Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილი შეიძლება გადადგეს, ანუ ბოლო საკონსტიტუციო ნაღმი

სააკაშვილი შეიძლება გადადგეს, ანუ ბოლო საკონსტიტუციო ნაღმი

586

საქართველოში ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ მიხეილ სააკაშვილს აღარ დარჩა არანაირი ბერკეტი იმისთვის, რომ პოლიტიკურ სიტუაციაზე სერიოზული გავლენა მოახდინოს და, მარტივად რომ ვთქვათ, ქვეყანაში სიტუაცია არიოს. თუმცა არის ერთი, კონსტიტუციაში ჩადებული ნაღმი, რომლის აფეთქება მას ჯერ კიდევ შეუძლია.

იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი ვადის დასრულებამდე გადადგება და დაინიშნება რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები, ტექნიკური ხასიათის იურიდიული მიზეზების გამო, მთელი რიგი საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში ვერ შევა და მომდევნო 5 წლის განმავლობაში ცხოვრება ისევ სუპერსაპრეზიდენტო მოდელის პირობებში მოგვიწევს. ცხადია, სააკაშვილი არ გააკეთებს ამას მხოლოდ იმისთვის, რომ «რაღაც გააფუჭოს», მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ეს ვარიანტი მის ჯგუფს პოზიციების გაძლიერების შესაძლებლობას მისცემს, გამორიცხული არაა, ეს გადაწყვეტილება მიიღოს.

14 ივნისს ტელეკომპანია «იმედმა» განხილულ თემას საინტერესო სიუჟეტი მიუძღვნა; მასში გაშიფრულია ის ალგორითმი, რომლის გამოყენება სააკაშვილმა შეიძლება სცადოს.

საქმე ისაა, რომ მთელ რიგ მუხლებს, რომელიც ოქტომბერში ძალაში უნდა შევიდეს, რის შედეგადაც გაიზრდება პრემიერის და შემცირდება პრეზიდენტის უფლებები, შემდეგი მინაწერი აქვს: «ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან». შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ოქტომბერში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები არ გაიმართება, ეს ცვლილებები ძალაში ვერ შევა. ოქტომბერში არჩევნების არგამართვის ერთადერთი შესაძლებლობა სააკაშვილის ვადამდელი გადადგომაა, რადგან ამ შემთხვევაში, კონსტიტუციის 76-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, «პრეზიდენტის არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის დროიდან 45 დღის ვადაში და მათ ჩატარებას უზრუნველყოფს პარლამენტი». თუ სააკაშვილი (მაგალითად) დღეს საღამოს გადადგება, საქართველოში ჩატარდება არა «ოქტომბრის მორიგი», არამედ «აგვისტოს რიგგარეშე» საპრეზიდენტო არჩევნები, საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში ვერასოდეს შევა და ყველაფერი ძველებურად დარჩება იმ მომენტამდე, ვიდრე პარლამენტი კონსტიტუციაში ახალ ცვლილებებს შეიტანს.

ზოგმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ამ ტექნიკური ხარვეზის გამოყენებას აზრი არ აქვს, რადგან ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს უმრავლესობას პარლამენტში და, შესაბამისად, სიტუაციის უპრობლემო გამოსწორება შეუძლია, ხოლო «ნაციონალების» კანდიდატს არანაირი შანსი არ აქვს, არჩევნებში «ქართული ოცნების» ფავორიტი დაამარცხოს (მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მარგველაშვილი არც ისე ძლიერი კანდიდატია). რეიტინგებიდან და, ზოგადად, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, «ნაციონალების» გამარჯვებაზე საუბარი მართლაც არასერიოზულია, თუმცა ვერ გამოვრიცხავთ, რომ ისინი სიტუაციას სხვაგვარად აფასებენ. ამასთანავე, მათ შეუძლიათ შესთავაზონ ფარული ალიანსი სხვა კანდიდატს, რომელიც ფორმალურად მათგან დამოუკიდებელი იქნება და ეს გაცილებით დიდი საფრთხის შემცველი ვარიანტია.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ეს არ არის აბსტრაქტული მსჯელობა საკანონმდებლო ხარვეზის შესაძლო გამოყენებაზე და ერთგვარი რებუსი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, არამედ კონკრეტული სცენარია, რომელზეც, დაუზუსტებელი ინფორმაციით (პრინციპში, თავისუფლად შეგვეძლო ეს ფორმულირება არ გამოგვეყენებინა, თუმცა ასე უფრო კორექტულია), აქტიურად მსჯელობენ ერთერთ სახელისუფლო სტრუქტურაში, რომელიც ახალი მთავრობის კონტროლს ჯერჯერობით არ ექვემდებარება.

აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ «ნაციონალური მოძრაობის» ხელმძღვანელი რგოლი არასოდეს ჰგავდა შლიფენის დროინდელ გენერალურ შტაბს, სადაც სამოქმედო გეგმებს ცივ ლოგიკასა და ზუსტ ციფრებზე დაყრდნობით ადგენდნენ. მათ თავისუფლად შეიძლება მიიღონ არაადეკვატური გადაწყვეტილება, მითუმეტეს დღეს, როდესაც ეშინიათ, რომ მერაბიშვილის ბედს გაიზიარებენ. მათ ნამდვილად შეიძლება მოეჩვენოთ, რომ ეს მათი ბოლო შანსია.

თუ კიდევ ერთ «გერმანულ მეტაფორას» გამოვიყენებთ, შეგვიძლია  გავიხსენოთ 1945 წლის აპრილის სიტუაცია, როდესაც მესამე რაიხის პოლიტიკური ხელმძღვანელობა სრული სერიოზულობით სთავაზობდა დასავლელ მოკავშირებს სეპარატულ ზავს და ალიანსს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ანგლოამერიკელებმა მათ წინადადებას, მარტივად რომ ვთქვათ, ყურადღება არ მიაქციეს, რადგან ის აბსოლუტურად უადგილო იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნაცისტები არ უყურებდნენ მას, როგორც რაღაც რეალისტურს და ხელჩასაჭიდს; მემუარებიდან კარგად ჩანს, რომ ისინი ამ ვარიანტზე საათობით მსჯელობდნენ. ასე რომ, ყოველთვის, როდესაც ამა თუ იმ სცენარზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რა პოლიტიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებიან მისი ავტორები, რადგან ისინი სიტუაციას შეიძლება «პარალელური რეალობიდან» აფასებდნენ.

რომელ კანდიდატს განიხილავენ «ნაციონალები» პოტენციურ მოკავშირედ? ცხადია, ნინო ბურჯანაძე ან სალომე ზურაბიშვილი მათთვის სასურველ პარტნიორებად ვერ ჩაითვლებიან. ამ ორი პოლიტიკოსისთვის ალიანსი «ნაციონალებთან», პრინციპში, იგივეა, რაც ალიანსი ეშმაკთან, ისინი გაცილებით სკეპტიკურად უყურებენ კოაბიტაციას, ვიდრე იგივე ივანიშვილი და რომელიმე მათგანის გაპრეზიდენტება სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს, სავარაუდოდ, კარგს არაფერს მოუტანს. ამასთანავე, ამ ორი კანდიდატის გამარჯვების შანსი შედარებით მცირეა (ამას მეორე ტურში გასვლა და მთელი რიგი გარემოებების თანხვედრა სჭირდება). 

პრინციპში, ერთადერთი, მეტ-ნაკლებად რეალისტური ვარიანტი, რომლის ფარგლებში შეიძლება გაიმარჯვოს არა მარგველაშვილმა, არამედ სხვა კანდიდატმა, გულისხმობს დაპირისპირებას მმართველ კოალიციაში და ივანიშვილის ერთ-ერთი თანამებრძოლის მიერ საკუთარი კანდიდატურის დაყენებას. ერთადერთი ლიდერი კოალიციაში, რომელიც ღიად ემხრობა საპრეზიდენტო მოდელს და რომლის (საჯაროდ გამოხატული) ამბიცია პრეზიდენტობასთან დაკავშირებით დაუკმაყოფილებელი დარჩა, ირაკლი ალასანიაა.

უღირს თუ არა მას ავანტურაში ჩაბმა? ერთი შეხედვით, არანაირად არ უღირს, თუმცა ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, შეძლებს თუ არა ის საკუთარი ამბიციების მოთოკვას და რას ურჩევენ მას ამერიკელი მეგობრები, რომელთაც ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით უსმენს.

შესაძლოა, გეგმის ავტორებს კიდევ ორი ფაქტორის იმედი აქვთ და მიიჩნევენ, რომ გადამწყვეტ მომენტში ივანიშვილს პარლამენტში რესპუბლიკელები აუჯანყდებიან, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც ივანიშვილი შეიძლება დაეყრდნოს პროცესების გამწვავების შემთხვევაში, რეფორმირების ტრანზიტულ მდგომარეობაში იქნება (გაყოფა ორ ნაწილად; იხ. შესაბამისი კანონპროექტი), რომლის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის კონტროლქვეშ მხოლოდ პატრული, კრიმპოლი და რამდენიმე სხვა, ამ კონტექსტში უმნიშვნელო, დეპარტამენტი დარჩება, ხოლო ის დანაყოფები, რომლებიც გაცილებით ეფექტურია პოლიტიკური გავლენის პროეცირებისთვის, სხვა მინისტრს დაექვემდებარება, რომელიც ივანიშვილისგან გაცილებით დისტანცირებული იქნება (ამ შემთხვევაში დაკონკრეტებისგან თავი შევიკავოთ; მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე აქტიური საუბრები მიდის, მისი განხილვა კონკრეტული ფაქტების გარეშე ჭორაობას დაემსგავსება). 

აღსანიშნავია, რომ განხილული ჰიპოთეტური გეგმის ჩავარდნა «ნაციონალებისთვის» არანაირ განსაკუთრებულ უსიამოვნებას არ უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს იქნება არჩევნების შედეგების გადათამაშების, ბიძინა ივანიშვილისთვის ხელისუფლების ჩამორთმევის და, ფაქტობრივად, გადატრიალების მცდელობა, ფორმალურად ყველაფერი ლეგალურია და სააკაშვილს ვადამდელი გადადგომისთვის და ამ მექანიზმის ამოქმედებისთვის ვერავინ დასჯის. აგრეთვე, «ნაციონალებს» არ ემუქრებათ არანაირი სანქციები ფარული ალიანსისთვის პრეზიდენტობის რომელიმე კანდიდატთან და მის სასარგებლოდ თავისი პოლიტიკური, ფინანსური და მედიარესურსების გამოყენებისთვის; ისინი განსაკუთრებულს არაფერს დაკარგავენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი ფავორიტი დამარცხდება. ასე რომ, ნუ გამოვრიცხავთ იმის შესაძლებლობას, რომ უახლოეს მომავალში სააკაშვილი გამოვა და იტყვის (მიზეზს იოლად მოძებნის): «ამის ატანა შეუძლებელია. მე თანამდებობას ვტოვებ» და მისი ჯგუფი შეეცდება, ბოლო შანსი გამოიყენოს.

მაგრამ ირაკლი ალასანიას ამ სცენარის ფარგლებში ვა-ბანკზე წასვლას ბიძინა ივანიშვილი და «ოცნების» ამომრჩეველთა დიდი ნაწილი არასოდეს აპატიებს. გასაგებია, რომ გაპრეზიდენტების პერსპექტივამ (ფაქტობრივად შეუზღუდავი უფლებებით, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში არ შევა) ადამიანი შეიძლება ჭკუიდან გადაიყვანოს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, ალასანიამ ეს ნაბიჯი გადადგას. მიუხედავად იმისა, რომ არაერთ მოქალაქეს მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა, ალბათ, უნდა ვაღიაროთ, რომ ნამდვილად არ არის კლინიკური იდიოტი, რომელიც დაუფიქრებლად ჩაებმევა პოლიტიკურ ავანტურაში ამოუცნობი შედეგით და გადამწყვეტ მომენტში კეთილგონიერ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, შეეცდებიან თუ არა «ნაციონალები» განხილული გეგმის განხორციელებას და აჰყვებიან თუ არა მათ სხვა პოლიტიკოსები ამ, პრინციპში, უიმედო წამოწყებაში, მაგრამ საუბარი ამ თემაზე, ნებისმიერ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ მიგვიყვანს შემდეგ დასკვნამდე: კონსტიტუცია გაცილებით დახვეწილი უნდა იყოს და დანაღმულ ველს არ უნდა ჰგავდეს. საკონსტიტუციო რეფორმას, რაოდენ პათეტიკურადაც უნდა გაიჟღეროს, სჭირდება მეტი გამჭვირვალობა და მეტი საჯაროობა. ის არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც ერთი კომისიის ან მხოლოდ პოლიტიკოსების საქმე; ჩვენ უკვე ვნახეთ, რა შეიძლება დამართონ პოლიტიკოსებმა ძირითად კანონს, თუ მათ საზოგადოება მუდმივად არ გააკონტროლებს. მივბაძოთ ისლანდიას _ იქაური კონსტიტუცია, გადაჭარბების გარეშე, მთელმა ერმა ონლაინ-რეჟიმში დაწერა და იყო შემთხვევები, როდესაც უბრალო მეთევზეებმა განსწავლულ იურისტებზე გაცილებით კარგი ფორმულირებები შეიმუშავეს. 

კაცმა რომ თქვას, ყველა ის უსიამოვნება, რომელიც იანვრიდან მოყოლებული საქართველოში მოხდა, მნიშვნელოვანწილად საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის უგულებელყოფის შედეგს წარმოადგენს, რომლის პირველ პუნქტში ცალსახად ნათქვამია: «საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა… 5 წლის ვადით». გარკვეული გარემოებების, უპირველესად კი, უცხოელი პარტნიორების პოზიციის გამო, «ქართული ოცნება» სააკაშვილის თანამდებობაზე ყოფნის ვადის ხელოვნურ და არსებითად ანტიკონსტიტუციურ გახანგრძლივებას დათანხმდა. განვლილი 6 თვე კი წარმოადგენდა ერთგვარ ილუსტრაციას იმისა, რომ კონსტიტუციის დარღვევა უკვალოდ ნებისმიერ შემთხვევაში ვერ ჩაივლის და ნეგატიური შედეგი მას აუცილებლად მოჰყვება. იმედია, ეს პერიოდი ფატალური რყევებითა და ძირითადი კანონის მორიგი გაუპატიურებით არ დაგვირგვინდება. იქნებ ერთხელ და სამუდამოდ შევთანხმდეთ იმაზე, რომ არაც ერთ საშინაო თუ საგარეო პოლიტიკურ ფაქტორს კონსტიტუციაზე მაღლა არასოდეს დავაყენებთ.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here