Home რუბრიკები პოლიტიკა ნინო ბურჯანაძე: ქვეყანაში სამართლიანობა არ აღდგენილა

ნინო ბურჯანაძე: ქვეყანაში სამართლიანობა არ აღდგენილა

524

«დემოკრატიული მოძრაობის» თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და იმედოვნებს, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერას მოიპოვებს. საკუთარ უპირატესობად ის მიაჩნია, რომ თამამი და სარისკო გადაწყვეტილებების მიღება არ უჭირს, და ახალ ხელისუფლებასაც სწორედ გაუბედაობის გამო აკრიტიკებს. მიმდინარე მოვლენებსა და სამომავლო გეგმებზე «საქართველო და მსოფლიოს» ნინო ბურჯანაძე ესაუბრა.

_ ინტერვიუ ბოლო დროს მომხდარი ტრაგედიით დავიწყოთმოგეხსენებათ, 6 ივნისს 7 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთში, გასულ თვეში ასევე სამი ქართველი დაიღუპა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის საკმაოდ დიდია მსხვერპლი, რასაც ქვეყანა ავღანეთში, ISAF- ის მისიაში მონაწილეობის შედეგად იღებს, ახალი ხელისუფლების პირობებში, ქართული კონტინგენტი კვლავ რჩება ავღანეთში. როგორია თქვენი პოზიცია, უნდა იყოს თუ არა ქართული ჯარი ავღანეთში?

_ თავდასხმები ჩვენს ჯარისკაცებზე, შეიძლება კიდევ უფრო გახშირდეს. მოგეხსენებათ, 2014 წელს მისია ავღანეთში დასრულდება და, რა თქმა უნდა, თალიბების მხრიდან ბრძოლა გაძლიერდება, რათა ნატოს ჯარების გასვლის შემდეგ ქვეყანაში მაქსიმალური გავლენა მოიპოვონ. მიმაჩნია, რომ საქართველო უნდა მონაწილეობდეს მსოფლიო თანამეგობრობის მიერ ჩატარებულ ასეთი ტიპის აქციებში, მაგრამ აქ ერთი რამ არის ყველაზე მნიშვნელოვანი _ ჩვენ უნდა ვმონაწილეობდეთ იმ დოზით, რომელიც შეესაბამება საქართველოს შესაძლებლობებს. იმ ვითარებაში, როცა ნატოს წევრ სახელმწიფოებსაც კი, მათ შორის ბალტიისპირეთის ზოგიერთ სახელმწიფოს, ერთიორი ექიმი ჰყავს გაგზავნილი, ქართველი ჯარისკაცები ყველაზე ცხელ წერტილში იმყოფებიან და რაოდენობითაც ჩვენი შემადგენლობა, ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, ფაქტობრივად, მეორე ადგილზეა. ეს არის ნონსენსი და აბსოლუტურად მიუღებელი, მაგრამ ასეთი მრავალრიცხოვანი ქართული კონტინგენტის ავღანეთში გაგზავნით სააკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების მადლიერება და დიდი ფინანსური მხარდაჭერა მიიღო. სხვათა შორისვფიქრობ, რომ საკითხი სერიოზულად შესასწავლია. რას უხდიან NATO- წევრი სახელმწიფოები და აშშის ხელმძღვანელობა თავიანთ ჯარისკაცებს და რა ხელფასს იღებენ ჩვენი ჯარისკაცები.

მე განცვიფრებული ვარ, რომ ახალმა ხელისუფლებამ არ მიიღო გადაწყვეტილება ქართული კონტინგენტის ავღანეთიდან გამოყვანის დაწყებასთან დაკავშირებით. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ, როდესაც ჯარის გამოყვანაზე ვსაუბრობ, ბუნებრივია, არ ვგულისხმობ, რომ დღეს გამოვაცხადოთ ამის თაობაზე და ხვალვე გამოვიყვანოთ. ეს ასე არ ხდება, მაგრამ, ახალ ხელისუფლებას 8 თვის წინ რომ დაეწყო მოლაპარაკებები, ბოლო სამი კვირის მანძილზე არც ის ათი ბიჭი დაიღუპებოდა.

_ რას ფიქრობთ დავით უსუფაშვილის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ, თუ ავღანეთს დავტოვებთ, ევროკავშირის მონიტორები საქართველოს დატოვებენ.

_ დავით უსუფაშვილს არაკომპეტენტურობას ვერ დავწამებ, მაგრამ ან შეგნებულად იცრუა, ან არ ვიცი, რატომ გააკეთა ასეთი განცხადება, რომელიც სინამდვილესთან ახლოს საერთოდ არ არის. ვფიქრობ, თავად ევროკავშირის მისია იტყვის, რომ ეს სიმართლეს არ შეეფერება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან შანტაჟის ქვეშაა.

_ როდესაც ხელისუფლებაში იყავით, რატომ არ დაააყენეთ საჯაროდ საკითხი ჯარის გამოყვანის ან შემცირების თაობაზე საერთაშორისო მისიებში? პირად საუბრები მაინც თუ გქონიათ ყოფილი ხელისუფლების წევრებთან ამასთან დაკავშირებით?

_ ავღანეთის მისია 2010 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც მე ხელისუფლებაში აღარ ვიყავი, თუმცა ახლა ზოგადი ტენდენციაა, რომ ყველაფერი ბურჯანაძეს უნდა დაბრალდეს. ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ჩვენ ვმონაწილეობდით კოსოვოში სამშვიდობო მისიაში, სადაც, ღვთის წყალობით, არც ერთი ქართველი ჯარისკაცი არ დაღუპულა, ვინაიდან შედარებით უსაფრთხო ადგილზე იყვნენ და ჩვენი მონაწილეობაც მაშინ გაცილებით უფრო სიმბოლური იყო. რაც შეეხება ავღანეთს, ჩვენ ვიყავით ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველთვის ამბობდა, რომ ავღანეთში ჩვენი სამშვიდობო ძალა უნდა შეეფერებოდეს საქართველოს როლსა და ადგილს თანამედროვე მსოფლიოში. ჩვენ ეს არაერთხელ გვითქვამს, მაგრამ ჩვენი ნათქვამი ყურად არ იღო არამარტო სააკაშვილის ხელისუფლებამ, არამედ არც ახალმა. ის, რომ სააკაშვილი არასდროს იღებდა გადაწყვეტილებებს ხალხის და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ჩემთვის გასაგებია, მაგრამ რა მოტივაციით არ გადახედა ამ გადაწყვეტილებას ახალმა ხელისუფლებამ, არ ვიცი. ერთი კი ცხადია, ზოგადად, ახალი ხელისუფლების ნაბიჯები ძალიან ფრთხილი და გაუბედავია. დღევანდელი რეალობა გვიჩვენებს, რომ მართებული იქნება უფრო რადიკალური ნაბიჯების გადადგმა და საერთაშორისო საზოგადოებაც გაგებით მოეკიდება ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს.

_ მომავალი პრეზიდენტის პრიორიტეტი საგარეო ურთიერთობების მოგვარება იქნება. როგორ შეძლებთ ურთიერთობის დალაგებას რუსეთთან ან თუნდაც აფხაზებთან და ოსებთან? გაქვთ თუ არა შესაბამისი კავშირები ავტორიტეტულ პირებთან, რომლებთანაც, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მოლაპარაკების მაგიდასთან ისაუბრებთ

_ პრეზიდენტის რანგში, უპირველესად, დავჯდები მოლაპარაკების მაგიდასთან ქვეყნის პირველ პირებთან, მათ შორის ჩვენი მეზობელი ქვეყნების _ აზერბაიჯანის, რუსეთის, სომხეთის, უკრაინის, თურქეთის თუ სხვა ქვეყნების პრეზიდენტებთან, რომლებთანაც მე პირადი ურთიერთობები მაქვს, ვიცნობ მათ და, შესაბამისად, კარგად ვიცი, როგორ უნდა ვილაპარაკო მათთან. იგივე შემიძლია ვთქვა ბევრ ევროპელ და ამერიკელ ლიდერზე, რომლებიც გადაწყვეტილებების მიღებაში სერიოზულ როლს თამაშობენ. ერთი რამ, რაც ნამდვილად მიმაჩნია ჩემს უპირატესობად, არის ის, რომ მე არ მიჭირს გაბედული გადაწყვეტილებების მიღება. საქართველოს მომავალ პრეზიდენტს აუცილებლად დასჭირდება გაბედული და არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის საგარეო პოლიტიკის მიმართულებითაც.

_ აფხაზებსა და ოსებს შორის ვისთან გაქვთ კავშირები, შეგიძლიათ დაგვისახელოთ?

_ რომც მქონდეს ასეთი კავშირები, მათთან შეთანხმების გარეშე ვერ დავასახელებდი. ერთი რამ მიმაჩნია ძალიან მნიშვნელოვნად _ აფხაზებმაც და ოსებმაც იციან, რომ მე ვარ ადამიანი, რომელიც არასდროს იტყუება. «ნაციონალურმა მოძრაობამაც» კი, რომელმაც ყველაფერი დამაბრალა, ვერასდროს თქვა, რომ ბურჯანაძე მატყუარაა. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ აფხაზებთან და ოსებთან ჩატეხილი ხიდი აღდგეს. ამისთვის კი საჭიროა, მათ ჰქონდეთ ნდობა იმ ადამიანისა, რომელსაც დაელაპარაკებიან.

_ როგორ ფიქრობთ, თქვენ მიმართ ექნებათ ეს ნდობა? რამდენად მისაღები იქნება თქვენი პიროვნება ოსებისა და აფხაზებისთვის, რომლებსაც ახსოვთ, რომ თქვენ იყავით როგორც სააკაშვილის, ასევე შევარდნაძის ხელისუფლებაში?

_ ამის მიუხედავად, მე ყოველთვის მქონდა მათთან მოლაპარაკების შესაძლებლობა და ყოველთვის მქონდა სალაპარაკო პირი. ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ბედით მე არასდროს მითამაშია. რა თქმა უნდა, მე არ შემიძლია ვთქვა, რომ, რასაც მე ვამბობდი, ვამბობ ან ვიტყვი, ავტომატურად მისაღები იქნება ჩვენი აფხაზი ან ოსი ძმებისთვის, მაგრამ მე ვარ ადამიანი, რომელსაც მათთან საუბარი შეუძლია, ამაში დარწმუნებული ვარ.

_ თქვენი პარტია, ალბათ, ყველაზე მეტად დაზარალდა წინა ხელისუფლების დროს, ვგულიხმობ 26 მაისს. მართალია, დღეს ყველა თქვენი თანამებრძოლი, პოლიტპატიმარი თავისუფალია, მაგრამ სამართლიანობის აღდგენის შეგრძნება თუ გაქვთ?

_ პირდაპირ გეტყვით, რომ ქვეყანაში სამართლიანობა არ აღდგენილა. ის, რომ ეს ადამიანები გაათავისუფლეს, არ არის საკმარისი. მეტსაც გეტყვით, იმის მიუხედავად, რომ მათი პატიმრობიდან გათავისუფლებიდან უკვე 5 თვე გავიდა, მათ ვერ შეძლეს თავიანთი ელემენტარული უფლებების აღდგენა. არ აქვთ ნასამართლეობა მოხსნილი, მათ დიდ ნაწილს არ შეუძლია მუშაობის დაწყება, სხედან სახლებში და უყურებენ, როგორ აგრძელებენ თავხედობას «ნაციონალური მოძრაობის» წარმომადგენლები. მცირე გამონაკლისის გარდა, წართმეული ქონებაც არავისთვის დაუბრუნებიათ, მათ შორის არც ჩვენი პარტიისთვის, როცა არაერთი უკანონო ჯარიმა დაგვაკისრეს.

_ რატომ ხდება ასე?

_ ვერ გეტყვით, ერთ-ერთი თემა, რომელიც კოაბიტაციის ფარგლებში ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი და აღმაშფოთებელია, არის ზუსტად ის, რომ  ადამიანები, რომლებმაც თავი გაწირეს და სისხლი დაღვარეს ქვეყნის გადასარჩენად, უმუშევრები და უფლებაშელახულები არიან, უყურებენ, როგორ არიან «ქართული ოცნების» ლიდერების უმრავლესობის მუდმივი ზრუნვის საგანი ის ადამიანები, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ატერორებდნენ საქართველოს მოსახლეობას.

«ნაციონალური მოძრაობა» დამნაშავე ორგანიზაციაა და, ბიძინა ივანიშვილისადმი ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, რომელმაც მართლა ბევრი სიკეთე გაუკეთა საკუთარ სამშობლოს, ხალხს ხმა მისთვის იმიტომ არ მიუცია, რომ კოაბიტაციის რეჟიმში «ნაციონალებთან» ერთად გააგრძელოს მუშაობა. 30 სექტემბერს ივანიშვილს რომ ეთქვა, რომ ის «ნაციონალებთან» კოაბიტაციას აპირებდა, გარწმუნებთ, 1 ოქტომბერს ვერ მიიღებდა იმ შედეგებს, რომელიც არჩევნებში მიიღო. «ქართულ ოცნებას» ხალხმა ხმა იმისთვის მისცა, რომ «ნაციონალური მოძრაობა» ქვეყნისთვის მოეშორებინა.

_ რატომ ვერ ჩამოყალიბდა საქართველოში .. მესამე ცენტრი, არასაპარლამენტო პარტიების ძლიერი ოპოზიციური გაერთიანება, რაზე ვერ შეთანხმდით?

_ ტერმინი «მესამე ძალა» ჩემთვის მიუღებელია, ვინაიდან მეორე ძალა ვერანაირად ვერ იქნება «ნაციონალური მოძრაობა». პარტია, რომელსაც ჰყავს პრეზიდენტი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, დედაქალაქის მერი და ადგილობრივი თვითმმართველობების აბსოლუტურ უმრავლესობას ფლობს, არ არის ოპოზიციური პარტია, ეს არის ხელისუფლებაში მყოფი პარტია. უბრალოდ, 1 ოქტომბრის შემდეგ ხელისუფლება გაიყო და ქვეყანაში ორხელისუფლებიანობა დამყარდა. თუნდაც ის ფაქტი, რომ მოსამართლეებს დღეს კვლავ კოტე კუბლაშვილი აკომპლექტებს, უპირველეს ყოვლისა, «ქართული ოცნების» სირცხვილია, ვინაიდან კოტე კუბლაშვილი და მოსამართლეები აკანონებდნენ ყველა იმ უსამართლობას, რომელთა მსხვერპლიც საქართველოს მოსახლეობა გახდა. იმედი მაქვს, «ქართული ოცნება» ამას მალე გამოასწორებს.

რაც შეეხება ოპოზიციის გაერთიანებას, მე ძალიან კარგად ვიცი ბევრი რამ როგორც ხელისუფლებაზე, ასევე ოპოზიციის ცალკეულ ქმედებებსა და მოტივაციაზე. ოპოზიციას გაერთიანება ყოველთვის უჭირდა და უმეტეს შემთხვევაში ამ გაერთიანების პრობლემა ზოგიერთების დაუსაბუთებელი პოლიტიკური ამბიცია იყო, რომელსაც ისინი გაცილებით მაღლა აყენებდნენ, ვიდრე საერთო ინტერესებს. მაგრამ მე იმედი მაქვს, შევძლებთ, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციასთან კონსტრუქციულ რეჟიმში კონსულტაციების გაგრძელებას და შეთანხმებას ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით.

სასურველია, შევძლო არასაპარლამენტო ოპოზიციის დარწმუნება, მხარი დამიჭირონ საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ, რა თქმა უნდა, მთავარი იქნება, მოსახლეობა დავარწმუნო, რომ მე ვარ ყველაზე შესაფერისი კანდიდატი. ქვეყანა არის იმ ვითარებაში, როდესაც გაბედული და სარისკო ნაბიჯებია საჭირო, რათა გავარღვიოთ ის მოჯადოებული წრე, რომელშიც «ნაციონალური მოძრაობის» გამო აღმოვჩნდით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ქვეყნის სასიკეთოდ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

  1. არ იქნება ურიგო, რომ ქ. ნინო ბ. ბიძინას შეხვდეს. დაილაპარაკონ და შეთანხმდენ, ერთად გადაწყვიტონ, როგორც უკეთესი იქნება საქრთველოსთვის.ჩვენი ქვეყანა სწრაფად ფეხზე დადგომას და განვითარებას საჭიროებს. ბანქოში, როცა ჯოკერი მოგდის ყოველთვის "ქვემოდან" თამაში არ არის მომგებიანი. დასაფიქრებელია! არ არის გამორიცხული, ქ. ნინომ ბევრი ურთულესი საკითხების გადაჭრა შეძლოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here