Home რუბრიკები პოლიტიკა ვახტანგ მაისაია: ლაფანყურის ოპერაციის დეტალებს თუ ობიექტურად გამოიძიებენ, თალიბანის სახელით გავრცელებული ვიდეორგოლის...

ვახტანგ მაისაია: ლაფანყურის ოპერაციის დეტალებს თუ ობიექტურად გამოიძიებენ, თალიბანის სახელით გავრცელებული ვიდეორგოლის რეალური წარმომავლობაც გაირკვევა…

1325

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება ყოფილი პოლიტპატიმარი და ექსპერტი სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებში, სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის ერთერთი დამფუძნებელი ვახტანგ მაისაია.

_ ბატონო ვახტანგ, წლების მანძილზე სახელისუფლო არხებიდან გვესმოდა პროპაგანდა, რომ «აისაფის» მისიაში მყოფი ქართული შენაერთების მიმართ ავღანეთის მოსახლეობას განსაკუთრებით თბილი და მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა. მართლაც, მთელი ამ ხნის მანძილზე არ ყოფილა თავდასხმის არც ერთი ფაქტი ჩვენს ბაზაზე. ბოლო ერთი თვეა, ვითარება რადიკალურად შეიცვალა _ სამი კვირის განმავლობაში უკვე მეორე ტერაქტი განხორციელდა და ჯამში ათი ქართველი სამხედრო დაიღუპა. როგორ ფიქრობთ, რით შეიძლება იყოს ეს ყველაფერი განპირობებული?

_ პირველ რიგში, თქვენი გაზეთის მეშვეობით მინდა, ღრმა მწუხარება გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს. რაც შეეხება ამ ტრაგიკულ ფაქტს, თუ წმინდა სამხედრო კუთხით შევხედავთ და შორს ვიქნებით ყოველგვარი სუბიექტური შეფასებისგან, შეიძლება ითქვას, რომ ეს გახშირებული თავდასხმები განპირობებულია რისკფაქტორების შემცველი ორი ჯგუფისგან, რომლებიც მოდიან, როგორც ტერორისტული ორგანიზაციებიდან, ისე სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფებიდან. 2013 წლის 28 აპრილს თალიბანის მოძრაობამ დაიწყო მსხვილმასშტაბიანი სამხედრო სტრატეგიული ოპერაცია სახელწოდებით «ხალიდ ბინ ვალიდ», რომლის მთვარი მიზანია, მოიმზადოს პლაცდარმი მას შემდეგ, რაც «აისაფის» მისია დაასრულებს თავის ამოცანას და მოახდენს ჯარების ევაკუაციას. ამის შემდეგ იქ მარტო რჩება ჰამიდ ყარზაის ხელისუფლება და მის წინააღმდეგ თალიბანს, ცხადია, არ გაუჭირდება ბრძოლის წარმოება. აღსანიშნავია, რომ ეს სცენარი ერთიერთზე იმეორებს იმას, რაც მათ გამოიყენეს თავის დროზე, როცა იქ საბჭოთა კავშირი შეიჭრა. თქვენ იცით, რომ 1988 წელს პეშევარის დაჯგუფებაში შემავალმა სამხედრო ნაწილებმა დაიწყეს ფართომასშტაბიანი ოპერაცია იმავე სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი პროვინციების ტერიტორიებზე, რაც მიმართული იყო ნაჯიბულას პროკომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ. ზუსტად იგივე მეორდება ახლაც, ოღონდ ამ შემთხვევაში აქტორები არიან ნატო და თალიბები.

_ ვერსიები იმის თაობაზე, თუ რატომ გახდა ქართული ბლოკპოსტი ასეთ მცირე დროში უკვე მეორედ ტერორისტების სამიზნე, ძალიან ბევრია. თქვენი აზრით, ყველაზე სარწმუნო ვერსია რომელია?

_ ცხადია, ვერსიები და ვარაუდები ბევრია, იმიტომ, რომ ზუსტად ჯერ არავინ იცის, იქ რა მოხდა, მაგრამ აქ ერთ რამეს უნდა მივაქციოთ ყურადღება: ჰელმანდის პროვინცია არის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის ტერიტორია ნარკოტრანზიტის თვალსაზრისითაც და ქართული შენაერთები, რომლებიც იქ იდგნენ, სერიოზულ ხელშემშლელ ფაქტორს წარმოადგენენ. დღეს რატომღაც არავინ განიხილავს იმ ერთ-ერთ შესაძლო ვერსიას, რომ ეს აფეთქება შეიძლებოდა მოწყობილი ყოფილიყო საერთაშორისო ნარკოსინდიკატური დაჯგუფების მიერ, რომელიც ძალიან აქტიურია ამ რაიონში.

_ განსხვავებით 13 მაისის თავდასხმისგან, რომლის დროსაც სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, 7 ივნისის აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს ექსპერტებმა. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

_ აბსოლუტურად ვეთანხმები, ყველა სტანდარტით და დეფინიციით ეს იყო ტერორისტული აქტი. როგორც ჩანს, თალიბების დაზვერვამ გაააქტიურა ჩანერგილი აგენტი, რომელიც ხანგრძლივ პერიოდში პასიურ მდგომარეობაში ჰყავდათ. დიდი ალბათობით, შესაძლებელია, ამ აგენტის გადმობირება მომხდარიყო იდეოლოგიურ საფუძველზე, რაც, არ არის გამორიცხული, დაკავშირებული იყოს 26 მაისს მიხეილ სააკაშვილის იქ ჩასვლასთან. სააკაშვილმა თავისი საქციელით შელახა იმ არეალში მცხოვრებ პუშტუნებში გამეფებული პუშტუნვალის ღირსების კოდექსი და მან, ფაქტობრივად, გამოიწვია ეს ხალხი ღია დაპირისპირებაში.

_ ამაზე ბევრს საუბრობენ. კონკრეტულად რა იყო არასწორი და საფრთხისშემცველი სააკაშვილის მოქმედებაში?

_ ჩვენ უნდა ვიცოდეთ მოსახლეობის სპეციფიკა. პუშტუნები რომ ვახსენე, ესაა ერთ-ერთი გავლენიანი კლანურ-ტომური გაერთიანება, რომელსაც გააჩნია თავისი მსოფლმხედველობა და მორალური კოდექსი. ის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თავისი არსით სუნიტურ შარიათსაც აღემატება და სეკულარულ საკანონმდებლო სისტემასაც. ამდენად, მასზეა ყველაფერი დაფუძნებული; ამ პუშტუნვალის კოდექსით მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია ნანგი, ანუ ღირსება და ნებისმიერ პუშტუნს საკუთარი ღირსების გამო შეუძლია დაუფიქრებლად გაწიროს სიცოცხლე. რაც შეეხება სააკაშვილის ვიზიტს, როდესაც პრეზიდენტი ამბობს, შენ რამდენი მოკალი, გამოდის, რომ მან ეს ადამიანები შეადარა პირუტყვს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ ავღანელს, ნატოს მომხრესაც კი, ამ განცხადების მოსმენის შემდეგ, ბუნებრივია, პროტესტის გრძნობა გაუჩნდებოდა.

_ კი მაგრამ, სააკაშვილი ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალია. ხომ აქვს უფლება, სამხედრო პირებისგან პირადად მოისმინოს გარკვეული განმარტებები?

_ ჯერ ერთი, მე ასეთ მთავარსარდალს ლაფი დავასხი და იმ ქვეყანასაც რა ვუთხარი, ეს რომ აირჩია. კაცი სამხედრო საქმის აზრზე არ არის. წარმოიდგინეთ, ჩადის ავღანეთში, ხვდება ჯარისკაცებს, ჰამბურგერს მიირთმევს და გაბრწყინებული, გაბადრული სახით იბარებს ანგარიშს, რომელმა ჩვენმა სამხედრომ რამდენი მოკლა. ეს არის პირდაპირ ღირსების შელახვა და ამის მერე რატომ გიკვირს, რომ აგრესია მიიღე?!

_ ესე იგითქვენი აზრით, სააკაშვილის ჩასვლა და ის, რაც 7 ივნისს მოხდა, ერთმანეთთან კავშირშია?

_ ბუნებრივია. ვინც ავღანეთის ისტორია იცის და ავღანელ ხალხს მეტ-ნაკლებად იცნობს, აქ დასკვნების გამოტანა არ გაუჭირდება, ვარაუდის დონეზე, რასაკვირველია.

_ გარდა იმისა, რომ სააკაშვილმა ხელყო ავღანელი ხალხის, კერძოდ პუშტუნების, ღირსება, საუბარია იმ საფრთხეებზეც, რაც შესაძლოა, მომავალში დაემუქროთ იმავე ბაზაში მყოფ სხვა ქართველ სამხედროებს. მით უფრო, პრეზიდენტის ვიზიტის დროს გარკვევით ჩანდა რამდენიმე ჯარისკაცის სახე, რომელთა იდენტიფიკაციაც მოწინააღმდეგისთვის იოლია.

_ ეს მეორე საკითხია. მე ვილაპარაკე პირველ ფაქტორზე პოლიტიკური ეთიკის კონტექსტში იმიტომ, რომ ეს ადამიანი, სულ მცირე, უზრდელია; დამნაშავე რომაა, ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ თავხედობა, ამ შემთხვევაში, იყო თვალშისაცემი. ამის შემდეგ ელემენტარულად უნდა მოგვეთხოვა იმპიჩმენტი და მე მოვუწოდებ პარლამენტს, რომ დააყენოს ეს საკითხი. არ შეიძლება ასეთი არაპროგნოზირებადი და არაადეკვატური ადამიანი იყოს ქვეყნის პირველი პირი.

_ გასაგებია, რომ სააკაშვილი სამხედრო საქმეში გაუთვითცნობიერებელია და არ იცის, რა საფრთხე ექმნებოდა მისი ამ ვიზიტით იქ მყოფ ქართველ ჯარისკაცებს, მაგრამ საინტერესოა, თვითონ ნატოს ხელმძღვანელობა რატომ არ უთითებს მას ასეთ შემთხვევაში?

_ ნატოს ხელმძღვანელობას ჰგონია, ურთიერთობა აქვს ნორმალურ, ზრდასრულ და პოლიტიკურად მომწიფებულ პიროვნებასთან. ბუნებრივია, ისინი ვერ წარმოიდგენენ, რომ ეს ადამიანი არის სრული იდიოტი, ბეცი და შლეგი. ახლა, ალბათ, უკვე სრული წარმოდგენა შეექმნებათ და აწი მის მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვლება, თუ აქამდე არ შეცვლილა. ამას მომავალი გვიჩვენებს…

_ ბოლო დროს ხშირად საუბრობენ სამხედრო დაზვერვის არასრულყოფილებაზეც. რა მდგომარეობა გვაქვს რეალურად?

_ პრობლემები ამ კუთხით უამრავია. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ვიმეორებ, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი დანაშაული ის არის, რომ მან, ფაქტობრივად, გაანადგურა სამხედრო დაზვერვა. 2004 წლიდან მოიშალა ყველაფერი. პრაქტიკულად უმოქმედო გახდა ეს სტრუქტურა. იმავე ავღანეთში მომხდარი ტრაგედიაც უკავშირდება სწორედ დაზვერვის არაეფექტიანობას. ბევრი ლაპარაკობს უსაფრთხოების ზომების არასაკმარისობაზე, მაგრამ ბოლო შემთხვევა კონკრეტულად დაზვერვის სრულ ჩავარდნაზე მიანიშნებს.

_ რაც შეეხება ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეორგოლს, რომელშიც თალიბანი ტერაქტებით ემუქრება საქართველოს, თქვენი აზრით, ვის ან რომელი დაჯგუფებას შეიძლება ის მოემზადებინა?

_ როგორც ვიცი, სპეციალისტები სწავლობენ ამ ვიდეოს და მალე, ალბათ, გავიგებთ, რასთან გვაქვს სინამდვილეში საქმე, მაგრამ ის, რომ ამის უკან თალიბანი არ დგას, მე ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ. მასში არის რამდენიმე მომენტი, რომელიც თალიბების კანონს ეწინააღმდეგება. კერძოდ, რგოლში არაა ნახსენები ყურანი და სუნას ცხოვრების წესი, მას არ აქვს იურიდიული, ანუ ფეტვას ფორმა, რითაც უნდა განიმარტოს ჯიჰადის გამოცხადების მოტივაცია და მესამე, _ ვიდეოს გავრცელების შემდეგ, წესით, უნდა ყოფილიყო შესაბამისი რეაქცია თალიბების პრესცენტრისგან, რაც არ მომხდარა… ზოგადად არ მინდა მოვლენებს დავასწრო, მაგრამ ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ, თუკი ლაფანყურის ოპერაციის დეტალები ობიექტურად იქნება გამოძიებული, დარწმუნებული ვარ, ნათელი გახდება ამ ვიდეორგოლების რეალური წარმომავლობა…

_ «ნაციონალური მოძრაობის» ზოგიერთმა წარმომადგენელმა, მაგალითად, დიმიტრი შაშკინმა, განაცხადა, რომ ვიდეო, შესაძლოა, რუსეთში იყოს მომზადებული. არგუმენტად მან დაასახელა რგოლში სააკაშვილის სახელის რამდენიმეჯერ ხსენება, რაც ერთმნიშვნელოვნად ცხადყოფს მის ადრესატს.

_ ის, რომ სააკაშვილის სახელი ფიგურირებს, მე პირადად სულ სხვა ეჭვებს მიჩენს. კერძოდ, რას: გაიხსენეთ 2008 წელს განმუხურში მომხდარი ინციდენტი, ავტობუსი რომ ააფეთქეს და მერე რუსებს დააბრალეს. ვის მიერ იყო ეს მოწყობილი, თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. ახლა მეორე მაგალითი _ «მოდელირებული ქრონიკა». ესეც ანალოგიური პროვოკაცია… ანუ, ვინ იყო ჩვენს ქვეყანაში შავი პიარტექნოლგიების გროსმაისტერი?!

_ გინდათ, თქვათ, რომ ეს ვიდეორგოლიც, შესაძლოა, «ნაცმოძრაობის» შემოქმედების შედეგი იყოს?

_ რატომაც არა? ვინ მოიგო ამით? ვის აძლევს ხელს ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა?! ვინ გამოიწვია 17 მაისის დაპირისპირება? ვინ მოაწყო 8 თებერვალს ბიბლიოთეკის შენობასთან პროვოკაცია? ვის აძლევს ხელს ეს ყველაფერი, ხომ ადვილი მისახვედრია?!

_ გასაგებია, მაგრამ რეალურად რამდენად დიდია დღეს საქართველოში ტერორიზმის საფრთხე?

_ ჩვენ «აისაფის» მისიაში ვმონაწილეობთ და ჩვენი წვლილი შეგვაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებაში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, თეორიული მასშტაბით საფრთხის ქვეშ ვართ, მაგრამ აქ არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რაზეც ახლა ვსაუბრობდით. მხედველობაში მაქვს, ამ საფრთხეების გარკვეული პროვოკაციული მიზნებისთვის გამოყენება, რასაც «ნაციონალური მოძრაობა», დიდი ალბათობით, აკეთებდა და, თუ დასჭირდა, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გააკეთებს. სხვა დანარჩენს რაც შეეხება, იგივე კითხვა ხშირად დაისმის: რატომაა ამდენი ქართველი ჯარისკაცი ავღანეთში? მინდა, გითხრათ, რომ რიცხოვნობას ჩვენ არავინ განგვისაზღვრავს, მით უფრო, ნატოს ხელმძღვანელობა არ ერევა ამაში; ეს არის სააკაშვილის ახირება და პიროვნული ამბიცია, რომ ამით მისი რეჟიმი ყოფილიყო გამყარებული. მეორე მომენტიცაა, რომელსაც ნაკლებად აქცევენ ყურადღებას. მიხეილ სააკაშვილს განსაკუთრებით 2008 წლის მერე პანიკურად ეშინოდა ქართული არმიის და მან, უბრალოდ, გაარიდა ჯარის მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყანას. ანალოგიურად მოიქცა ის დევნილებთან დაკავშირებითაც, როცა ხალხი რეგიონებში გაასახლა. რაც დღეს ხდება, სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია, ამიტომ ახალი ხელმძღვანელობის წინაშე დგას ძალიან რთული ამოცანა, რასაც ძირეული ცვლილებები ქვია. ყველაფრის მიუხედავად, იმედი მაქვს, რომ სწორი მოქმედებით მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია. ვფიქრობ, არსებობს დღეს რეალური შესაძლებლობა პროგრესისთვის…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

P.S. ინტერვიუს დასრულების შემდეგ ჩემმა რესპონდენტმა მის მიმართ წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებების დამამტკიცებელი კონკრეტული ფაქტები გამაცნო. დოკუმენტების მთელი დასტა, რომელიც, გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს ბოლომდე აშიშვლებს, მართლაც მძიმე და შოკისმომგვრელია. ცხადია, დავინტერესდი, პროკურატურა თუ იცნობდა აღნიშნულ მასალებს. «ყველაფერი გადაგზავნილი მაქვს, მაგრამ ჯერჯერობთ არაფერი ისმისო», _ მითხრა ბატონმა ვახტანგმა. რატომ დუმს ამდენი ხანი კბილაშვილის უწყება, ამის შეფასებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ერთი რამ უნდა აღინიშნოს, ვახტანგ მაისაია დღემდე ამაოდ ითხოვს თავის საქმეზე გრიფით საიდუმლოს მოხსნას. არადა, ამ საქმის გამომზეურება, დიდი ალბათობითნათელს მოჰფენს ლაფანყურის ოპერაციის ბურუსით მოცულ დეტალებს

 

1 COMMENT

  1. ლაფანყურის კადრებს თუ დააკვირდებით,იარაღით ხელში ჩანს სასაზღვრო პოლიციის ამჟამინდელი უფროსი,რომელიც ყოველთვიურად იღებს პრემიებს(ლაფანყურში გმირობისთვისაც აიღო ათასობით ლარი)და მფარველობს ყოფილი უფროსის (ზაზა გოგავას)მიერ დატოვებულ სამმართველოს უფროსებს,შენიღბულ ნაცებს!არჩევნებამდე აგიტაციას ეწეოდა უწყებაში,ძველ დროში ნუ დავბრუნდებით,ხომ იცით ხმა ვის უნდა მისცეთო!..გელა ხვედელიძე ხომ გაირკვა ვინც ყოფილა…(პარალელურად კურატორობდა სასაზღვრო უწყებას და კარგადაც თურმე).ირაკლი ღარიბაშვილი თავისი თავის მტერია თუ ასე როგორ ატყუებენ!არ უნდა იცოდეს,ვინ ყავს თანამდებობებზე?!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here