Home რუბრიკები პოლიტიკა «სილიკო-მანგანუმის საქმეზე ადეიშვილი და მისი გუნდი ხალხს სერიულად იჭერდნენ»

«სილიკო-მანგანუმის საქმეზე ადეიშვილი და მისი გუნდი ხალხს სერიულად იჭერდნენ»

961

წინა ხელისუფლების მიერ დაზარალებულ ადამიანთა რიცხვი, ალბათ, ერთ დიდ არმიას შეადგენდა, მათი დიდი ნაწილი კი ან მერაბიშვილს უჩივის, ან ადეიშვილს. ამ ადამიანების სახელებს ეწერებათ სერიული მკვლელობებისა და დაპატიმრებების უამრავი ფაქტი, ის, რაც უკვე ითქვა და რაც ჯერ არ თქმულა. მათი «მეგობრები», რომლებიც იბრძვიან, რომ მათი რეაბილიტაცია მოახდინონ, მგონი, ჯობს, დაფიქრდნენ იმაზე, ამდენი გამწარებული ადამიანისგან თავის დაცვის მიზნით უკეთესი ხომ არ იქნება მათი ციხეში დარჩენა? იქნებ იმ ადეიშვილსაც ურჩიონ, ქვეყანაში დაბრუნდეს, იქნებ აქ უფრო გადარჩეს, თორემ ქართველს სად არ გადაეყრები კაცი?!  «საქართველო და მსოფლიოს» წინა ნომერში გამოქვეყნებულ წერილს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და რა ვითარებაში დააპატიმრეს ფეროსილიკომანგანუმის ბიზნესში ზურაბ ადეიშვილის ინტერესების გამო უკრაინაში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი ალექსანდრე ქურთაული, გამოეხმაურა ფოთში მცხოვრები ბიზნესმენი დავით კუპრეიშვილი, რომელიც იმავე საქმეზე ყოფილა დაპატიმრებული და ბრალად იმასაც სდებდნენ, რომ ქურთაულთან და რამდენიმე ბიზნესმენთან ერთად უკანონოდ მოქმედებდა. თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ადამიანებს, რომლებთან გარიგებას აბრალებდნენ, მანამდე არც კი იცნობდა და სასამართლო პროცესზე პირველად ნახა.

_ მინდა, თქვენი გაზეთის წინა ნომერში გასულ მასალას გამოვეხმაურო, _ უთხრა «საქართველო და მსოფლიოს»  ბიზნესმენმა დავით კუპრეიშვილმა, _ მეც იმავე ბიზნესინტერესების გამო დამაპატიმრეს, რომელზეც ალეკო ქურთაული. სილიკო-მანგანუმის ბიზნესი 1993 წლიდან მქონდა, იმ დროიდან მოყოლებული სასამართლოს დადგენილების საფუძველზე, ასე ვთქვათ, ჩემი კუთვნილება იყო. ფირმა, რომელიც ჩემი საკუთრება იყო, «ელექტრიკი» ერქვა. «ელექტრიკი» საქმიან ურთიერთობაში იყო ფირმა «ბელსერვისთან», რომლის მფლობელიც გახლდათ ზურაბ ადეიშვილის ძმისშვილის ნათლია დავით ბელოღუდაშვილი. ერთობლივი საქმიანობა ყველანაირად კანონიერად და ხელშეკრულებების საფუძველზე დავიწყეთ, მე მათთვის უნდა მიმეწოდებინა საქონელი, ხოლო მათ ჩემთვის თანხა უნდა გადმოერიცხათ. ფირმა «ელექტრიკმა» თავისი საქმე გააკეთა და, როდესაც თანხის გადმორიცხვა მოვითხოვეთ, საქმე ცუდად წაგვივიდა. ისინი მიხვდნენ, რომ ჩემს კუთვნილ თანხაზე უარს არ ვიტყოდი და ჩემი თავიდან მოშორება გადაწყვიტეს. თავიდან კი იმ შემთხვევაში მომიშორებდნენ, თუ რამდენიმე წლით ციხეში გამომამწყვდევდნენ და დაიწყეს ჩემი განადგურება, რასაც საბოლოოდ ჩემო დაპატიმრებაც მოჰყვა. საბუთები გააყალბეს და ისე გააკეთეს, რომ თითქოს წლების განმავლობაში უკანონო საქმიანობას ვეწეოდი, ჩემი დაცვის მხრიდან წარმოდგენილი საბუთები, რომლებიც ჩემს სიმართლეს ადასტურებდა, არ მიიღეს, არც განიხილეს; ბრალს მდებდნენ ასევე ალეკო ქურთაულთან ერთად უკანონო საქმიანობაში, რომელიც პირველად სასამართლო პროცესზე ვნახე, თუმცა მათ წარმოადგინეს საბუთები, რომელთაც მე და ქურთაული ხელს ვაწერდით, მაგრამ არც ხელმოწერა იყო ჩვენი და არც ბეჭდები.

მოკლედ, ვერაფერს გავხდით. თანაც, როგორც შემდეგ გაირკვა, აღნიშნულ საქმეზე ძალიან ბევრი ადამიანი დაუპატიმრებიათ სხვადასხვა რაიონში. პირადად მე ზესტაფონში დაკავებული 12 ადამიანი დამიპირისპირეს, რომელთაც არც ვიცნობდი. ახლა, რაც ციხიდან გამოვედი, მათ ვკითხე, ეს რატომ გააკეთეთ-მეთქი, და მიპასუხეს, რომ ადეიშვილის დავალება იყო და, აბა, რა უნდა გვექნაო. როდესაც ჩვენი სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა და ყველაფერი ჩვენ საწინააღმდეგოდ წაიყვანეს, ჩემი ყურით გავიგონე, რომ გამომძიებელმა და პროკურორმა დავით ბელოღუდაშვილს უთხრეს, სასწრაფოდ საქართველო უნდა დატოვოო, რაც უსიტყვოდ შეასრულა კიდეც. ბელოღუდაშვილი და «ჯეოფერომეტალის» პრეზიდენტი კორტავა ქვეყნიდან გაიქცნენ. აღნიშნული ფირმა სილიკო-მანგანუმის ნარჩენებზე რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მუშაობს, ახლა ეს უდიდესი ფირმა, მგონი, «დინამო» თბილისის მფლობელის _ რომან ფიფიასია.

სილიკომანგანუმის საქმეზე ხალხს სერიულად იჭერდნენ ადეიშვილი და მისი გუნდი; ბევრი თავისიანიც კი დაღუპეს. ზოგი კუბლაშვილის ხელდასმული იყო და საპროცესო გარიგებები ხელმისაწვდომ თანხებად გაუკეთეს, მაგრამ მე და რამდენიმე ადამიანს იმხელა თანხა მოგვთხოვეს, რომლის გადახდასაც ვერაფრით შევძლებდით და პატიმრობა მოგვისაჯეს.

დღეს, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა და ადამიანები იმედის თვალით შეჰყურებენ საქართველოს მომავალს, ძალიან სამწუხაროა, როცა იგებ, რომ ადამიანები, რომლებიც წარსულში კრიმინალ მაღალჩინოსნებს ემსახურებოდნენ და თავადაც მრავალ ბინძურ საქმეში იყვნენ გარეულნი, დღეს კვლავ თანამდებობებზე ინიშნებიან. აი, მაგალითად, მიშა ჩოხელი, რომელსაც უამრავი ადამიანისა და ოჯახის ცოდვა ადევს კისერზე, გორის რაიონის ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ჩვენ, ბიზნესმენები, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ საქმეზე ვიყავით დაპატიმრებულები, აუცილებლად შევიტანთ საჩივარს და საქმის ხელახლა გადახედვას მოვითხოვთ. საინტერესოა, მაშინ რას იტყვის ჩოხელი ან ის ადამიანი, რომელმაც ჩოხელს ასეთი საპასუხისმგებლო თანამდებობა ჩააბარა?!

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

1 COMMENT

  1. ვინაიდან ეს ხელისუფლება აფერისტებით და თაღლითებით დაკომპლეტდა და თავიანთ დანაპირებს არ ასრულებენ და არც შეასრულებემ ვინაიდან ცხვრისტყავში გახვეული ნაცების ნარჩენები არიან და თავიანთ კუდს ხომ არ მოიჭრიან. აქედან გამომდინარე სამ თვეში იქნება ადგილობრივი არჩევნები და ხმა არ მისცეთ არც ნაცებს და არც ქოცებს და დავტოვოთ ხელისუფლევის გარეშე, დასხდნენ და ხელისუფლების გარეშე ოჯცნებონ, ბიძინაც არანაკლები აფერისტი ყოფილა და თავისნაირები მოიყვანა ხელისუფლებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here