Home რუბრიკები საზოგადოება რა ბრალდებებს უყენებენ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს და რატომ დუმს განათლების სამინისტრო?

რა ბრალდებებს უყენებენ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს და რატომ დუმს განათლების სამინისტრო?

1014

ტექნიკური უნივერსიტეტის საკითხი კიდევ ერთხელ დგება მთელი სიმძაფრით საზოგადოების წინაშე. პროფესორმასწავლებლების გარკვეული ნაწილი ერთობ შეშფოთებულია რექტორის _ არჩილ ფრანგიშვილის მიერ განხორციელებული პოლიტიკით. პასუხგაუცემელი კითხვები იმდენად ბევრი დაგროვდა, რომ მოსალოდნელია სერიოზული სკანდალი მთელი ტექნიკური უნივერსიტეტის მასშტაბით. განათლების სამინისტრო კი დუმს, სირაქლემის პოლიტიკის ერთგული მიმდევარია და ცდილობს, არც მწვადი დაწვას, არც შამფური. როგორც ჩანს, ეს ერთმანეთთან დაუკავშირებელი პროფესორთა ჯგუფები ნელნელა ხვდებიან, რომ ერთიანი მობილიზაციაა საჭირო რექტორის თანამდებობიდან გადასაყენებლად. რამდენიმე წარმომადგენელმა პირდაპირ მითხრა, რომ არჩილ ფრანგიშვილის ხელში ტექნიკურ უნივერსიტეტს განვითარება არ უწერია.  «საქართველო და მსოფლიო» საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რადიოტექნიკისა და მაუწყებლობის დეპარტამენტის თანამშრომელს, დოქტორ ფირან კობიაშვილს ესაუბრა.

_ ბატონო ფირან, რით დაიწყო კონფლიქტი თქვენსა და არჩილ ფრანგიშვილს შორის, რა ვერ გაიყავით?

_ გასაყოფი რა მქონდა რექტორთან… უბრალოდ, 2013 წლის 9 იანვარს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, სამეცნიერო ჯგუფთან ერთად შევიტანე საგრანტო პროექტი და ველოდებოდი კონკურსს. ყველა უნივერსიტეტს აქვს დაწესებული გარკვეული კვოტა, ტექნიკური უნივერსიტეტიდან უნდა გასულიყო 16 პროექტი. ჩვენს უნივერსიტეტში შევიდა 26 პროექტი, მათ შორის საუკეთესოები უნდა ამოერჩიათ და 16 თემა გადაეგზავნათ რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში. როგორც ირკვევა, ამ 26 თემიდან 16 თემას უკვე წინასწარ გარანტირებული ჰქონდა გამარჯვება.

_ რას ნიშნავს გარანტირებული ჰქონდა გამარჯვება?

_ ამ თემების ავტორები რექტორთან დაახლოებული პირები იყვნენ და წინასწარ იცოდნენ, რომ გავიდოდნენ. მე კი პროექტის გასვლის არანაირი შანსი არ მქონია. არადა, როდესაც პროექტი შევიტანე, ვესაუბრე რექტორის მოადგილეს სამეცნიერო დარგში, ბატონ ზურაბ გასიტაშვილს, რომელმაც მითხრა, რომ ჩატარდება პრეზენტაცია ან კონკურსი და ამის მიხედვით შევარჩევთ თემებსო, თუმცა შემდეგ ვნახე, რომ 16 თემა გაიგზავნა ფონდში და ჩემი თემა იქ არ იყო. მაშინვე მივედი ბატონ ზურაბ გასიტაშვილთან იმის გასარკვევად, თუ რა დაუწუნეს ჩემს თემას. მისი პასუხი ასეთი იყო: მე და ბატონი ფრანგიშვილი დავსხედით, თემები გადავარჩიეთ, შენი თემა ვერ მოხვდა სიაში, რას იზამ, ასე გვინდოდაო…

რა პრინციპით მოხდა თემების გადარჩევა, ალბათ, გასაგებია. აქვე გეტყვით, რომ ჩემი თემა ეხებოდა ტალღების გავრცელებას საანტენო სისტემებში. დღეს უაღრესად აქტუალური საკითხია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ოფიციალურად მოგწერთ და თქვენც  წერილობით გამეცით პასუხი-მეთქი, ვუთხარი და წამოვედი. რა თქმა უნდა, მივწერე წერილი, პასუხი კი არ გამცეს. პასუხის მაგივრად რამდენიმე დღეში მოვიდა ადამიანი, რომელმაც მითხრა, პრობლემები შეგექმნება, მაგ წერილზე პასუხს კი ვერ მიიღებო.

_ ვინ იყო ის ადამიანი, გამოდის, რომ დაგემუქრათ?

_ მიხეილ მახარაშვილი, გასიტაშვილთან დაახლოებული პირი. ადმინისტრაციის წევრი არ არის, მაგრამ ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობს. ჩემთანაც ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა, წინა გრანტშიც იყო ჩასმული. მოკლედ, წერილის უკან გამოტანა მირჩია. მე ვუთხარი, რომ მუქარა ჩემთან არ გაჭრიდა და არც უკან დახევას არ ვაპირებდი. პასუხი აქამდე არ მიმიღია.

_ ბატონო ფირან, ვისი თემები გავიდა, იქნებ დაგვიკონკრეტოთ

_ ვისი თემები გავიდა, გაურკვეველია, ამ ადამიანების ვინაობა ვერ დავადგინე. ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ რექტორთან დაახლოებული პირები არიან. სიჩქარეში ისეთი თემაც გაპარვიათ, რომლის ავტორი დოქტორიც კი არ იყო. ფონდს დაუბლოკია ეს თემა, ოფიციალური დოკუმენტიც კი მაქვს. ფონდსაც კი მივმართე იმის დასადგენად, თუ ვინ არიან იმ 16 თემის ავტორები, მაგრამ მიპასუხეს, რომ არ აქვთ უფლება, გასცენ ეს ინფორმაცია.

_ თუ ვერ დაადგინეთ ავტორები, რით ამტკიცებთ, რომ რექტორთან დაახლოებული პირები არიან ?

_ ერთ-ერთი თემის ავტორი ვინმე აზმაიფარაშვილია, რომელიც დაახლოებულია არჩილთან; რექტორმა ჩამოიყვანა რუსეთიდან და შესთავაზა თავისთან მუშაობა.

_ შემდეგ როგორ გადაწყდა ამ საკითხის ბედი?

_ გასიტაშვილისგან რომ ვერ მივიღე პასუხი, წერილობით მივმართე რექტორს. პასუხი არც მისგან მიმიღია, სამაგიეროდ გვიბრძანეს, დაცალეთ სამუშაო ოთახებიო (ეს ოთახები პირველ გრანტზე ავიღეთ, რაშიც უნივერსიტეტს ფულს ვუხდიდით. მართალია, ოფიციალურად აღარ გვეკუთვნოდა, მაგრამ ველოდებოდით ახალ გრანტს, რომ მერე გადაგვეხადა ზედნადები). მე კი ფრანგიშვილს შევუთვალე, _ ჩემთან და ჩემნაირ გაჭირვებულ პროფესურასთან ჭიდილს სჯობს, სხვა პრობლემებზე იფიქროთ, რომლებიც სასწავლებელში არსებობს-მეთქი. ამის პასუხად გამოგზავნა დაცვის უფროსი, სასწრაფოდ გამოყარეთ, თუ წინააღმდეგობას გაგიწევენ, გამოუძახეთ პატრულსო.

ამ ნაბიჯით გრანტის გაგრძელებისა და სხვა გრანტებზე მუშაობის საშუალება მოგვისპო.

უნივერსიტეტის აუდიტის უფროსმა მალხაზ ლომთაძემ ჩემს 3 ახლობელს, სამეცნიერო ჯგუფის წევრებს, უსაყვედურა, თქვენ უდგახართ გვერდით და გაჩერდითო. არ მინდოდა, ეს ხალხი დარტყმის წინაშე დამეყენებინა და მაშინვე მივედი მასთან, ვუთხარი, რომ მარტო ვიყავი, არავინ მედგა გვერდით და ნურავის საყვედურობდა. ამაზე მიპასუხა: რა დაგიშავა ფრანგიშვილმა, ტყვიას რომ ესვრი პირდაპირო. არავის ვესვრი ტყვიას, ბატონ არჩილ ფრანგიშვილს დიდ პატივს ვცემ, ვაფასებ, როგორც პიროვნებას, მაგრამ როგორც რექტორი ვერ შედგა-მეთქი. 2005 წლიდან მართავს უნივერსიტეტს და სასიკეთო არაფერი გაუკეთებია. ამის შემდეგაც შევუთვალე რექტორს, რომ გაჩერებას არ ვაპირებდი, რადგანაც ამის გარდა საკმაოდ ბევრი დარღვევაა ტექნიკურ უნივერსიტეტში.

_ ასეთი რა დარღვევებია ტექნიკურ უნივერსიტეტში?

_ იცით, რამდენი აქვს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორს ხელფასი? საქართველოში არც ერთ უნივერსიტეტში არ არის ასეთი დაბალი ხელფასი. მაგალითისთვის ჯავახიშვილის უნივერსიტეტი ავიღოთ. აკადემიურ საათში ანაზღაურება 12 ლარია, ტექნიკურ უნივერსიტეტში კი _ 3 ლარი. მათხოვრული ხელფასი გვაქვს, თუმცა დატვირთვა იგივეა. ჯავახიშვილის უნივერსიტეტში სტუდენტი იხდის 2250 ლარს, იქ ყოფნით ეს თანხა ხელფასებზე. ტექნიკურ უნივერსიტეტშიც ამდენივეს იხდის სტუდენტი, მაგრამ აქ არ ყოფნით. ამიტომ მოვითხოვე ტექნიკური უნივერსიტეტის საშტატო განრიგი, რომელიც მომცეს კიდეც. ფრანგიშვილის მოსვლის შემდეგ ადმინისტრაცია გაზრდილია დაახლოებით 10-ჯერ. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ პრორექტორს უთქვამს კიდეც, რა ექნა, ავალებდნენ «ნაციონალები» და ღებულობდა ხალხსო.

_ ანუ ბევრი ადამიანი, სრულიად გაუგებარია, რას აკეთებს უნივერსიტეტში და რაში იღებს ხელფასს?  

_ დიახ ასეა, ახლა კი კოაბიტაციაა და რექტორი არ უშვებს ამ ხალხს სამსახურიდან. ეს გასასამართლებელი თუ არის რექტორისთვის, არ ვიცი. ვფიქრობ, სხვა რამეშიც არის აქ საქმე.

_ რას გულისხმობთ?

_ განცხადებით მივმართე რექტორს, მოვითხოვე ბოლო 5 წლის საბანკო გადარიცხვები, არა სახელფასო. პასუხი თვითონ აიცილა თავიდან და განცხადება დააწერა კანცელარიის უფროს ქეთი ქოქრაშვილს, მან კი გადააწერა იურიდიული დეპარტამენტის უფროს ბექა მაისურაძეს, რომელმაც მითხრა: კონკრეტულად რა გაინტერესებს, ყველაფერი ზეპირად ვიცი და გეტყვი, შენ, რასაც ითხოვ, ამ ოთახში არ დაეტევა, ტყუილად ნუ ელოდები პასუხსო, თითქოს ელექტრონული ვერსიის მოწოდება შეუძლებელი იყო. ვუთხარი, რომ წერილზე პასუხის გაცემის ვადა ამოწურული ჰქონდათ. ის დამეთანხმა და მითხრა: თანახმა ვართ, გადავიხადოთ ჯარიმა, წადი და, სადაც გინდა, იქ გვიჩივლეო. იმ დღესვე გავუგზავნე რექტორს მეორე წერილი, რომელშიც აღვნიშნავდი, რომ უნივერსიტეტში მისი რექტორობის პერიოდში ნამდვილად მიმდინარეობდა ფულადი მაქინაციები და ამიტომ იყვნენ თანახმა, ინფორმაციის გაცემის ნაცვლად გადაეხადათ ჯარიმა. როგორც გავიგე, გადაწყვიტეს ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელიც გამაჩუმებდა.

_ განათლების სამინისტროსთვის არ მიგიმართავთ?

_ ცხადია, პრემიერ-მინისტრის კანცელარიასა და მთავარ პროკურატურაშიც შევიტანე განცხადება და ამ დარღვევებზე მივუთითე, იმედი მქონდა, დაინტერესდებოდნენ და შემოვიდოდნენ შემოწმებაზე. პროკურატურამ _ ეს საკითხი ჩვენ არ გვეხება, განათლების სამინისტროს გადაუგზავნეთო. პრემიერის ადმინისტრაციიდანაც გადააგზავნეს წერილი განათლების სამინისტროში, განათლების სამინისტრომ კი მისწერა რექტორატს, ამა და ამ პრობლემებზეა შემოსული წერილი და გაგვეცით წერილობითი პასუხიო. მე კიდევ ვითხოვ აუდიტის სამსახურის შემოსვლას, რომელიც ძალიან აგვიანებს, ანუ გეგმური აუდიტი სანამ არ შემოვა, მანამდე არავის აწუხებს ის, რაც უნივერსიტეტში ხდება.

ხედავთ, ვინც ეს ფაქტი უნდა აღმოაჩინოს (ვგულისხმობ, განათლების სამინისტროს) აქეთ უგზავნის რექტორატს ამ წერილს, აუდიტის სამსახური კი განათლების სამინისტროზეა დამოკიდებული. იგივე კომუნისტური მომენტია.

_ როგორია რექტორის მიმართ საერთო განწყობა ტექნიკურ უნივერსიტეტში?

_ უნივერსიტეტში არსებობენ ჯგუფები, უკვე ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც ამ პოზიციას იზიარებენ და რექტორის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ. საერთო ფონი მკვეთრად უარყოფითია, თუმცა ზოგიერთი ადამიანი ამ ეტაპზე ვერ ბედავს ხმამაღლა თქვას ეს, ფრთხილობს, ვიღაცას რაღაც მოვალეობები აქვს რექტორთან, ვიღაცას ეშინია, მშიერი არ დარჩეს, თუმცა საბოლოოდ ესენიც აუცილებლად შემოგვიერთდებიან.

_ რამდენად სერიოზულია პროტესტის ეს მუხტი სასწავლებელში?

_ საკმაოდ სერიოზულია. ფიზიკის ფაკულტეტსა და თეორიული მექანიკის კათედრაზე ბევრნი აღშფოთებულნი არიან, ჰუმანიტარულ ფაკულტეტზეც არის პატარა ჯგუფი. ინდივიდუალურად პროტესტს ბევრი გამოთქვამს. რექტორის ტყუილებზე (ლაბორატორიებს შეგიძენთ და ა.შ) აღარაფერს ვამბობ, სარემონტო სამუშაოების ხარისხზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, კორპუსებში ჭერიდან წყალი ჩამოდის. ვითომ არემონტებენ, გარედან ღებავენ კორპუსებს… არადა, თანხები შემოდის, აბა, რემონტი როგორ დაიწყეს?! ასეთია ჩვენი უნივერსიტეტის «ბიუჯეტი». 2009 წელს 22 მილიონ 311 ათას 11 ლარი იყო, 2010 წელს _ 30 მილიონ 175 ათას 125 ლარი, 2011 წელს _ 32 მილიონ 484 ათას 911 ლარი, 2012 წელს _ 39 მილიონ 935 ათას 243 ლარი. სად წავიდა და სად მიდის ის მილიონები? ვერც ერთი ლექტორი და ვერც ერთი უნივერსიტეტის თანამშრომელი ვერ იტყვის, რომ 2009 წლიდან დღემდე რომელიმე ლექტორს 1 თეთრით მაინც მოემატა ხელფასი. ვფიქრობ, თანხები არამიზნობრივად იხარჯება, ლექტორს ან ლაბორატორიას არ ხმარდება და ეს ფულადი გადარიცხვები რომ მოვითხოვე, სწორედ ამიტომ წამოვიდა სერიოზული ზეწოლა. ამ დღეებში ოფიციალურად მივწერ მესამე წერილს რექტორს, უკიდურეს შემთხვევაში კი მივმართავ სასამართლოს, შევეცდები, სასამართლოს ძალით ამოვიღო ეს ინფორმაცია.

დაბოლოს, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაზეც მინდა გითხრათ ორიოდე სიტყვა. როგორც გავარკვიე, 15 წელია, აღრიცხვა არ აქვთ გაკეთებული. რამდენი წიგნი არსებობს ტექნიკურ უნივერსიტეტში და რა დასახელების, არავინ იცის. მათ შორის არის უნიკალური წიგნები. ვეჭვობ, წიგნები გატანილია ბიბლიოთეკიდან. კონკრეტულად ფრანგიშვილს არ ვადებ ხელს, მანამდეც იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ამ წიგნების ფასი იცოდა. ვიმეორებ, ხელს არ ვადებ ფრანგიშვილს, მაგრამ, მისი რექტორობის დროს რომ ბიბლიოთეკაში ყველაფერი არ იყო რიგზე, რა რეაგირება მოახდინა ამაზე, როგორც რექტორმა? ხუბუა ამის გულისთვის არ მოხსნეს რექტორობიდან? ამას, არც მეტი არც ნაკლები, დანაშაულის დაფარვა ჰქვია. აუცილებელია რექტორის შეცვლა, თორემ ტექნიკური უნივერსიტეტი სულს ღაფავს.

«საქართველო და მსოფლიო» კომენტარისთვის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს არჩილ ფრანგიშვილს დაუკავშირდა. მან კობიაშვილის ბრალდებებს აბსურდი უწოდა და კომენტარის გაკეთება არ ისურვა. «საქართველო და მსოფლიო» ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორ, ლევან კლიმიაშვილსაც დაუკავშირდა, რომელიც ამჟამად რექტორის მოვალეობას ასრულებს

_ ტექნიკურ უნივერსტეტში არის რამდენიმე საკმაოდ სერიოზული ჯგუფი, რომელიც თვლის, რომ უნივერსიტეტის ბიუჯეტი არასწორად არის შედგენილი, თანხები არამიზნობრივად იხარჯება, კერძოდ, ფირანი კობიაშვილმა განაცხადა ეს ჩვენთან საუბარში, ამაზე რას იტყვით?

_ თქვენ სხვადასხვა საკითხი დასვით. ერთი არის ის, რომ ბიუჯეტი არასწორად არის შედგენილი; მეორე, არამიზნობრივად იხარჯება. მე მინდა გთხოვოთ, რომ ამ საკითხზე მიმართოთ ჩვენი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ფინანსები მე არ მეხება, სასწავლო დარგი მეხება მხოლოდ.

«საქართველო და მსოფლიო» ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ქეთი ქოქრაშვილს ესაუბრა:

_ კობიაშვილის განცხადებაზე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ _ ვერც ფინანსებში ერკვევა და ვერც ბიუჯეტში.

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here