Home რუბრიკები პოლიტიკა აკაკი ასათიანი: «ამასაც მოვაგვარებ, იმასაც მოვაგვარებ» _ შესანიშნავი ზღაპარია, მაგრამ ზღაპარში მხოლოდ...

აკაკი ასათიანი: «ამასაც მოვაგვარებ, იმასაც მოვაგვარებ» _ შესანიშნავი ზღაპარია, მაგრამ ზღაპარში მხოლოდ ოცნებებია…

807

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება ტრადიციონალისტთა ლიდერი აკაკი ასათიანი.

_ ბატონო აკაკი, ხელისუფლების შეცვლასთან ერთად გაჩენილი ერთერთი მთავარი მოლოდინი, რომ რუსულქართულ ურთიერთობებში პოზიტიური ძვრები მოხდებოდა, დღეს უკვე სერიოზულად დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. დაწყებული სოფელ დიცში განვითარებული მოვლენებით (რაც სასაზღვრო ზოლის გადმოწევას შეეხებოდა), დამთავრებული რუსეთის მთავარი სანიტრის, გენადი ონიშენკოს, მიერ ბორჯომსა და ქართულ ღვინოზე გაკეთებული განცხადებებით, ყველაფერი სწორედ უარყოფით კონტექსტზე მიანიშნებს. ჩვენი ხელისუფლება ჯერჯერობით განმარტებებს არ აკეთებს. არა და, დღითიდღე სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ამ ყველაფერს გარკვეული პოლიტიკური სარჩული აქვს. როგორ ფიქრობთ, რა ხდება სინამდვილეში?

_ სიმართლე გითხრათ, ხელისუფლებისგან განმარტებებს დიდად არ ველი, იმიტომ, რომ მრჩება შთაბეჭდილება, თვითონაც არ აქვს გარკვეული და ჩამოყალიბებული პოზიცია. საერთოდ, მე არ მესმის, რას ნიშნავს რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, ხშირად რომ ამბობენ. ამოცანა იყო ნორმალიზება და დასაწყისისთვის ამ მხრივ რაღაცები ნამდვილად გაკეთდა. პირველ რიგში შეწყდა ეს ბრიყვული, უდიერი გამონათქვამები, რაც ელემენტარულად შეურაცხმყოფელია, მაგრამ შემდეგ გაგრძელდა რაღაც უსაგნო, ფსევდოპროდასავლური კურსი. ამან გამოიწვია გაურკვევლობა ჩვენს მოსახლეობაში და გაურკვევლობა თვითონ დასავლეთშიც, მიუხედავად იმ მტკიცებებისა, რომ თითქოს კურსი არ იცვლება. ჯერ ერთი, აქ ჩნდება კითხვა, თუ კურსი უცვლელი რჩება, მაშინ სააკაშვილი რაღაზე გახდა შესაცვლელი?! ერთი სიტყვით, ძალიან ბევრი საკითხია. რაც შეეხება ეკონომიკას, უკვე აშკარაა, რომ ქვეყანა მიდის სრული პარალიზებისკენ, ვინაიდან უმუშევრობა და ის გასაჭირი, რომელიც ადგას ხალხს, ოდნავადაც არ შეცვლილა.

_ დავუბრუნდეთ რუსეთის საკითხს. პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთში ზურაბ აბაშიძის დანიშვნამ დასაწყისისთვის დადებითი შედეგი ნამდვილად გამოიღო, თუნდაც ის, რომ შესაბამის რანგში ისინიც წამოვიდნენ თანამშრომლობაზე, თუმცა დღეს უკვე სხვა ნაბიჯების აუცილებლობა გამოჩნდა. არ მიგაჩნიათ, რომ ზემოაღნიშნულმა ფორმატმა ამოწურა თავისი მისია?

_ გეთანხმებით. დასაწყისში რუსეთმა ეს კორექტულად მიიღო, მაგრამ ახლა სხვა, უფრო ქმედითი ნაბიჯებია საჭირო. როგორ და რანაირად, ამის ინსტრუქციას ხელისუფლებას მე ვერ მივცემ, მაგრამ, ვფიქრობ, დღეს საქართველოში საკმარისად არიან ჭკვიანი ადამიანები, რომ დასხდნენ და იფიქრონ ამაზე. ახლა რაც შეეხება ე. წ. საზღვრის გადმოწევას, ესეც პირწმინდად სააკაშვილის  და მისი ხელისუფლების სინდისზეა, რომლებმაც ძველ ფარგლებში აღადგინეს ადმინისტრაცია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამათი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაული არის ისიც, რომ, როცა დადგა საკითხი, საერთაშორისო განხილვის საგანი გამხდარიყო აფხაზეთი და ოსეთი, უარი განაცხადეს. არადა, რუსეთი თანახმა იყო. რატომ მოსწონთ დღემდე თავი ამით «ნაციონალებს», არ ვიცი. შემდეგ მოხდა ის, რაც 2008 წლის აგვისტოში ვიხილეთ.

_ ომი, რომელიც თურმე მოვიგეთ.

_ ჩვენში, რატომღაც მრჩება შთაბეჭდილება, რომ დღემდე არ ესმით, რა მოხდა. წინ წავედით, რომ რუსეთი ოკუპანტად იქნა აღიარებულიო. ერთხელ კუშნერმა  პირდაპირ თქვა, ჟურნალისტები რომ ჩააცივდნენ: რომ ვიხმარო ეს ტერმინი _ ოკუპაცია, გეშველებათ რამეო? შემდეგ სარკოზიმ განაცხადა, თქვენ და რუსები კი არა, ჩვენ და გერმანელები შევრიგდით, რა გჭირთო… მე მგონია, რომ მკვეთრად უნდა შეიცვალოს მიდგომა ამ საკითხისადმი და რაღაც პოზიტიური მოდელი ჩვენ უნდა შევთავაზოთ. უწინარესად, აქ პირდაპირი, უშუალო კონტაქტია საჭირო რუსულ მხარესთან.

_ პირდაპირ მოლაპარაკებებს ჩვენი ხელისუფლებაც უფრთხის. ივანიშვილმა განაცხადა, ევროპამ არ უნდა იგრძნოს, რომ არ გვჭირდებაო.

_ და ახლა როგორაა, ძალიან ვჭირდებით?! როდემდე უნდა მოვიტყუოთ თავი?!

_ ყოველ შემთხვევაში, იმას რომ 2008 წელს პირდაპირ თბილისში არ შემოვიდნენ რუსული ტანკები, ამას წინა და ამჟამინდელი ხელისუფლებაც დასავლეთს უმადლის.

_ მე მგონია, რომ ცოტა სხვანაირად იყო _ თვითონ რუსებმა შეიკავეს თავი. ეს, ალბათ, უმაღლესი ხელისუფლების, თავად პუტინის დონეზე გადაწყდა, რომ დარჩენილიყო შანსი ჩვენი და მათი ურთიერთობის შემდგომში მოწესრიგებისთვის. ამაში დარწმუნებული ვარ, ვინაიდან, მათ რომ თბილისის აღება ნდომებოდათ, ამას ვერ შეაჩერებდა ვერაფერი. უბრალოდ, ვერც კი მოასწრებდნენ დასავლეთში პროტესტს.

_ რაც შეეხება მომავალ პრეზიდენტს, მიგაჩნიათ თუ არა, რომ მას უნდა დაეკისროს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაც?

_ ცხადია, პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს ეს ფუნქცია, ის უნდა იყოს ცენტრალური ფიგურა, მაგრამ შეთანხმებულად უნდა მოქმედებდეს მთელი გუნდი. ის კი არა შეთანხმებული მოქმედება, რომ ერთი ვანუატუსთან აწარმოებს მოლაპარაკებას და მეორე, ვთქვათ, სიტყვაზე _ ეგვიპტესთან. ჩვენ არ უნდა ვიყოთ საცდელი ბაჭიას როლში, როცა ორი მოთამაშე, უბრალოდ, რაც მოუნდება, იმ ექსპერიმენტებს გვიტარებს ან ერთობლივად, ან ცალ-ცალკე. ჩვენ შეგვიძლია ყველას ჩვენი წინადადება შევთავაზოთ, დამოუკიდებელ კონტაქტზე გავიდეთ და მოვისმინოთ, ვინ რას ელის საქართველოსგან.

_ რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, თქვენი აზრით, მისი დასახელება პრეზიდენტობის კანდიდატად რა სიგნალია რუსეთისთვის, აფხაზებისა და ოსებისთვის? დასავლეთზე არაფერს ვამბობ.

_ სიგნალია ჩვენთვის, რომ ძალაუფლების სრული კონცენტრაცია ხდება, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს განსხვავებული პოზიცია არც ერთ საკითხზე არ აქვს. სხვათა შორის, თქვა ეს გიორგი მარგველაშვილმა. არ ვიცი, ის ამ ფუნქციებით რა სარგებლობას მოუტანს საქართველოს და თვითონ «ქართულ ოცნებასაც». სრული ძალაუფლება არის კატასტროფის ტოლფასი. ადრე თუ გვიან ეს ყოველთვის ცუდად მთავრდება. ამის მაგალითები ჩვენ ვნახეთ შევარდნაძის, სააკაშვილისა და სამწუხაროდ «მრგვალი მაგიდის» ხელშიც. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არ ვიცით, რა გეგმები აქვს ხელისუფლებას და არც არავინ იცის. თქვენ იცით?!

_ ფაქტი ისაა, რომ ხელისუფლების შეცვლიდან 7 თვის შემდეგ კითხვაზე _ რა გაკეთდა და რა კეთდება, პასუხად გვესმის ისევ იგივე: ჯერ ადრეა.

_ სულ რვა თვე ვიყავით ჩვენ, «მრგვალი მაგიდა», ხელისუფლებაში და მკაფიოდ მაინც გვქონდა ყველაფერი გაცხადებული, ზოგი რამ სწორი იყო, ზოგი _ არასწორი, მაგრამ რაც ვთქვით, იმას მაინც მივაღწიეთ _ დამოუკიდებლობას. ადრეაო, რომ ამბობენ, დროული როდისაა, ვინმემ იცის?!

_ ერთერთ პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ის გადაჭრის საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ყველა საკითხს. მათ შორის, შევა ნატოშიც, ევროკავშირშიც და მოაგვარებს ურთიერთობას რუსეთთანაც. რამდენად რეალურია ეს ყველაფერი?

_ თქვენ გახსოვთ, ალბათ, რასმუსენის პასუხი თედო ჯაფარიძის კითხვაზე: ნატო სუპერმარკეტი არ არის, კარი გაიღოსო. გასაგებია ყველაფერი. ოდესმე გაუკეთებია რასმუსენს ასეთი ფორმით განცხადება?! ჩვენს მიღებას არავინ აპირებდა და არც აპირებს ახლო ხანებში.

_ მაშინ რატომაა რუსეთისთვის გამაღიზიანებელი საქართველოს სწრაფვა ნატოსკენ?

_ ვერ ვიტყოდი, რომ დღესდღეობით ეს სერიოზულად აღიზიანებს მოსკოვს. აქ საკითხი სხვანაირად დგას, ძალიან მარტივად. ბავშვურად რომ ვთქვათ, დასავლეთი გვეუბნება: შეაგინე რუსეთს, ხოლო რუსეთი გვეუბნება: შეაგინე ნატოს. მოდი, ნურავის შევაგინებთ, მაგრამ დავიწყოთ იმით, რომელთანაც უფრო მწვავედ გვიდგას პრობლემა. აგერ, ნახეთ, უკრაინაში რა მოხდა _ ჩადის კერი _ ძალიან ნორმალური, ცივილიზებული ადამიანი და პირდაპირ ეუბნება, თუ გამოუშვებთ ტიმოშენკოს, გახდებით ევროპის ასოცირებული წევრი, თუ არ გამოუშვებთ, ვერ გახდებით. სადმე ვინმეს ამაზე იმპერიალისტური განცხადება მოუსმენია?! თან ამერიკა ხომ არ არის ევროპა? მაინც მისცემენ ამ ასოცირების წევრობას, იმდენად სჭირდებათ.

_ გასაგებია, მაგრამ ჩვენ ასე ძალიან ვჭირდებით?

_ ჩვენ ისე გავიხადეთ საქმე, რომ მზად ვართ, ავღანეთში ვიომოთ ნატოს სახელით და ნატო ჩვენთვის, ფაქტობრივად, არაფერს აკეთებს. ბიბისი, სიენენი და ევრონიუსი იმასაც არ კადრულობს, რომ ჩვენი მსხვერპლი მორბენალ სტრიქონში მაინც გამოაცხადონ. ძალიან მარტივი დამოკიდებულებებია. ამიტომ ერთხელ ხომ შეიძლება ვიკითხოთ: ჩვენ რომ თავს ვიკლავთ, თქვენ არ გჭირდებით?! თუ არ ვჭირდებით, ამდენი თავმოყვარეობა ხომ უნდა გვეყოს, რომ არ ვეტენებოდეთ არავის. იმასაც მოვაგვარებ, ამასაც მოვაგვარებ, _ შესანიშნავი ზღაპარია, მაგრამ ზღაპრებში არის მხოლოდ ოცნებები, ჩვენ სიმართლე გვჭირდება…

_ რაც შეეხება მიმდინარე სამართლებრივ პროცესს: ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებას სერიოზული გამოხმაურებები მოჰყვა დასავლეთიდან, ვისაც არ ეზარება, ყველა ჭკუას გვასწავლის, პოლიტიკურ დევნაში არ გადაიზარდოს დაკავებებიო. ცალკე იმაზეც საუბრობენ, რომ ამ საკითხის წამოწევით ხელისუფლებამ სხვა პრობლემების გადაჭრა სცადა. თქვენ როგორ უყურებთ ამ ყველაფერს?!

_ მეც ვფიქრობ და ძალიან ბევრი ადამიანიც, რომ მაგას უფრო ემსახურებოდა ეს დაკავება, ვიდრე სამართლიანობის აღდგენას. იმას კი არ ვამბობ, რომ რაღაც ანგარიშსწორება მოხდა, კითხვები მერაბიშვილის მიმართ უამრავია, მაგრამ მოცემულ ვითარებაში, ვფიქრობ, ამ ყველაფერს გარკვეული პოლიტიკური მიზანიც ჰქონდა…

_ კერძოდ?

_ ის, რაც 17 მაისს მოხდა, ჩვენ ხომ ყველას გვესმის, რომ არ იყო მხოლოდ სექსუალური უმცირესობების საწინააღმდეგო ამბავი. ეს ძალიან ბევრ რამეს მოიცავდა, მათ შორის სოციალურ დაძაბულობასაც, პოლიტიკურ გაურკვევლობას, გაუცნობიერებლობას და ა. შ. ეს განიმუხტა ვითომ მერაბიშვილის მეშვეობით, მაგრამ ასეთი გზებით სანამდე შეძლებს ხელისუფლება ხალხის დაოკებას, არ ვიცი.

_ და მაინც, იმის ფონზე, რომ მტკიცებულებები საკმარისზე მეტია თუნდაც იმავე მერაბიშვილის წინააღმდეგ, უცნაურად არ გეჩვენებათ ის განცხადებები, რომლებსაც ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები აკეთებენ?

_ გასაკვირი აქ არაფერია. მე უფრო იმას მივაქციე ყურადღება, რომ მერაბიშვილი არ აქციეს ტიმოშენკოდ. საერთოდ, ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ დასავლეთში ორმაგი სტანდარტებია. მაგალითად, იმავე ტიმოშენკოს შემთხვევაში ისინი ეუბნებიან: კი, მან მოიპარა ფული, მაგრამ არ უნდა დაიჭიროთ. ამ დროს ევროპაში ასე არ ხდება, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, მათ ერთი დემოკრატია აქვთ ქვეყნის შიგნით და მეორე აქვთ გარეთ. ახლა ჩვენ უნდა ავირჩიოთ, რომელი პრინციპებით ვითამაშებთ.

_ გასაგებია, მაგრამ საქართველო არ არის დამოუკიდებელი ამ არჩევანში.

_ აბსოლუტურად დამოუკიდებელი საქართველო კი არა, ამერიკაც არ არის, არც რუსეთი და არც ჩინეთი, მაგრამ ჩვენ უნდა მოვეწყოთ ჩვენი ცხოვრებით. აბსოლუტური სიზუსტით ვერაფრით გადმოიტან ვერც ამერიკულ და ვერც ევროპულ მოდელს. აქ საუბარია მხოლოდ გამოცდილების გათვალისწინებასა და საკუთარ ტრადიციებზე, ისტორიაზე მორგებაზე. ოღონდ ჯერ უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა.

_ ყოველ შემთხვევაში, კონკრეტული საუბარი ამაზე არ მოგვისმენია.

_ ჰოდა, თუ კონკრეტულად არ გვეცოდინება, რა გვინდა, საით მივდივართ, რაც უნდა კარგი უნდოდეთ ადამიანებს, ეს მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება; და ჩვენ რომ შიგნით კითხვის ნიშანი გვაქვს, რატომ გვიკვირს, რომ გარეთაც არის ეს კითხვის ნიშნები, როგორც დასავლეთით, ისე ჩრდილოეთით? ჩემი აზრით, ამაში გასაკვირი არაფერია.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. შენც მოგეკითხება ბატონო აკაკი ქართველი ხალხის გაბითურება,დოლარები ვერ გადაგარჩენს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here