Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში აუცილებელია ხელმძღვანელი კადრების შეცვლა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში აუცილებელია ხელმძღვანელი კადრების შეცვლა

737

საქართველოში სოფლის მეურნეობის დაღმასვლა გასულ წელს არ დაწყებულა. ის ჯერ კიდევ 1990 წლიდან დაიწყო და გაძლიერდა 2000 წლის შემდეგ, როცა სამინისტროში მოვიდნენ სრულიად გამოუცდელი და არაპროფესიონალი კადრები და  მაღალი თანამდებობები  დაიკავეს.

მე მთლიანად ვეთანხმები დღევანდელი მთავრობის წევრების შეფასებებს იმის თაობაზე, რომ დავით კირვალიძე  სოფლის მეურნეობის მართლაც კარგი სპეციალისტია, მაგრამ მან 2000 წელს, როცა მინისტრად დაინიშნა, სამინისტროს აპარატში მოიყვანა ახლო მეგობრები, გამოუცდელი არაპროფესიონალები, რომელთა საქმიანობამ მკვეთრად დაამუხრუჭა სოფლის მეურნეობის განვითარება. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ 2004 წელს სამინისტროს ხელმძღვანელობაზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მინისტრის ერთი მოადგილე დააპატიმრეს, ხოლო მეორემ გაქცევით უშველა თავს, დავით კირვალიძე კი იძულებული გახდა, თანამდებობა დაეტოვებინა.

აღარაფერს ვამბობ მომდევნო მინისტრზე _ დ. შერვაშიძეზე, რადგან იგი სულ რაღაც 6 თვე მინისტრობდა და სასიკეთო არაფერი გაუკეთებია.

შემდგომში სოფლის მეურნეობის მინისტრად  26 წლის არაპროფესიონალი ბაკურ კვეზერელი დაინიშნა, რომელიც სოფლის მეურნეობის ელემენტარულ ტერმინოლოგიასაც ვერ ფლობდა და უკანასკნელ წლებში ჰიბრიდული სიმინდის წარმოების პროგრამა იმდენად ჩააგდო, რომ მიწათმფლობელებმა, რომლებმაც მისი რჩევით სიმინდი დათესეს, დიდი მატერიალური ზარალი განიცადეს, რისთვისაც მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია. მართალია, თანამდებობიდან კი გადააყენეს, მაგრამ «ნაციონალებმა» ისეთ სამსახურში გაამწესეს, ამბობენ, მინისტრზე ორჯერ მეტი ხელფასი აქვს და განცხრომით ცხოვრობსო.

შემდეგ მინისტრად დაინიშნა ექიმი ზაზა გოროზია, რომელმაც თურმე ამ თანამდებობაზე მოსვლისას 120 ათას ლარად ღირებული ახალახალი «ჯიპი» ბიუჯეტის თანხით შეიძინა და სოფელ-სოფელ უსაქმოდ ისეირნა. 

2012 წლის ოქტომბერში სოფლის მეურნეობის მინისტრად ისევ დავით კირვალიძე მოგვევლინა. ვიფიქრეთ, იგი გასულ წლებში დაშვებულ შეცდომებს გაითვალისწინებდა და სამინისტროს ცენტრალურ აპარატს კვალიფიციური კადრებით დააკომპლექტებდა, მაგრამ, ჩვენდა გასაკვირად, მოხდა პირიქით, _ მან ხელმძღვანელ თანამდებობებზე მოაბრუნა და დანიშნა სწორედ ის პირები, რომლებიც 2000 წელს ჰყავდა გვერდით, და რომელთა საქმიანობამ მას 2004 წელს თანამდებობა დაატოვებინა. ჩემის აზრით, ეს იყო . კირვალიძის დიდი შეცდომა, რამაც აიძულა იგი თანამდებობიდან გადამდგარიყო.

გადავიდეთ მექანიზაციის პრობლემურ საკითხებზე. სოფლად მცხოვრები ფართო საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ დღეს მექანიზაციის განვითარების გარეშე, სოფლის მეურნეობის ვერც  ერთი დარგი ვერ მოგვცემს სასურველ შედეგს.

უკანასკნელ წლებში საქართველოში შემოიტანეს და დღესაც შემოდის რვა სხვადასხვა ქვეყნიდან (ჩინეთი, აშშ, ინგლისი, გერმანია, იტალია, ფინეთი, ჩეხეთი, ბელარუსი) ახალი ტრაქტორები და სასოფლო-სამეურნეო მანქანები. მანქანები, რომლებსაც ჩვენს პირობებში არ გაუვლიათ გამოცდა, ბევრ შემთხვევაში ვერ ამართლებს, ნაადრევად გამოდის მწყობრიდან, მკვეთრად უარესდება მათი ტექნიკური მომსახურებაც და ქვეყანა ზარალდება.

მე არ ვისაუბრებ დღეს სამინისტროში მიმდინარე პროცესებზე, ეს უშუალოდ ძიების საქმეა და ჩემი მოსაზრებით გამოძიებას ხელს არ შევუშლი, მაგრამ აღვნიშნავ იმას, რომ გასულ წლებში ვერ მოხერხდა სხვადასხვა ქვეყნიდან შეძენილი ძვირადღირებული ტექნიკის რეალიზაცია და ხელისუფლება იძულებული გახდა, შეექმნა სახელმწიფო «სერვისცენტრები», რომლებიც მინიმალურადაც ვერ უზრუნველყოფენ მიწათმფლობელთა მზარდ მოთხოვნებს, ამიტომ არის, რომ 780 ათასი ჰექტარი სახნავ-სათესი ფართობებიდან, ყოველწლიურად დაუმუშავებელი რჩება 500 ათასამდე ჰექტარი ნაყოფიერი მიწები და ქვეყნის მოსახლეობა სოფლის მეურნეობის პროდუქტების დეფიციტს განიცდის.

მიმდინარე წლის 5 თებერვალს ჩვენ, სამეცნიერო და პრაქტიკული გამოცდილების მქონე მექანიზატორებმა, რომლებმაც ამ დარგის განვითარებას ათეულობით წლები შევალიეთ და დაგვიგროვდა საკმაოდ მდიდარი გამოცდილება, წერილით მივმართეთ სოფლის მეურნეობის მინისტრ დ. კირვალიძეს; ვთხოვდით, სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ერთად გვემსჯელა მექანიზაციის დარგში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე და დროულად მიგვეღო ზომები მის გამოსასწორებლად. ამ სერიოზული საკითხის მოგვარებას და ჩვენს თხოვნას სამინისტროს ხელმძღვანელობამ ყურადღება არ მიაქცია და მინისტრის პირველმა მოადგილემ დ. შერვაშიძემ 20 თებერვლის წერილით მოკლედ გვიპასუხა: «თუ თქვენ გაგაჩნიათ მოსაზრებები, წერილობით მოგვაწოდეთ».

რაკი სამინისტროს ხელმძღვანელობამ ამ მნიშვნელოვან საკითხზე ფართო მსჯელობის გამართვა არ ისურვა და მოკლე შინაარსის წერილით დაკმაყოფილდა, მინდა მათ ამ წერილითვე შევახსენო შემდეგი:

რიგ რაიონებში მათ მიერ შექმნილი . . სერვისცენტრები არ არის აღჭურვილი ტექნიკური საშუალებებით და საჭირო მარაგნაწილებით, რის გამოც შეუძლებელი ხდება სატრაქტორო პარკის ტექნიკური მომსახურება, მიმდინარე და კაპიტალური რემონტის წარმოება, რაც სამომავლოდ უარყოფითად იმოქმედებს ტექნიკის შეუფერხებელ მუშაობასა და მათი ექსპლუატაციის ვადის ხანგრძლივობაზე.

სამინისტრო არ ზრუნავს ტექნიკის სარემონტო ბაზის შექმნაზე, არ წარმოებს გაცვეთილი დეტალების აღდგენა, რაც ახლო მომავალში მკვეთრად გააძვირებს ტექნიკის სარემონტო სამუშაოებს, რადგან, ნაცვლად დეტალების აღდგენისა, მიწათმფლობელებს მოუწევთ ძვირადღირებული კუსტარული წესით დამზადებული დეტალების ბაზრობებზე შეძენა.

მიუხედავად ჩვენი არაერთგზის შეხსენებისა, სამინისტროს ხელმძღვანელობას მხოლოდ წელს გაახსენდა, რომ მექანიზატორებია საჭირო და გაითვალისწინა სახელმწიფო თანხებით 900 მექანიზატორის მომზადება, რომელთა შორის მხოლოდ 875-მა ჩააბარა გამოცდები, რაც საკმარისი არ არის და საჭიროა სერიოზული ზომების გატარება.

საგანგაშოა, რომ აგრარულ უნივერსიტეტში შეწყვეტილია უმაღლესი განათლების მექანიზატორთა კადრების მომზადება, რაც ახლო მომავალში მკვეთრად გააუარესებს სოფლად საინჟინრო სამსახურის საქმეს და ტექნიკის შეუფერხებელ მუშაობას. გაუქმების პირასაა მექანიზაციის ინსტიტუტიც. ამ საკითხების მოსაგვარებლად სამინისტროს ხელმძღვანელობას არ მიუმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის და არ შემოუკრავს განგაშის ზარი.

მიწათმფლობელებსა და სოფლის მოსახლეობას პრესის საშუალებით არ მიეწოდებათ ინფორმაციები მეცნიერების თანამედროვე მიღწევებსა და მოწინავეთა გამოცდილებაზე, ახალ ტექნოლოგიებსა და ტექნიკურ საშუალებებზე, აგრონომიული, ვეტერინალური, საბანკო-საფინანსო, მოსავლიანობის ამაღლებისა და რიგ სხვა, მათთვის საინტერესო საკითხებზე. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობა არ არის ამ საკითხით დაინტერესებული.

2000 წლიდან დღემდე სამინისტროში არ არის შემოღებული მიწათმფლობელთა მიღების დღეები, რაც, ჩემის აზრით, სრულიად არ შეეფერება დემოკრატიული ქვეყნის სამინისტროს ხელმძღვანელთა მოქმედებას. აუცილებლად მიგვაჩნია სოფლის მეურნეობის სამინისტროში უახლოეს ხანებში მოხდეს ხელმძღვანელი კადრების შეცვლა საქმის მცოდნე მაღალკვალიფიციური აგრონომებით, მექანიზატორებით, მელიორატორებით, ზოოვეტერინარებით, აგროეკონომისტებითა და ა. შ., რომლებიც შემჩნეული არ არიან კორუფციაში და თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას მოახმარენ ამ მეტად მნიშვნელოვანი დარგის განვითარებას. ამჯერადაც პური მეპურემ უნდა გამოაცხოს.

ირაკლი დვალი,

საქართველოს მიწათმფლობელთა და მექანიზატორთა საზოგადოების თავმჯდომარე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს დამსახურებული მექანიზატორი

 

1 COMMENT

  1. კირვალიძე რომ თავიდანვე კრიმანალი იყო და მაგის დანიშვნა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა,ეს ხომ მთელმა საქართველომ იცის? მაგას არა აქვს გამართლება.. ისიც ტყუილია, თითქოს მაგის გარეშე ფულს სხვა გააკეთებდა.. ფულის გარეშე კირვალიძე თავის სიმამრსაც კი არ მიესალმება.. მაგრამ სტატიის ავტორის მსჯელობით, მიწათმოქმედთა დღეები რომ არ არის სამინისტროში, ეგ ყოფილა პრობლემა.. სასაცილო, სატირალი რომ არ იყოს.. პატიოსანი ხალხის პრობლემაა მთავარი ამ ქვეყანაში და რაც მოხდა, და ნამდვილად მოხდა სამინისტროში დანაშაული, ფულზე გაფუჭებული ხალხის ნახელავია.. სხვათა შორის,მხოლოდ მანდ არ გააკეთეს ფული კირვალიძემ და მისმა ბანდამ.. ეგეც გამოჩნდება ცოტა ხანში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here