Home რუბრიკები პოლიტიკა რისთვის იბრძვის ქართული ჯარი ავღანეთში?

რისთვის იბრძვის ქართული ჯარი ავღანეთში?

1221

«ტერორიზმთან ბრძოლა ურთულესი და, ამავე დროს, მეტად საპატიო მისიაა, რომელსაც, საერთაშორისო სამშვიდობო ძალებთან ერთად, გმირი ქართველი სამხედროები ღირსეულად ასრულებენ. ჩვენი ჯარისკაცები საქართველოდან შორს, უცხო მიწაზე, საკუთარი სიცოცხლის ფასად ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს იცავენ. ეს ბიჭები ჩვენი სახელმწიფოს სტაბილურობის, ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობების უსაფრთხოების სადარაჯოზე დგანან. მიუხედავად ამ თავზარდამცემი ტრაგედიისა, ჩვენ ვერაფერი გაგვტეხს, უკან ვერავინ დაგვახევინებს», _ განაცხადა ბიძინა  ივანიშვილმა მიმართვაში, რომელიც ავღანეთში 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შემდეგ გავრცელდა. ამ განცხადებისა და ხელისუფლების სხვა წამომადგენელთა კომენტარების შინაარსი და ზოგადი სულისკვეთება ცალსახად მიუთითებდა იმაზე, რომ ავღანეთიდან ქართული კონტინგენტის გამოყვანა ან რამდენადმე შესამჩნევი შემცირება ახლო მომავალში არ იგეგმება. რა მოტივები დგას ამ გადაწყვეტილების უკან და რა საფრთხეებს უკავშრიდება ის საქართველოსთვის?

ავღანური მითების კრებული

ბიძინა ივანიშვილს არასოდეს უთქვამს, რომ ავღანეთიდან ქართველ სამხედროებს გამოიყვანს ან მათ რაოდენობას მკვეთრად შეამცირებს, თუმცა გარკვეული მოლოდინი მასთან დაკავშირებით არსებობდა და ეს შემდეგმა გარემოებამ განაპირობა: პირველი კომენტარი ამ თემაზე «ქართული ოცნების» ლიდერმა 2011 წლის 1 ნოემბერს, თავის პირველ პრესკონფერენციაზე გააკეთა: «ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი შეიარაღებული ძალებით ავღანისტანსა და ერაყში პატარა პარტნიორობა ასეთი დიდი გაერთიანების. ძალიან საინტერესო პოზიცია გვიჭირავს ჩვენ ამ კუთხით და მომავალშიც გავაგრძელებთ. კონკრეტულად რამდენად საჭიროა, რამდენი უნდა დავამატოთ თუ გამოვაკლოთ, ეს იქნება ანალიზის შემდეგ» და შემდგომ ამ თემაზე დაახლოებით იმავე შინაარსის განცხადებებს აკეთებდა. «ნაციონალების» პროპაგანდამ მაშინ კონტექსტიდან ამოგლიჯა სიტყვა «გამოვაკლოთ» და ხმაური ატეხა (არიქა, ჯარი გამოჰყავს და შტატებთან ურთიერთობას გვიფუჭებსო), რის გამოც საზოგადოების ნაწილში გავრცელდა მცდარი წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ ივანიშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაცის შეცვლას აპირებს, თუმცა საბოლოოდ გაირკვა, რომ ამ მოლოდინს რეალობასთან საერთო არაფერი ჰქონდა. ზემოხსენებულმა «ანალიზმა», როგორც ჩანს, მიიყვანა პრემიერ-მინისტრი დასკვნამდე, დატოვოს ავღანეთში ყველაფერი ისე, როგორც ადრე იყო.

ომი გრძელდება. ქართველი სამხედროები იღუპებიან. საზოგადოების უკმაყოფილება იზრდება და პოლტიკოსებს სულ უფრო ხშირად უწევთ იმ არგუმენტების მოშველიება, რომელიც ავღანეთში ამდენი ქართველი სამხედრო მოსამსახურის ყოფნას ამართლებს. ისინი ხშირად საუბრობენ ბრძოლაზე ან ომზე ტერორიზმთან, მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს, ჯორჯ ბუშუმცროსის დროინდელი ფორმულირება, აგერ უკვე სამი წელია, აღარ გამოიყენება. პენტაგონის დოკუმენტებში ფიგურირებს, უბრალოდ, «საგანგებო ოპერაცია უცხოეთში» და სხვა ბუნდოვანი ფორმულირებები; ობამას ადმინისტრაციამ შეგნებულად უარყო ეს ტერმინოლოგია, რათა წინამორბედის პოლიტიკისგან დისტანცირება მოეხდინა. 2010 წლის მაისში, როდესაც ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ რატომ ამოიღეს «ომი ტერორიზმთან» აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიიდან, ობამას მრჩეველმა შიდა უსაფრთხოებისა და ანტიტერორისტულ საკითხებში (ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ამჟამინდელმა დირექტორმა) ჯონ ბრენანმა უპასუხა: «ჩვენი მტერი ტერორიზმი არ არის, რადგან ტერორიზმი მხოლოდ ტაქტიკაა». კიდევ უფრო საინტერესო მოსაზრება 2009 წლის 15 იანვარს «გარდიანის» ფურცლებზე წერილში სათაურით «ომი ტერორთან შეცდომა იყო» დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა დევიდ მილიბენდმა გაგვიზიარა: «ტერორიზმთან ომის წარმოების მოწოდება წარმოადგენდა იარაღის აღების მოწოდებას და სოლიდარობის დაფუძნების მცდელობას დაპირისპირებაზე საერთო მტერთან. მაგრამ სოლიდარობა ქვეყნებსა და ერებს შორის ეფუძნება არა იმას, თუ ვის წინააღმდეგ ვიბრძვით, არამედ წარმოდგენას იმის თაობაზე, თუ ვინ ვართ და რა ღირებულებები გვაერთიანებს». ზოგმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ეს უმნიშვნელო ტერმინოლოგიური ნიუანსებია. არადა, სხვაობა პრინციპულია. ასეა თუ ისე, ვითარება მეტად პარადოქსულია, მაშინ, როდესაც ქართველი პოლიტიკოსები საზოგადოებას არწმუნებენ, რომ საქართველო ავღანეთში ტერორიზმს ებრძვის, მისმა მთავარმა კოალიციურმა პარტნიორებმა აშშმა და დიდმა ბრიტანეთმა ეს ომი თურმე, დიდიხანია, დაასრულეს და ახლა სულ სხვა ტიპის ომს აწარმოებენ.

თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილმა სცადა საუბრის დაწყება ავღანური დემოკრატიის დაცვაზე, თუმცა მალევე გაჩუმდა, რადგან ჰამიდ კარზაის კორუმპირებული რეჟიმის წარმოჩენა «ახალგაზრდა დემოკრატიად» წარმოუდგენლად რთული ამოცანაა, თანაც ადგილობრივი აუდიტორიისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გააკეთონ ეს მაინც და მაინც ქართველებმა. საბოლოოდ, მთელი ამ რიტორიკისგან დარჩა ერთადერთი პოსტულატი იმის თაობაზე, რომ ზეაქტიური მონაწილეობა ავღანურ მისიაში საქართველოს ნატოში გაწევრიანებას უადვილებს. ის განიხილებოდა, როგორც ერთგვარი პოლიტიკური ბარტერის, აშშ-ნატოსთან პრაგმატული გარიგების ნაწილი (ძნელი სათქმელია, რამდენად თავსებადია ეს პრაგმატიზმი ტერორიზმთან ბრძოლის და დემოკრატიის დაცვის ლოზუნგებთან, თუმცა ამჯერად ამას თავი დავანებოთ). ეს იდეა ქართულ პოლიტიკურ მითოლოგიაში ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს იკავებს, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს არანაირი ოფიციალური შეთანხმება, რომელიც ავღანეთში მონაწილეობასა და ნატოში გაწევრიანებას შორის რაიმე სახის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს დააფიქსირებს.

ურემი გადაბრუნდა, გზა არ გამოჩნდა    

ურთიერთობას აშშ-საქართველო-რუსეთის (ბერმუდის) სამკუთხედში უამრავი ასპექტი აქვს, თუმცა წამით წარმოვიდგინოთ, რომ მთელი მსოფლიო პოლიტიკა მხოლოდ ავღანური საქმეებით შემოიფარგლება და ამა თუ იმ ქვეყნის პერსპექტივა იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა წვლილი შეაქვს მას კოალიციის ოპერაციებში. თუ სიტუაციას თბილისიდან შევხედავთ, საქართველო უდავოდ ერთერთ მთავარ კონტრიბუტორად მოგვევლინება, რომელსაც დამსახურებული ჯილდო ეკუთვნის, მაპის მინიჭება იქნება თუ ალიანსში გაწევრიანება, თუმცა ვაშინგტონში ყოველივე ეს ცოტა სხვანაირად აღიქმება.

 ომი არამხოლოდ იარაღის ჟღარუნია, როგორც მიხეილ სააკაშვილს ეგონა და, შესაძლოა, დღესაც ჰგონია, არამედ, უპირვლეს ყოვლისა, ლოჯისტიკა. აშშის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ბოლო წლებში ავღანეთში რუსეთის გავლით 379 ათასი სამხედრო მოსამსახურე და 45 ათასზე მეტი სატვირთო კონტეინერი მოხვდა. 2011 წელს კოალიციის ტვირთების 40 პროცენტმა «რუსულ დერეფანში» გაიარა. იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი ამ არხს გადაკეტავს, ავღანეთში მყოფი დაჯგუფება უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდება, რადგან ამ ნაკადის სწრაფი გადამისამართება, უბრალოდ, შეუძლებელია. უღირს თუ არა ვაშინგტონს, საქართველოს სასარგებლოდ ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რომლითაც რუსეთს გადაიმტერებს? ეს, სავარაუდოდ, არ მოხდება იმ წარმოსახვით სიტუაციაშიც კი, რომელშიც, ავღანური ოპერაციის გარდა, (რომელშიც საქართველოს წვლილი არაპროპორციულად დიდია) ამქვეყნად არაფერი არსებობს, რეალურ სამყაროში კი წინაღობა გაცილებით მეტია.

საქართველოს ინტეგრაცია ნატოში დღესდღეობით დაბლოკილია «ძველი ევროპის» ქვეყნების (უპირველესად, გერმანიის მიერ), ხოლო ყველაზე მეტად მას ხელს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული მდგომარეობა უშლის. თუმცა მოსკოვი არ კმაყოფილდება იმ შედეგით, რომელსაც მიაღწია, და საკითხის საბოლოო მოგვარებისკენ მიისწრაფვის _ მას სურს, რომ უარი ნატოში გაწევრიანებაზე თავად საქართველომ თქვას და, უკრაინის მსგავსად, ეს ოფიციალურად დააფიქსიროს.

იმ განმუხტვის მიუხედავად, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ბოლო დროს ნამდვილად შეინიშნება, ნეგატიური სიგნალები ჩრდილოეთიდან ისევ გაისმის და თანდათან სულ უფრო ინტენსიური ხდება (ინციდენტი დიცში, გენადი ონიშენკოს განცხადებები და ა. შ.). გამორიცხული არაა, რომ კრემლი მიანიშებს ივანიშვილს, რომ ვერ ხედავს არსებით განსხვავებას მასა და სააკაშვილს შორის მკვეთრად პროდასავლური პოლიტიკის გატარების და ნატოში სწრაფვის თვალსაზრისით და, აქედან გამომდინარე, კვლავინდებურად ხისტად იმოქმედებს, მანამ, სანამ საწადელს არ მიაღწევს. ნატოში საქართველოს ინტეგრაციის არდაშვებას რუსეთისთვის ძალიან მაღალი ფასი აქვს. მარტივად რომ ვთქვათ, ის მზადაა, იომოს, რათა ეს გამორიცხოს. ამასთანავე, არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ დასავლეთი, უპირველესად კი, აშშ მზადაა, საქართველოს გულისთვის, არათუ «ყირიმის ახალ ომზე» (რომელზეც ჩუმად, დროდადრო კი ხმამაღლა ოცნებობდნენ «ნაციონალები»), არამედ რუსეთთან რამდენადმე შესამჩნევ კონფრონტაციაზე წავიდეს.

აგვისტოს ომის შემდეგ, ნატოს გზა საქართველოსთვის, პრაქტიკულად, ჩახერგილია; სააკაშვილი ამას არ აღიარებდა, რადგან ეს მისი პოლიტიკის კრახის აღიარების ტოლფასი იყო და გამუდმებით კვებავდა აუდიტორიას «მაპ-ზე უკეთესი მოგვცეს» ტიპის ზღაპრებით, ასახელებდა ნატოში გაწევრიანების სხვადასხვა თარიღს და ა. შ. ამ მითოლოგიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ავღანეთში ამდენი ჯარისკაცის გაგზავნას ნატოში გაწევრიანებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ივანიშვილის მთავრობა არჩევანის წინაშე დადგა: გაეგრძელებინა ეს პრაქტიკა თუ (როგორც მინიმუმი; თუ არაფრის შეცვლა არ შეეძლო) საგარეო პოლიტიკის კუთხით შექმნილი მდგომარეობა საზოგადოებისთვის პატიოსნად აღეწერა და მასთან ღია დიალოგი გაემართა. როგორც ჩანს, მან პირველი ვარიანტი აირჩია.

«თუ ჩვენ ავღანეთს დავტოვებთ, მაშინ ევროკავშირის მონიტორები საქართველოს დატოვებენ», _ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა («რადიო თავისუფლება»). ამით, მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ რიტორიკულ ეკვილიბრისტიკას საზღვარი არ აქვს. უსუფაშვილმა საჭიროდ არ ჩათვალა, გაეშიფრა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ამ ორ წარმოსახვით მოვლენას შორის და შესაძლოა, ვერ მიხვდა, რომ ქვეტექსტში ევროკავშირს საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა. ეს განცხადება არაფრით განსხვავდებოდა ძველი ხელისუფლების წარმომადგენელთა უაპელაციო და ლოგიკისგან სრულიად თავისუფალი გამოსვლებისგან და «ქართული ოცნების» ამომრჩევლისთვის, სავარაუდოდ, არც ისე სასიამოვნო იქნება იმის გააზრება, რომ მათმა რჩეულებმა საზოგადოებასთან საუბარი «ნაციონალების» სტილში დაიწყეს.

ნარკოლოგს ხომ არ მივაკითხოთ?

რა პოზიტიური მიზნების მიღწევას ცდლობს საქართველო ავღანეთის ომში? მიზნებზე ვსაუბრობთ თუ მირაჟებზე? არსებობს ვალდებულებები ვაშინგტონის წინაშე, რომლებიც სააკაშვილმა, თავისი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ქვეყანას დააკისრა, მათი შესრულების აუცილებლობა და არაფერი სხვა _ სავარაუდოდ, დაახლოებით ასე გამოიყურება მწარე სიმართლე ქართველების ავღანური ექსპედიციის შესახებ და მისი შელამაზების მცდელობა (მასზე ნატოში გაწევრიანების თემის მობმის მეშვეობით) ხელისუფლების მხრიდან პატიოსან თამაშად ნამდვილად ვერ ჩაითვლება. თქმული არ ნიშნავს, რომ საქართველომ სწრაფად და რადიკალურად უნდა შეცვალოს დამოკიდებულება ამ მისიის მიმართ (ეს, შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, უბრალოდ, არ გამოვა; ახალი ხელისუფლება, ისევე, როგორც ძველი, ამერიკელებისთვის თუნდაც მცირე პრობლემის შექმნას და თუნდაც ერთი ბატალიონის გამოყვანას, სავარაუდოდ, ვერ გაბედავს), მაგრამ სასურველია, რომ საზოგადოებამ ავღანეთში ქართული კონტინგენტის ყოფნა არარეალისტურ მოლოდინებს არ დაუკავშიროს. ეს დიდი იმედგაცრუების გარდა, სავარაუდოდ, არაფერს მოიტანს.

მსჯელობამ ამ თემაზე შეიძლება საინტერესო კითხვამდე მიგვიყვანოს: სურს თუ არა საზოგადოების უმრავლესობას, გაიგოს სიმართლე ავღანეთის ომის შესახებ ან აგვისტოს ომის შესახებ, თუ შელამაზებული სურათი ან, სულაც, სიცრუე მისთვის გაცილებით კომფორტულია?

რეალობისთვის თვალის გასწორება, მსჯელობა ზნეობრივ კატეგორიებზე დაყრდნობით, ომის ნამდვილი მიზნების, არსის და, საბოლოო ჯამში, მარცხის გააზრება ძალიან დიდ ტკივილს უკავშირდება. ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში კი ბოლო დროს ტკივილისთვის თავის არიდების, მისგან მუდმივი გაქცევის ტენდენცია დამკვიდრდა და პოლიტიკოსები ამას საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ. საინტერესოა, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს სრულფასოვნად საზოგადოება, რომელიც უსიამოვნო შეგრძნებებს და, აქედან გამომდინარე, რეალობას გაურბის და ლამაზ ტყუილზე, როგორც ნარკოტიკზე, დამოკიდებული გახდა?

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here