნის მთავარსარდალი არა!..

აბაშიძე: _ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს შევარდნაძის სპეციალური განკარგულება, აჭარა სასაზღვრო ზონაა და ამანაც განაპირობა ასეთი გადაწყვეტილების მიღება.

სააკაშვილი: _ ეს ანტიკონსტიტუციურია და შევარდნაძემ კანონი დაარღვია.

აბაშიძე: _ მე ასე არ ვფიქრობ!..

პრეზიდენტმა მისი რეპლიკა «გაატარა».

სააკაშვილი: _ რა ესაქმებათ მოსკოვის მერიის თანამშრომლებს რუსეთის ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე?

აბაშიძე: _ ისინი მოქმედებენ დადებული ხელშეკრულების შესაბამისად. ეს საკითხიც შევარდნაძესთან იყო შეთანხმებული.

სააკაშვილი ვარშალომიძეს მიუბრუნდა:

_ ამათმა სანაპიროს ყველაზე კარგი მიწები მოსკოვის მერს მისცეს, _ შემდეგ აბაშიძისკენ მობრუნდა და ჯიქურ ჰკითხა, _ გულახდილად მითხარით, რამდენი გადაიხადა ლუჟკოვმა?

_ ბატონო პრეზიდენტო, თუ თქვენ თვლით, რომ მე შემიძლია ასეთი რამის ჩადენა, მაშინ რატომ ვსხედვართ ერთად?!

_ ჰო, კარგი, მე მხედველობაში ბიუჯეტში შეტანილი ფული მქონდა.

აბაშიძეს არაფერი უთქვამს, მაგრამ სახეზე ისეთი უკმაყოფილება გამოეხატა, მხოლოდ მისთვის რომ იყო დამახასიათებელი.

შემდეგ ბობოყვათის რეზიდენციაში გადაინაცვლეს, მაგრამ საუბარი არც იქ გამოუვიდათ, ვიწრო წრეში ივახშმეს კიდეც.

_ ასლან, შენც ჩვენთან დარჩი, ხვალ დილით ადრე მივფრინავ და სალაპარაკო მაქვს, _ უთხრა სააკაშვილმა ნირწამხდარ ასლანს.

ცხადია, მიხვდა ასლანი, რომ პრეზიდენტი მას არ ენდობოდა, მეტიც, მისი ეშინოდა, თუმცა რეზიდენციის შიდა და გარე პერიმეტრი სააკაშვილის დაცვას ჰქონდა დაკავებული. დარჩა იმ ღამეს ბობოყვათში პრეზიდენტი. დილით მართლაც ადრე ადგა, გაშლილი საუზმიდან მხოლოდ კაკაო დალია და ვარშალომიძესთან ერთად აბაშიძის «ჰამერით» და დაცვით აეროპორტისკენ გაემართა. «ნუ გამაცილებო», _ უთხრა აბაშიძეს და მხარზე პატარა ბიჭივით ხელი მოუთათუნა.

აბაშიძეც და მისი გუნდიც მიხვდა, რომ მათი 13-წლიანი მმართველობა აჭარაში მთავრდებოდა.

მოგვიანებით გაბრძოლებაც დააპირა, მდინარე ჩოლოქზე ხიდიც ააფეთქა, დუმბაძის ბრიგადა საომარ მდგომარეობაში მოიყვანა, მაგრამ დროზე მიხვდა, რომ ბრძოლას აზრი აღარ ჰქონდა და მოსკოვიდან გამოგზავნილი თვითმფრინავით აჭარა დატოვა…

მეორე დღესვე ჩავიდა თანმხლებ პირებთან ერთად აჭარაში. დიდი ზარზეიმიც მოაწყო, მსოფლიოს ამცნო «აჭარის გათავისუფლება და საქართველოსთან შეერთება». ვაი, სირცხვილო… «აჭარას გასათავისუფლებელი რა სჭირდაო», _ იტყვის მერე ხალხი, მაგრამ მაშინ მოზეიმე მიშას სულ ტაშის გრიალით დაჰყვებოდნენ აჭარლებიც და სხვებიც.

საქართველო ხომ სანახაობების ქვეყანაა… სანახაობების დადგმა კი სააკაშვილმა მართლაც კარგად იცოდა…

გაგრძელება იქნება

 

1 COMMENT

  1. მართლაც რომ კაცი იყავით და კაცად დარჩით ბატონო ნაპოლეონ, როგორ ჰაერივით სჭირდებოდით იმ პერიოდის სოხუმს…თქვენი იქედან წამოსვლაც იმ უაზრო საკადრო პოლიტიკის ნაწილი ხომ არიყო რომელსაც იმ დროინდელი ცეკა ახორციელებდა აფხაზეთში? ხომ არ ,,გააჩალიჩეს,, სასოფლოს რექტორობა სპეციალურად თქვენთვის თბილისში, რათა აფხაზეთს ჩამოეშორებინეთ? მწამს თქვენ რომ იმ პერიოდში იქ ყოფილიყავით რაც მოხდა იმ ფორმით მაინც არ მოხდებოდა როგორითაც მოხდა…რომ შესარიგებელი ბილიკები მაინც დარჩებოდა…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here