Home რუბრიკები პოლიტიკა იცი წერა-კითხვა? წადი ციხეში!

იცი წერა-კითხვა? წადი ციხეში!

776

ციხეში პატიმართა წამების, გაუპატიურების, ადამიანური ღირსების ფეხქვეშ გათელვის ტელეკადრების ნახვის შემდეგ თითქოს ვეღარაფერი შეგვაძრწუნებდა. ეგრე არ ყოფილა, ბატონო თაყა

სრულიად უწყინარ პუბლიკაციაში, რომელიც ახლახან გაავრცელა ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ და რომელშიც მოთხრობილი იყო «სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 6 თვის ანგარიშის პრეზენტაციის გამართვის» (ასეა დედანში!) შესახებ სასტუმრო «რადისონში», ვკითხულობთ:

«სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ასევე მოხდება თანამშრომლებისთვის ტესტირების ჩატარება. მისი თქმით, სისტემაში რჩებიან ისეთი ადამიანები, რომელთაც წერაკითხვა უჭირთ.

მათთვის ჩატარდება ტესტირება და ამის შემდეგ გამოცხადდება ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი, რის შედეგადაც ციხის ყოფილი თანამშრომლები ჩანაცვლდებიან ახალი თანამშრომლებით».

ნუ დაიზარებთ, გადაიკითხეთ ეს აბზაცი და ყურადღება მიაქციეთ არა უწიგნურობის მსუბუქ გავლენას, რომელსაც ავტორი უეჭველად განიცდის, არამედ იმას, რომ ჩვენს ციხეებში თანამდებობებზე ჯერ კიდევ მუშაობენ თანამშრომლები, რომელთაც წერა-კითხვა უჭირთ!

თანამდებობებზე მუშაობენო შემორჩენილები.

წერა-კითხვა კი უჭირდათ, მაგრამ _ არა უფროსების ბრძანების შესრულება, რითაც ეს «უდანაშაულო-დამნაშავენი» ციხეებში არაადამიანური რეჟიმის დამკვიდრებას უწყობდნენ ხელს.

ვითომ არ უწყოდნენ, რას სჩადიოდნენ?!

ნეტარ არიან!

«თანამდებობებზე» მყოფ «თანამშრომლებს» წერა კი უჭირდათ, მაგრამ უფროსების თვალებში შეუცდომლად კითხულობდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ და როგორ უნდა ემოქმედათ.

წლების განმავლობაში.

და ამას ერქვა ციხის რეჟიმის გააადამიანურებასანამ მაიმუნი ხელში ქვას აიღებდა ქოქოსის პალმის ნაყოფის გასატეხად.

აი, ამით, ჯერ არნახული, მაგრამ უკვე ევროპაზე ორიენტირებული სასჯელაღსრულების სისტემის ყბადაღებული რეფორმით ტრაბახობდა მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი.

ამისთვის ვიყავით განწირული ყველანი, რადგან, ჯერ ერთი, ვალისგან და ციხისგან დაზღვეული არავინაა და, მეორე, საპყრობილეებში მოთავსებული კონტინგენტი ისეთი გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა, რომ სულ მალე საქართველოს მოქალაქეთა რესურსი ამოიწურებოდა და სააკაშვილის ძალოვანი სტრუქტურები გადავიდოდნენ თუნდაც ცენტრალური აზიის ქვეყნების მოსახლეობის დაპატიმრებაზე, რომელთა წარმომადგენლები ამ მიმართულებით ნაციონალ-ბოლშევიკების მთავრობის გამოცდილების გასაზიარებლად თბილისში ჩამოდიოდნენ.

შუა გზაზე ხომ არ გაჩერდებოდა რეფორმა?!

უნიკალურ შედეგს მივაღწიეთ: ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს უგანათლებულეს სახელმწიფოთა რიგში შედიოდა, რეფორმატორი უმწიფარიძეების ხელში ისე დაკნინდა, რომ სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომელთა ვაკანტურ ადგილებს წერა-კითხვის გაჭირვებით მცოდნე ადამიანებით ავსებდნენ.

რა თქმა უნდა, კონკურსის წესით: თუ პრეტენდენტები სამჯერ უშეცდომოდ დაწერდნენ «მიშა მაგარია»-ს, გაიმარჯვებდნენ და მათ წინაშე ფართოდ გაიღებოდა საპატიმროთა საპარადო კარი.

იოლია?

როგორ გეკადრებათ! განათლების ყოფილმა მინისტრმა, წლების განმავლობაში გაეროში ჩვენმა წარმომადგენელმა კახა ლომაიამ ერთხელაც ვერ შეძლო ერთადერთი სიტყვის «ბავშვის» უშეცდომოდ დაწერა _ «ბაშვი» გააბრწყინა სასკოლო დაფაზე.

«ისწავლეთ, გენაცვაო».

აი, ამ ლომაიას და მისი მიყოლებით დანარჩენი მინისტრების მოხნულ-განაყოფიერებულ განათლების ყანაში ჩაგდებულმა შხამიანმა თესლმა იხარა და უძაღლო ქვეყანაში ჩექმებიან კატებს დააწყებინეს ყეფა, რომელთაც წერა-კითხვის ცოდნა პეროს ზღაპარშიც არ მოეკითხებოდათ…

ჰოდა, ნუ გაიკვირვებთ, როცა თუნდაც ერთი ახალგაზრდა ნესტან-დარეჯანს შეყვარებულებად მოიხსენიებს, ხოლო შოთა რუსთაველი რას და როგორ წერდა, «რუსთველოლოგ» მიხეილ სააკაშვილის ინტერპრეტაციით გაიგებს და დაიჯერებს.

გამოხრა «ლომაიაშაშკინრანკოვიჩის» ხროვამ რაც რამ ღირებული გაგვაჩნდა: სკოლებში მანდატურების ტირანია დაამკვიდრეს, უმაღლესი განათლება ბენდუქიძეთევზაძეს ხვაშიადის «გასასწორებლად» ჩააბარეს, მეცნიერებათა აკადემია კლუბად აქციეს, კლუბები _ ბარდაკებად, ისტორიის მამამთავრობა მასხარაშვილს მიანდეს

მამათმავლობა _ თქვენც იცით…

და საქართველოში ისეთი სახედრები ანავარდეს, რომლებმაც არ იცოდნენ (არც უნდა სცოდნოდათ) განათლების ხურმა რა ხილია.

P.S. ამასობაში სააკაშვილი ვის არ აბრალებდა ვიდეორგოლის, რომლითაც საქართველოს ჯიჰადი გამოუცხადეს, სოციალურ ქსელებში ატვირთვას და სამების ტაძარში ლოყაზე ჩამოგორებულ კურცხალს ისე ოსტატურად უმიზნებდა ტელეკამერების ობიექტივებს, ვითომ ქართველი ჯარისკაცები მტრის სამიზნედ თავად არ ექციოს.

ხოლო «ნახევრადღია დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს, შესაძლოა, ულიმიტო ტელეფონით სარგებლობის უფლება მიეცეთ», იგეგმება «უვადო თავისუფლებააღკვეთილთათვის სპეციალური დაწესებულების მოწყობა, რომელიც 150 უვადო პატიმრობამისჯილზე იქნება გათვლილი».

ესეც საოცნებო პერსპექტივა წერაკითხვის მცოდნეთათვის!

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here