Home რუბრიკები პოლიტიკა მამუკა არეშიძე: რატომ არიან ქართველები მაინცდამაინც ჰელმანდის პროვინციაში, რომელიც ყველაზე ცხელ წერტილად...

მამუკა არეშიძე: რატომ არიან ქართველები მაინცდამაინც ჰელმანდის პროვინციაში, რომელიც ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება?

588

ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ვიდეორგოლებს, რომლებშიც თალიბანი საქართველოს ჯიჰადით ემუქრება, ავღანეთში 7 ქართველი ჯარისკაცის დაღუპვა მოჰყვა. რა კავშირია მათ შორის და ახლო მომავალში ემუქრება თუ არა საფრთხე ჩვენს ქვეყანას _ ამ საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» «სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის» ხელმძღვანელი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე  ესაუბრება.

_ მუქარის შემცველ ვიდეორგოლებთან დაკავშირებით დღეს რამდენიმე ვერსია ვრცელდება. თუმცა პირადად მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის თალიბანის მიერ დამზადებული ვიდეო. შესაძლოა, ეს იყოს საქართველოს ტერიტორიაზე ან სამეზობლოში მყოფი ისლამისტების ნახელავი, რომლებიც, არ არის გამორიცხული, ასევე, თალიბების დავალებით მოქმედებდნენ. არსებობს ვერსია და არაა გამორიცხული, ეს ყველაფერი საქართველოში დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების მიერაც იყოს ინსპირირებული, თუმცა ამ ხელისუფლების ნამოქმედარს ეს არ ჰგავს, იმიტომ, რომ არავითარი აზრი არ ჰქონდა ხელისუფლებისთვის ამის გაკეთებას.

_ ზოგიერთმა ამ ყველაფერში ყოფილი ხელისუფლების კვალიც დაინახა. მართლაც, შეიძლება თუ არა ქცეულიყო მაპროვოცირებელ ფაქტორად სააკაშვილის ავღანეთში ბოლო ვიზიტი და გავრცელებული კადრები, რომლებშიც ის ქართველ ჯარისკაცს დახოცილ თალიბებზე ესაუბრება?

_ ესეც შეიძლება. თუ ეს არის ისლამისტების მიერ მომზადებული ვიდეორგოლი ამ შემთხვევაში უფრო რთულადაა საქმე, ვინაიდან გამოდის, მათ იცოდნენ ქართველებზე თავდასხმის მზადების შესახებ. თუ ამ ვიდეორგოლის შემქმნელებს აქვთ კონტაქტი ავღანეთში მოქმედ ისლამისტებთან, მაშინ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვყოფილვართ. სხვათა შორის, ძალიან საეჭვოდ დუმს «ალქაიდა» და თალიბანი, როცა სხვა შემთხვევაში ისინი ხშირად «ტრაბახობენ» ხოლმე ჩადენილი საქმეებით. თუ ვიდეორგოლს დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ პროფესიონალების მიერ არის დამზადებული, რაც თალიბანისთვის დამახასიათებელი არ არის. გარდა ამისა, «ალქაიდა», რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე, მუსიკას ვიდეორგოლში არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენებდა. სხვათა შორის, ეს ჩრდილოკავკასიელი ისლამისტებისთვისაა დამახასიათებელი.

_ რამდენიმე ვერსიაზე ვისაუბრეთ, თუმცა გავრცელებულ ვიდეოში ნათქვამია, რომ შურისძიება მალე საქართველოშიც დაიწყება. ემუქრება თუ არა ტერაქტების საფრთხე საქართველოს

_ საფრთხე 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან მოყოლებული არსებობს, ანუ იმ პერიოდიდან, როცა 1995 წელს პირველი არაბი მოლა გამოჩნდა პანკისის ხეობაში. ის, რომ ღმერთმა დაგვიფარა და აქამდე ტერაქტები და თავდასხმები არ მომხდარა, არაფერს ნიშნავს. ნუ დაგვავიწყდება, რომ 90-იანი წლების ბოლოს გახშირდა ადამიანების გატაცება, იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობა და იმ მოვლენების ექო დღემდე შავ ლაქად ატყვია საქართველოს. მაშინ ეს ერთგვარი ძალების მოსინჯვა იყო და რადიკალური ისლამის მიმდევართა ჯგუფი ადრე თუ მხოლოდ პანკისის ხეობაში იყო, დღეს მთელ საქართველოშია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი, რომლებიც აჭარიდან და ქვემო ქართლიდან წინა აზიის ქვეყნებში მიდიან განათლების მისაღებად, შეცვლილი მენტალიტეტით ბრუნდებიან უკან. თავისი მრწამსით ისინი უკვე სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან.

მე ყოველთვის ვამბობდი ამას, მაგრამ არც ერთი ხელისუფლება არ მიჯერებდა, დღევანდელის ჩათვლით. აუცილებელია, შეიქმნას რადიკალური, ტრადიციული ისლამის შემსწავლელი სპეციალური ინსტიტუტები. საჭიროა ტრადიციული ისლამის მხარდაჭერა, რაც გულისხმობს ისეთი საგანმანათლებლო ინსტიტუტების შექმნას, რომლებშიც მუსლიმანურ განათლებას მიიღებენ ადგილობრივი ახალგაზრდები და მათ უცხო ქვეყნებში წასვლა აღარ დასჭირდებათ. ამის რესურსი საქართველოში ნამდვილად არის. აუცილებლად მიმაჩნია, მედრესეების მასწავლებლების ლიცენზირება. გარდა ამისა, მატერიალური დახმარება სჭირდება საქართველოში არსებულ ისლამური კულტურის ძეგლებს. ჩვენი სახელმწიფო, წლებია, ამ პრობლემას გულგრილად უყურებს. არადა, ჩვენ ისლამური ქვეყნების გარემოცვაში ვცხოვრობთ, საქართველოს უშიშროების უწყებები, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ, კვალიფიკაციის თვალსაზრისით, არ არიან მზად, პროცესი მთლიანად გააკონტროლონ.

_ თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ პანკისი ვაჰაბიტების ნავსაყუდელია. ახსენეთ, რომ საქართველოში 90-იანი წლებიდან არსებობს გარკვეული საფრთხე, მაგრამ დღესდღეობით თითქოს მშვიდი სიტუაციაა. რა საფრთხე შეიძლება არსებობდეს პანკისის ხეობიდან?

_ მშვიდი სიტუაცია სულაც არ არის. არათუ თბილისის გარეთ, აქვე, თბილისში რა ხდება, არავინ იცის. მაგალითად, ფონიჭალაში შენდება მეჩეთი, რომლის მშენებლობის ნებართვაც თბილისის მერიამ ორი წლის წინ გასცა. მიუხედავად იმისა, რომ მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები დღეს თავს იმართლებენ, ჩვენ არ ვიცოდით, თუ ეს ვაჰაბიტური ორგანიზაცია იყოო, ეს სიცრუეა. იძულებული ვარ, ვიფიქრო, რომ ეს არის გარიგება, ვიღაცამ ფული აიღო და მშენებლობის ნებართვაც გასცა. სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ ვაჰაბიტური მეჩეთის მშენებლობის თაობაზე განგაში პირველად სწორედ შიიტმა აზერბაიჯანელებმა, ანუ ტრადიციული ისლამის წარმომადგენლებმა ატეხეს და მერე გაიგო ქართულმა საზოგადოებამ. ეს მოხდა თბილისში და რაიონებში რა ხდება საერთოდ, ვიცით?!

თუ 90-იან წლებში მხოლოდ პანკისის ხეობაში იყო ეს ვითარება, დღეს რადიკალური ისლამის ბუმი მთელ ქვემო ქართლშია. ჯერჯერობით მორწმუნეთა გავლენისთვის აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ერთმანეთს ირანი და აზერბაიჯანი ებრძვიან. როცა ეს ომი დამთავრდება და ერთ-ერთი გაიმარჯვებს, მაშინ ძალიან მძიმე ვითარება შეიქმნება. ვინაიდან, თუ ჯერჯერობით ბრძოლა გავლენისთვის მხოლოდ ამ ერთი რეგიონის სივრცეში მიმდინარეობს, ხვალ გავლენისთვის ბრძოლა მთელ ქვეყანაში დაიწყება.    

_ როგორ შეიძლება ამ სიტუაციაში მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილება?

_ თუ გარკვეული სახელმწიფო პოლიტიკა არ იქნება შემუშავებული, ამ ხიფათს ვერ ავიცილებთ. მაგალითად, «კავკასიის იმარატმა» რომ მოინდომოს მუქარის შესრულება იმ კონკრეტულ პირთა მიმართ, რომლებმაც ლაფანყურის მოვლენების პროვოცირება მოახდინეს, ვერაფერს გავაკეთებთ, ამისთვის მზად არ ვართ.

_ ანუ, ფაქტობრივად, დაუცველები ვართ?

_ დიახ, თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ ისეთ დაცულ სახელმწიფოსაც კი, როგორიც ესპანეთია, მეტროპოლიტენში ტერაქტი მოუწყვეს. ლონდონში რამდენი ტერაქტი მოაწყვეს და ბოლოს და ბოლოს, შუა ქუჩაში თავი მოჰკვეთეს ინგლისელ ჯარისკაცს, რომელსაც ფორმა ეცვა. ასე რომ, ასეთი ძლიერი სახელმწიფოები არიან დაუცველები და ჩვენ _ მით უმეტეს. თუმცა, ვფიქრობ,  საფრთხე ემუქრებათ კონკრეტულ პირებს და არა მთელ მოსახლოებას. ჩვენი საზოგადოება «იმარატისგან» საფრთხეს არ უნდა ელოდეს. ერთ პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ. ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთი წევრი, რომელიც ლაფანყურის სპეცოპერაციაში მონაწილეობდა და რომლის ვინაობასაც არ დავასახელებ, ყოველ დღე კუს ტბაზე დარბოდა, როგორც ჩანს, ეს კარგად იცოდნენ გარკვეულმა ჯგუფებმა და მასზე შურისძიებას აპირებდნენ. ეს სრულიად შემთხვევით შევიტყვეთ და გადავარჩინეთ.

 _ 13 მაისს ავღანეთში 3 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, 6 ივნისს _ 7. რატომ არ გამოჰყავს საქართველოს ახალ ხელისუფლებას ავღანეთიდან ქართული ჯარი ან არ ამცირებს კონტინგენტს, მაშინ, როცა წინა მთავრობას ახალი ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი ამის გამო მწვავედ აკრიტიკებდა?

_ პირადად მე სხვა რამის გამო ვაკრიტიკებდი ხელისუფლებას. აქ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია: ერთი _ ქართველი ჯარისკაცების დიდი რაოდენობა და მეორე _ რატომ არიან ქართველები მაინცდამაინც ჰელმანდის პროვინციაში, რომელიც ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება? მაშინ, როცა გერმანელები და ჰოლანდიელები გაცილებით უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან. ფაქტია, რომ ეს ჩვენი ყოფილი ხელისუფლების ბრალია. როგორც ჩანს, საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ თავი გამოიჩინა და ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში ყველაზე ცხელ წერტილში გააგზავნა.

მე ყოველთვის ქართული კონტინგენტის ავღანეთში ყოფნის მომხრე ვიყავი და ავხსნი რატომ: ჩვენ გვაქვს გარკვეული ვალდებულებები დასავლეთთან, ისევე, როგორც მათ _ ჩვენთან. ჩვენ უნდა გავწევრიანდეთ ნატოში თუ არა, ეს გაუთავებელი კამათის თემა შეიძლება იყოს. მე პირადად, როგორც ჩვეულებრივ ადამიანსა და მოქალაქეს, არც ნატოში მინდა საქართველო და არც ის, რომ ჩვენი მეომრები ავღანეთში იყვნენ, რადგან მე იმდენი ომი მაქვს ნანახი, არ მაქვს სურვილი, განუწყვეტლივ საომარ ვითარებაში ვიყოთ, მაგრამ სამწუხაროდ, სხვა შანსი არ გვაქვს. ისეთ გარემოცვაში ვიმყოფებით, ნატოს წევრებიც რომ ვიყოთ, ეს ჩვენს გადარჩენას არ ნიშნავს, რადგან ნატო ჩვენ გამო მსოფლიო ომს ვერ დაიწყებს.

ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის, მაგრამ რუსულმა სპეცსამსახურებმა ციმბირში ისლამისტების სამი ბანაკი აღმოაჩინეს. ჩრდილოკავკასიაში ფუქნციონირებს ახალგაზრდული ბანაკები, რომლებშიც რას ასწავლიან, რთული სათქმელია.

_ თუ საქართველო უარს იტყვის ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობაზე, ეს რამდენად აისახება საქართველოს საგარეო კურსზე?

_ ამ მოვლენების შემდეგ საქართველომ სულ რომ გამოიყვანოს ავღანეთიდან ჯარისკაცები, ეს საგარეო კურსის ცვლილების მანიშნებელი არ იქნება. თუმცა ახლა, როცა სხვადასხვა ქვეყანამ უკვე გაიყვანა ავღანეთიდან თავისი ჯარისკაცები, მაგალითად, იტალიამ, საბერძნეთმა და შემცვლელი არავინაა, ერთი ხელის მოსმით ვერ შევწყვეტთ ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობას. მითუმეტეს, 1700 ჯარისკაცის შემცვლელი ახლა პრაქტიკულად არავინ არის. ეს რომ ყოფილიყო 30 კაცი, უპრობლემოდ გამოვიყვანდით.

_ როგორ შეაფასებთ New York Timesში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცები უარყოფითად არიან დახასიათებულნი. თითქოს ისინი ცუდად ეპყრობიან და ძარცვავენ ადგილობრივ ავღანელებს.

_ ტყუილია ეს ამბავი. მე ვარ ამ საქმის სპეციალისტი და ვიცი, რომ ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში ძალიან კარგად იქცევიან. ეს სტატია ნიშნავს, რომ სერიოზული ხალხია ამ საქმეში ჩართული და ჩვენი სერიოზული დისკრედიტაცია მიმდინარეობს.

_ და ბოლოს, ერთერთი ვერსიით და მათ შორის ამას აცხადებს რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილიც, ახლახან სოფელ დიცში არავითარი საოკუპაციო საზღვრის გადმოწევა რუსების მიერ არ მომხდარა და ეს იყო მათ მიერ იმ პოზიციების დაკავება, რომლებიც მათ 2008 წელს დაიკანონეს. რა მოხდა სინამდვილეში?

_ მოხდა ცოტა საზღვრის გადმოწევა, მაგრამ არა სამასი მეტრით. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ აქ არის შეჭრილ-შემოჭრილი რელიეფი. რასაკვირველია, ცინიზმია ის, რაც მოხდა, მაგრამ ის მავთულხლართი ისე არ მაწუხებს, როგორც ღვთის ანაბარა მიტოვებული ადგილობრივი მოსახლეობა. ეს უფრო დიდი ტრაგედიაა. 20 წელიწადია, ამ ადამიანებისთვის მშვიდობა არ დამყარდა. ისინი მუდმივი სტრესისა და გაჭირვების პირობებში არიან და მაინც უფრთხილდებიან და არ ტოვებენ ქართულ მიწას, ამიტომ მათ ხელისუფლებისგან განსაკუთრებით სჭირდებათ მზრუნველობა. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ სწორი ნაბიჯი გადადგა, როცა სამი უწყების გაერთიანებული კომისია შექმნა, რომელიც იზრუნებს ადგილობრივ მცხოვრებლებზე. 300 მეტრით გადმოიწევა თუ არა საზღვარი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ბევრი საზღვარი მინახავს გადმოწეული და შემდეგ ეს მავთულხლართები ისევ გადაუჭრიათ…

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

  1. იმიტომ,რომ პრეზიდენტი და დღევანდელი ხელისულება სავარძლების გამო ეკეკლუცებიან ლუციფერიანულ დასავლეთს,რა ენაღვლებათ ქართველი ბიჭების სისხლი?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here