Home რუბრიკები პოლიტიკა რა შეუთვალა მოდულის შენობიდან საგარეჯოს გამგებელმა თინა ხიდაშელს?

რა შეუთვალა მოდულის შენობიდან საგარეჯოს გამგებელმა თინა ხიდაშელს?

595

დიდი ხანია, რაც საქართველოში პოლიტიკური ბრძოლა იდეათა დაპირისპირებიდან კომპრომატების ომად გადაიქცა. მაგალითად, მინისტრობის ერთერთი კანდიდატი (შემდგომში შს მინისტრი) საპარლამენტო უმრავლესობის პირველ ლედის, რბილად რომ ვთქვათ, უხეში სიტყვებით მოიხსენიებდა. ჰოდა, ისე წავიდა საქმე, რომ, თუ კომპრომატი არ იქნა, არც ერთი თემა არ ითვლება სერიოზულ თემად. ბოლო ხანს საგარეჯოში დატრიალებულ სკანდალზე მოგახსენებთ. ფულის გაფლანგვა იქით იყოს, მაგრამ სერიოზული კომპრომატის სახე მიიღო საგარეჯოს ინციდენტმა, მითუმეტეს, რომ პარლამენტის პირველი ლედი თავის სამოქალაქო პატიოსნებას სდებს საპირწონედარავითარი გაფლანგვა არ ყოფილაო, თანაც დაკავებულები უკვე გამოუშვეს. ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ ქუჩაში თავისუფლად დასეირნობენ ერთხელ ან ორჯერ დაკითხული ადამიანები, რომლებსაც კარგა ხანს აბრალებდა დღევანდელი ხელისუფლება მილიონების დატაცებას, მაგრამ ქალბატონი თინას ჩარევის შემდეგ გამგებლის გათავისუფლება სულაც არ ნიშნავს საქმის დამთავრებას. და მაინც, რა არის ეს? ჩვეულებრივი ცოტნედადიანობა თუ?.. კულუარული ინფორმაციით, საგარეჯოს გამგებელმა გიორგი ლოლაძემ თინა ხიდაშელს შეუთვალა, მომხედე, თორემ ვაღიარებ, სად მიდიოდა «ატკატებიო»… როგორც ამბობენ, იმიტომ აჩუმათებენ ამ საქმეს, რომ ამ საქმემ შეიძლება ბევრი რამ ამოატრიალოს.  «საქართველო და მსოფლიო» ამ საკითხზე სასაუბროდ «სახალხო კრების» წევრს, ლაშა ამირეჯიბს დაუკავშირდა.

_ მაშინ, როდესაც «ნაცების» წარმომადგენლები: უგულავა, შაშკინი და სხვები, რომლებმაც, როგორც ამბობენ, დიდი ფული მოიპარეს ან გაფლანგეს, თავისუფლად დასეირნობენ, საგარეჯოს გამგებელსა და მის მოადგილეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი «საცოდავი» 80 ათასის მითვისების გამო აკავებენ. ეს სამართლიანობის აღდგენაა თუ შერჩევითი სამართალი?

_ არ არის ეს საცოდავი 80 ათასი, ეს ბიუჯეტის ფულია, რომელიც ამ ადამიანებმა გაფლანგეს. რა თქმა უნდა, მათი დაკავება სამართლიანი იყო. აუცილებელია, სამართლიანობის აღდგენას შევუდგეთ, გეთანხმებით, რომ დანარჩენებიც («ნაცების» წარმომადგენლები) დამნაშავენი არიან, ამიტომ აუცილებლად უნდა აგონ პასუხი. რაც შეეხება თინა ხიდაშელს, რომელიც ამბობს, რომ იგი პასუხისმგებელია ყველა თეთრის გახარჯვაზე და თავდებშიც კი უდგება ამ ადამიანებს _ ეს იმას ნიშნავს, რომ ქალბატონმა თინამ კარგად იცოდა, როგორ და რაში იხარჯებოდა ეს ფული. როცა პასუხისმგებელი ხარ ყველა თეთრზე, მაშინ იცი, სად მიდიოდა ეს ფული. დიახ, ქალბატონ თინას აუცილებლად ეცოდინებოდა, სად მიდიოდა ფული, მშვენივრად იცოდა, რაც ხდებოდა, შესაძლებელია, ჩართულიც კი იყო ამ ყველაფერში.

_ ფიქრობთ, რესპუბლიკელებმა ხელი მოითბეს?

_ რატომაც არა! პოლიტიკური დაკავება არ იყო ეს. რესპუბლიკელებს «ცა ქუდად არ მიაჩნიათ და დედამიწა _ ქალამნად». სახელმწიფოს ფული არ უნდა შეჭამო. ვინც ბიუჯეტის ფულს ხელს მოჰკიდებს და სახლში წაიღებს, ის დასაჭერია. გეტყვით, რას ნიშნავდა ქალბატონ თინას განცხადება: მან გააგებინა დაკავებულებს ადვოკატების პირით, _ გაჩუმდით, შევეცდები, დაგეხმაროთო. ხიდაშელის განცხადება ფეხის დაბაკუნებაც იყო ხელისუფლებისთვის _ ამ თემას თავი დაანებეთო. მას ეგონა, რადგან პრემიერთან თბილი ურთიერთობა აქვს, არავინ შეეხებოდა.

_ თუმცა ითქვა, რომ შს მინისტრთან არ აქვს თბილი ურთიერთობა

_ ჩემი აზრით, ღარიბაშვილის რეაქცია სწორი იყო. არამარტო ღარიბაშვილი, არამედ მთელი საქართველო ასე ფიქრობს ქალბატონ თინაზე. ვგულისხმობ იმ ჩანაწერს, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ მოისმინა. სხვათა შორის, არავის ჰქონია პრეტენზია იმაზე, თუ რატომ შეეხო ღარიბაშვილი მას ასეთი ფორმით.

_ აი, ივანიშვილს კი რესპუბლიკელების წესიერებაში ეჭვი არ ეპარება

_ ივანიშვილს ვერ წარმოუდგენია, რომ ვინმე მოატყუებს ან ალმაცერად შეხედავს. ამიტომ აქვს ასეთი განწყობა იმავე რესპუბლიკელებისადმი, თუმცა, ჩემი ინფორმაციით, ამ ბოლო ხანს პრემიერმა დაინახა, რომ მისი მეგობრებიდან ბევრი არასწორად მოიქცა, ივანიშვილი რწმუნდება იმაში, რომ მისი გუნდი მის გარეშეც კარგად თამაშობს.

«საქართველო და მსოფლიომ» ამ საკითხზე კომენტარი მოძრაობა «ეროვნულების» ლიდერ სანდრო ბრეგაძესაც სთხოვა.

_ ვხედავ, რომ ვიღაცები ცდილობენ ამ საკითხის მიჩქმალვას, რაც ძალიან ცუდი ფაქტია. თუკი დადგება საგარეჯოს გამგებლის პასუხისმგებლობის საკითხი, მაშინ უნდა დადგეს თინა ხიდაშელის პასუხისმგებლობის საკითხიც, რადგან ქალბატონი თინა თავად აცხადებს, რომ თითოეული თეთრის გახარჯვას ის აკონტროლებდა, საგამოძიებო ორგანოები კი საუბრობენ ათიათასობით ლარის გაფლანგვაზე. მეორე მხრივ, თუკი ეს არის რაიმე ტიპის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელზეც ქალბატონი თინა საუბრობს, მაშინ უნდა დადგეს არა რიგითი გამომძიებლის, არამედ საგამოძიებო ორგანოებისა და პროკურატურის ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხი. აქ პასუხისმგებლობა ან ერთ მხარეს უნდა წავიდეს, ან მეორე მხარეს. საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს დამნაშავეების საქვეყნოდ დასჯა.

 «საქართველო და მსოფლიო» საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, საგარეჯოს მაჟორიტარ დეპუტატს _ თინა ხიდაშელს ესაუბრა.

_ საგარეჯოს გამგებელი და მისი მოადგილე სასამართლოს გადაწყვეტილებით გათავისუფლდნენ.

_ ანუ 80 ათასის გაფლანგვას ადგილი არ ჰქონია, გაუგებრობა იყო თუ რა მოხდა?

_ ფულის გაფლანგვას ადგილი არ ჰქონია. გაუგებრობა იყო თუ არა, ამას სასამართლო დაადგენს. ისინი პატიმრობაში აღარ არიან, გამოძიება გრძელდება, უფრო სწორად, არ ვიცი, გრძელდება თუ არა, ყოველ შემთხვევაში, ასე უნდა იყოს, წესით. მე ამ საქმის ყველა დეტალი ვიცი, დარწმუნებული ვარ, სრულ გაუგებრობასთან გვაქვს საქმე.

_ გამოითქვა ვარაუდი, რომ, თუ ის ხალხი უსაფუძვლოდ დააკავეს, მაშინ საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელები უნდა დასაჯონ

_ იურისტი ვარ და, როცა სისხლის სამართლის საქმეზე ვლაპარაკობთ, იქ ვარაუდებით ვერ ვისაუბრებ, რადგან ძალიან კარგად მესმის, რასთან გვაქვს საქმე. ჯერჯერობით საუბარია იმაზე, რომ ეს საქმე უნდა დასრულდეს, შემდეგ ვნახავთ, ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხია დასაყენებელი თუ არა, იმ შემთხვევაშიც, თუ გაუგებრობასთან გვქონდა საქმე. იმედი მაქვს, გამოძიება მალე დასრულდება და ყველაფერი დამთავრდება.

_ კულუარული ინფორმაციით, ლოლაძემ მოდულიდან შემოგითვალათ, _ დამეხმარე, თორემ ავლაპარაკდები, ვიტყვი, სად მიდიოდა «ატკატებიო».

_ ეს სერიოზული ლაპარაკი არ არის, თქვენ ჟურნალისტი ხართ… მე ბევრჯერ მომისმენია ასეთი რამ ჟურნალისტებისგან, ვგულისხმობ იმას, რომ იგონებენ ამბავს და შემდეგ რესპონდენტს თავის მოგონილ ამბებზე ეკითხებიან ხოლმე.

_ ეს ჩემი ფანტაზია არ არის

_ თქვენი არა, სხვა რომელიმე ჟურნალისტი მოიგონებდა. ვიღაც რომ იჭორავებს, მერე მე ამ ჭორებზე პასუხი რატომ უნდა გავცე, გაუგებარია!

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

1 COMMENT

  1. მე მგონი, ძალიან კარგი რჩევა იქნება დარჩეს ამერიკაში, ამ საქმეს ძალიან ,,ცუდი სუნი" ასდის….

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here