Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ შეუტია «ვაშინგტონ პოსტმა» ბიძინა ივანიშვილს?

რატომ შეუტია «ვაშინგტონ პოსტმა» ბიძინა ივანიშვილს?

586

1 ივნისს ,,ვაშინგტონ პოსტმა» გამოაქვეყნა სარედაქციო საბჭოს წერილი, რომელიც ივანიშვილის მთავრობისთვის საკმაოდ უსიამოვნო გზავნილებს შეიცავს. მისი ავტორები აკრიტიკებენ ახალ ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებისთვის და ზოგადად იმ პროცესისთვის, რომელსაც საქართველოში სამართლიანობის აღდგენას უწოდებენ; აგრეთვე, მოუწოდებენ დასავლეთის მთავრობებს, ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო ხისტი პოზიცია დაიკავონ. საინტერესოა, მიანიშნებს თუ არა ეს წერილი იმაზე, რომ ობამას ადმინისტრაციის დამოკიდებულება ივანიშვილის მთავრობის მიმართ შეიძლება შეიცვალოს და, თუ ეს ასეა, რა ცვლილებები შეიძლება მოხდეს?

ვიდრე «ვაშინგტონ პოსტის» სარედაქციო წერილის ციტირებას დავიწყებთ, ალბათ, მიზანშეწონილია, ორიოდე სიტყვა მსგავსი პუბლიკაციების პოლიტიკურ დატვირთვაზე ვთქვათ. რა თქმა უნდა, «ვაშინგტონ პოსტი» არ არის «ჟენმინ ჟიბაო», რომელიც ჩინეთის ხელისუფლების პოზიციის პირდაპირ რეტრანსლირებას ახდენს, თუმცა გამოცდილება ცხადყოფს, რომ ყველაზე ახლოს თეთრი სახლის პოზიციასთან ამერიკული მედიის პუბლიკაციებიდან სწორედ «ვაშინგტონ პოსტის» სარედაქციო წერილი დგას. პაუზას ამ წერილების გამოქვეყნებიდან თეთრი სახლის ოფიციალური პოზიციის საბოლოო ფორმირებამდე და გახმოვანებამდე, როგორც აშშ ხელისუფლება, ისე მათი უცხოელი პარტნიორები პოლიტიკური მანევრისთვის იყენებენ. ლობისტებს ამ წერილების შინაარსზე გარკვეული გავლენის მოხდენა შეუძლიათ, თუმცა ტექსტი 100%-იან შესაბამისობაში მათ სურვილებთან არასოდეს მოვა. ამასთანავე, «ვაშინგტონ პოსტის» სარედაქციო წერილში არასოდეს დაფიქსირდება ის, რაც თეთრი სახლის პოზიციას პრინციპულად ეწინააღმდეგება, მაგალითად, არ დაიწერება, რომ ირანის პრეზიდენტი აჰმადინეჯადი პროგრესული, დემოკრატი ლიდერია, თუნდაც ამის მიღწევას 500 ლობისტური კომპანია ცდილობდეს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს პუბლიკაციები აშშ-ში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს. 

დრამატული სათაურის «საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია» წერილის დასაწყისში გავლებულია პარალელი ივანიშვილსა და იანუკოვიჩს, საქართველოსა და უკრაინას შორის, შემდეგ კი ძალიან საგულისხმო პასაჟი მოდის: «საქართველოს წინა მთავრობა, ბატონი მერაბიშვილისა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, დამნაშავე იყო კანონისთვის გვერდის ავლაში და ხანდახან ოპონენტებსა და მედიაზე ზეწოლას ახდენდა. მაგრამ, ამასთანავე, ამ წყვილმა უზრუნველყო საქართველოს ისტორიაში ყველაზე  დემოკრატიული არჩევნები და სწრაფად აღიარა მარცხი არჩევნებში, რამაც ბატონი ივანიშვილი ხელისუფლებაში მოიყვანა. მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ბატონ მერაბიშვილს პოლიტიკური მიზეზების გამო არ დევნიან, ისევე ნაკლებად სარწმუნოა, როგორც ის, რომ უკრაინის ოპოზიციის ლიდერი იულია ტიმოშენკო ციხეში იმიტომ ზის, რომ პრემიერმინისტრის პოსტზე სამსახურებრივი გადაცდომები ჰქონდა.

ბატონ ივანიშვილს, რუსეთში გამდიდრებულ მილიარდერს, შეეძლო, ბატონი სააკაშვილის მიერ ხელისუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაცემის სანაცვლოდ, არ დაეშვა წინა რეჟიმის დევნა და ფოკუსირება მოეხდინა წინა წლების სტაბილური ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებაზე. ამის ნაცვლად ეკონომიკა დაამუხრუჭა, მაშინ, როდესაც ახალი მთავრობა თავს ესხმის მის ოპოზიციას სასამართლოებსა და ქუჩებში. ბევრი ქართველი, რომელთაც ხმა მისცეს ბატონ სააკაშვილის მთავრობის ხელისუფლებიდან წასვლას, მხარს უჭერენ ამგვარ ტაქტიკას. მიუხედავად ამისა, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის ძლიერი სახალხო მხარდაჭერა «ვარდების რევოლუციის» შეურყვნელ მემკვიდრეობას წარმოადგენს. დროა, ევროკავშირის ლიდერებმა, ისევე, როგორც ობამას ადმინისტრაციამ, ნათლად მიანიშნონ, რომ ბატონი ივანიშვილის მიერ მთავარი პოლიტიკური ოპონენტების დევნის გაგრძელების შემთხვევაში ეს კარი დაიხურება» (ციტატის დასასრული).

ალბათ, პირველად «ვაშინგტონ პოსტის» ისტორიაში მის ფურცლებზე დაფიქსირდა ასეთი ღია მოწოდება კანონის უზენაესობის პრინციპის უგულებელყოფისკენ. ერთის მხრივ, ნათქვამია: «წინა მთავრობა… დამნაშავე იყო». სხვათა შორის, ეს ცალსახა «დამნაშავე იყო» (ვოზ გილთი) თავისთავად უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას წარმოადგენს, თუმცა ეს ნიუანსი გვერდზე გადავდოთ. მეორე მხრივ კი, იქვე დაფიქსირებულია მოწოდება, რომ ისინი არ დასაჯონ, რადგან დემოკრატიული (როგორი???) არჩევნები ჩაატარეს და მარცხი აღიარეს (არ აღიარებდნენ და ორიოდე დღეში აჯანყებული ხალხი, 99%-იანი ალბათობით, სადმე აეროპორტის ტრასაზე ჩამოახრჩობდა, თუმცა ამას ამ კონტექსტში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს). ფაქტია, რომ იმ გაზეთის ფურცლებზე, რომელსაც საკუთარ თავს თავისუფალი მედიის ერთერთ ფლაგმანად განიხილავს, სარედაქციო წერილში დაფიქსირდა მოწოდება რაღაც ფარული გარიგებებისკენ და პოლიტიკური ბარტერისკენ კანონის უზენაესობის ხარჯზე, რაც დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპის ფაქტობრივ უარყოფას წარმოადგენს. მსგავსი «უხამსი წინადადება» შეიძლება მშვიდად აღიქვას ორანგუტანგმა დიქტატორმა, რომელიც თვითონ არის «კანონიც» და «დემოკრატიაც», მაგრამ საქართველოს მოქალაქეებისთვის და მათ მიერ (ყველა რეპრესიული წინაღობის მიუხედავად) არჩეული ხელისუფლებისთვის მსგავსი მიდგომა ცალსახად შეურაცხმყოფელი და მიუღებელია.

ასეთ ტონალობაში მათ შეეძლოთ ესაუბრათ სააკაშვილთან, რომლისთვის თითოეული პუბლიკაცია ამერიკულ მედიაში უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე საქართველოს კონსტიტუცია ყველა თავისი მუხლითა და ქვეპუნქტით. 2008 წლის არჩევნების გაყალბების შემდეგ, ის ლეგიტიმურობის უმწვავეს დეფიციტს განიცდიდა და თეთრი სახლის ქმედით მხარდაჭერას მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. მაგრამ ის დრო დასრულდა და, თუ ვინმე ვაშინგტონში აპირებს, ივანიშვილის მთავრობას თითი უქნიოს, სავარაუდოდ, ვერაფერს მიაღწევს, საქართველოში ისედაც მაღალი ანტიამერიკული განწყობების ზვავისებური ზრდის გარდა, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად მოახდენს გავლენას ივანიშვილის მთავრობის პოლიტიკაზე.

ობამას ადმინისტრაცია თავის განცხადებებში გაცილებით კორექტულია (მისი პოზიცია დაპატიმრებებთან დაკავშირებით, პრინციპში, უნაკლოა და არავინ უშლის ხელს ამერიკელებსა და ევროპელებს, დააკვირდნენ სასამართლო პროცესებს, მეტიც, ამისთვის საგანგებო მისიები შექმნან). მაგრამ სარედაქციო წერილი «ვაშინგტონ პოსტში» შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ პოზიცია და რიტორიკა ახლო მომავალში გამკაცრდება. საინტერესოა, რატომ?

შესაძლოა, (ეს მხოლოდ ვარაუდია) რებუსის გასაღებს «ვაშინგტონ პოსტის» სარედაქციო საბჭოს წერილის ბოლო ფრაზის ერთი სიტყვა _ «მთავარი» წარმოადგენს («მთავარი პოლიტიკური ოპონენტები»). «ნაციონალური მოძრაობის» დასუსტებისა და მარგინალიზაციის პროცესმა ისეთი მასშტაბი მიიღო, რომ საუბარი მასზე, როგორც მთავარ ოპოზიციურ ძალაზე, აბსოლუტურად უადგილო გახდა. დაპატიმრებები ამას ხელს უწყობს, მაგრამ ამ გარემოებიდან მათი პოლიტიკური ხასიათი ნამდვილად არ გამომდინარეობს. ეს  ასამარებს ჰიპოთეტურ ორპარტიულ მოდელს, რომლის ფარგლებში «ნაცმოძრაობას» ერთ-ერთი საკვანძო ელემენტის როლი უნდა შეესრულებინა. ეს მოდელი თეთრ სახლს შესაძლებლობას აძლევდა, ქართული პოლიტიკა მაქსიმალურად გაეკონტროლებინა; ის თავისთავად უბიძგებდა დაპირისპირებულ მხარეებს, ერთმანეთს ძია სემის ერთგულებაში შეჯიბრებოდნენ.

საინტერესოა, რომ არჩევნების წინ (სუბიექტური დაკვირვებაა) თითქმის ყველა ამერიკელი, რომელსაც ეს პრობლემატიკა ეხებოდა, კერძო საუბრებში ცდილობდა, გაერკვია, თუ რას ფიქრობენ ქართველები (ფაქტობრივად) ორპარტიული მოდელის შესახებ. ხოლო კოაბიტაციის შემდგომი მხარდაჭერა შეიცავდა ცუდად შენიღბულ, ზოგჯერ კი ღია გზავნილს იმის თაობაზე, რომ სასურველია ქართული პოლიტიკა ამ მიმართულებით წავიდეს. მაგრამ მოვლენები, სავსებით ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, სხვაგვარად განვითარდა. დღეს «ნაცმოძრაობის» გადაქცევა «მეორე პოლუსად» შესაძლებელია მხოლოდ ხელოვნური მხარდაჭერით და სასათბურე პირობების შექმნით და ისიც გაუგებარია, გამოვა რამე ამ წამოწყებიდან თუ არა.

შესაძლოა, ანალიტიკოსებმა სახელმწიფო დეპარტამენტსა და დაზვერვაში არასწორად შეაფასეს «ნაცმოძრაობის» პოტენციალი და მისი პოლიტიკური პერსპექტივები და მივიდნენ მცდარ დასკვნამდე, რომ ის შეიძლება ამერიკელი პარტნიორებისთვის კომფორტული, ორპარტიული მოდელის ერთ-ერთ საყრდენ ბოძად იქცეს. მაგრამ ეს შესაძლო შეცდომა არ შეიძლება გახდეს მიზეზი კანონის უზენაესობის პრინციპის იგნორირებისთვის. ივანიშვილმა ეს რომც გააკეთოს, «ნაციონალური მოძრაობის» რეანიმირება და ჩამოყალიბება «მთავარ ოპოზიციურ ძალად», 99%-იანი ალბათობით, მაინც ვერ მოხერხდება.

რა აზრი აქვს ამ მკვდრადშობილი მოდელის ჩაბღაუჭებას? მსგავსი რამ მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ალტერნატიული, რეალისტური სტრატეგია არ არსებობს. ვერაფერს ვიზამთ, თუ მათ უღირთ სააკაშვილისა და მერაბიშვილის ადვოკატირება ქართული საზოგადოების დიდი უმრავლესობის გადამტერების ხარჯზე, მათი ნებაა, ამას ვერავინ დაუშლის (აქ, ცხადია, იგულისხმება შესაძლო დანაშაულის იგნორირების ის ვარიანტი, რომელსაც «ვაშინგტონ პოსტი» გვთავაზობს, თორემ პროცედურების კანონიერებისა და გამჭვირვალობის მონიტორინგს არავინ ეწინააღმდეგება, მეტიც, ის სასარგებლოა).

რა თქმა უნდა, საუბარი ორმხრივი ურთიერთობების სერიოზულ გაუარესებაზე და მითუმეტეს «რეჟიმ ჩეინჯის» ხელშეწყობაზე ნაადრევი და არასერიოზულია; ობიექტური წინაპირობები ამისთვის არ არსებობს. მაგრამ ეს ეტაპი ძალზე მნიშვნელოვანია ივანიშვილის ხელისუფლებისა და თეთრი სახლის ურთიერთობების სტილის ფორმირებისთვის, იმის დასადგენად, თუ სად გადის საზღვარი მათ საგარეო და ჩვენს საშინაო საქმეებს და, შესაბამისად, პასუხისმგებლობის ზონებს შორის, რომელიც სააკაშვილის მმართველობის წლებში, ფაქტობრივად, წაშლილი იყო (ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკელების კონტროლი ტოტალური იყო; არსებობდა როგორც ორმხრივი და შერეული პასუხისმგებლობის ზონები, ისე «უპასუხისმგებლობის ტერიტორიები»).

საინტერესოა, როგორ მოიქცევიან ის პოლიტიკოსები ივანიშვილის გარემოცვიდან, რომელთათვის ბოლო დრომდე «ვაშინგტონ პოსტის» პუბლიკაციები წმინდა წერილზე მნიშვნელოვანი იყო. ეს მათთვისაც ტესტია, რომელიც საკუთარ თავში შესაძლო ლუსტრაციის ელემენტებს შეიცავს. რა მოხდება, თუ ივანიშვილი ვერ გაუძლებს ზეწოლას, პროკურატურის მუშაობას ხელოვნურად შეაფერხებს და კანონის უზენაესობის პრინციპს უგულებელყოფს? ამ შემთხვევაში, სხვა ყველაფერთან ერთად, შეიძლება ერთი ძალიან ცუდი პროცესი დაიწყოს. თუ სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაუბედურებულ ადამიანებს კანონიერი გზით სამართლიანობის აღდგენისა და დამნაშავეთა დასჯის იმედი გადაეწურებათ, მათ შეიძლება მართლმსაჯულების აღსრულება თავის თავზე აიღონ და ეს ისე გააკეთონ, როგორც წარმოუდგენიათ, რაც, დიდი ალბათობით, უმძიმესი სისხლიანი ექსცესების სერიით დასრულდება, რაც, პრინციპში, პროცესში ჩართულ არც ერთ მხარეს არ უნდა აძლევდეს ხელს და ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იმოქმედონ.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here