Home რუბრიკები საზოგადოება საგარეო საქმეთა მინისტრმა საშინაო ნაღმს დააბიჯა

საგარეო საქმეთა მინისტრმა საშინაო ნაღმს დააბიჯა

932

«საქართველო და მსოფლიოს» წინა ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ცნობილმა პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ მკაცრად გააკრიტიკა საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მისი როყიოდ წამოსროლილი ფრაზის გამო: «სტალინი არანაკლებ დამნაშავეა, ვიდრე ჰიტლერი». «მან არამხოლოდ ისტორიის და ადამიანური მორალის საკითხებში სრული უმეცრება გამოავლინა, არამედ საკუთარ ხალხს, განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლებს, ყველაზე დამსახურებულ თაობას, დიდი სამამულო ომის ვეტერანებს შეურაცხყოფა მიაყენა,» _ განაცხადა ალექსანდრე ჭაჭიამ. ამ თემასთან დაკავშირებით რედაქციამ მიიღო პუბლიცისტ ომარ გოცაძის გამოხმაურება, რომელსაც აქვე ვაქვეყნებთ.

ახლახან შევიტყვე, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, ქალბატონ მაია ფანჯიკიძეს პარლამენტის უმცირესობასთან შეხვედრისას დიდი რიხით განუცხადებია: «სტალინი არანაკლებ დამნაშავეა, ვიდრე ჰიტლერი».

რა დონის უწიგნური უნდა იყოს ადამიანი, ასეთი რამ რომ თქვას. თანაც ამას ამბობს არა ვინმე ჭორიკანა დიასახლისი ეზოში შეკრებილ თავის დაქალებთან ჭორაობისას ან ჩვენი ლიბერასტების რომელიმე თანამოაზრე, არამედ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. ამას უკვე სამარცხვინოსაც ვეღარ ვუწოდებთ, ეს უფრო დიდია და იმ ქვეყნის კატასტროფაცაა, რომელსაც ასეთი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს. ამიტომ ამის პატიება არაფრით შეიძლება.

ძალზე ვწუხვარ, რომ ჩემი უფროსი მეგობრის, ბატონ გურამ ფანჯიკიძისა და ჩემთვის სამაგალითო პიროვნების, ქალბატონ დალი ფანჯიკიძის შესანიშნავ ოჯახში ასეთი მენტალიტეტის მქონე შვილი აღიზარდა. ქალბატონო დალი, თქვენზე უკეთესად ვინ უწყის, რომ უცხო ენების ცოდნა განათლებას არ ნიშნავს. ეს მხოლოდ ერთ-ერთი, მაგრამ კარგი დამხმარე საშუალებაა განათლების მისაღებად. თუ არა, სისულელეს რაც მეტ ენაზე იტყვი, მით უარესია. მე დიდად ვაფასებ თქვენს პრინციპულობას, ობიექტურ და სამართლიან დამოკიდებულებას როგორც სტუდენტების, ასევე თქვენივე საახლობლო წრის მიმართაც. თქვენ ის ერთადერთი ობიექტური და ღირსეული პროფესორი ბრძანდებით, რომელიც პრინციპულად წინ აღუდგა და თავისი ადგილი მოუჩინა ქვეყნის უპირველეს ცოდნის ტაძარში ოროსანი, უვიცი და თავხედი თუთბერიძის აღვირახსნილ პარპაშს. ამიტომ ცოტა მიკვირს კიდეც თქვენი შვილისგან ასეთი განცხადების გაკეთება.

ვინ _ ვინ და საგარეო საქმეთა მინისტრმა, როგორც იტყვიან, ქვეყნის პირველმა დიპლომატმა და პოლიტიკოსმა, ის ხომ მაინც უნდა იცოდეს, რომ სტალინი იყო მოვლენა, რომლის მსგავსი პოლიტიკოსი კაცობრიობის ისტორიას ჯერჯერობით არ ჰყოლია. აღარაფერს ვამბობ მის მხედართმთავრულ და ქვეყნის აღმშენებლობის განსაკუთრებულ ნიჭსა და ორგანიზატორულ უნარზე. მისი სიდიადის განსაზღვრისა და შეფასებისთვის მსოფლიოს გრანდების მიერ თქმული სიტყვებიდან მოვიშველიებ ერთ-ერთს. ყველასათვის ცნობილი გენიალური პიროვნების, მსოფლიო დონის გამოჩენილი მხატვრის პაბლო პიკასოს ნათქვამიდან მცირე ამონარიდს: «თუ მსოფლიო ისტორიაში სამი-ოთხი ადამიანი დარჩება, ერთი მათგანი უეჭველად სტალინი იქნება». სტალინს სულ რომ არაფერი გაეკეთებინა ამ ქვეყანაზე, გენიოსად შერაცხვისთვის მარტო ის ჰყოფნის, ჩვენი ქვეყანა და მთელი მსოფლიო რომ გადაარჩინა და ფაშიზმის ამ ყავისფერი ჭირისგან იხსნა. მე არ ვიცი ქალბატონი მაია რა დონეზე იცნობს ჰომეროსის, შექსპირისა და გოეთეს შემოქმედებას ან ნიცშეს ფილოსოფიას, მაგრამ პოლიტიკაში რომ მოიკოჭლებს, ეს სადავო არაა, რადგან კოჭლობა იმდენად თვალშისაცემია, რომ ქვეყანასაც კაი გვარიანად ეტყობა.

ძალზე სამწუხაროა, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სააკაშვილის, ბოკერიას, ბარამიძის, გივია თარგამაძის, თაქთაქიშვილების, რატიანების, ჩერგოლეიშვილებისა და თუთბერიძეების მასონურ პოლიტიკას აგრძელებს. ვინც ქართველმა ხალხმა პოლიტიკურ სანაგვეზე მოისროლა, ქალბატონი მაია მათ რეანიმაციას ცდილობს და, ფაქტობრივად საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ილაშქრებს, იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელმაც ის ხელისუფლებაში მოიყვანა. ის, რისი თქმაც ძალიან უნდოდათ, მაგრამ ვერ გაბედეს ხრუშჩოვმა, გორბაჩოვმა, იაკოვლევმა და მათმა მსგავსმა სხვადასხვა ჯურის ასობით პირწავარდნილმა ანტისტალინელმა, გაახმოვანა და თქვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქართველმა მაია ფანჯიკიძემ; გორში სტალინის ძეგლი აიღეს ასევე ქართველმა ბოკერიამ და ბარამიძემ, ქართულ სისხლგარეულმა სააკაშვილმა და მათმა მსგავსმა არაკაცებმა. ხომ წარმოგიდგენიათ ამათი პოლიტიკის თანამგრძნობი მენტალობის მქონე მინისტრი როგორ საგარეო პოლიტიკას გაატარებს და როგორ იმიჯს შეუქმნის ქვეყანას მსოფლიოს თვალში. დაუშვებლად მიმაჩნია ასეთი ადამიანისთვის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მინდობა. არ შეიძლება ასეთი მენტალიტეტის მქონე პიროვნება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იყოს. მე მრცხვენია, ჩემს ქვეყანას ასეთი საგარეო საქმეთა მინისტრი რომ ჰყავს. კიდევ კარგი, რომ ჯერჯერობით ეს ქალბატონი ქვეყნის ერთადერთი მინისტრია, რომელიც ზუსტად ჯდება ბატონი სააკაშვილის გემოვნებაში და მის პოზიციას ასე მყარად უჭერს მხარს. ეტყობა, ამიტომაც ჰყავდა იგი ბატონ პრეზიდენტს ელჩად გერმანიაში. ალბათ, საგარეო საქმეთა მინისტრადაც მოიაზრებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მაშინაც რამე სისულელე წამოროშა და ელჩობიდანაც ამიტომ გაუშვეს, ახლა რომ ალასანიას ცოლისდობას აბრალებს თავის განთავისუფლებას. სააკაშვილისადმი მაშინდელი მადლიერების გრძნობას ამჟამად ამ ფორმით გამოხატავს, ხარკს ახლა უხდის და მის გუნდსაც ამიტომ ელაქუცება.

კაცს, რომელმაც ფაშიზმთან ბრძოლასა და მის დამარცხებას შეალია მთელი თავისი ძალა და ენერგია, ფაშისტების ფიურერს ჰიტლერს ადარებენ. კაცს, რომელმაც მსოფლიო იხსნა ამ ყავისფერი ჭირისგან, თურმე ქვეყნად სასიკეთო არაფერი გაუკეთებია და ის ჰიტლერზე არანაკლებ დამნაშავე ყოფილა. კაცს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიები მიუმატა და 76000 კვ.მ-მდე გაზარდა, თურმე საქართველოსთვის არაფერი გაუკეთებია. კაცს, რომელმაც ფაშიზმის დამარცხებას საკუთარი შვილი შესწირა, თურმე შვილი არ ჰყვარებია. კაცი, რომელმაც «ვარდს გაეფურჩქნა კოკორი» დაწერა, თურმე საქართველოსა და ქართველი ხალხის მტერი ყოფილა.

ქალბატონო მაია, თქვენი გამონათქვამით შეურაცხყოფა მიაყენეთ იმ 300 ათასი ქართველი ვაჟკაცის ხსოვნას, რომლებმაც თავი შესწირეს ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, რითაც ჩვენი ქვეყანა და მთელი მსოფლიო იხსნეს მონობის მძიმე უღლისგან. ამით თქვენ კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირეთ ნაცბანდის იმ იდეოლოგიას, რომლის მიხედვითაც ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ჩვენი ვაჟკაცები თურმე სხვის ომში იბრძოდნენ, ხოლო ამჟამად ერაყსა და ავღანეთში მებრძოლი და ამ ბრძოლებში დაღუპული ჩვენი გმირი ბიჭები თურმე საქართველოს გათავისუფლებისთვის იბრძვიან. სტალინი არის არამარტო ფაშიზმის დამმარცხებელი, არამედ მსოფლიოში ერთადერთი სოციალურად ყველაზე მეტად დაცული უძლიერესი სახელმწიფოს შემქმნელი. რომ არა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება, არა მგონია, თქვენს წინაპრებს რაჭაში ისეთი მატერიალური მდგომარეობა ჰქონოდათ, რომ მამათქვენი, ბატონი გურამი, თავის მშობლებს რუსეთის ან ევროპის რომელიმე უნივერსიტეტში განათლების მისაღებად გაეგზავნათ. შესაბამისად, ვერც თქვენ გახდებოდით არა თუ მინისტრი, დიდი ალბათობით შეიძლება ისე წაგსვლოდათ საქმე, რომ ვინმე მდიდრის ოჯახში ბავშვებთან ერთად დავრდომილი მოხუცის მომვლელად დასაქმება ან მშობლიურ რაჭაში, ბოსტანში ფიზიკური შრომა სანატრელი გაგხდომოდათ. მაგრამ ახლა, როცა სრულიად დაუმსახურებლად მინისტრი გახდით, ისე გველაპარაკებით, მართლა გგონიათ, რომ ყველაფერ ამას ღირსეულად იმსახურებთ. მე არ ვიცი, ვინ შეიტანა სასამართლოში სარჩელი და ამ გამონათქვამისთვის ვინ გიჩივით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სწორად მოიქცა. ეჭვი არ მეპარება, მას ძალიან ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდება.

ახლა ჯერი სასამართლოზეა, რომელსაც წინ დიდი გამოცდა ელის. ვნახოთ, როგორ ჩააბარებს იგი ამ გამოცდას. ამასთან ძალიან მაინტერესებს, გაუძლებს თუ არა ძილბურანიდან ახლადგამოსული და გამოფხიზლების ფაზაში შესული ქართული სასამართლო, ფაქტობრივად, მასზე ზემოქმედების მსგავს თქვენს განცხადებას: «სასამართლოები უფრო სერიოზული საქმეებით არიან დაკავებული და არა მგონია, ამისთვის მოიცალონო». ეს არა მარტო სასამართლოს, არამედ დემოკრატიის გარიჟრაჟზე მდგარი და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადამდგმელი საქართველოს გამოცდაც იქნება.

ომარ გოცაძე

P.S. წერილი დამთავრებული მქონდა, როცა შევიტყვე, ქალბატონი მაია თავის ინტერვიუში საკმაოდ აგდებულად და ირონიულად მოიხსენიებს ბატონ უშანგის და ამბობს: «ჩემი პასუხი მოუსმენია ვინმე ბატონ უშანგის. ეტყობა, ძველ სტალინელს, რომელიც სასამართლოში მისულა და დიდი სტალინის შეურაცხყოფისთვის, მისი პატივისა და ღირსების შელახვისა და დანაშაულის დაბრალებისთვის ჩემგან მოითხოვს, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან და ტელევიზიით მოვუხადო ბოდიში და გადავიხადო 10000 ლარი». ამასთან, მისი განმარტებით, სასამართლოს უწყებას სამინისტროში თურმე ყველა იუმორით შეხვდა. თუ მისი ეს განცხადება სიმართლეს შეესაბამება, ძალზე სამწუხაროა, რომ მთელი საგარეო საქმეთა სამინისტრო უწიგნურებისა და ფანჯიკიძის დონის მდარე მენტალობის მქონე კადრებით ყოფილა დაკომპლექტებული. ამიტომ კიდევ ერთხელ ვწუხვარ, რომ არამარტო ქალბატონი ფანჯიკიძე, არამედ მთელი სამინისტროა გასაშვები. მისი ახალი შემადგენლობა კი _ ქვეყნის პატრიოტი და წიგნიერი პროფესიონალი დიპლომატებით დასაკომპლექტებელი. ქვეყნის პრემიერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს კი, რომელიც ჯერჯერობით ხალხის აზრს პატივს სცემს, ამასთან დაკავშირებით თავისი გადაწყვეტილების გადახედვა ან განმარტების გაკეთება მოუწევს. მჯერა, ეს ასეც იქნება და თავისი წინამორბედებივით ბატონი ბიძინა ამ ამბავს არ წაუყრუებს. ამას ხალხი ითხოვს და არა რაღაც ჯგუფი, როგორც ამას ქალბატონი ფანჯიკიძე აღნიშნავს.

 

1 COMMENT

  1. ხოოო უნდა აგინო სტალინი ფანჯიკიზე აბა რა უნდა ქნა? ის რომ არ ყოფილიყო შე დღეს სად ან ვინ იქნებოდი? საქარტვრლო იქნებოდა კი?… აი რატომ არ უნდივხარ ერს ქალ- მაია…..

  2. ფანჯიკიძე, ისევე როგორც ოდიშარია, არიან შემთხვევითი ხალხი თავიანთ თანამდებობებზე.

  3. დაკვირვებული ვარ, სტალინს ყველაზე მეტად ისინი ლანძღავენ, ვინც კომუნისტების დროს ყველაზე მეტ ხეირს ნახულობდნენ. ასეა ფანჯიკიძის შემთხვევაშიც. რა უნიჭო მწერალი და ნიჭიერი "მოხეირეც" იყო მამამისი, ისეთივეა შვილიც. ეს ბოსტნის ქალი თვლის, რომ ახლა მისი დრო დადგა და ამისთვის სტალინს კი არა, საკუთარ მშობლებს გაყიდის. ხვალ პოლპოტა რომ გახდეს უძლიერესი კაცი, თვალის დაუხამხამებლად გაყიდის დღევანდელ მფარველებს და პოლპოტას საფლავთან მოიყრის მუხლს სალოცავად. ამავე დროს, საელჩოში თანამდებობაზე ნიშნავს მავანს, რომელზეც მთელ ესენგეში ძებნა იყო გამოცხადებული აფერისტობის და ბოროტმოქმედების გამო. იმ დროს ჩვენც ესენგეს წევრი ვიყავით და ამ ძებნის შესახებ ჩვენი გაზეთებიც წერდნენ. თუმცა ფანჯიკიძისთვის, როგორც ჩანს, ასეთი წარსული საამაყოა.ამ ბოსტნის ქალს კი მარტივ არითმეტიკულ მოქმედებას გავუმხელ: ნოლი რაზეც არ უნდა გაამრავლო, მაინც ნოლი დარჩება. აი, ასეთი ხალხი მიიყვანს კრახამდე ამ ახალ ხელისუფლებასაც. არჩევნები შორს არ არის. (გაყიდვით კი უკვე დაწყებული აქვთ მფარველის ღალატი და არც ამის გამოაშკარავებაა შორს.ამის შესახებ უკვე მთელი ქვეყანა ლაპარაკობს.)

  4. ბრბოს სწორედ რომ სტალინის ხელი ჭირდება, ისე ვერაფერს დაინახავს და ხრამში გადაიჩეხება, აბა გყავთ მაგერ ბუჩქების პრეზიდენტი და ცოტაც რომ გეცლიათ ნახავდით საქართველო სადაც იქნებოდა

  5. სტალინი დიდხანს დარჩება განსჯის ობიექტად…ისევე როგორც გიორგი სააკაძე! თუმცა ორივე დიდი ქართველი იყო და მეამაყება! თავიანთი შეცდომების მიუხედავად…)))

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here