Home რუბრიკები პოლიტიკა ამერიკელი კონგრესმენები ქართული სამართლიანობის წინააღმდეგ

ამერიკელი კონგრესმენები ქართული სამართლიანობის წინააღმდეგ

651

ამდენი მძიმე მარცხის შემდეგ «ნაციონალურმა მოძრაობამ» ტაქტიკურ წარმატებას მიაღწია. კონგრესის ვებსაიტზე გამოქვეყნებულმა ტექსტმა, რომელიც სააკაშვილის ჯგუფისთვის სასურველ ფორმულირებებს შეიცავდა, მძიმე დეპრესიაში ჩავრდნილ «ნაციონალებს», თუნდაც მცირე დროით, სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა და კიდევ ერთხელ დააფიქრა მარადიულ თემაზე «იქნებ ყველაფერი დაკარგული არაა?». რა შედეგს მიაღწია ამ ეპიზოდში ყოფილმა მმართველმა პარტიამ? რა უნდათ ჩვენგან ამერიკელ კონგრესმენებს?

კონგრესი, პროგრესი და რეგრესი

უპირველეს ყოვლისა, ორიოდე სიტყვა, ალბათ, განხილული დოკუმენტის სტატუსზე უნდა ვთქვათ. ის არ ასახავს კონგრესის და მითუმეტეს თეთრი სახლის ოფიციალურ პოზიციას; ჩვენ ვსაუბრობთ ჩანაწერზე, რომელიც კანონპროექტში წარმომადგენელთა პალატამ შეიტანა. კანონის ტექსტში ეს სკანდალური პასაჟი მხოლოდ შეთანხმებადამტკიცების რამდენიმეთვიანი პროცედურის შემდეგ მოხვდება (ან არ მოხვდება). ჯერჯერობით კი ეს მხოლოდ სიგნალია, რომელიც ორ გარემოებაზე მიუთითებს: ) საგარეო საქმეთა სამინისტრო და ის ცალკეული პირები, რომელთაც ბიძინა ივანიშვილმა დაავალა, აუხსნან და განუმარტონ ამერიკულ ისტებლიშმენტს, თუ რა ხდება საქართველოში და იმუშაონ ლობისტებთან, მათზე დაკისრებულ მოვალეობას ძალიან ცუდად ასრულებენ; ) ამერიკელი პოლიტიკოსების ნაწილი მზადაა, საქართველოსთან ურთიერთობაში ორმაგი სტანდარტები გამოიყენოს. პრინციპში, არც ერთი, არც მეორე საიდუმლოს ამ ეპიზოდამდეც არ წარმოადგენდა.

იმ მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომელიც ამ ჩანაწერს საქართველოში მიენიჭა, ალბათ, აჯობებს, ის სრულად მოვიყვანოთ:

1. საქართველო უაღრესად ღირებული მოკავშირეა აშშ-ისთვის; საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა ორ ქვეყანას შორის საერთო ინტერესებისადმი ერთგულება, მათ შორის ავღანეთში, აისაფისა და ერაყში მულტინაციონალური ძალების მისიაში ქართული სამხედროების მონაწილეობით;

2. 2012 წლის ოქტომბერში, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება საქართველოს მთავარი მიღწევაა თავისუფალი საზოგადოებისა და სრული დემოკრატიისკენ სვლის კუთხით;

3. თუმცა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არჩეული საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ამჟამინდელი ოპოზიციის წევრების მიმართ გატარებული ზომები, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებული იყო;

4. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების 100-მდე წევრი გასამართლდა დანაშაულებრივი ქმედებებისთვის;

5. მსგავსი ბრალდება წაუყენეს ოპოზიციის წევრებსაც, მათ შორის ვანო მერაბიშვილს _ «ნაციონალური მოძრაობის» გენერალურ მდივანს;

6. ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან ამან, შესაძლოა, გავლენა იქონიოს თავისუფალ პოლიტიკურ არჩევანზე 2013 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე;

7. საქართველოს მთავრობამ არასაკმარისი ნაბიჯები გადადგა «ნაციონალური მოძრაობის» წევრების წინააღმდეგ გამოვლენილი ძალადობის აღსაკვეთად და დამნაშავეთა დასასჯელად;

8. ეს ქმედებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს მთავრობის წინასვლას თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების შექმნის კუთხით, სადაც ძირითადი თავისუფლება, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის თავისუფლება, გარანტირებული უნდა იყოს.

ბ) 1. აშშ ერთგული რჩება, დაეხმაროს ქართველ ხალხს თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების შექმნაში;

2. საქართველოს მთავრობის მიერ ყოფილი მაღალჩინოსნებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გატარებულმა ზომებმა, რომლებიც ნაწილობრივ პოლიტიკურად მოტივირებულია, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ნეგატიური დარტყმა მიაყენოს აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობას, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხებში მყარი ურთიერთობის დამყარების მცდელობაში, ისევე, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის წინსვლას;

3. აშშ-ის პოზიცია ერთმნიშვნელოვანი უნდა იყოს, როდესაც მის საკვანძო მოკავშირე ქვეყანაში პოლიტიკურ პარტიებს შორის ძალაუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაბარების შემდეგ დემოკრატია რეგრესს განიცდის;

4. ამერიკელი ხალხი და კონგრესის წევრები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ავღანეთში 2013 წლის 6 ივნისს დაღუპული შვიდი სამხედროს გამო, ასევე 2013 წლის 13 მაისს დაღუპული სამი ქართველი სამხედროს გამო (ციტატის დასასრული).

ამ ტექსტის კრიტიკა საქართველოში, როგორც წესი, შეიცავდა შემდეგ თეზისებს (და მოწოდებას კონგრესმენების მიმართ _ ცივი წყალი დალიონ):

_ სად იყვნენ ამერიკელი კანონმდებლები მაშინ, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი ადამიანებს ხოცავდა და აწამებდა?

_ საქართველოს კანონმდებლობა, ისევე, როგორც კანონის უზენაესობის პრინციპი, არ ითვალისწინებს რაიმე შეღავათებს ან იმუნიტეტს ყოფილი ჩინოვნიკებისთვის ან «ნაცმოძრაობის» წევრებისთვის;

_ ბრალდებებს ოპოზიციის დევნის შესახებ ფასი მხოლოდ დაკონკრეტების შემთხვევაში აქვს (სად, როდის, რა ფორმით, კანონის რა ნორმასთან მიმართებაში დაირღვა მათი უფლებები).

საინტერესო ნიუანსი: თუ «ვაშინგტონ პოსტის» 1 ივნისის სარედაქციო საბჭოს წერილში, რომელსაც საქართველოში ასევე დიდი რეზონანსი მოჰყვა, ნაწილობრივ მაინც დადასტურებული იყო ძველი რეჟიმის წარმომადგენელთა შესაძლო ბრალეულობა და იქვე ფიქსირდებოდა მოწოდება, რომ არჩევნებში მარცხის აღიარებისთვის მათ ის ეპატიოთ, განხილული ტექსტის წაკითხვის შემდეგ შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ მერაბიშვილს და სხვა ყოფილ ჩინოვნიკებს მხოლოდ იმისთვის იჭერენ, რომ ისინი ოპოზიციაში არიან.

ძველი ამერიკული თამაში

ყოველივე ამაში ახალი არაფერია; XX საუკუნის მეორე ნახევარში ლათინური ამერიკის (და აფრიკის) ქვეყნებში არაერთგზის გამოიყენეს შემდეგი მიდგომა: ძველი რეჟიმის წარმომადგენელთა პატიება ქვეყანაში სტაბილურობის და ეროვნული ერთიანობის შენარჩუნების სანაცვლოდ, «სამართლიანობის აღდგენისა და შერიგების კომისიების» შექმნით და «წარსულის წარსულში დატოვების» პროპაგანდით. ეს პრაგმატული მიდგომაა, რომელმაც არაერთი ქვეყანა სერიოზული რყვებისგან დაიცვა, მაგრამ ის პრინციპულად არაევროპული და, საბოლოო ჯამში, ანტიდემოკრატიულია. იქ, სადაც თუნდაც ერთი დანაშული დაუსჯელი რჩება, ხოლო ამა თუ იმ პირის სტატუსი წარსულში ან აწმყოში მას, თუნდაც ერთი მილიმეტრით, კანონზე მაღლა აყენებს, იქ არც ევროპაა და არც დემოკრატია. ხოლო თუ ვინმეს ვაშინგტონში ჰგონია, რომ საქართველო «ცივი ომის» დროინდელი» ჰონდურასია, ნიკარაგუა ან სალვადორი, ეს, უპირველეს ყოვლისა, მათი პრობლემაა და არა ჩვენი.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ დემოკრატიას და სამართლიანობას წამით გვერდზე გადავდებთ (რაც არ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ მაინც), ვნახავთ, რომ მსგავსი, ერთი შეხედვით, «პრაგმატული გადაწყვეტილება» ხელს სტაბილურობას კი არა, ტოტალურ დესტაბილიზაციას შეუწყობს. თუ ახალი მთავრობა თავს დაანებებს სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულის გამოძიებას, უკმაყოფილება საზოგადოებაში ნამდვილი აფეთქებით დაგვირგვინდება.

სიტუაციის არსის გამოკვეთაში შეიძლება ერთი უცნაური მაგალითი დაგვეხმაროს. არის ამერიკაში ასეთი თამაში: ორი მთვრალი ახალგაზრდა ჯდება სხვადასხვა მანქანაში და დიდი სიჩქარით ერთმანეთის საპირისპიროდ მოძრაობას იწყებს. ის, ვინც შეჯახებას შეუშინდება და გადაუხვევს, წაგებულია. კაცმა რომ თქვას, ამ მოდელის გათვალისწინების გარეშე, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გაშიფრვა შეუძლებელია. ეს ფსიქოლოგიური თამაშია; ისინი აკეთებენ ყველაფერს, რათა მოწინააღმდეგე დაარწმუნონ, რომ არ გადაუხვევენ (ფრიად ოსტატურად; ბადალი ნამდვილად არ ჰყავთ). მაგრამ, თუ იგრძნობენ, რომ ოპონენტს არ ეშინია და სავარაუდო შეჯახების წერტილისკენ სუპერმენის შემართებით მიექანება, თმობენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სატრანსპორტო საშუალება ტანკი «აბრამსია», ხოლო მოწინააღმდეგის _ ძველი «ფოლქსვაგენ-ხოჭო». ქართველი პოლიტიკოსები ორ ნაწილად იყოფიან: უდიდეს ნაწილს ეშინია და ფიქრობს, რომ ამერიკელები არ დათმობენ და «აბრამსი» «ხოჭოს» გადაუვლის. მცირე ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ შეჯახება, 99%-იანი ალბათობით, არ მოხდება და ძია სემი, ნებისმიერ შემთვევაში, სავსებით პრაგმატულად, გადაუხვევს, რადგან პრიზი (სააკაშვილის ჯგუფის ხელშეუხებლობა, ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილის გადამტერების ხარჯზე) მეტად საეჭვოა და არასაკმარისია იმისთვის, რომ ის არსებითად არარაციონალურ შეჯახებაზე წავიდეს, იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილის მთავრობა სიმტკიცეს და კანონის უზენაესობის ერთგულებას გამოავლენს.

რას იზამენ? დაბლოკავენ საქართველოს გაწევრიანებას ნატოში, რომელიც ისედაც დაბლოკილია ევროპელი მოკავშირეებისა და კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილი სიტუაციის მიერ? არ მოგვყიდიან (უსასყიდლო გადმოცემაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია) თუნდაც ვიეტნამის ომის დროინდელ საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებს, რის გაკეთებას ისედაც არ აპირებენ, რათა რუსეთთან ურთიერთობა არ გაიფუჭონ? შეწყვეტენ იმ ქართული ნაწილების წვრთნასა და აღჭურვას, რომლებიც ავღანეთში სჭირდებათ? თუ 82-ე დივიზიას გადმოსხამენ და სააკაშვილის რეჟიმს აღადგენენ, რადგან შიდაქართული რესურსებით ამის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია? არც ისე იოლია, დააზარალო ქვეყანა, რომელსაც დასაკარგი, პრაქტიკულად, არაფერი აქვს და რომელიც, ამასთანავე, პრობლემურ გეოპოლიტიკურ ზონაში  მდებარეობს. ეს არ არის კარიბის ზღვის რეგიონი და ამერიკელებმა აქ მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებით შედარებით ფრთხილად უნდა იმოქმედონ.

ამერიკელ (და ევროპელ) პარტნიორებს ნამდვილად შეუძლიათ სასარგებლო როლის შესრულება _ მაღალჩინოსანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი და ხმაურის ატეხვა, იმ შემთხვევაში, თუ მათი უფლებები რაიმე ფორმით დაირღვევა. მაგრამ უცხო ქვეყნების რაიმე სხვა ტიპის მოქმედება შექმნილ სიტუაციაში აპრიორი უნდა განიხილებოდეს, როგორც საქართველოს სუვერენიტეტის უგულებელყოფის მცდელობა და უხეში ჩარევა მის საქმეებში.

ჩამოვყალიბდეთ, ძია სემ!

სააკაშვილის მმართველობის წლებში საზოგადოების ნაწილი, სამწუხაროდ, შეეგუა იმ აზრს, რომ საქართველოს ბედი ვაშინგტონში წყდება და ნებისმიერი სტატია ამერიკულ მედიაში, ლობისტების მიერ დამუშავებული კონგრესმენის კომენტარი ან თუნდაც ტექსტი, რომელსაც დღეს ვიხილავთ, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოს მთელი კანონმდებლობა და დემოკრატიის ფუნდამეტური პრინციპები. ეს «ჩვენი ძაღლიშვილების» ეპოქისთვის დამახასიათებელი მიდგომა დამკვიდრდა როგორც მოსახლეობაში, ისე პოლიტიკურ ელიტაში და მისი ამოძირკვის გარეშე, ოცნება თუნდაც მეტნაკლებად დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნაზე ამაოა.

ყოველივე მომხდარი, კრემლისთვის, ალბათ, სასიამოვნო სიურპრიზს წარმოადგენდა. ამ დოკუმენტმა საქართველოში ანტიამერიკული ემოციების მორიგი ამოფრქვევა გამოიწვია, ამასთანავე, წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტში დაფიქსირდა კავშირი სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენელთა დასჯა-არდასჯასა და ნატოში ინტეგრაციას შორის («ბ» ნაწილის მეორე პუნქტში, «საერთაშორისო ორგანიზაციებს» შორის აშკარად ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც იგულისხმება). ამ თემის შემდგომი ექსპლუატაცია სააკაშვილის ჯგუფის და მისი ლობისტების მიერ და მისი ასახვა უფრო სერიოზულ დოკუმენტებში ცალსახად გააღვივებს ნატოს საწინააღმდეგო განწყობებებს საქართველოში და შექმნის დამატებით მიზეზს იმისთვის, რომ ალიანსმა საქართველოს ყბადაღებული «კარი» არ გაუღოს (ცხადია, რეალურად დაბრკოლებას სხვა ფაქტორები განაპირობებს, რომელთაც ზემოთ შევეხეთ, თუმცა ამ შემთხვევაში მნიშვნელობა თითოეულ ნიუანსს აქვს). მოსკოვი ამ კამპანიის წარმოებაში, რომელიც მისთვის სასურველ კალაპოტში მიედინება, არც ერთ რუბლს არ ხარჯავს, რადგან მიხეილ სააკაშვილი ყველაფერს საკუთარი ხელით აკეთებს. ის არ არის ლიდერი, რომელიც იტყვის: «ოღონდაც ნატოში მიგვიღეთ და ციხეში ჩემი ფეხით მივალ». მის შიშს ძალიან დიდი თვალები აქვს და ის, სავარაუდოდ, გააკეთებს ყველაფერს, რათა მას არათუ გასამართლების, არამედ დაკითხვის საფრთხეც კი არ დაემუქროს. თუ ვინმე დაარწმუნებს მას, რომ ამისთვის საჭიროა ნატოს საწინააღმდეგო აგიტაცია აწარმოოს, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ორიოდე საათში ამერიკის საელჩოსთან შესაბამისი დროშების დაწვას არ დაიწყებს.

როგორც უკვე ვთქვით, განხილული ტექსტი ობამას ადმინისტრაციის ოფიციალურ პოზიციას არ ასახავს. შექმნილ სიტუაციაში, ალბათ, მის საბოლოო ჩამოყალიბებას უნდა დაველოდოთ და დასკვნები აშშ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებზე მხოლოდ მასზე დაყრდნობით გავაკეთოთ. ასე რომ, გისმენთ, ძია სემ, შენ პირდაპირ ეთერში ხარ…

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here