Home რუბრიკები პოლიტიკა რას უპასუხებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ისლამ საიდაევის ბრალდებებს?

რას უპასუხებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ისლამ საიდაევის ბრალდებებს?

749

2012 წლის დეკემბერში რუსეთში სკანდალური წიგნი გამოვიდა _ «მოწმე მოიშორეთ», რომლის ავტორი ისლამ საიდაევი წლების განმავლობაში საქართველს აფარებდა თავს, 2009 წელს კი ჩეჩნეთს დაუბრუნდა. მოგვიანებით მის მაგალითს ხიზრი ალდამოვმაც მიბაძა და მანაც საქართველოს ხელისუფლების მამხილებელი განცხადებები გააკეთა რუსეთში.

წიგნში საიდაევი დეტალურად აღწერს, როგორ თანამშრომლობდნენ იჩქერიის ბოევიკებთან და ისლამისტ ტერორისტებთან ქართული სპეცსამსახურები, თანაც ოდიოზური მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე დიდი ხნით ადრე. წიგნში რუსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ მათ მიერ ჩატარებული არაერთი ოპერაციაა აღწერილი, მათ შორის: 1999 წელს მოსკოვში საცხოვრებელი სახლების აფეთქება «ყარაჩაის ჯამაათის» წევრების მიერ, გილაევის რეიდი კოდორის ხეობაში 2001 წელს, «ნორდ ოსტი» 2002 წელს და «კავკასიის იმარატის» შექმნა 2007 წელს.

წინასიტყვაობაში ნათქვამია, რომ «წიგნი უამრავ ისტორიულ დოკუმენტს შეიცავს, მათ შორის, მისამართებს, პაროლებს, კონსპირაციულ ბინების მისამართებს, თანამდებობებს, წოდებებს, და, რაც მთავარია, ფაქტებს, ფაქტებს, ფაქტებს…» ავტორი ხაზგასმით მიუთითებს, რომ არც ერთი უკანონო შეიარაღებული ფორმირება არ იმყოფებოდა საქართველოში ისე, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობას არ სცოდნოდა, მათ შორის, შამილ ბასაევი, სხვა საველე მეთაურები და არაბი დაქირავებულები.

90-იანების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში ჩეჩენ ბოევიკებს ისეთი ძალები ჰქონდათ, რომ მათ საქართველოს შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაზე ზეგავლენის მოხდენა შეეძლოთ. მასში მონაწილეობაზე უარის თქმის პირობად იქცა საქართველოს ხელისუფლების სრული და უდავო მხარდაჭერა იმ ოპერაციებში, რომელთაც ისინი რუსეთის წინააღმდეგ ატარებდნენ. მაგრამ ეს პარტნიორობა ხელს არ უშლიდა ქართულ მხარეს, საჭიროებისას «ევაჭრათ» საერთაშორისო ტერორისტებით და არცთუ მცირე ანაზღაურებით გადაეყვანათ ისინი უსაფრთხო ბაქოში.

მაგალითად, 2002 წლის პანკისის «კონტრტერორისტული» ოპერაციის წინ, რომლის მიზანსაც არა ტერორიზმთან ბრძოლა, არამედ რეგიონში ამერიკული ჯარის შეყვანა წარმოადგენდა. თუ უფრო მომგებიანი იყო მათი დასავლეთისთვის ან რუსეთისთვის გადაცემა, ასეც იქცეოდნენ. «შემთხვევითი არ არის, რომ ისლამ საიდაევი მუდმივად ახსენებს ქართველი ძალოვანების ვერაგობასა და გამყიდველობას», _ წერს წინასიტყვაობის ავტორი იანა ამელინა, სტრატეგიული კვლევების რუსეთის ინსტიტუტის კავკასიურ კვლევათა სექტორის ხელმძღვანელი.

აქვე იგი წერს ქართული მხარის მიერ «ჩერქეზული» საკითხის პოლიტიზებაზე, რომელიც, მისი ვერსიით, სამი-ოთხი წლის წინ კი არა, სულ ცოტა, 12 წლის წინ დაწყებულა. თბილისი, დასავლეთის, პირველ რიგში, ამერიკელ კურატორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს ფიქრობდა კავკასიაში სეპარატისტული და ისლამისტური პროექტების გაერთიანებას და ჩერქეზული საკითხის პედალირებას. ყველა ამ მოვლენამ სრულმასშტაბიანი განვითარება სააკაშვილის ხანაში ჰპოვა, საიდანაც ამელინას დასკვნა გამოაქვს, რომ მტკიცდება ქართული ხელისუფლების მემკვიდრეობითობა (ივანიშვილის ჩათვლით) და მათზე უცხოელთა კურატორობა.

ამელინა საგანგებოდ უსვამს ხაზს ქართული მხარის განზრახვას, ჩეჩნების ხელით დაებრუნებინათ აფხაზეთი, აგრეთვე, ქართული სპეცსამსახურების როლს პანკისის ხეობის საერთაშორისო ტერორისტთა ბაზად გადაქცევაში, ბოევიკებისთვის ჰუმანიტარული ტვირთის საფარქვეშ ამუნიციის მიწოდებაში და ა. შ. წიგნიც და მისი წინასიტყვაობაც იმისთვის არის მოწოდებული, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მეთოდურად მოქმედ სახელმწიფოდ, სიტყვის გამტეხ და ვერაგ ქვეყნად წარმოაჩინონ.

ყველაზე უცნაური ის არის, რომ გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული, არც ერთ იმჟამინდელ თუ დღევანდელ ოფიციალურ პირს არ უარუყვია სკანდალური ინფორმაციები, რომლებიც უხვად არის მოტანილი საიდაევის წიგნში. არადა, მასში ფიგურირებენ დღევანდელი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, პარლამენტის დღევანდელი ვიცე-სპიკერი უმცირესობისგან გია ბარამიძე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შინაგან საქმეთა იმჟამინდელი მინისტრი კახა თარგამაძე. ზოგიერთი პირი აწ გარდაცვლილია _ თამაზ ნადარეიშვილი, ზურაბ ჟვანია, ვახტანგ ბოჭორიშვილი და სხვანი. რაც მთავარია, ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომლის მიმართ საიდაევის წიგნის წაკითხვის შემდეგ სულ უფრო მეტი კითხვა ჩნდება…

ცოცხალთა შორის, აკი მოგახსენეთ, ხმაც არავის ამოუღია, მათ შორის ბოლო ხანს მემუარებად დაღვრილ ეროსი კიწმარიშვილს, რომელიც საკუთარ თავს 2003 წლის «ვარდების რევოლუციად» წოდებული სახელმწიფო გადატრიალების ცენტრალურ ფიგურად წარმოაჩენს. საიდაევის წიგნში მოტანილი აფხაზეთში გილაევის რეიდის შესახებ ხომ სწორედ მისმა «დამოუკიდებელმა ტელეკომპანია «რუსთავი 2»-მა აუწყა მთელ მსოფლიოს!

ამ დამბეზღებლური საქციელის ავტორი, რომელმაც, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გარდა, ყველას სასარგებლოდ იმუშავა, დღეს დუმს. სამაგიეროდ, დუმილს არღვევს ისლამ საიდაევი და იმ გახმაურებულ რეიდს ასე აღწერს: «სამშვიდობო პოსტების გავლას შეიარაღებულ პირები ოფიციალური სტატუსის გარეშე იოლად ვერ შეძლებდნენ. იქ მხოლოდ აუცილებელი დოკუმენტების მქონე ძალოვანი სტრუქტურების კოლონებს ატარებდნენ. ჩეჩნები სვანეთისკენ სწორედ ქართული სამხედრო ნომრების მქონე მანქანებით, სპეცდანაყოფის სახით წაიყვანეს. უკანაც ზუსტად ასე გამოიყვანეს».

კიდევ ერთი სკანდალური განცხადება, რომელსაც ისლამ საიდაევი აკეთებს: «იარაღი და ტყვიაწამალი, მათ შორის ПЗРК «ისარი» (გადასატანი საზენიტოსარაკეტო კომპლექსი), რომლითაც ჩეჩნებმა კოდორის ხეობაში გაეროს ვერტმფრენი ჩამოაგდეს, გილაევს ქართულმა მხარემ გადასცა. ოპერაციაში დაახლოებით 500 ჩეჩენი, არაბი, თურქი და სხვა მებრძოლი მონაწილეობდა. მეწინავე რაზმმა თითქმის სოხუმის ფუნიკულიორამდე მიაღწია, მაგრამ ქართული არმიის დახმარება ვერ მიიღო. რამდენიმე შეტაკებისა და აფხაზეთში აურზაურის ატეხვის შემდეგ გილაევი უკან დაბრუნდა».

საიდაევს მიაჩნია, რომ შევარდნაძე საქმის კურსში იყო და ოპერაცია მისი თანხმობით ტარდებოდა, მაგრამ მისი ვიზიტისას ამერიკის შეერთებულ შტატებში ადმინისტრაციამ გააფრთხილა იგი მოსალოდნელი ნეგატიური შედეგების შესახებ და მანაც ოპერაცია გააუქმა.

საინტერესოა, რომ ამგვარი გაფრთხილება 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილმაც მიიღო აშშ-ის ადმინისტრაციისგან, მაგრამ ყურად არ იღო და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. სამხრეთ ოსეთში შეჭრას საიდაევი ასე ხსნის: «სააკაშვილის იმიჯი ქართველი ხალხის (და საერთაშორისო საზოგადოებრიობის) თვალში მისი ეპატაჟური გამოხდომების: ტიმოშენკოსთან აუზში ბანაობის, ჰოლივუდიდან მასაჟისტის გამოძახების, მისი მდივნების დაორსულების გამო მოწოდების სიმაღლეზე არ იყო. ექსცენტრიული, უპროგნოზო და არაერთხელ კომპრომეტირებული მიშა მის ოკეანისგაღმელ პარტნიორებს მობეზრდათ. ამერიკელებს რუსებზე არანაკლებ უნდოდათ მისი შეცვლა. სულ უფრო ხშირად გაისმოდა, რომ მიდის მოლაპარაკებები მისი უფრო ნეიტრალური ფიგურით ჩანაცვლების შესახებ. სწორედ მაშინ დაიწყო სააკაშვილმა ხელოვნური ოპოზიციის შექმნა ირაკლი ალასანიას სახით, რომელიც გაუთვალისწინებელი ვითარებისას მისი ადგილის დაკავებას შეძლებდა. ამ შემთხვევაში საქართველო, ახალი მმართველის პირობებშიც, აშშის მიერ მითითებული კურსით გააგრძელებდა სვლას. სრულიად შესაძლებელია, რომ დღეს ჩვენ სწორედ ამ გეგმის რეალიზაციას ვაკვირდებით, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს «რუსეთთან კონტაქტისთვის განწყობილმა» პოლიტიკოსმა, ბიძინა ივანიშვილმა გაიმარჯვა

მაშინ კი, 2008 წელს, ჩემს ანალიტიკურ ბარათში ვპროგნოზირებდი, რომ სააკაშვილისთვის ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია, არ მისცეს მოსკოვსა და ვაშინგტონს მისი შეცვლის შესახებ შეთანხმების საშუალება. ამისთვის იგი რუსეთსა და აშშ შორის განხეთქილების ჩამოგდებას შეეცდებოდა რაიმე პროვოკაციის გზით, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის ერთადერთი დამცველისა და გარანტის პოზიციებს განამტკიცებდა. მიმაჩნდა, რომ ეს ლოკალური კონფლიქტი იქნებოდა».

საიდაევის წიგნში უამრავი ადამიანია ნახსენები, რომელთაც წინა თუ დღევანდელ ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობები უკავიათ. მათ ჩვენ გაზეთის მომდევნო ნომრებში აუცილებლად დავუბრუნდებით, ახლა კი წიგნის ავტორის მიერ საქართველოსადმი წაყენებულ უმძიმეს ბრალდებათა სიას გთავაზობთ, რომელთაც გუშინდელმა და მოქმედმა ხელისუფლებამ უთუოდ უნდა გასცეს პასუხი:

მოწამლული წერილი, რომლითაც ხატაბი დაიღუპა, საქართველოდან იყო გაგზავნილი;

ჰუსეინ ისაბაევის ჯგუფის შესახებ ინფორმაცია რუსმა ძალოვანებმა საქართველოდან მიიღეს;

დაღუპული რუსლან გილაევი საქართველოში შევარდნაძის თხოვნით ბრუნდებოდა და იგი ქართულმა სპეცსამსახურებმა გასცეს;

კატარში ზელიმხან იანდარბიევის მკვლელობაში ქართული სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ;

ზოგიერთი ცნობით, ტოლსტოიიურტში ასლან მასხადოვის აღმოჩენა ქართული სპეცსამსახურების გარეშე არ მომხდარა;

«ეს ჩემი ვარაუდი კი არა, დადასტურებული ინფორმაციაა, რომლის დამტკიცებაც, თუ საჭირო იქნა, შემიძლია. ირიბად იგი სააკაშვილმაც დაადასტურა, როცა «პირველი კავკასიურის» (პიკ) გახსნისას განაცხადა: «მე დავეხმარე რუსებს ჩეჩნეთის ომში გარდატეხის შეტანაში და უნდა ითქვას, რომ შეცდომა დავუშვი».

რა თქმა უნდა, ვერავინ მიხვდა, რაზე იყო ლაპარაკი ამ ნაგვიანევ მონანიებაში, ან უფრო _ სააკაშვილის მორიგ «მესიჯში». მას რომ მართლაც მოენანიებინა, 4 წლის შემდეგ ლოპოტას ხეობაში ჩეჩნების მორიგ ჯგუფს არ «ჩაუშვებდა». როგორც მაშინ, 2008 წელს, სამხრეთ ოსეთში, სააკაშვილს ამ პროვოკაციით საპარლამენტო არჩევნების წინ საკუთარი პოზიციების გაძლიერება სურდა»…

თამარ დავითულიანი

გაგრძელება იქნება

 

1 COMMENT

  1. ალბათ რუსეთის ყველა ცოდვა რომ საქართველოსთვის მიეწერა ავტორს ერთი კიარა მილიონი წიგნის დაწერა მოუწევდა. ასეთი აბდა-უბდა ჩემს ცხოვრებაში არ წამიკითხავს, თუმცა რა გასაკვირია, რუსულ სპეცსამსახურებს ხომ ამაზე იქით წარმოსახვა არ უჭრით. ისე კი, კარგი განზრახვაა, ერთი გასროლით საქართველოს გადაკიდოს კავკასია და რუსეთი, აი შესრულება კი ამ განზრახვისა, ცოტა არ იყოს რუსსულ-ბრიყვულია.

  2. ასეთი მეთოდებით და ასეთი პროვოკაციებით ცდილობს რუსეთი კავკასიელების ერთმანეთზე გადაკიდებას და ერთმანეთში უნდობლობას თესავს!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here