Home რუბრიკები პოლიტიკა ჰამლეტ ჭიპაშვილი: მთელმა საქართველომ, დიდ-პატარამ იარაღი რომ აისხას და ავღანეთში წავიდეს, ნატოში...

ჰამლეტ ჭიპაშვილი: მთელმა საქართველომ, დიდ-პატარამ იარაღი რომ აისხას და ავღანეთში წავიდეს, ნატოში არავინ მიგვიღებს

591

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება ექსპერტი ჰამლეტ ჭიპაშვილი.

_ ბატონო ჰამლეტ, 7 ივნისს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც 7 ქართველი სამხედრო ემსხვერპლა, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს მონაწილეობას საერთაშორისო უსაფრთხოების მისიაში ვერანაირი პოზიტიური შედეგი ჩვენი სახელმწიფოსთვის ვერ მოაქვს. თქვენი აზრით, ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, რეალურად რამდენად შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობაში ანტინატოური და ზოგადად, ანტიდასავლური განწყობა იზრდება?

_ კითხვის ბოლო ნაწილიდან დავიწყებ, ცხადია, ანტინატოური განწყობა იზრდება და ეს, უწინარესად, გამოწვეულია იმით, რომ ამ ორგანიზაციის მესვეურები, პირველ რიგში, ამერიკის მთავრობა, აქტიურ მხარდაჭერას უწევდა წინა ხელისუფლებას. საერთოდ, საქართველოს მოსახლეობა, შეიძლება არა ასე მკაფიოდ, მაგრამ ყოველთვის გამოთქვამდა უკმაყოფილებას ჩვენი სამხედროების ყოფნის გამო სხვადასხვა საერთაშორისო მისიაში. ახლა რაც შეეხება ზოგადად იმ ვითარებას, რომელიც გვქონდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, როდესაც ასეთ მცირე დროში, დაახლოებით სამკვირიანი ინტერვალით, ხდება ორი თავდასხმა სამხედრო ბაზაზე, თანაც არასაომარ ვითარებაში, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, ავღანეთში მყოფი ძალები მყავს მხედველობაში, არ არის ელემენტარული დისციპლინა. მე არ ვარ ამ დარგის სპეციალისტი, მაგრამ ამას დიდი ექსპერტობა არ სჭირდება, აქ სახეზეა უპასუხისმგებლობა და დაუდევრობა…

_ კი მაგრამ, მათ ხომ ნატოს ხელმძღვანელობა აკონტროლებს? გამოდის, რომ აისაფის მისიაში მონაწილე სამხედრო კონტიგენტები თავიანთ ნებაზე არიან მიშვებულნი?

_ არამარტო აისაფის მისიაში მყოფ შენაერთებს, არამედ, როგორც ჩანს, დისციპლინა არ აქვს ჩვენს თავდაცვის სამინისტროსაც. ეს გამოვლინდა კიდეც ახლა, როცა სამხედროები მოიწამლნენ საკვებით; ეტყობა, იქაც გარკვეულ კანონდარღვევებს აქვს ადგილი.

_ კერძოდ?

_ კერძოდ, ფულის კეთების ტრადიცია არ წყდება საქართველოში. ეს ტრადიცია ზენიტში აიყვანა წინა ხელისუფლებამ, რომელიც, მართალია, წლების მანძილზე გვარწმუნებდა, რომ კორუფცია აღმოფხვრა, მაგრამ რაც ხდებოდა სინამდვილეში, ყველამ კარგად ვიცით. ახლა ალასანია ძალიან მკაცრად აცხადებს თავების დაგორების შესახებ, ამას ვიზამ, იმას ვიზამო, კეთილი და პატიოსანი, მაგრამ, მეორე მხრივ, რა ხდება _ იმავე ალასანიას მეგობარ გია ყარყარაშვილის მძღოლი ინიშნება სამხედროთა კვების რაღაც განყოფილების უფროსად. ზუსტად ამაზეა ნათქვამი: «ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს». ეს ყველაფერი ჯამში იმას ნიშნავს, რომ დღესაც ზუსტად იგივე ვითარებაა, რაც წინა ხელისუფლების დროს იყო თავდაცვის სამინისტროში.

_ თქვენი აზრით, ამ პრობლემის მოგვარების ნება არ არსებობს თუ რაიმე რესურსებია საჭირო და ახალ ხელისუფლებას ეს, უბრალოდ, არ აქვს?

_ არანაირი რესურსი ამას არ სჭირდება, ამას სჭირდება ერთი რამ: ადამიანი უნდა იყოს პატიოსანი და, რაც მთავარია, უნდა იყოს ქვეყნის პატრიოტი არა სიტყვით, არამედ საქმით. ეს არ ჩანს, არც აქ და არც ავღანეთში. ახლა ვიყვიროთ, რამდენიც გვინდა: ჩვენი გმირები, ვაჟკაცები და ა. შ. არაფერი ამით არ იცვლება. არც ის კომპენსაცია ნიშნავს არაფერს, დაღუპულთა ოჯახებს რომ მისცეს. ამით ვითარება ვერ გამოსწორდება, რადგან რეალურად საკითხებისადმი მიდგომა რჩება იგივე.

_ სამაგიეროდ, თურმე ნატოს წევრობას ვუახლოვდებით.

_ ხო, ახლა ამის გამალებული პროპაგანდა მიდის. მე მგონი, «ნაციონალების» რეკორდიც კი მოხსნეს ამათმა; არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: სრულიად საქართველოს მოსახლეობამ, უკლებლივ ყველა მოქალაქემ, დიდ-პატარამ რომ იარაღი აისხას და წავიდეს ავღანეთში, ჩვენ მაინც არავინ მიგვიღებს ნატოში. მათ სულ სხვა პარამეტრები აქვთ, ამიტომ მარტო უსაფრთხოების მისიებში მონაწილეობა არაა საკმარისი. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს დემაგოგია, არ ვიცი. დაწყებული პრემიერიდან, დამთავრებული რიგითი «მეოცნებეთი» _ ყველა გვარწმუნებს, რომ ჩვენთვის ალიანსის კარი ღიაა…

_ თვითონ ნატოს ხელმძღვანელობაც რომ იმავეს გვეუბნება?

_ ის რას გვეუბნება, ამ შემთხვევაში ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარია, შენი ხელისუფლება რას გპირდება. უსუფაშვილმა სულ მთლად მხატვრულად დაგვიხატა ყველაფერი, _ თუკი საქართველო გადაუხვევს კურსს და არ დადგება დასავლეთის გვერდით, მაშინ იმ საზღვარმა, რომელმაც ამასწინათ რამდენიმე მეტრით გადმოიწია დიცში, შეიძლება, კიდევ უფრო გადმოიწიოსო. არ არის, ხალხო, ეს ასე, ამიტომ მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ შეწყვიტონ ასეთი დემაგოგიური ლაპარაკი.

_ სხვათა შორის, ამასწინათ ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ აისაფის მისიაში საქართველოს მონაწილეობის კრიტიკა და ავღანეთიდან ჩვენი ჯარების გამოყვანის მოთხოვნა ახლა ღალატის ტოლფასია.

_ სახელმწიფოს ღალატი ისაა, რომ ალასანიაა თავდაცვის მინისტრი, როდესაც ეს ადამიანი, დემოკრატიული საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებლად აცხადებს, ვიღაცის თავები დაგორდებაო. სად ლაპარაკობენ ასეთი ენით?! რას ჰქვია, დაგორდება? თავს აჭრი?! საქართველოში აღარ არის სიკვდილით დასჯის კანონი და ეს უბედური სიტყვებსაც არ უკვირდება, სისულელეებს ბარდღალებს. ასეთ ქვეყანას ვინ მიიღებს ნატოში?! ამასაც რომ თავი დავანებოთ, არის პარამეტრები, რომლებსაც საქართველო ვერასოდეს დააკმაყოფილებს…

_ მაგალითად?

_ ნატო არასოდეს აიკიდებს ზურგზე იმ პრობლემებს, რომლებიც საქართველოს აქვს. ელემენტარულად ჩვენ არ გაგვაჩნია საზღვრები, ფაქტობრივად, არც ერთ მეზობელ სახელმწიფოსთან _ არც დემარკირებული და არც დელიმიტირებული. ერთადერთი საზღვარი, რომელიც დადგენილია, არის თურქეთთან და ისიც შთამომავლობითაა გადმოსული საბჭოთა კავშირიდან. ასე რომ, ძალიანაც რომ უნდოდეს, ალიანსი ვერ მიგიღებს, ამით პრაქტიკულად მისი საზღვრები დაირღვევა…

_ დასაწყისში თქვით, რომ რა მრავალრიცხოვანიც უნდა იყოს ჩვენი სამხედრო კონტიგენტი ავღანეთში, ნატოში მიღებაარმიღების საკითხი ამაზე არაა დამოკიდებული. მაშინ, თქვენი აზრით, რაში სჭირდებოდა და სჭირდება დღესაც ხელისუფლებას აისაფის მისიაში ასეთი აქტიური მონაწილეობა?

_ ამით სარგებელს იღებს არა ეს უბადრუკი ქვეყანა, არამედ  ყველა ის, ვინც ხელისუფლებაშია. კონკრეტულად საუბარია მათი თანამდებობრივი სავარძლების სიმტკიცეზე, თავზე ხელის გადასმაზე ამერიკელი მაღალჩინოსნების მხრიდან და ა. შ. მერე მოსახლეობას ეუბნებიან, აი, ხომ ხედავთ, ჩვენ როგორ გვიჭერენ მხარს დასავლეთშიო. დღესაც კი ყველაზე კორუმპირებულ და ყველა პარამეტრით ისეთ დაცემულ პიროვნებას, როგორიც სააკაშვილია, ისინი მხარში უდგანან, მეტიც, კბილებით იცავენ. ახლა ცხადია, ასეთივე მხარდაჭერა სჭირდება ახალ ხელისუფლებასაც. ასე რომ, აქ სულ სხვა ინტერესებია. აი, ამ ინტერესების გამო ხდება მთელი ეს დაპირისპირება, თორემ სამხედრო მომზადებას რაც შეეხება, რამდენადაც უნდა გაზარდოს საქართველომ შეიარაღება და რა ცხელ წერტილებშიც უნდა მიიღოს მონაწილეობა, ჩვენ ვერც ერთ ჩვენს მეზობელს ვერ გავუმკლავდებით _ ვერც სომხეთს და ვერც აზერბაიჯანს, თურქეთსა და რუსეთზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი.

_ რუსეთი რადგან ახსენეთ, ვლადიმერ პუტინის განცხადებაზეც გკითხავთ, რომელიც მან წინა კვირას გააკეთა. კრემლის მესვეურმა განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვი მზადაა საქართველოსთან თანამშრომლობისთვის. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია ეს ყველაფერი?

_ ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთის ხელისუფლება მზად არის საქართველოსთან დიალოგისთვის. მოსკოვმა ეს თქვა პრეზიდენტის, ანუ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის პირით. ახლა რას ამბობს საქართველო? _ საქართველო ამას ამბობს ფანჯიკიძის პირით, აბაშიძის, ზაქარეიშვილის და ა.შ. რაც შეეხება თვითონ ივანიშვილს, მან ერთ-ერთ გამოსვლაში პაირდაპირ განაცხადა, რომ საქართველო ვერ დაიწყებს ვერანაირ მოლაპარაკებას კრემლთან, ვიდრე მას ეყოლება საელჩოები სოხუმსა და ცხინვალში, ვიდრე რუსეთის შეიარაღებული ძალები იქნება ამ რეგიონებშიო. აქედან თუ ამოვალთ, გამოდის, რომ ის, რაც თქვა ვლადიმერ პუტინმა, სულაც არ ანაღვლებს საქართველოს ხელისუფლებას. ის არის გაბუტული და ჯიუტად თავისას გაიძახის, ანუ წინაპირობას აყენებს: გაიყვან ჯარს, გაიყვან დიპლომატებს, დაგელაპარაკები, არ გაიყვან, მაშინ არანაირი დიალოგი არ მინდა.

_ ეს ნიშნავს, რომ ურთიერთობების დარეგულირების პროცესი ჩიხშია?

_ ეს ნიშნავს, რომ საქართველო მზად არ არის დიალოგისთვის. ჯერ ერთი, არ არის იმიტომ, რომ, როდესაც დაიწყება მოლაპარაკებები, უპირველეს ყოვლისა, იქ დაისმება ასეთი კითხვა რუსეთის მხრიდან: როგორ აფასებს საქართველოს ახალი ხელისუფლება 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს? ამ დროს რა უნდა უპასუხოს ქართულმა დელეგაციამ, ხომ არ ეტყვის, აგრესია თქვენ განახორციელეთო?! მეორეც, იქ აუცილებლად შეეხებიან საკითხს, ვინ იდგა ამ ავანტიურის უკან. ის, რომ ამერიკელები იდგნენ, ისრაელი და ა.შ. ხომ უკვე ყველამ იცის?! სხვათა შორის მთელი ეს პერიპეტიები ძალიან კარგად აღწერა ლევ გუნინმა თავის წიგნში, რომლის ნაწილიც თქვენს გაზეთში დაიბეჭდა…

_ თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ კითხვებზე პასუხების გაცემა გაუჭირდება?

_ ყოველ შემთხვევაში ის პოზიცია, რომელიც საჯაროდ ფიქსირდება, არანაირად თანხვედრი არ არის რუსული მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან. გარდა ამისა, ჩვენ არ ვიცით, აპირებს თუ არა ხელისუფლება 2008 წლის მოვლენების ხელახალ გამოძიებას და შემდგომ შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. ესენი დამნაშავეები არიან, ამიტომ პასუხი უნდა აგონ, ისე კი არაა საქმე, თავზე ხელს რომ უსვამენ და თარგამაძეს უფლებას აძლევენ, ენაგადმოგდებულმა, რაც პირზე მოადგება, ყველაფერი ილაპარაკოს. ის არის დამნაშავე, ისევე, როგორც სააკაშვილი.

_ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დარეგულირების წინაპირობა სპეცსამსახურების თანამშრომლობაა. მას არ გაუკეთებია მინიშნება 2008 წლის მოვლენების გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯაზე.

_ არის საკითხები, რომლებზეც საჯაროდ კეთდება განცხადებები და არის საკითხები, რომელთა განხილვაც დახურულ კარს მიღმა ხდება. ის, რაც პუტინმა ყველას გასაგონად განაცხადა, ერთ-ერთი გასაღებია, მაგრამ აშკარაა, რომ უფრო მნიშვნელოვანი და რთული თემებიცაა. არ ვიცი, ამის გადაჭრის რა გზები არსებობს ან რა პერსპექტივები შეიძლება მომავალში გააჩნდეს. ერთი რამ კი ნამდვილად საკითხავია, საქართველოს დღევანდელი დიპლომატია, საგარეო საქმეთა სამინისტრო, მისი მინისტრიდან დაწყებული, რიგითი თანამშრომლით დამთავრებული, თავისი დონით, არის კი იმისთვის მზად, რომ სერიოზული მოლაპარაკება აწარმოოს?! ნათლად ჩანს, რომ არ არის. ერთადერთი, რისი გამოცდილებაც ჩვენს დიპლომატიას გააჩნია, სააკაშვილის უაზრო ხეტიალია უცხო სახელმწიფოებში, არავინ რომ არ იცის, რისთვის და რატომ. ანალოგიურია დღეს ფანჯიკიძის მოქმედებებიც. ისიც ასე უაზროდ დადის ხან იაპონიაში და ხან ბრაზილიაში. არც ერთ ამ სახელმწიფოებში საქართველოს ინტერესი არ გადის. ასე რომ, ხელისუფლებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს, რომ ამგვარი პოლიტიკით საქმე არ კეთდება, ეს ვერანაირ შედეგს სახელმწიფოს ვერ მოუტანს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. და საერთოდ, ვერანაირი დიპლომატია საქართველოს პრობლემებს ვერ გადაჭრის, რადგანაც ჩვენი განვითარების გასაღები მხოლოდ და მხოლოდ კანონიერების აღდგენაშია! რაც მალე მიხვდება ამას ქართული საზოგადოება, მით უფრო დროულად გვეშველება, თუმცა ალბათ მხოლოდ ქართულ საზოგადოებაზე არ არის დამოკიდებული და მნიშვნელოვანწილად თანამედროვე მსოფლიო პროცესებიდან გამომდინარე უფროა, ასე მგონია…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here