Home რუბრიკები საზოგადოება ტერიტორიული მთლიანობა რეალობად უნდა ვაქციოთ

ტერიტორიული მთლიანობა რეალობად უნდა ვაქციოთ

606

დიდი სიამოვნებით ვეცნობი ბატონი ალექსანდრე ჭაჭიას ინტერვიუებს. მათ  ლაიტმოტივად გასდევს განუყოფელი, ერთიანი საქართველოს იდეა. სწორედ ამ პატრიოტული, ეროვნული ღირებულებების გამო გახდა ჩემთვის ეს პიროვნება სასურველი ქართულ პოლიტიკაში. ადამიანი, რომელიც არ არის გასვრილი არც ერთ ბინძურ საქმეში, სუფთა ფურცლიდან შეუძლია შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში, რომლის იდეები და ფასეულობები დღესაც მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის, რომლისთვისაც უმთავრეს პრობლემას ეროვნული ფასეულობების დეგრადაცია წარმოადგენს.

სწორი პოლიტიკით, პრაგმატიზმზე გათვლილი ნაბიჯებით ყველაფერია შესაძლებელი. შესაძლებელია, საქართველოსთვის უმთავრესი პრობლემის  მოგვარება _ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დედასამშობლოსთან შემოერთება, ამისათვის უმნიშვნელოვანესია ისეთი ადამიანის გამოჩენა ქართულ პოლიტიკაში, რომელსაც  შესწევს ძალა, რეალობად აქციოს ტერიტორიული მთლიანობა. ასეთად მე პირადად ბატონი ალექსანდრე ჭაჭია მიმაჩნია, რომლის ნიჭი, ცოდნა, ენერგია, შემართება გამოყენებული უნდა იქნეს ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ბატონო ალექსანდრე, მერწმუნეთ, ჩვენი ერის სულიერი სიძლიერე   ამოუწურავია, შენარჩუნებულია ეროვნული მუხტი და სამშობლოს სიყვარული.

მარიამ  ლომანძე,

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტ «გორგასლის» სტუდენტი

 

 იმედი მაქვს, დაუბრუნდება ქართულ პოლიტიკას

ქართული პოლიტიკური ელიტა მთლიანად დაცლილია ინტელექტუალურიდეური პოტენციალისგან და, ძირითადად, შევსებულია მატერიალისტი, მედროვე პოლიტიკოსებით. ამიტომაც საქართველოს დღეს, ისე როგორც არასდროს, სჭირდება პოლიტიკურ სივრცეში ინტელექტუალი და ეროვნულად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც თავისი იდეების, მსოფლმხედველობის დამცველი და გამტარებელი იქნება ცხოვრებაში, და, უცხო ძალების მოქრთამვის მცდელობის მიუხედავად, იმოქმედებს საკუთარი ერისა და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად.

სწორედ ასეთ პოლიტიკოსად მივიჩნევ ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას, რომელსაც, როგორც ჭეშმარიტ პატრიოტსა და ინტელექტუალს, მიუხედავად ბევრი შემოთავაზებისა (ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდიდან საკმაოდ სერიოზულ თანამდებობებს ჰპირდებოდნენ), არ უღალატია თავისი მრწამსისა და მსოფლმხედველობისთვის, საკუთარი ერის სასიცოცხლო ინტერესებისთვის. ალექსანდრე ჭაჭია არის ერთადერთი პოლიტიკოსი ქართულ პოლიტიკაში, რომელსაც არ მიუღია მონაწილეობა ერის გახრწნასა და გაღატაკებაში, ქვეყნის დაქუცმაცებაში სამ ჯუჯა სახელმწიფოდ.

 იმედი მაქვს, რომ რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ იგი დაუბრუნდება ქართულ პოლიტიკას და თავის ინტელექტს, შემართებას და ენერგიას არ დაზოგავს საქართველოს გასაერთიანებლად და  ასაღორძინებლად. მისი ბოლო ინტერვიუების წაკითხვის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ იგი აუცილებლად სჭირდება ქართულ პოლიტიკას!

დიმა არდაშელია,

სასულიერო აკადემიის სტუდენტი

 

გვჭირდება ლიდერი, რომელიც საზოგადოებას ერის  განვითარების საკუთარ კონცეფციას შესთავაზებს

ეროვნული ფასეულობების ყოვლადგაუგონარი დისკრედიტაციის  ფონზე, მოუთმენლად ველი ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას ქართულეროვნულ   ფუნდამენტზე დაფუძნებულ მოსაზრებებს ქართულ პრესაში. მის ინტერვიუებში, რომლებიც «საქართველო და მსოფლიოში» დაიბეჭდა, ცალსახად იკვეთება დღევანდელი საქართველოსთვის ესოდენ მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელი პატრიოტული სულისკვეთება.

საქართველოს უახლესი ისტორიის ბოლო ოცწლეულის განმავლობაში მომხდარი მოვლენები უდიდეს ინტერესს იწვევს არამარტო ისტორიული ანალიზისთვის, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ამ ანალიზიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესი პერიოდის შესახებ გამოსატანი დასკვნებისთვის. დღეს საქართველოს ისტორიაში საბედისწერო მომენტი დგას _ წყდება ერის (როგორც ისტორიულ-კულტურული ერთობის) არსებობის საკითხი. იმაზე, თუ რას მოიმოქმედებს საქართველოს მოსახლეობა უახლოესი თვეების განმავლობაში, დამოკიდებულია ქვეყნის მომავალი. ამისათვის, უპირველეს  ყოვლისა, აუცილებელია ქართული საზოგადოების გაერთიანება, რათა წინ აღუდგეს ერის სულიერი ფასეულობების დეგრადირებისკენ მიმართულ მანქანას.

დღეს ქართულ პოლიტიკაში დეფიციტია ისეთი პოლიტიკური პარტიისა და პოლიტიკური ლიდერისა, რომელიც ხალხს, საზოგადოებას შესთავაზებს ერის განვითარების საკუთარ კონცეფციას. პოლიტიკა _ ეს არის იდეების ბრძოლა და, შესაბამისად, პოლიტიკოსებიც უნდა იყვნენ იდეური ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ ქვეყნის განვითარების საკუთარი გეგმა. დღეს საქართველოში «მოღვაწე» პოლიტიკოსებიდან ვერ დავასახელებთ თუნდაც ერთს, რომელსაც ექნება ქვეყნის განვითარების საკუთარი კონცეფცია.

საქართველოს დაშლის პროცესი რომ, დიდი ხანია, მიმდინარეობს, ამაში, ალბათ, აღარავის გვეპარება ეჭვი. სწორედ ქვეყნის წარსულის ღრმა ცოდნა, პოლიტიკური პროცესების რეალური აღქმა და, გამომდინარე აქედან, მომავლის განჭვრეტის უბადლო უნარი, რომელიც ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას გააჩნია, შეიძლება იქცეს ქვეყნის რღვევის შეჩერების მთავარ ფაქტორად. ბატონი ალექსანდრეს ინტელექტუალური სამყარო, იდეალები, პოლიტიკური ორიენტაცია აბსოლუტურად ესადაგება ქართული სახელმწიფოს განვითარების გზას. მისი შრომებიდან ნათლად ჩანს, რომ ენციკლოპედიურად განათლებული და ფილოსოფიურად მოაზროვნე პიროვნება გახლავთ. არ შეიძლება ასეთი ადამიანის დაკარგვა (ვგულისხმობ მის პოლიტიკაში არჩართვას), ამ ადამიანს ეპოქალური მნიშვნელობის როლის შესრულება შეუძლია ქართულ პოლიტიკაში.

რამაზ ბეჭვაია,

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის

სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, მაგისტრანტი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here