Home რუბრიკები საზოგადოება ელიზბარ ჯაველიძე: რა ცოდნა უნდა მოგცეს უნივერსიტეტმა, რომელშიც თეა თუთბერიძეა პროფესორი?

ელიზბარ ჯაველიძე: რა ცოდნა უნდა მოგცეს უნივერსიტეტმა, რომელშიც თეა თუთბერიძეა პროფესორი?

672

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, კოალიციის შიგნით კი ღია დაპირისპირება დაიწყო. ვინ და რატომ გაილაშქრა აღნიშნული კანონის წინააღმდეგ, ვისი ინიცირებული იყო იგი, რა ბედი ელის ქვეყანაში უმაღლეს სასწავლებლებს _ ამ საკითხებზე სასაუბროდ  აკადემიკოსს, «სახალხო კრების» წარმომადგენელს _ ელიზბარ ჯაველიძეს ვეწვიეთ.

_ ბატონო ელიზბარ, მოგწონთ თუ არა ის, რა ცვლილების შეტანაც იგეგმება?

_ მარგველაშვილმა, როგორც განათლების მინისტრმა, რვა თვის განმავლობაში ვერაფერი გააკეთა, თუ არ ჩავთვლით უფასო წიგნების საკითხს, რომელიც, როგორც მითხრეს, სხვისი კარნახით გაკეთდა; მეორე, რამაც დღეს ხმაური გამოიწვია, ვანო კიღურაძის მოფიქრებულია. ის გახლავთ ცნობილი მეცნიერი, აკადემიკოსი, ძალიან განათლებული ადამიანი. მარგველაშვილი კი პლასტელინია, რომელიც ყველაფერს კომფორტულად ერგება, იღებს იმ ფორმას, რომელიც იმ წუთში სიტუაციას სჭირდება.

განათლებაზე საუბარი ცოტა შორიდან უნდა დავიწყოთ, რადგან განათლების სისტემის ნგრევა დღეს არ დაწყებულა, ეს პროცესი დიდი ხანია მიზანმიმართულად მიმდინარეობს.

მინდა გაგახსენოთ პერკინსის წიგნი, რომელშიც ნათლად არის გადმოცემული, რომ მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი და საერთოდ ორგანიზაციები, რომლებიდანაც ინვესტიციები შემოდის, სისხლის სამართლის დამნაშავეებად არიან გამოცხადებულნი. აღნიშნული ორგანიზაციები ჩვენნაირ განვითარებად ქვეყნებში ფულს ერთადერთი მიზნით დებენ, რომ თანხები სისულელეში დავხარჯოთ და არა განვითარებისთვის. სწორედ ამიტომაც იყო, რომ სააკაშვილი უამრავ ფულს ხარჯავდა სულელური ძეგლების, შადრევნების გაკეთებაში, ბათუმში ანბანის არაფრისმთქმელი ძეგლის აღმართვაში და ასე შემდეგ. სააკაშვილი სულელია, მაგრამ მას დავალებაც ასეთი ჰქონდა.

_ ალექსანდრე ჭაჭია «საქართველო და მსოფლიოსთან» ინტერვიუში ამბობს, რომ თავის დროზე შევარდნაძემ აირჩია საგარეო დიქტატისადმი მორჩილება და შემდეგ უკვე სააკაშვილმა გააგრძელა შევარდნაძის სისხლიანი კურსი

_ მართალს ამბობს ჭაჭია, სააკაშვილი ათჯერ და მეტჯერ უარესი გამოდგა შევარდნაძეზე, სწორედ მან გააგრძელა და კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა საქართველო, ის კარგი შემსრულებელი აღმოჩნდა. ამიტომაც ამერიკა აცხადებდა და დღესაც აცხადებს, რომ მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო არის ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა და სააკაშვილი კი დემოკრატიის შუქურაო. მე ამერიკის აღარ მწამს. მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი პირველი ვიყავი, «ლიტერატურულ საქართველოში» «ამერიკის ხმის» ბეჭდვა რომ დავიწყე, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ მივხვდი, ამერიკაზე დიდი დამპყრობელი ერი არ არსებობს. ამერიკა მოდის დემოკრატიული ლოზუნგებით, მაგრამ ის «ცხვრის ტყავში გახვეული მგელია». უპირველეს ყოვლისა, მათ გააკეთეს ის, რომ ჩვენ სულიერი საზრდო წაგვართვეს. ვიღაც შემომედავება, აბა, რა წაგვართვესო?!  გეტყვით, სულიერებას რა კვებავს? _ კულტურა. აზროვნებას რა კვებავს? _ ცნობიერება, ცნობიერება კი განათლებაზეა დაფუძნებული. პირველი დარტყმა მართლმადიდებლობაზე მოიტანეს, დაიწყეს შეტევა განათლების სისტემაზე და შემდეგ გადავიდნენ ოჯახზე. მსოფლიოში შექმნილია ასეთი პროგრამა _ გეგმიური ოჯახი, ამ პროგრამას საქართველოში წარმატებით ახორციელებდა «მიშას ქაბატო» _ სანდრა რულოვსი. ის სოფელ-სოფელ, კარდაკარ დადიოდა და ადგილობრივ მცხოვრებლებს უნერგავდა, რომ ბევრი შვილი არ გაეჩინათ, ასწავლიდა მეთოდებს, როგორ აერიდებინათ ორსულობა. ალბათ, ფიქრობთ, განათლებასთან ეს ყველაფერი რა შუაშიაო, მაგრამ სწორედ ამან მიგვიყვანა იმ განათლების სისტემამდე, რომელსაც ახლა რეფორმირებულ, ამაღლებულ განათლებას უწოდებენ. სააკაშვილისთვის განათლების მწვერვალი იყო ბათუმში იაპონელი მზარეულის კურსები.

საქართველოს სკოლებში არსებობდა პრუსიული სისტემა, რომელსაც დღეს რუსულს უწოდებენ. ეს იყო უნიკალური სისტემა, ჩვენი სკოლადამთავრებული ბავშვი გაცილებით მაღალი დონის იყო, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნისა. სწავლება, რომელიც დღეს საქართველოშია, ამერიკული დაუნების სკოლების  პროგრამის შესატყვისია.

ამერიკელები ბედავენ, გვასწავლონ და მიგვითითონ ყველაფერზე, ტოლერანტობას გვთხოვენ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არც იმსახურებენ და არც საჭიროებენ ამას. ტოლერანტობაც ბიოლოგიური ტერმინია და ნიშნავს უარყოფითი ბაცილების შეჭრას ორგანიზმში, თუ ორგანიზმი არ შეეგუა, მაშინ კიბო ჩნდება.

ვის მიმართ უნდა გამოიჩინო ტოლერანტობა ან როგორ შეიძლება ილაპარაკო განათლებაზე? ან რა ცოდნა უნდა მოგცეს უნივერსიტეტმა, რომელშიც თეა თითბერიძეა პროფესორი? ამასწინათ ტელევიზიით გამოვიდა ვიღაც ქალი,  ტრაბახობდა, ჩვენი სტუდენტები სამაგალითოები არიანო. მომიყვანონ ერთი რომელიმე სტუდენტი, რომელსაც ცოდნა აქვს და რომელმაც რამე ფასეული შექმნა. უნივერსიტეტიდან მე ადრე გამიშვეს, მაგრამ «ნაცების» ხელისუფლებამ 250 პროფესორი გამოაგდო. გამოდის დღეს ეს ვიღაც სერგი რატიანი, გაუკეთებია ჰალსტუხი და გვმოძღვრავს, ვინ იყო თვითონ, ახლა რომ კაცობს?! გიგი თევზაცის «ზავხოზი» იყო, ვფიქრობ, მისი საქმეები შესასწავლია. გამოჰყავთ კიდევ გრიგალაშვილი, ვერც პიჯაკში რომ ვერ ეტევა და ვერც კანში, და აცხადებს, _ უნივერსიტეტი სტამბოლის ბაზარი იყოო. სტამბოლის ბაზარი მაგან და თავისმა ძმამ ბორჯომში გახსნეს, საიდან იყიდა ავეჯიანად ვაკეში ის სასახლე, მოვიდეს და მაგაზე მელაპარაკოს… რეალობა ასეთია: ქვეყანაში არიან ბევშვები, რომლებიც თურქულად კარგად ლაპარაკობენ, მე თურქოლოგი ვარ და ვამბობ, რომ მართლა იციან თურქული, ისინი ახერხებენ თურქეთში წასვლას და სალაპარაკო ენასც სწავლობენ, ყველა თურქი მეწაღეც თურქულად მშვენივრად საუბრობს, მაგრამ აღმოსავლეთმცოდნეობა სულ სხვა რამეა… უმაღლეს სასწავლებლებში საერთოდ არაფერს ასწავლიან, რადგან თვითონ უცოდინარები არიან. უნივერსიტეტში, ალბათ, ათამდე პროფესორია დარჩენილი, დანარჩენი გამოყარეს. ეს იყო სოროსის გეგმა, ის თვლიდა, რომ ლაბორატირიებშიც კი მათი ხალხი უნდა მჯდარიყო.

_ რამდენადაც ვიცი, როინ მეტრეველი, რომელსაც თქვენ მხარს უჭერდით, კარგი რექტორი იყო. ახლა მიშა ამბობს, რომ რიონ მეტრეველის დროინდელი კორუფციის აღდგენა სურთო

_ მიშა თვითონ არის კორუმპირებული, როინ მეტრეველმა ცამეტი წელიწადი კისრით ზიდა უნივერსიტეტი. იმ პერიოდში მე ვიყავი კომისიის წევრი და, თუ ერთი ადამიანი მაინც იტყვის, რომ თუნდაც ერთი კილოგრამი მსხალი მოეტანოს ჩვენთვის, მაშინ ხმას აღარ ამოვიღებ. რას ბოდიალობს! როგორც თვითონ არის გაფუჭებული, ყველა ისეთი ჰგონია. სააკაშვილი არის გახრწნილი მექრთამე, ამავე დროს წუწკი, წუწკი იმიტომ, რომ თავისი ფულით კი არ ყიდულობდა საჩუქრებს საყვარლებისთვის, არამედ ხალხის ფულით.

_ გამოდის, რომ თქვენ მხარს უჭერთ აღნიშნულ ცვლილებებს.

_ მე მხარს ვუჭერ იმას, რომ ყველამ არ შეიძლება ლექცია წაიკითხოს. აკადემიური განათლების არმქონეს უფლება არ აქვს ლექციის წაკითვის. არ მომწონს ის, რომ ისევ იმ აკადემიურმა საბჭომ უნდა აირჩიოს რექტორი, რომელიც არსებობს. ვინ არიან საბჭოს წევრები? ილიას უნივერსიტეტში ხუთი წევრია საბჭოში, აქედან ერთი კოტე კუბლაშვილია, რომელსაც უდიდესი ხელფასი აქვს სასამართლოში და უნივერსიტეტშიც ხელფასს იღებს. ჯერ ერთი, მას არ აქვს უფლება, ორი სამსახური ჰქონდეს და მეორეც, რა ავტორიტეტი ეგ არის!

ჩემი უკმაყოფილება გამოწვეულია იმით, რომ ახალ ხელისუფლებას დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მიყავს და დემოკრატიას ეთამაშება, ანუ კოაბიტაციას. არ მესმის, კოაბიტაციობანა შესაძლებელია ამ სისხლისმსმელებთან, დამნაშავეებთან, რეგვენებთან, უწიგნურებთან, კაცისმკვლელებთან?!  არავინ მეძახის, როდესაც მსჯელობაა. მინდა, რომ გაზეთში ხაზგასმით აღნიშნოთ, რომ  «მაესტრო» ყველაზე საშიშ ტელევიზიად იქცა, არ ვიცი, ვინ იყიდა და რის ფასად, მაგრამ ეს არხი საშინელებაა, «რუსთავი 2»-ზე უარესი გახდა.

თუკი ოდესმე რამე დამიწერია, ყველაფერი გამართლებულა, ივანიშვილს თავისი უახლოესი გარემოცვა _ რესპუბლიკელები უღალატებენ. ყველაზე საკვანძო საკითხებში, ტერიტორიის მთლიანობა იქნება თუ განათლება, რომელიც გაჩანაგდა, «ნაციონალებსა» და რესპუბლიკელებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არ არის. ნახეთ რა მოხდა? კოალიციიდან თერთმეტმა ადამიანმა განათლების სისტემის ცვლილებას ხმა არ მისცა, ცვლილებას, რომელიც, ვფიქრობ,  ისე თუ წარიმართა, როგორც ჩაფიქრებულია, ჭაობიდან ამოგვიყვანს, მაგრამ, თუ კოაბიტაციაზე ისაუბრებენ, დამნაშავეებს არ დასჯიან და დაინდობენ ბენდუქიძეებს, თევზაძეებს, მაშინ არაფერი არ გამოვა. თუ ახალი ხელისუფლება სისტემის შემქმნელებზე იტყვის, რომ სისტემის მსხვერპლნი არიანო, მაშინ სამართლიანობის აღდგენაზე საუბარი ზედმეტია. ხალხის უკმაყოფილებაც აქედანაა გამოწვეული.

ლევან ბერძენიშვილი, დავით ბერძენიშვილი, ვახტანგ ხმალაძე, ელისო ჩაფიძე, გედევან ფოფხაძე, დავით ონოფრიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, ვიქტორ დოლიძე, ნინო გოგუაძე, თამარ კორძაია, ანი მიროტაძე _ ჩათვალეთ, რომ ეს თერთმეტი ადამიანი ივანიშვილს უკვე დაუპირისპირდა, ვითომ დიდად განათლებული ადამიანები არიან, ბერძენიშვილები საშიშნი არიან, რადგან სოროსის პრინციპებს გაატარებენ. ისინი ეროვნულ საქმეს არასოდეს გააკეთებენ. ელისო ჩაფიძე წესიერი ქალივით რომ ლაპარაკობს, მე მაგის მიზეზით დამიჭირეს თავის დროზე.

ხალხი უკმაყოფილოა, ეს უკმაყოფილება კოალიციაში შემავალ პარტიებზე არ გადანაწილდება, მხოლოდ ივანიშვილს მოსთხოვენ პასუხს, არჩევნებში ხმა მან მიიღო. ყოველთვის, როდესაც მთავრობები იცვლებოდნენ, ყველა მთავრობა ძალიან დიდი პროცენტით იგებდა, ახლაც ასე მოხდა, მაგრამ გახსოვთ, ალბათ, ქრისტე როგორი დიდებით შეიყვანა ხალხმა იერუსალიმში და რამდენიმე დღეში იმავე ხალხმა ჯვარს აცვა. ასეთია ადამიანის ბუნება.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

1 COMMENT

  1. გაიხსენეთ თქვენი პოლიტიკური მოღვაწეოპის საწყისი პერიოდი და მიხვდებით,რომ თუთბერიძის ნაირი ხალხის უნივერსიტეტში მოსვლა თქვენი და თქვენაირი ადამიანების მოღვაწეობის შედეგია.ახლა წუწუნი ამ საქმეს არ უშველის,არცის გზაა გადამრჩენელი თქვენ რომ გგონიათ

  2. მართველობის სისტემა უნდა შეიცვალოს ! დროა შეიქმნას "პოლიტიკური საბჭო" რომელიც კოორდინაციას გაუწევს, როგორც მთავრობას ასევე პრეზიდენტს. განათლებაზე ლაპარაკი ზედმეტია, ჩვენ რუსული დაგვავიწყდა , ინგლისური კი ვერ ვისწავლეთ. მეცნიერება მოვსპეთ და გავანადგურეთ…..ჩვენ მსოფლიოს ჩამოვრჩით 40- წლით…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here