Home რუბრიკები საზოგადოება ირინა სარიშვილი: რესპუბლიკური პარტია ივანიშვილის ერთადერთი გარემოცვაა

ირინა სარიშვილი: რესპუბლიკური პარტია ივანიშვილის ერთადერთი გარემოცვაა

729

საქართველოში ბოლო დროს მომხდარ ამბებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ პოლიტიკური პარტია «იმედის» თავმჯდომარის ძალიან საინტერესო ფრაზა გამოჩნდა. იგი ერთერთი იმ ადამიანთაგანია, რომლებიც 17 მაისის გეიაღლუმის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და იმაზე, თუ რას გულისხმობდა, როდესაც ინტერნეტში დაწერა «ნატოს გარეშე დარჩენილი გადაკუზული საქართველო «, «საქართველო და მსოფლიოს» ირინა სარიშვილი ესაუბრება.


_ ქალბატონო ირინა, ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები იღუპებიან, საქართველოში კი ამბობენ, რომ ისინი იქ სამშობლოს თავისუფლებისთვის იბრძვიან. დავით უსუფაშვილი ამას ადასტურებს და აცხადებს, რომ, თუ ჩვენი ჯარი იქიდან გამოვა, მაშინ ჩვენ ჩვენი პრობლემის, ანუ რუსეთის წინაშე მარტონი აღმოვჩნდებით და ჩვენი საზღვრები

_ ვიცი, ვიცი, უსუფაშვილი რასაც ამბობს… ადამიანური თვალსაზრისით, გეტყვით: განცხადებების გაკეთების უფლება აქვს მხოლოდ იმას, ვინც თავისი შვილის ავღანეთში გამშვებია. ეს ერთი და მთავარი, მაგრამ არ შეიძლება არ აღინიშნოს ისიც, რომ თვითონ საზოგადოების აღშფოთებასაც არასწორი მიმართულება აქვს, რაც იმით გამოიხატება, რომ აქციები დაიგეგმა ავღანეთიდან ჩვენი ჯარის გამოყვანასთან დაკავშირებით და გამოცხადდა გლოვის დღე. გლოვის გამოცხადება პოლიტიკის შეცვლას არ ნიშნავს, რადგან, ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება კიდევ ბევრი გლოვის დღე გვექნეს! ბიჭების იქიდან გამოყვანის მოთხოვნაც არაფერს ნიშნავს. რამდენიმე წლის წინ, «ნაცების» ხელისუფლების დროს, მე მქონდა შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია «სახალხო დაცვის ლიგა», რომელმაც შეკრიბა 30 ათასი ხელმოწერა, მაშინ ჩვენი ჯარისკაცები ერაყში იყვნენ, ძალიან ცოტა ნაწილი _ ავღანეთში. ჩვენ საკანონმდებლო ინიციატივა წარვადგინეთ პარლამენტში, იქ ნახსენებიც კი არ იყო არც ერაყი და არც ავღანეთი, საუბარი იყო საკონსტიტუციო ცვლილებებზე, კერძოდ, რომ აიკრძალოს ჩვენი ქვეყნისა და მისი მოქალაქეების მონაწილეობა სხვა ქვეყნის საომარ ოპერაციებში. თუ ვინმეს პირადად გაუჩნდება სურვილი, რომ მიიღოს მონაწილეობა სხვის ომში, მან უარი უნდა თქვას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობაზე და ამის შემდეგ წავიდეს ნებისმიერ ანაზღაურებაზე, რადგან ასეთი საქციელით საფრთხეს ჩვენც გვიქმნის.

როდესაც სახელმწიფო ან მისი მოქალაქე მონაწილეობს სხვა ქვეყნის საომარ ოპერაციებში, ბუნებრივია, რომ ასეთ დროს ქვეყანა მტერს იძენს. აქედან გამომდინარე, არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ადამიანებს უჭირთ და ამიტომ მიდიან იქ. ეს არის დაქირავებული მკვლელობის ნაირსახეობა. ამ ლოგიკით, შეიძლება ვიღაცას უფრო მეტი რომ გადაუხადონ, მეც მომკლას. მაგრამ თუ ამაში სახელმწიფოს ბრალეულობას დავინახავთ, ასეთ შემთხვევაში, გლოვის დღეც გამოსაცხადებელია, ამ ადამინების გინებაც არ არის სწორი, მათი ოჯახებიც იმსახურებენ ყველანაირ ხელშეწყობასა და ბოდიშებს. მეორე _ ინიციატივა, რომელიც ჩვენმა არასამთავრობომ შეიტანა პარლამენტში, შეეხებოდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერი უცხო სამხედრო ძალისა და ბაზის განლაგება- გადაადგილების აკრძალვას. იყო მესამე ინიციატივაც, რომლის თანახმადაც, საქართველოს არცერთ სამხედრო პოლიტიკური ალიანსის მიერ დაგეგმილ ოპერაციებში მონაწილეობა არ უნდა დაეშვა.

გასაკვირი არ არის, რომ წინა ხელისუფლებამ წარდგენილ კანონპროექტებზე არანაირი რეაგირება არ მოახდინა, მაგრამ ის ხელმოწერები იქ ისევ დევს და, თუ ჩვენ დღეს სხვა ხელისუფლება მივიღეთ, მათ ელემენტარულად საკითხი მაინც უნდა დასვან _ ზემოთ ჩამოთვლილ ინიციატივებზე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს თუ პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს. ეს არ არის მხოლოდ ღრმად პატივცემული უსუფაშვილის გადასაწყვეტი. სამწუხაროდ, გარდა სოციალური ქსელებისა, დღეს მე არ მაქვს საშუალება, სხვაგვარად ვიაქტიურო, ჩემი აქტიურობა გათვლილია იმაზე, რომ, ვისაც აქვს საშუალება და ჩემს პოზიციას დაეთანხმება, მას, როგორც იდეა, ეს მიეწოდოს, არანაირი პრეტენზია არ მაქვს საავტორო უფლებაზე.

_ სოციალურ ქსელში თქვენ დაწერეთ ასეთი ფრაზა «ნატოს გარეშე დარჩენილი გადაკუზული საქართველო». რას გულისხმობდით?

_ ვგულისმობდი იმას, რა მდგომარეობაშიც დღეს ვართ…

_ მაშინ ჯერ კიდევ არ იყვნენ ავღანეთში ბიჭები დაღუპულები, ეს მეორე თუ მესამე დღეს მოხდა

_ მერე რა? მანამდე სამი ჯარისკაცის მსხვერპლი იყო და საერთოდ, ვინმემ დათვალა რამდენი ადამიანია სულ მკვდარი ერაყსა და ავღანეთში? სააკაშვილის დროს ეს ტაბუდადებული თემა იყო. სოციალურ ქსელში ეს რომ დავწერე, ვგულისხმობდი, აგრეთვე, სექსუალური უმცირესობის ყბადაღებულ თემას. მაინტერესებს, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები თითს გვიქნევენ, იმავე თითს უქნევენ თუ არა ფრანგებს, სადაც ასჯერ მეტი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში?  საქართველოში სწორედ იმიტომ არ უნდა გავუშვათ ეს მომენტი ხელიდან, რომ მერე გვიანი არ აღმოჩნდეს. მეთიუ ბრაიზას გამონათქვამები წავიკითხე. არ მგონია, ვინმეს მისი უფლებები შეელახა, თანაც ჩვენ არ გვჭირდება სხვისი მითითება, «ცისფერები» ისედაც სარგებლობენ პრივილეგიებით, ისინი ჯარში არ მიდიან. თუ ისინი თავს სრულფასოვან მოქალაქეებად თვლიან და მათ ჩვენ ვავიწროებთ, რატომ არ მიდიან ჯარში _ ავღანეთში, ერაყში?.. ამ სიტუაციის გალეგალურება სავალალო მდგომარეობამდე მიგვიყვანს.

საქართველო არავის არ უნდა ეკითხებოდეს, რა ნაბიჯს გადადგამს, ეს განსაკუთრებით საშინაო პოლიტიკას ეხება. როცა რამე სერიოზული საკითხის განხილვაა, ყოველთვის ესწრება სხვადასხვა ქვეყნის წამომადგენელი, განსაკუთრებით კი ამერიკის წარმომადგენელი _ ელჩი ან სხვა ვინმე. დღეს საერთაშორისო ორგანიზაციები ასე აქტიურად რომ ერევიან ჩვენს საქმიანობაში,  იმას ნიშნავს, რომ გვაჯერებენ, თითქოს ეს ყველაფერი ჩვენი ნატოში გაწევრიანებისთვისაა საჭირო. სხვისი ჩარევა ჩვენს საქმეში ძალიან ცუდია, მაგრამ საქართველოსთვის ეს კარგიც რომ იყოს, ჩვენ მიღებას ნატოში არავინ აპირებს! ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს გამორიცხულია! საქართველოსთვის ყველაზე ხელსაყრელი იქნება ნატოსთან ან მასში შემავალ რომელიმე ქვეყანასთან და ამერიკასთან სპეციალური ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობა სხვადასხვა საკითხებში, მათ შორის, სამხედრო.  ნატოში შემავალი ქვეყნებიდან ერთი მაინც დამისახელოს ვინმემ, სადაც ნატომ ხელი შეუწყო ქვეყნის ერთიანობას!

_ რადგან გეიაღლუმის თემას შევეხეთ, რა როლი ეკისრება ეკლესიას? ლიბერალები ამბობენ, რომ ეკლესია ძველ დროშია ჩარჩენილიხალხი მეტს მოითხოვს

_ ეკლესია ჩარჩენილია და ესენი «პრადვინუტები» არიან? ეკლესია მართლაც ძალიან დიდ როლს ასრულებს ჩვენს ცხოვრებაში. 17 ივნისს სასულიერო პირები რომ არ ყოფილიყვნენ, არ ვიცი, იქ რა მოხდებოდა, შესაძლებელია მსხვერპლი ყოფილიყო, შესაძლებელია კი არა, ნამდვილად მსხვერპლით დასრულდებოდა. ეკლესია მიზანშია ამოღებული, 17 მაისს მომხდარი ამბავი საბაბია. შევარდნაძის დროს ჩამოვიდა ბჟეზინსკი, აღიარებული ლიდერი ჩვენი «პრადვინუტების», რომელმაც ძალიან მკვეთრი განცხადება გააკეთა: «ჩვენ გავიმარჯვეთ ყველგან, (ლაპარაკია, ახალ მსოფლიო წესრიგზე) ერთადერთი დასამარცხებელი დაგვრჩა მართლმადიდებლობა».  ადამიანები, რომლებიც პატრიარქს უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ, დღეს მიხვდებიან, თუ რატომ ხდება ეს. ყველაზე არასაკამათო თემაზე, როგორიც იყო გეიაღლუმი, პირველი, ვინც დარტყმის ქვეშ დადგა, იყო ეკლესია. ჩვენ, ვინც სოციალურ ქსელებში ვაქტიურობდით და ვწერდით, რომ, თუ დაგვჭირდა, ქვასაც ავიღებთ და ვისვრით, არავინ გვახსენებს, მხოლოდ მღვდლებზე მიიტანეს იერიში.

_ მოგწონთ ახალი ხელისუფლების მუშაობა, მათი გარემოცვა, კურსი?

_ მე არ მომწონს ივანიშვილის გარემოცვა. ვთვლი, რომ რესპუბლიკური პარტია არის ივანიშვილის ერთადერთი გარემოცვა, მან ეს არჩევანი ნებით გააკეთა თუ კარნახით, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ არჩევანი გაკეთებულია. ივანიშვილის გულშემატკივრებში იყო ასეთი მოსაზრება, რომ ამათ ახლა მოიშორებს. აღმოჩნდა, რომ არ მოიშორა და ისინი საპარლამენტო სიაშიც აღმოჩნდნენ, პრაქტიკულად ყველაზე მნიშვნელოვან სფეროში ისინი არიან, ადამიანები, რომლებიც იდეოლოგიურად მიშასგან არაფრით განსხვავდებიან; ისინი ერთი საერთო ინკუბატორიდან, სახელწოდებით «თავისუფლების ინსტიტუტი» გამოძვრნენ.

აქედან გამომდინარე, არაფერი შეიცვლება _ არც საგარეო კურსი. თქვენ გგონიათ, რომ აბაშიძე და კარასინი დაარეგულირებენ ურთიერთობას? რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები დარეგულირებული რომ არ არის, ამაში დიდი წვლილი ორივე ქვეყნის ხელისუფლებას მიუძღვის, თუმცა საქართველო მეტ მიზეზსა და საბაბს აძლევდა, რომ რუსეთს თავისი ინტერესები გაეტარებინა და ეს ჩვენ ვნახეთ აგვისტოს ომში _ წინასწარ დასამარცხებლად დაგეგმილ ომში. ეს იყო შეთქმულება, რომელშიც სააკაშვილმა დანაშაულებრივი მონაწილეობა მიიღო. რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის დარეგულირებაში ქართული მხარე უნდა იყოს დაინტერესებული, სანამ საქართველო არ გადადგამს ნაბიჯს ნეიტრალიტეტისკენ, არაფერი გამოვა, ნატოსთვის ლიმონივით გამოიწურება ჩვენი როლი და მერე ჩვენი ნება კი არ იქნება, თავისითაც მოხდება ის, რომ დანგეული მაზრისა თუ გუბერნიის სახით რუსეთის ხელში აღმოვჩნდებით.

 _ როგორი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს ქვეყანას: პრეზიდენტი, რომელიც აქტიურად ჩაერთვება ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში თუ მხოლოდ ელჩებს შეხვდება და საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას?

_ ვთვლი, რომ საქართველოს უნდა ჰყავდეს პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი და არა საყოველთაოდ არჩეული პრეზიდენტი, ისევე, როგორც გერმანიას. თუ პრეზიდენტს ბუტაფორიად დატოვებ, ბუტაფორიას არ უნდა ირჩევდე საყოველთაო არჩევნებით.

 _ ქალბატონო ირინა, თქვენი პროგნოზები ხშირ შემთხვევაში მართლდებოდა. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩატარდება თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

_ არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ეს ორი არჩევნები ერთმანეთს დაშორდება. თუ ივანიშვილს სურს, რამეს მიაღწიოს, ეს უნდა გააკეთოს. იმიტომ, რომ მისი დღევანდელი პრეზიდენტობის კანდიდატი არ სარგებლობს დიდი რეიტინგით. ის, რომ მას ხალხი ხმას მისცემს, არ ნიშნავს იმას, რომ არ იქნება გამაღიზიანებელი მოსახლეობისთვის. ასე მისცეს ხმა რესპუბლიკელებსაც და, თუ მაგრველაშვილმაც ვერ ივარგა და, ალბათ, ვერ ივარგებს, აქედან გამომდინარე, ივანიშვილს საპარლამენტი არჩევნებში პრობლემები შეექმნება. ამასთან, თუ მან გადაწყვიტა გარემოცვის შეცვლა, ყველა ლოგიკით, მისთვის ყველაზე ხელსაყრელი იქნება ეს ახლა გააკეთოს, რადგან, შესაძლოა, იმდროინდელმა ივანიშვილის რეიტინგმა ორმხრივ დარტყმას, ცალკე გარემოცვისგან და ცალკე პრეზიდენტისგან, ვეღარ გაუძლოს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

1 COMMENT

  1. ‘ყველაზე არასაკამათო თემაზე, როგორიც იყო გეიაღლუმი, პირველი, ვინც დარტყმის ქვეშ დადგა, იყო ეკლესია. ჩვენ, ვინც სოციალურ ქსელებში ვაქტიურობდით და ვწერდით, რომ, თუ დაგვჭირდა, ქვასაც ავიღებთ და ვისვრით, არავინ გვახსენებს, მხოლოდ მღვდლებზე მიიტანეს იერიში.’
    ………….
    ქალბატონო ირინა თქვენ არ ხართ საქართველოს სამღვდელოებასთან მიმართებაში კომპეტენტური და მათი ანგელოზებად წარმოჩენით ისევე როგორც ამას აკეთებს მრვალი სხვა – ახალი ბჟეზინსკების წარმოჩენას ემსახურებით…

    პ.ს. ძვირფასო რედაქტორებო თქვენს გვედზე ‘ყველაზე კომენტირებული’თეოდორე გიგნაძის სტატიიდან რომელშიც ძირითად ჩემი კომენტარები იყო ყველა კომენტარები წაშლილია…??? რამდენად ჯდება ეს ჟურნალისტურ ეთიკაში – ნუთუ ასე გაშინებთ ანაფორიანი ჩინოვნიკების შენიშვნა??? თუ რამე არ მეწერა სწორი, პასუხი რატომ ვერ გამცეს სათანადოდ სიტყვის წაშლა ხომ კომუნისტურ მეთოდს ემსახურება, ვისაც არ უნდა ეთხოვა მათი წაშლა??? და თუ ეს თქვენს მიერ არ მომხდარა და რაღაც სხვა მიზეზის გამო მოხდა შემთხვევით, იმედია აღადგენთ ყველა კომენტარს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here