Home რუბრიკები პოლიტიკა თემურ შაშიაშვილი: პრეზიდენტად უნდა ავირჩიოთ ვინმე კოალიციის წრის გარეთ

თემურ შაშიაშვილი: პრეზიდენტად უნდა ავირჩიოთ ვინმე კოალიციის წრის გარეთ

805

ხელისუფლების შეცვლიდან, სადაცაა, რვა თვე მიიწურება. ხალხი კი ისევ ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირებებზე საუბრობს და მმართველი გუნდისგან მის შესრულებას ითხოვს. კოალიციის მთავარი ოპონენტის, «ნაცმოძრაობის», ძირითადი არგუმენტიც სწორედ ესაა _ საწვავის გაიაფებიდან დაწყებული, უფასო ჯანდაცვით დამთავრებული «მეოცნებეებს» 1 ოქტომბრამდე უხვად გაცემულ დაპირებათა შეხსენებების მოსმენა ყოველდღიურად უწევთ. დღითიდღე სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ხელისუფლება ამგვარი მიდგომით ფონს ვერ გავა. მეტიც, ექსპერტები თუ ანალიტიკოსები უკვე ღიად საუბრობენ კოალიციის რეიტინგის ვარდნაზე. რამდენად ადეკვატურია დღეს მმართველი გუნდის პოლიტიკა და რა რეალობა გვაქვს მთავრობის შეცვლიდან რვა თვის თავზე _ ამის თაობაზე გვესაუბრება «თეთრი მოძრაობის» (თეთრები) ლიდერი თეიმურაზ შაშიაშვილი.

_ ბატონო თემურ, 8 თვე, ალბათ, საკმარისია იმისთვის, რომ ხელისუფლებას კონკრეტული შედეგი მოსთხოვო. თქვენი აზრით, რამდენად ქმედითია დღეს ჩვენი ხელისუფლება? «ნაცმოძრაობის» იმ ყბადაღებული ლოზუნგისა არ იყოს, გასაკეთებელი მართლაც ბევრია.

_ ვინც ამბობს, რომ ამ ხნის მანძილზე არაფერი გაკეთდა, ტყუის და, ვინც ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებს, ისიც ტყუის, ანუ რის თქმა მინდა: ამ დროში, ცხადია, მეტის გაკეთება შეიძლებოდა, ალბათ, ხუთი-ექვსჯერ უფრო მეტის, მაგრამ არსებული სახელისუფლო გუნდის პირობებში ამაზე ფიქრიც ზედმეტია. ახლა რაც შეეხება იმას, რომ რაღაცები ვერ გაკეთდა, ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: რაც ვერ კეთდება, იმის ბრალია, რომ 20 იანვარს არ დამთავრდა სააკაშვილის პრეზიდენტობა. მარტივი ჭეშმარიტებაა, ჩასაფრებული პრეზიდენტისა და მთელი ვერტიკალის პირობებში, როდესაც სასამართლო, ვერ გაიგებ, რას არ აკეთებს; როცა კონტროლის პალატა, გუბერნატორებისა და მერების დიდი ნაწილი სწორედ ამ ჩასაფრებულების მხარესაა, ცხადია, ხელისუფლება შებოჭილია. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, მიკვირს, რაც კეთდება, ისიც როგორ კეთდება… ივანიშვილის შეცდომა იყო ის, რომ მან იფიქრა, ამათთან კოაბიტაციით, კარგი საუბრითა და კეთილი განწყობით რაღაცის მიღწევა შეიძლებოდა. ჯერ ერთი, «ნაცმოძრაობას» ისეთი დანაშაულები აქვს ჩადენილი, ხელისუფლებას უნდა სცოდნოდა ელემენტარული რამ, რომ დამნაშავეებთან თანამშრომლობითა და თანაცხოვრებით სამართლიანობა ვერ მიიღწევა…

_ და რა უნდა ექნა ახალ ხელისუფლებას?

_ რა იყო ხალხის მთავარი მოთხოვნა?! სამართლიანობას ხომ ითხოვდნენ?! პირდაპირ ვამბობ თქვენი გაზეთის მეშვეობით: გენერალურ პროკურორთან, დაახლოებით ერთი თვეა, დევს მეცნიერთა მიერ გაანალიზებული ჩვენი თითქმის ექვსასგვერდიანი მასალა იმის თაობაზე, რომ «ნაციონალურმა მოძრაობამ» საქართველოს მოუწყო გენოციდი. ჩვენ ვითხოვთ არა ერთი და ორი პიროვნების დაჭერას (რასაც ესენი აკეთებენ), არამედ რეჟიმის გასამართლებას, ვინაიდან, ვიმეორებ, რომ არ მოხდა ამ რეჟიმის გასამართლება და 20 იანვარს სააკაშვილის პრეზიდენტობის დასრულება, ამიტომ ვართ ასე შებოჭილები დღეს. ესაა ივანიშვილის უდიდესი შეცდომაც. მან ისარგებლა იმით, რისი უფლებაც არ ჰქონდა. კი, ბატონო, პიროვნულად შეიძლება ვიღაცას რაღაც აპატიოს, მაგრამ როგორ ჰპატიობს ის ჩემ ნაცვლად იმ ხალხს, რომლებმაც საშინელ მდგომარეობაში ჩამაყენეს?!

_ არჩევნებამდე არც ისე დიდი დრო რჩება, იქნებ ამის შემდეგ მოხერხდეს სამართლიანობის აღდგენა.

_ ზუსტად აქამდე მივდივართ. პირდაპირ ვამბობ, რომ სააკაშვილი არის ყოველდღიურად უბედურება ქვეყნისთვის. მე ახლა უცხოეთში ვიყავი და ვნახე, ესენი უკრაინაში რას აკეთებენ, რას აკეთებს იგივე თარგამაძე და სხვები. არავითარი ახალი ელჩი არ არსებობს, არსებობენ ძველი ელჩები, ძველი განწყობით და დიდი ფულით. ეს საელჩოები იყო «ნაციონალური ელჩების», მათი ოჯახებისა და ახლობლების ბიზნესცენტრები. იგივე ხდება დღესაც. გივი თარგამაძე ხელმძღვანელობს ამ ყველაფერს…

_ მიუხედავად ამისა, თარგამაძის პასუხისმგებლობაზე საუბარიც არაა.

_ იცით რა, თარგამაძე კი არაა საშიში საქართველოსთვის, საშიშია ზუსტად ის სექტა, რომლის წევრებიც ესენი არიან. «ნაციონალური მოძრაობა» არის სწორედ სექტა, რომელიც ასრულებს სხვის დავალებებს. ამიტომაც არიან დღეს ასეთ მძიმე მდგომარეობაში.

_ დავაკონკრეტოთ, ვის დავალებებს ასრულებს «ნაციონალური მოძრაობა», ანუ სექტაში ვის გულისხმობთ?

_ სექტა ბევრია. უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში ყველგან არის ეს მასონური სექტები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩნდება მარტივი კითხვა: საქართველოს მთავარ უნივერსიტეტში რატომ მოხდა ორიენტაციის აღება უცხოეთში კურსდამთავრებულებზე?! რატომაა ეს პრიორიტეტი?! რატომაა, რომ მოშალეს ყველაფერი და გააუფასურეს ქართული განათლება?! მეტსაც გეტყვით, მაგალითად, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი საერთოდ გაუქმდა. ეს ის დარგია, რომლის სპეციალისტებიც მოდიან ხელისუფლებაში. ვინ წინაურდებოდნენ აქამდე? _ ვინც დაამთავრა უცხოეთში და გახდა სექტის წევრი; მიდიოდნენ, როგორც იტყვიან, კოსმოსური სიჩქარით თანამდებობებისკენ. დღეს საქართველო იმ ადამიანების მარწუხებშია. ამიტომ სიმართლე გითხრათ, მეცოდება გარკვეულწილად ბიძინა ივანიშვილი. მინდა, დავიჯერო, რომ შინაგანად ის არის ქართული ორიენტაციის, ქართული ტრადიციის კაცი, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ამ გუნდით მას მეტის გაკეთება არ შეუძლია.

_ მაშინ რა პერსპექტივა გვაქვს რეალურად?

_ მე ჩემი აზრი გითხარით. ახლა ივანიშვილი ამას ხვალ სადღაც გააქილიკებს და რაღაცას იტყვის, ღმერთმა ხელი მოუმართოს. დრო დაადასტურებს იმას, რომ ამ გუნდით, რომელიც დღეს მას ჰყავს, მეტის გაკეთება შეუძლებელია. უმადური ნუ იქნება, 26 მაისმა «ნაციონალური მოძრაობის» პოლიტიკური სამარე გათხარა, 1 ოქტომბერმა კი პოლიტიკურ სამარეში ჩააწვინა ანტიქართული ცნობიერების «ნაციონალური მოძრაობა». ახლა მხოლოდ მიწის დაყრაა საჭირო და ვერ ხერხდება. არადა, ივანიშვილს შეეძლო ამის გაკეთება 20 იანვარს, კონსტიტუცია აძლევდა უფლებას, მაგრამ არ გააკეთა. არ გააკეთა იმიტომ, რომ ჩვენ მაინც ვიმართებით გარედან. ამიტომ ვამბობ, რომ საქართველოს მომავალი დაკავშირებულია იმ ხელისუფლებასთან, რომელიც გარეძალების მიერ არ იქნება მართული…

_ შესაძლებელია ასეთი ხელისუფლების მოყვანა, როგორ ფიქრობთ?

_ პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა, რა არის გასაკეთებელი. დღეს თუ კიდევ მოვიყვანთ ამერიკული განწყობის პრეზიდენტს და ესაა მარგველაშვილი, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ აქ არაფერი შეიცვლება.

_ თქვენი აზრით, მარგველაშვილი ცალსახად პროამერიკულია?

_ ჩვენ ხომ ვიცით მისი საქმიანობის ისტორია? ის იყო «თავისუფლების ინსტიტუტის» წევრი, ამერიკული ინსტიტუტის წევრი და ა. შ. სწორად გამიგეთ, მე იმას კი არ ვამბობ, რომ ცუდია ამერიკელობა, უბრალოდ, ამერიკული არ უნდა იყოს პარლამენტი.  მიმაჩნია, რომ დღეს ჩვენი უპირველესი ამოცანაა ვადამდელი არჩევნები და თუ გვეყოლება ეროვნული ხელისუფლება, მერწმუნეთ, ბევრად უკეთესი ურთიერთობა გვექნება ყველა სახელმწიფოსთან _ ამერიკასთანაც, ევროპასთანაც და რუსეთთანაც.

_ თუ კი «ქართული ოცნება» ეროვნული იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკური ორგანიზაცია არ არის და მისი საპრეზიდენტო კანდიდატიც ცალსახად პროამერიკულია, მაშინ რა შანსი აქვს მას მომავალ არჩევნებში, როგორ ფიქრობთ?

_ არ ვიცი, მე მათ შანსებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ პირდაპირ ვამბობ: დავით აღმაშენებელი რომ ადგეს და თქვას, შევდივარ «ქართულ ოცნებაშიო», არ უნდა ავირჩიოთ. პრეზიდენტად უნდა ავირჩიოთ ვინმე კოალიციის წრის გარეთ. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლას, პირიქით _ ივანიშვილის გადარჩენას ნიშნავს.

_ საზოგადოება რამდენად არის ამისთვის მზად?

_ საზოგადოება მზადაა, უბრალოდ, ბელადების პარლამენტი უნდა დამთავრდეს. ჩვენ ამას წლების მანძილზე გვახვევდნენ თავს და საუბედუროდ იგივე გრძელდება დღესაც… ყველამ კარგად ვიცით, რომ 1 ოქტომბერს თითქმის ყველა რაიონში აირჩიეს არა ის, ვინც იქ იყო მაჟორიტარად წარდგენილი, არამედ აირჩიეს ბიძინა ივანიშვილი. ამიტომაა ეს კაცი დღეს ასეთ მძიმე მდგომარეობაში. სხვათა შორის, ამასწინათ ჩემთან ზესტაფონიდან ჩამოვიდნენ და საინტერესო რამეები მიამბეს… ძალიან დიდ პატივს ვცემ ბატონ გოგი ქავთარაძეს, ნებისმიერ ქვეყანაში რომ შეშურდებათ, ისეთი პიროვნებაა და ხელოვანი, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ასეთივე პარლამენტარია. რის თქმა მინდა: _ ნუ ვებრძვით იმ ხალხს, რომლებიც პოლიტიკოსები არ არიან და ნუ გვინდა, ეს ხალხი შევქაჩოთ პარლამენტში ვიღაცის ავტორიტეტით. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, პოლიტიკოსებმა უნდა მართონ პოლიტიკა და ხელოვანმა კაცმა მიხედოს ხელოვნებას.

_ დასაწყისში რეჟიმის გასამართლებაზე საუბრობდით და აღნიშნეთ, რომ ივანიშვილმა ეს არ გააკეთა, იმის მიუხედავად, რომ ამისთვის სამართლებრივი საფუძველიც არსებობდა. კონკრეტულად როგორ წარმოგიდგენიათ წინა ხელისუფლების გასამართლება?

_ პირველ რიგში, ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. აქ ხომ ყველაფერი ნათელია?! რა პრობლემაა დღეს, არ მესმის… როდესაც მინდია უგრეხელიძე გყავს ქვეყანაში იურისტი, როცა პაატა ცნობილაძე გყავს და სხვები, რა იურისტების დეფიციტია, რა უჭირს პროკურატურას?! უბრალოდ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მათზე უკეთესი არ უნდათ, რომ მოიყვანონ. ესაა მთელი უბედურება. არადა, სააკაშვილს ისეთი რამეები აქვს გაკეთებული, ნებისმიერ ქვეყანაში სამუდამო ციხე ექნებოდა გარანტირებული; ყველაფერს თავი დავანებოთ, ქალაქის მერი არის დღეს პიროვნება, რომელმაც ის 5-6 მილიონი კი არ მოიპარა მარტო, რომ ედავებიან, არამედ მოიპარა გაცილებით მეტი. მე რომ ავტობუსის 50-თეთრიანი ბილეთი ვერ ავიღო, ციხეში ჩამსვამენ, გეკითხებით ახლა, კაცს მილიონების მითვისებაში ედავებიან და პასუხი არ უნდა აგოს?!

_ დასასრულს, ნატოსაქართველოს ურთიერთობაზეც მინდა გკითხოთ: ახალი ხელისუფლება აცხადებს, რომ ის არ ცვლის წინამორბედის კურსს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაკავშირებით და მთავარ პრიორიტეტებად კვლავ ეს მიმართულებები რჩება. როგორ ფიქრობთ, რა პერსპექტივა გვაქვს და რას უნდა ველოდოთ ახლო მომავალში?

_ პერსპექტივებზე გამიჭირდება საუბარი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია სხვა სახელმწიფოების გამოცდილებებზე დაყრდნობით გარკვეული დასკვნები გავაკეთოთ. მაგალითად, ფინეთი, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალგანვითარებული ქვეყანაა, არ შევიდა ნატოში იმიტომ, რომ არ გაეღიზიანებინა რუსეთი. ასევე ნატოს წევრი არაა შუა ევროპის სახელმწიფო ავსტრია. მეტსაც გეტყვით, ამ უკანასკნელმა, ორი ჯარისკაცი რომ დაეჭრა ავღანეთში, მთელი თავისი კონტიგენტი გამოიყვანა იქიდან. ამ დროს საქართველო გამოდის და იძახის, რომ თურმე ეს არის ჩვენი სამამულო ომი. რა უნდა ილაპარაკო?! როგორ დაგვიბნელა ტვინი ამ მასონურმა სექტებმა და განწყობებმა! ვერ წარმომიდგენია, რომ არ გიჟდება ადამიანი, მართლა ძლიერები ვყოფილვართ ქართველები…

_ ყოველ შემთხვევაში გვარწმუნებენ, რომ ალიანსში შესვლის რეალური შანსი გვაქვს. ძალიან დიდი იმედები მყარდება ვილნიუსის სამიტზეც.

_ საქმე ისაა, რომ საქართველოში იმთავითვე ნატოს პოლიტიზირება მოხდა. ეს გაკეთდა შევარდნაძის დროს და შემდეგ გაგრძელდა. სააკაშვილმა ამით თავი გადაირჩინა, ამიტომ გზავნიდა იმავე ერაყსა და ავღანეთში ამხელა კონტიგენტს, ამიტომ დაისახა თითქოს პრიორიტეტად ევროატლანტიკური სტრუქტურაც. არაერთხელ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ, ვინც მას დემოკრატს ეძახდა და აქეზებდა, ისინი ჩვენი მოყვარე არ არიან, მათ საქართველო არ უყვართ, უბრალოდ, სჭირდებათ, ხოლო ვისაც საქართველო სჭირდება, ისინი ამ ქვეყნის მეგობრები ვერ გახდებიან…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. ვეთანხმები ბატონ თემურს!
    ორიენტაცია არის აღებული უცხოეთში კურსდამთავრებულებზე. ნაციონალურმა მოძრაობამ და ახლა ოცნებაც ამას აგრძელებს ამ თაობაში ქართულიო მენტალიტეტი ჩაკლა. ამ ხალხში დანერგა, ჩაშვების, დაბოზების, დასმენის და მათი პრივილეგირების ინსტიტუტი.
    თუ ჩვენ ეროვნული და ქართული სული ვუარვყავით მივიღებთ უარესს!
    ამიტომ უნდა აღვადგინოთ ის ფაკულტეტები და ის ინსტიტუტები, რომელიც ქართული მენტალიტეტის მატარებლები არიან!!!
    ნაციონალური მოძრაობა უნდა გასამართლდეს!!!!

  2. დურუ ბატონო, თქვენ გატყობთ "კარგად" იცნობთ ამ პიროვნებას, ე.წ. ბატონ ლიკლიკაძეს, იგივე დემაგოგიის მწვერვაკთმპყრობელს…

    იდეები ობივატელთათვის ნაირ-ნაირი აქვს, ცოტა განხორციელებაში მოიკოჭლებს!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here