Home რუბრიკები პოლიტიკა დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი ნატოსთან დაკავშირებით

დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი ნატოსთან დაკავშირებით

657

ზოგიერთი ჩვენი «გამოცდილი» პოლიტიკოსის აზრით, საქართველოს ყოფნაარყოფნა თურმე ჩვენი ჯარის ავღანეთში ყოფნაზეა დამოკიდებული და რომ ამით უფრო ვუახლოვდებით ევროატლანტიკურ სტრუქტურას. «მსოფლიო რუკაზე უნდა დავიმკვიდროთ თავიო», _ ბრძანა მიხეილ სააკაშვილმა. მაპატიეთ, მაგრამ ზღაპრებია ეს ყველაფერი და, მგონი, კმარა უკვე _ ხალხს ნუ ვაყრით ნაცარს თვალში!

ჩვენ რას ვხედავთ? _ ვხედავთ იმას, რომ ჩვენი ბიჭები იღუპებიან ავღანეთში. ამ დროს თუ ჩვენი საზღვარი ვინმემ გადმოლახა, მეგობარი ქვეყნები შეშფოთება-აღშფოთებას გამოხატავენ. ეს ნამდვილად არათანაწონადი და არათანაზომადია. თავის დროზე სრულიად ახალგაზრდა უფლისწულ ერეკლეს მოუწია ნადირშაჰის მიერ მოწყობილ ავღანურ ექსპედიციაში მონაწილეობის მიღება. ცნობილია, რომ ერეკლემ ამ ოპერაციაში თავი გამოიჩინა. როგორ დაუფასდა მას ეს აქტიურობა? ნადირშაჰმა ის უხვად დააჯილდოვა და, რაც მთავარია, სარწმუნოების შეუცვლელად ქართლის მეფედ დაამტკიცა, ხოლო მამამისს _ თეიმურაზ I-ს კახეთის ტახტი უბოძა, რაც ქართლ-კახეთის გაერთიანებას ნიშნავდა. ახლა ეს ყველაფერი შევადაროთ ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას, რომელიც სასაცილოდ გამოიყურება მთელი ამ ისტორიის ფონზე. მე მგონი, საკმარისია კეკლუცობა და საჭიროა თქმა იმისა, რასაც არავინ ამბობს, რომ, თუ ჩვენი ქვეყანა იღებს მსხვერპლს, მაშინ ჩვენც თანაზომადი დახმარება უნდა მივიღოთ მეგობარი ქვეყნებისგან; და თუ ეკონომიკურ დახმარებაზე ჩამოგვიგდებენ ლაპარაკს, არც ეგ არის ძნელი სალაპარაკო. ჩვენი მეზობელი ქვეყანა, მაგალითად, აზერბაიჯანი აშშისგან 8-ჯერ მეტ დახმარებას იღებს. ამ დროს მისი ხელმძღვანელობა არც «ნატო, ნატოს» გაიძახის და არც ავღანეთში საბრძოლველად აგზავნის თავის ჯარისკაცებს. თუკი ჩვენთვის 6-7 მილიარდი აქვთ მოცემული, მათთვის _ 40-45 მილიარდი.

ასე რომ, საჭიროა სერიოზული დიპლომატიის წარმართვა და ლაპარაკი ამ ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან. ახლა გეკითხებით: ვართ კი თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა? მე თუ მკითხავთ, ნამდვილად არ ვართ. ჩემთვის პირადად სულერთია, ვინ დამიმონობს და ვისი კარნახით უნდა იცხოვროს საქართველომ; და საერთოდ, რომელ თავისუფლებაზეა ლაპარაკი, როცა ამოდენა ხარკის გადახდა გვიწევს და, თუკი ეს გარდაუვალია, მაშინ მაქსიმალური სარგებელი მაინც მიიღე, თუ ჭკუა და გონება გაგაჩნია. გასაგებია, რომ წინა ხელისუფლებისგან დაგვრჩა ეს მემკვიდრეობა, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ კი არ უნდა გააგრძელოს ის რიტორიკა, რომ, თუ ჩვენ ახლა დავაყენებთ საკითხს ჩვენი შენაერთების გამოყვანის თაობაზე, ნატო და ევროკავშირი უნდა დავივიწყოთ. ის მაინც აუხსნან ხალხს, რომ ეს ძველი მთავრობის მიერ დადებული ხელშეკრულებაა და დაიწყოს იმაზე ზრუნვა, თუ როგორ გამოვიყვანოთ ჩვენი შენაერთები.

ის კი არა, როგორც «მაესტროზე» ბრძანეს, თურმე უნდა შევეჩვიოთ ტერაქტებს ისრაელივით… რას ნიშნავს ეს? სულ გაგიჟდა ეს ხალხი? რას უნდა შევეჩვიოთ? ან რატომ, რისთვის რად გვიღირს, რომ შემდეგ რომელიმე დასავლეთის ქვეყანამ თავზე ხელი გადაგვისვას და გვითხრას _ თქვენ ნატოში აუცილებლად მიგიღებთო? შემდეგ კი მათი მორჩილების ქვეშ ვიცხოვროთ. ეს რა უბედურება გვჭირს, რას დავემსგავსეთ, ბოლოს და ბოლოს სახელმწიფო ვართ და თავმოყვარეობა გვაქვს თუ არა?! თუ მხოლოდ ტერიტორიაა ეს ქვეყანა და ხალხი _ საძოვრად მიშვებული ცხვარია?!

ვფიქრობ, ახალმა მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა ჩაატაროს რეფერენდუმი და ჰკითხოს ხალხს, ისევ თუ უნდათ ნატოში შესვლა და უნდა იყოს თუ არა ჩვენი ჯარის შენაერთები ავღანეთში. კაბინეტებში ჯდომა, იქედან ჭკუის დარიგება და ანალიზების კეთება ბევრად ადვილია… აბა, ერთი იმ ბიჭების ოჯახებს ჰკითხონ, უნდათ, თავიანთი ოჯახის წევრები ავღანეთში იღუპებოდნენ? ასე რომ, მე მგონი, საკმარისზე მეტი გავიღეთ; საერთოდ, იქნებ დადგა დრო, როცა ჩვენი ხელისუფლება მივა პოზიციამდე, რომ მსოფლიო გეოპოლიტიკურ ასპარეზზე არსებობენ სხვა მოთამაშეებიც, რომ საჭიროა სხვა ქვეყნებისკენაც მივაპყროთ  ყურადღება. აქ ერთმნიშვნელოვნად პრაგმატული დიპლომატიაა საჭირო და არა ლანძღვა-გინება, რაც წლების მანძილზე გვესმოდა მეზობელი რუსეთის მისამართით. უკვე 23 წელია, ასე ვცხოვრობთ და რაც მოგვიტანა ამან, ვხედავთ. ჩვენი წინაპრები, რომლებმაც განათლება მიიღეს რუსეთში, როცა უკან დაბრუნდნენ, უნივერსიტეტი დააარსეს და კულტურაში ოქროს ხანა დადგა. ჩვენმა თანამედროვე ახალგაზრდების უმეტესმა ნაწილმა კი, რომლებმაც აშშ-ში მიიღეს განათლება, ჩამოვიდნენ და ენჯეოები გახსნეს. დღეს ეს ე.წ. ორგანიზაციები ლგბტ უფლებებს იცავენ, ათას სისულელეს და სისაძაგლეს ქადაგებენ.

თუნდაც ის რად ღირს, რომ დღემდე პასუხი არ გაუცია ხელისუფლებას და საგარეო საქმეთა სამინისტროს «ქრონიკა+»-ში გამოქვეყნებულ წერილზე (ავტორი ირინე გოგოსაშვილი), ასევე «მაესტროს» ეთერში ბატონ დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ გაჟღერებულ თემაზე, რომ ჩვენთან იმართება ტერორისტების შეკრებები, რომელთაც ხელმძღვანელობდა გია ლორთქიფანიძე (შინაგან საქმეთა მინისტრის მაშინდელი მოადგილე), გადაადგილებას და საბუთებით უზრუნველყოფას კი _ საქართველოს ახლანდელი ელჩი ყატარში ეკატერინე მიქაძე. ამას ყველაფერს წერენ ამერიკელები, თანაც საკმაოდ გავლენიანი ექსპერტები, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო კი დუმს. ელჩი ისევ ელჩად მუშაობს, მართალია ქალბატონი მიქაძე დანიშნულია წინა ხელისუფლების მიერ, მაგრამ ეტყობა, ამ მთავრობაშიც ძლიერი ლობი და პატრონი ჰყავს, რადგან დღემდე არავინ ეკითხება არაფერს ამ უმძიმეს ბრალდებებზე. ჩვენ ვამბობთ, რომ ავღანეთში ტერორისტებს ვებრძვით, ეს ყველაფერი აბსოლუტურად გაუგებარია და განსაცვიფრებელი, პასუხსაც არავინ არავის სთხოვს, მთავრობა დუმს, მოკლედ, აბსურდის თეატრია. საერთოდ, არაბულ სამყაროზე და ვაჰაბიზმზე, ჯობს, სპეციალისტებმა ილაპარაკონ და არა ყველამ, ვინც კი ემირატებში სასეირნოდ არის ერთი-ორჯერ ნამყოფი. ვაჰაბიზმი რელიგიად აქვთ აღიარებული ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ყატარი, სადაც საელჩო გვაქვს და ასევე საუდის არაბეთში, სადაც საელჩო ახლა იხსნება.

აღარ არის ქართველი ხალხი იმის ღირსი, რომ სიმართლე გაიგოს? ამის შემდეგ გამოდიან და ისევ რუსეთის ლანძღვაგინებით იმართლებენ თავს, რათა თავისი უნიათობა დაფარონ. თურმე რუსეთი არის ჩვენი ნომერ პირველი მტერი, ამიტომ ყველაფერი რუსეთს უნდა დავაბრალოთ. ადრე ეს მუშაობდა, ახლა უკვე არავინ ტყუვდება, სირცხვილი და უნიჭობაა უკვე ასეთი პოლიტიკის წარმართვა.

ჩემი აზრით, საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც მთავრობა და საზოგადო მოღვაწეები ერთად დასხდებიან მრგვალ მაგიდასთან, რუსეთის წამომადგენლებთან პირისპირ და გაარკვევენ ურთიერთობას, შეთანხმდებიან თამაშის წესებზე. იქნებ არაფერს ისეთს არ ითხოვს რუსეთი, რაც ჩვენთვის მიუღებელია?

ამ მოლაპარაკებებში ყველა ადამიანის შესაძლებლობები უნდა იქნას გამოყენებული. არავისზე უარის თქმა არ შეიძლება, ვისაც კი ერთი აგურის დადება მაინც შეუძლია ამ ურთიერთობის აღდგენა-აშენებაში. ასეთია ჩემი მოკრძალებული აზრი, რადგან ვხედავ, რომ რუსეთთან ურთიერთობის დაულაგებლად (რასაც ამერიკელებიც გვირჩევენ) ჩვენს ქვეყანას მომავალი არ გააჩნია. ანქვაბიც კი არ ერიდება ევროპელებს და გაეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა: «თქვენ, ალბათ, გსმენიათ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა აფხაზეთის ტერიტორია უნდა დატოვონ. ჩვენ პატივს არ ვცემთ მათ საქმიანობას, დღეს სხვა დრო და სხვა წესებია». ყველამ კარგად ვიცით, ვისი იმედითაც ელაპარაკება ანქვაბი ევროპელებს ასეთი ტონით. ჩვენ კი რაღა დაგვემართა, როგორ, ყველას წითელი კვერცხი უნდა ვუგოროთ? მეზობელ ქვეყანასთან, რომელიც შენზე ბევრად დიდი და ძლიერია, კარგი და დალაგებული ურთიერთობა უნდა გქონდეს…

ვასილ ჭიჭინაძე

P.S. კარგი იქნებოდა, ამ და სხვა საკითხებზე (რომლებიც არ შეიძლება საგაზეთო წერილში მოხვდეს) ბატონ ბიძინა ივანიშვილთან პირადად მესაუბრამაგრამ ეს ჩემთვის იმდენად ხელმიუწვდომელია, რომ ფანტაზიის დონეს არ სცდება.

 

1 COMMENT

  1. ბატონო ვასილ,არა მგონია თქვენ არ იცოდეთ,რომ პოლიტიკურმა გაერთიანება ” მძლეველმა”-ახლანდელმა ”ახალმა სიტყვამ”უკვე მესამედ შეაგროვა და აგრძელებს ამომრჩეველთა ხელმოწერებს ნეიტრალიტეტის და სისტემის შეცვლის მოთხოვნით და რაღა რეფერენდუმი გინდათ კიდევ?თუ ხელისუფლების მსგსვსად არც თქვენ სცნობთ მილიონამდე ხელმოწერებს?.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here